როდესაც სამშობლოზე ფიქრობდა, თვალებში სხვაგვარი სხივი გაუელვებდა ხოლმე
როდესაც სამშობლოზე ფიქრობდა, თვალებში სხვაგვარი სხივი გაუელვებდა ხოლმე
ყოველი ჩვენი თანამემამულე დღემდე ტკივილით იხსენებს საქართველოს ისტორიის იმ ბედუკუღმართ ხანას, როცა შაჰ-აბასმა 300 000 ქართველი სამშობლოს მოსწყვიტა და სპარსეთში წაასხა. შაჰი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი გახლდათ. მან იცოდა, რომ ქართველები კარგი მეომრები იყვნენ, ამიტომ ჩასახლებულნი ცოცხალ ზღუდედ გამოიყენა და მომთაბარე ტომებისაგან ისპაჰანის დაცვა დაავალა. ქართველები ირანის სამ რაიონში: ხორასანში, ფერეიდანსა და მაზანდარანში დასახლდნენ.

ირანს წაყვანილი 300 000 ქართველის შთამომავლობა დღეს 100 000 კაცს შეადგენს. ქართველობა მხოლოდ ფერეიდნელებს შეუნარჩუნებიათ. მათ თავი შეუფარებიათ მაღალმთიანი რეგიონისათვის - ზაგროსის მთათა სისტემისთვის, სადაც სუსხიანი ზამთარი და ხორშაკი ზაფხული იცის. ლოკალურად დასახლებულან, არ ათქვეფილან ირანელებში, არ გაფანტულან, დაუარსებიათ ქართული სოფლები და მათთვის ის სახელები უწოდებიათ, საიდანაც თვითონ ყოფილან წამოსულნი.

ახლახან, ფერეიდნელი ქართველების ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღნიშნა: "მათში სამშობლოს ისეთი სიყვარულია, რომლის მსგავსი არ მინახავს და არ მსმენია საქართველოს არც ერთ კუთხეში და არც უცხოეთში. როცა ფერეიდნელი ბავშვები ერთმანეთს ეკითხებიან: სად არის ჩვენი სამშობლო? - მიუგებენ: ცისარტყელა რომ გამოჩნდება, მის ქვეშ უნდა გაიარო და იქ არის საქართველოო".

გვინდა, გაგაცნოთ ადამიანი - თხემით ტერფამდე ქართველი ვაჟკაცი, რომელმაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ოცნება აიხდინა.

ალექსი (ალი) ასლანიშვილი ირანში, ისპაჰანის ოლქის ქართულ სოფელ ჩუღურეთში დაიბადა. მისი ოჯახი 13 სხვა ქართულ ოჯახთან ერთად ოცდათორმეტი წლის წინ (1973წ.) ჩამოვიდა წინაპართა მიწაზე. მაშინ ალი თხუთმეტი წლის იყო. მათი "შინ" დაბრუნებისას ქალაქ საგარეჯოს ცენტრში მიტინგი გაიმართა. "ჩონი სამშობლო აქ არის, რომელსაც სიზმარში ვხედავთ; აქ ჩამოსვლა დიდი ხანია გვინდოდა", - ამბობდნენ ისინი.

ალი ასლანიშვილი საგარეჯოში დავაჟკაცდა. ახლა იგი თბილისის გარეუბანში ცხოვრობს. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაზგური ფერწერის განხრით. მისი მეუღლე, რუსუდან ჩაჩანიძე, პროფესიით ფიზიკოსია, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. უფროსი ქალიშვილი, თეკლა, მამის კვალს გაჰყვა და სამხატვრო აკადემიის I კურსის სტუდენტი გახლავთ; შუათანა, მარიამი, X კლასშია, ფორტეპიანოზე უკრავს, ახლახან ორკესტრთან ერთადაც კი დაუკრა, ხოლო უმცროსი, ლუკა, თბილისის I გიმნაზიის V კლასში სწავლობს. წარჩინებული მოსწავლეა. მისდევს სპორტს, ხატავს და ისიც ძალიან კარგად უკრავს ფორტეპიანოზე.

