მამა ელიზბარს მღვდლად კურთხევიდან 40 წელი შეუსრულდა!
მამა ელიზბარს მღვდლად კურთხევიდან 40 წელი შეუსრულდა!
2021 წლის 2 აგვისტოს თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ (ერისკაცობაში ელგუჯა) ოდიშვილს მღვდლად კურთხევიდან საიუბილეო 40 წელი სრულდება. იგი თავად მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ აკურთხა მღვდლად ილიაობის დღესასწაულზე 1980 წლის 2 აგვისტოს. ამ 4 ათეული წლის განმავლობაში დეკანოზმა ელიზბარმა ათასობით ადამიანს შეაცნობინა უფლის ძალა და მადლი. მის მრავალრიცხოვან მრევლში ათწლეულების მანძილზე არაერთი მომავალი სასულიერო პირი (მათ შორის მღვდელმთავრებიც) და ღირსეული ქართველი ახალგაზრდა (მათ შორის ამჟამად სხვადასხვა სფეროში მოღვაწე არაერთი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანი) აღიზარდა, რომლებიც მამა ელიზბარმა აზიარა სულიერებას და მათ ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა.

კომუნისტური რეჟიმის ბატონობის ჟამს ურთულესი იყო ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობა და ხშირად მათი თითოეული ქადაგებაც კი საბჭოთა უშიშროების ყურადღების ქვეშ ექცეოდა. როგორც მამა ელიზბარი იხსენებს, ათეიზმის ბატონობის დროს არაერთხელ მომხდარა, რომ ქვაშვეთის ეკლესიაში ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოსულს "კაგებეს" თანამშრომელი დახვედრია კითხვებით თუ რატომ იქადაგა ამა თუ იმ თემაზე, რაც კომუნისტური იდეოლოგიით "ანტისაბჭოურად" ითვლებოდა.

იმდროინდელ მცირერიცხოვან ქართველ სასულიერო პირებს შორის გამორჩეული იყო ქვაშვეთის მოძღვარის - მამა ელიზბარის ღვაწლიც, რომელმაც მის უწმინდესობასთან, მღვდელმთავრებთან, სხვა სულიერ მოძღვრებთან და მრევლთან ერთად არაერთი ის მძიმე განსაცდელი თუ ქარტეხილი გამოიარა, რაც ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ გადაიტანა...

მის თვალწინ მოხდა 9 აპრილის ტრაგედია, თბილისის ომი და პირველი პრეზიდენტის დამხობა (სხვათაშორის, მამა ელიზბარმა რუსთაველის პროსპექტზე ტყვიების ზუზუნში უზენაესი საბჭოს ალყაშემორტყმულ შენობაში შესვლაც მოახერხა და გაამხნევა ტყვეობაში მყოფი ადამიანები, ხოლო პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ მებრძოლებს არ მისცა ქვაშვეთის ტაძრის ეზოში პოზიციების დაკავების შესაძლებლობა)...

იგი დღესაც ღირსეულად ატარებს იმ მძიმე ჯვარს, რაც მას უფალმა და მისმა უწმინდესობამ დააკისრა... კათოლოკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მამა ელიზბარის ხელმძღვანელობითა და თაოსნობით აშენდა ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის სამრეკლო, რესტავრაცია ჩაუტარდა თავად ქვაშვეთის ეკლესიას და სხვა ტაძრებს, აიგო არაერთი ტაძარი (მათ შორისაა გლდანის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ათეისტური რეჟიმის ბატონობის დასრულების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა).

გილოცავთ მამაო ამ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და სულიერ მხნეობას მრევლისა და დედა ეკლესიის საკეთილდღეოდ!

ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით,


თქვენი მრავალრიცხოვანი და მადლიერი მრევლის სახელით, სერგო კერესელიძე, ჟურნალისტი

ბეჭდვა
1კ1