ალექსი ასლანიშვილი დღეს უკვე აღიარებული მხატვარია. ხშირად მართავს გამოფენებს თბილისში, მოსკოვში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიაში. გაიმარჯვა 2002 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ჰქონდა პერსონალური გამოფენები "ცისფერ გალერეასა" და "ძველ გალერეაში". მის ნამუშევრებს შეხვდებით იაპონიის, ამერიკის, გერმანიის, ესპანეთის, ირანის, რუსეთის, საქართველოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. სახვითი ხელოვნების მოყვარულნი მაღალ შეფასებას აძლევენ ამ ორიგინალური ხელწერის მქონე შემოქმედის ხელოვნებას. პოსტიმპრესიონიზმით ნასაზრდოებ მის ნამუშევრებში ეროვნული მოტივი ჭარბობს. "მხატვრის სულის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს მშობლიური მიწა და გარემო, - ვკითხულობთ ალი ასლანიშვილის მხატვრობისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში, - მაგრამ როცა ხელოვანს ორი სამშობლო აქვს, მისი მხატვრობა ის საუკეთესო სინთეზია, როცა ნიჭიერი და გემოვნებიანი შემოქმედი ორივე წიაღიდან საუკეთესოს იღებს". მის მიერ შესრულებულ ქართულ და ფერეიდნულ პეიზაჟებში ჩანს "საქართველოში - ფერეიდნის ნოსტალგიით გამოწვეული თავისებური მელანქოლია და პირიქით - ფერეიდანში სამშობლოზე ფიქრით გამოწვეული განცდები".

- რა იცოდით ფერეიდანში "შორეული გურჯისტანის" შესახებ და როგორ გადაწყვიტეთ სამშობლოში დაბრუნება?

- ჩემი ოჯახი საქართველოში 1973 წლის დეკემბერში ჩამოვიდა. შვიდი და-ძმა ვიყავით, მე უფროსი გახლდით. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ფერეიდნელებმა აღარც კი იცოდნენ, რომ საქართველო ისევ არსებობდა. XIX საუკუნემდე შემოინახეს ეს ხსოვნა და შეინარჩუნეს ქრისტიანობა, მაგრამ მერე რა მოხდა, ვერავინ დაადგინა. საქართველო იმდენად წაიშალა მათ გონებაში, რომ ლეგენდად იქცა. იმ დროს არათუ დაბრუნებაზე საუბარი, საქართველოს ხსენებაც კი სასტიკად იკრძალებოდა.

ქართველებს "ჩვენებურებს" ვუძახდით. ვიცოდით, რომ საქართველო შთანთქა რუსეთმა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა ქართველმა მაინც შეძლო ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა და შევიტყვეთ, რომ საქართველო არამცთუ არსებობდა, არამედ საბჭოთა კავშირის წამყვანი რესპუბლიკა იყო. ამის შემდეგ ფერეიდნელებმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.

ფერეიდანი მწირმოსავლიან მიწაზეა, სადაც საცხოვრებლად რთული პირობებია. მიწა იქ ძალიან ძვირი ღირს, რის გამოც ქართველები იძულებულნი გახდნენ, ისპაჰანსა და თეირანში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რაც, თავის მხრივ, სხვა ერებთან შერევის საშიშროებას იწვევდა. ამანაც გადაგვაწყვეტინა სამშობლოში დაბრუნება. ჩემი მშობლები დაუკავშირდნენ საბჭოთა კავშირის საელჩოს თეირანში და დახმარება სთხოვეს. ამ სურვილს წინ მრავალი ბარიერი ეღობებოდა და იგი დავის საგნად იქცა ორ ქვეყანას შორის, ამიტომ მოლაპარაკება რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა.

სოფლები დაირაზმნენ საქართველოში წამოსასვლელად, მაგრამ ირანის მხრიდან დაბრკოლებები შეგვექმნა. მაგალითად, მამაჩემს ედავებოდნენ, სამხედრო სამსახური არ მოგიხდიაო. ის ამ დროს 40 წლის იყო. ბევრი იფიქრა და ბოლოს განუცხადა: კი ბატონო, თანახმა ვარ, ახლა ვიმსახურებო. ეს რომ გაიგეს, უთხრეს: წადი, შენ მაინც ვერაფერი გამოგასწორებსო და წამოვედით. საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ყოველმხრივ გვიწყობდა ხელს - კომუნისტური ქვეყნისთვის რეკლამა იყო ჩვენი იქ გადასახლება, ჩვენ კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, ქართულ მიწაზე დაგვედგა ფეხი...

- ირანში როგორ ეპყრობიან ქართველებს?

- ირანში ქართველებს უდიდეს პატივს სცემენ. იქაური ქართველი ზნეობის, ზრდილობისა და განათლების ერთგვარი საზომია. ქართველებსაც ერთმანეთი იქ უფრო უყვართ. რამე გაუგებრობა თუ მოხდა, ისე ჩუმად აგვარებენ ყველაფერს, რომ გარეშენი ამას ვერც კი იგებენ. ცნობილი ფაქტია, რომ ფერეიდნელ ქართველებს შორის ან ფერეიდნელი ქართველებისგან სისხლის დაღვრის პრეცედენტი არასდროს ყოფილა.

ჩვენები ძირითადად სამხედრო უწყებებში ან კომერციულ ბანკებში მუშაობენ და დღემდე ბავშვურად სჯერათ, რომ საქართველო ანგელოზების ქვეყანაა.

- ახლა, როცა უკვე საქართველოში ხართ, როგორ შეაფასებდით თქვენს ნაბიჯს, რას ელოდით და რა დაგხვდათ დედა-სამშობლოში? ხომ არ ნანობენ ფერეიდნელები დაბრუნებას?

- მამაჩემის წარმოდგენაში საქართველო ფანტასტიკური, საოცნებო ქვეყანა იყო. ერთი სული ჰქონდა, ხორცი შეესხა თავისი ოცნებისთვის. როდესაც სამშობლოზე ფიქრობდა, თვალებში სხვაგვარი სხივი გაუელვებდა ხოლმე. აქ რომ ჩამოვიდა, გული დასწყდა, თუმცა არ იმჩნევდა... სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 7 წელიღა იცოცხლა და 49 წლისა გარდაიცვალა.

ჩემშიც დიდ სინანულს იწვევდა ქართველების ზოგიერთი ქმედება. ფერეიდანში, ქუჩაში მამაკაცები რომ კამათობენ და მათ ახლოს მანდილოსანმა ჩაიაროს, მაშინვე დაუწევენ ხმას ან საერთოდ გაჩუმდებიან. გინებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ცამეტი ოჯახი ვიყავით ჩამოსული და აქედან რვა უკან დაბრუნდა. ბუნებრივია, ქარტეხილებმა ჩვენს თავზეც გადაიარა, მაგრამ სიყვარული და სითბო უფრო მეტი მახსოვს ჩემი ქვეყნისა და ხალხისგან.

- ქართველ სასულიერო პირებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თუ შეხვედრიხართ?

- როდესაც, ღვთის ნებით, საქართველოში დავბრუნდით, იმ პერიოდში უწმინდესთან იყო მიღებები, სადაც მეც არაერთხელ მოვხვედრილვარ. როცა შეიტყო, რომ მხატვარი ვარ და ცოტა პრობლემებიც მაქვს (მოგეხსენებათ, დღეს ძნელია მხატვრობით ოჯახის რჩენა), ლოცვა-კურთხევა მომცა, მივსულიყავი წმინდა სამების ტაძარში და მის მოხატვაში მიმეღო მონაწილეობა. იმედი მაქვს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ამ საქმეს თავს გავართმევ.

სასულიერო პირებთან ურთიერთობა დიდ შვებას მანიჭებს. სულიერი განსაცდელის ჟამს მათი თანადგომითა და რჩევა-დარიგებით ვპოულობ გამოსავალს. ყველა სულიერი მოღვაწე, ვინც კი ჩემს წარმომავლობას შეიტყობს, ცდილობს, მხარში ამომიდგეს. მათი ყურადღება და გულისხმიერება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგრამ ამდენ თავზე ხელის გადასმასაც დაფასება უნდა. ის, რაც ჩემმა წინაპრებმა გააკეთეს თავისი ერის საკეთილდღეოდ და თავისი წარმომავლობის სადიდებლად, მე ვერ მაცხონებს. წინაპრების ხარჯზე ცხოვრება არ შეიძლება. რაღაც მეც უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ გავამართლო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილობა.

- შენს შემოქმედებაში ყველა ამჩნევს ეროვნულ კოლორიტს. იმასაც ამბობენ, რომ ფერისა და სამშობლოს გამძაფრებული შეგრძნება გაქვს...

- მე ისეთ მხარეში დავიბადე, სადაც ადამიანები მზისა და მთის ენერგიით არიან დამუხტულნი. სწორედ ამ ენერგიისა და სითბოს გადმოცემას ვცდილობ ტილოზე. ჩემს სახელოსნოში, სადაც წვიმაც ჩამოდის და ზამთარში ცივა, მუშაობის დროს კლასიკურ მუსიკას ვუსმენ და თვალწინ ბავშვობისდროინდელი ადგილები წარმომიდგება, ზაგროსის მთები, იქაური ჩუღურეთი და იქაური ცხელი მზე. მსურს, ისეთი ლანდშაფტები აღვწერო, რომლებსაც კაცის ხელი ჯერ არ შეხებია. პირველქმნილი ბუნება ჩემი მუდმივი მუზაა. საქართველოში უფრო ცივი მთაა, ირანში კი - ცხელი, გავარვარებულია მთაცა და მიწაც. მეხსიერებაში სწორედ ეს გავარვარებული, გარუჯული მთის ფერები მაქვს ჩაბეჭდილი. ამიტომაცაა ჩემი ფერწერა ენერგიული. მიზიდავს მწვერვალებიც. ჩვენთან ახლოს 4000 მეტრამდე ატყორცნილი გავარვარებული კლდეები იყო. სულ ვოცნებობდი მათ დალაშქვრაზე. მთა-თუშეთი, სვანეთი ფეხით მაქვს მოვლილი, სამი მწვერვალიც დავლაშქრე.

- რისი თქმა გსურს შენი მხატვრობით და, შენი აზრით, რა ჰქვია იმ ძალას, რომელიც ფუნჯის მოსმისკენ გიბიძგებს?

- ყველა მხატვარი ცდილობდა ყოფილიყო ინდივიდუალური, რაღაც განსხვავებული ეთქვა. ყოველდღე ვცდილობ, რომ ნაბიჯი წინ გადავდგა და რაღაც ახალი შევქმნა. სულ ექსპერიმენტებში ვარ. არ ვცხრები. არ ვიზღუდები რაიმე გარკვეული მიმართულებით. წინასწარ არ ვიცი, თუ რა ჰარმონია დაჯდება ტილოზე. ყოველ ჩვენგანში არის, თუნდაც წამიერად, ემოციები, რომლებიც აგამაღლებს, აგწევს ცაში და ფრენას დაგაწყებინებს. ის რომ დააფიქსირო და მიჰყვე, შეიძლება სენსაციაც მოახდინო. მაგრამ ის წამი მოდის და მიდის. უნდა მოახერხო, იგი მოიხელთო, გააჩერო, დააფიქსირო და მარადიულობად აქციო.

ნაწილობრივ, მხნეობას მმატებს ჩემი წარმომავლობაც. მეამაყება კიდეც და თან ვალდებულებას ვგრძნობ ჩემი წინაპრების, ერის, ოჯახის, საკუთარი თავის წინაშე. მეორე ის არის, რომ ხატვისაკენ შინაგანი მიდრეკილება ბავშვობიდანვე მქონდა. მამაჩემი, მრავალჭირვარამგამოვლილი კაცი, მეტყოდა ხოლმე, მხატვრობით პურს ვერ შეჭამო, მაგრამ მე ამაზე არასოდეს მიფიქრია... მხატვრობის ნიჭი ღვთით ბოძებული ჯილდოა, რომელიც ყველას არ ეძლევა. ეს ბედნიერებაა.

- დაბოლოს, რას უსურვებ ჩვენი ჟურნალის მკითხველს?

- თქვენს მკითხველს, ეკლესიის მრევლს, ქართველ ხალხს, ჩემს ხალხსაც ბედნიერ საქართველოს ვუსურვებ. ყველა ჩვენგანზე, მათAშორის - უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზეც, არის დამოკიდებული, თუ როგორ ვიქნებით ერთ მუჭად შეკრულნი და როგორი ქვეყანა გვექნება. ჩემი დიდი ოცნებაა, ქართველი ერი ერთად იყოს, კარგად იყოს, მინდა, ჩვენი ქვეყანა კვლავ აღმავლობისა და აღმშენებლობის გზას დაადგეს.
ბეჭდვა
1კ1