"მგზავრი წერილებით"-ცხოვრება ემიგრაციაში
 "მგზავრი წერილებით"-ცხოვრება ემიგრაციაში
უდიდესი სასწაული, ქრისტეს აღდგომა გვიახლოვდებოდა...
ამ სიხარულთან ფერკმრთალდებოდა ყველაფერი, ღვთაებრივი წყალობით  აღვსილნი ვგალობდით აღდგომის საგალობელს! დღესასწაულის  მადლით  ადამიანური სიხარულიც გვეწვია. დაზუსტებით გადაწყდა, რომ მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია "საქართველო" საკვირაო მოსწავლეების მშობელთა  ფინანსური მხარდაჭერით  იწყებს  21-ე საუკუნის ყველაზე ეროვნული, გამორჩეული, უნიკალური პროექტის განხორციელებას. ეს არის დოკუმენტური ფილმის "მგზავრი წერილებით" გადაღება. ფილმი  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის   ქართული საკვირაო სკოლების  მოსწავლეების შესახებ გვიამბობს.  მაყურებელს ელოდება არაჩვეულებრივი აღმოჩენები, აქამდე უცნობი ბავშვური ,უაღრესად ემოციური ისტორიები  თუ როგორ ინარჩუნებენ, სწავლობენ, პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ენას, ჩვენს ულამაზეს და უძველეს დამწერლობას. როგორ ეცნობიან თავად და აცნობენ  თანატოლებსა და უფროსებს ქართულ კულტურას, ფოლკლორს, აღმსარებლობას, ხელოვნებას .  ვინ იცის საზღვარგარეთ მოღვაწე  ჩვენი სულიერი მოძღვრების, თანამედროვეობის კულტურული და საგანმანათლებლო კერების დამაარსებლების, მასწავლებლებისა და მშობლების  რამდენი შრომა,უძილო ღამეები,ზრუნვა და ჩუმი თავგანწირვაა დაფარული ამ ბავშვების ბრწყინვალების ჩრდილში!

-საკვირაო სკოლის  ცხოვრებით ჩემი დაინტერესება 2017 წლიდან დაიწყო, როცა  სსიპ (საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა)  ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის უკვე  ემიგრაციაში მყოფმა პედაგოგმა ქალბატონმა მარინე წიქორაძემ გამაცნო ბარსელონას წმინდა ნინოს  ტაძრის წინამძღვარი და ამავე ტაძართან   არსებული ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი,_გვიამბობს  სსიპ  ქ.ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია  "საქართველოს" პრეზიდენტი ირინე ჯგერენაია. ამას მოჰყვა  მათი მიწვევით  ჩემი ვიზიტები ბარსელონაში გამოცდილების გაზიარების მიზნით.  მამა ლუკასა და  მის საკვირაო სკოლაში  მოღვაწე პედაგოგების საქმიანობა ( დემნა ამაღლობელი, ირმა სიხარულიძე, მაია გუბელაძე, რუსუდან ახალაძე, მარინე წიქორაძე, ნათია კანდელაკი, ნანა მახარობლიშვილი, ეკატერინე სიხარულიძე, გიორგი ზირაქაშვილი, გიორგი მეტრეველი, ინგა ჩიგოგიძე, სოსო სინჯიკაშვილი, ნინო მსხილაძე, ირაკლი დევდარიანი) ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. მოსწავლეთა უმრავლესობა ბარსელონაში იყო დაბადებული და არასდროს იყვნენ საქართველოში,თუმცა ყველა მათგანი საუბრობდა ქართულად, იზრდებოდა ქართული კულტურით, ფოლკლორით, თეატრალური და საესტრადო ხელოვნებით. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდა და 2020 წლის მაისისთვის  ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა ემზადებოდა  სწორედ იმ ბავშვების მისაღებად, რომლებიც საქართველოს მიწაზე პირველად დაადგამდნენ ფეხს. თუმცა, მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ ჩვენი პროექტი დროებით შეაჩერა, მაგრამ ერთი შეხედვით გადაულახავი პრობლემა ახალ შესაძლებლობად იქცა. 2020 წლის 28 ივნისს, არქიმანდრიტ ლუკას  და მარინე წიქორიძის უშუალო ჩართულობით განვახორციელეთ  პირველი ეროვნული საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკვირაო სკოლების 64-მა მასწავლებელმა. კონფერენციას მოჰყვა უამრავი საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ფარგლებში სხვადასვხვა ქვეყნის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა გაიცნეს ერთმანეთი  და ქართულად საუბრობდნენ. 2020 წლის 13 აგვისტოს, დაფუძნდა  მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია "საქართველო". მასში გაერთიანდნენ  24 ქვეყნის მასწავლებლები, იმ ადამიანთა ძვირფასი კრებული , რომელიც მსოფლიოს მასშტაბით    ცდილობს  ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, აღორძინებას და პოპულარიზაციას. ფილმი სწორედ ამ თავგანწირულთა საოცარ თავგადასავალზე მოგვითხრობს.
დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა კი    ქართველი მამულიშვილის, ჩოხოსანთა მეთაურის , ბატონი  ზვიად სეხნიაშვილის წინადადებით გაჩნდა. ზვიადმა გამოთქვა აზრი, რომ კარგი იქნებოდა, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს" საკვირაო სკოლების მოსწავლეები   მცირე ვიდეო-მიმართვებით მოფერებოდნენ  პატრიარქს. ამ ერთმა ფრაზამ არნახული მასშტაბი შეიძინა და ასოციაციის დამფუძნებელთა, საკვირაო სკოლების, სულიერებისა და კულტურის ცენტრების ხელმძღვანელთა, პედაგოგთა და მშობელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეად ჩამოყალიბდა. ფილმი ეძღვნება უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს.  რამდენიმე რეჟისორთან გასაუბრების შემდეგ    ასოციაცია "საქართველოს" აქტიური წევრის, რუსა ზაზაშვილის  ინიციატივით   შევხვდით ნიკოლოზ ხომასურიძეს, რომელიც   ცნობილია  ეროვნული პროექტებით.მათ შორის გამორჩეულია  მხატვრული ფილმი "ექვთიმე ღვთისკაცი". აღნიშნული იდეით აღფრთოვანებული ბატონი ნიკოლოზი   უყოყმანოდ დათანხმდა პროექტზე მუშაობას, გადმოუფრინა ოკეანეს და 2021 წლის აპრილის ბოლო კვირიდან 17 მაისამდე ფილმზე ამერიკაში  იმუშავა.  ნიუ-იორკის კენედის აეროპორტიდან  იმავე საღამოს ჩვენი მეგობრის, საუკეთესო ქართველის, ჩოხოსნის გიორგი ვასაძის დახმარებით გადამღები ჯგუფი კალიფორნიაში გაემგზავრა. აქ მდებარეობს ჩრდილოეთ კალიფორნიის ქართული მემკვიდრეობის ფონდთან არსებული საკვირაო სკოლა, რომლის არსებობა სულ რამდენიმე თვეს ითვლის. სკოლის  ხელმძღვანელია ახალგაზრდა ნიჭიერი ქალბატონი  ლიანა  ნისეცკაია, რომელმაც ქართულ ეროვნულ დროშას რეჟისორის იდეით პირველმა მოაწერა ხელი.  შეუძლებელია  ამ სასწავლებელში მისულს  აღტაცება, სიხარული, სიყვარული და ღვთაებრივი ჟრჟოლვა არ მოემატოს და გული არ გაუთბეს.
კალიფორნიის შემდეგ  გადამღები ჯგუფი   ნიუ-იორკში წლების წინ სულ პირველად დაარსებულ ქართული კულტურის ცენტრს "Dancing Crane Company"-ის ეწვია, მისი დამფუძნებელი არიან  ქართველების დიდი მეგობრები და გულშემატკივრები: ვიქტორ  და   ლიკა სირელსონები. ამ ცენტრში 150 ქართველი ახალგაზრდა ეზიარება ქართულ სულისკვეთებას, ფოლკლორს, პოეზიას და ხელოვნების სხვადასხვა დარგს. ქართული ენის სწავლებას ქალბატონი ცუცა კაპანაძე ხელმძღანელობს.

გადაღებები   ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრ "ფესვებში" გაგრძელდა.  ვანო გოდერძიშვილი, შორენა ბარბაქაძე და რუსუდან ღავთაძე-გალდავა, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის ბურჯი, დიდი  პროფესიონალიზმით  უძღვებიან  ამ ცენტრის თვალხატულა გოგო-ბიჭების  ქართული სულისკვეთებით აღზრდას. ნინი წიკლაური მათი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.
შემდეგი გაჩერება პენსილვანიაა,  წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი. იგი დაარსდა 2017 წელს, ეპისკოპოს საბა ინწკირველის მიერ.  პენსილვანიის კულტურის ცენტრს უძღვებიან  ქალბატონები თეა ქუთათელაძე და ნინო ბუკია. 2021 წლის 15 მაისს, პოკონოში კვლავ შეიკრიბნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში და ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსის მეუფე საბა ინწკირველის ინიციატივით ოჯახისა და ქართული სამოსის დღე აღნიშნეს. მეუფემ აღავლინა საზეიმო წირვა, ქართველ ჩოხოსნებს შეემატნენ გულანთებული მამულიშვილები, მათ შორის გახლავთ ბატონი იოსებ ჩალიგავასა და მისი ძვირფასი მეუღლის ქალბატონი თეა კანდელაკის ოჯახი ოთხ ქალიშვილთან ერთად.
ჩვენი ძვირფასი მძივის კიდევ ერთი მარგალიტია ქართული საკვირაო სკოლა- "ლაზარე". სკოლა ნიუჯერსიში ,მენვილში მდებარეობს. მას უძღვებიან ქალბატონები ირმა გვაზავა და  ხათუნა დარსაველიძე. სკოლა დაარსდა 2009 წელს, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქართულ ეკლესიასთან. ეკლესიის წინამძღვარი  და ქართული სკოლა "ლაზარეს" დიდი მხარდამჭერი დეკანოზი მატათა ქორჩილავა გახლავთ.
ამერიკული გადაღებების პირველი ნაწილი დასრულდა. თუმცა წინ კიდევ მრავალი თავგადასავალი, უჩვეულო აღფრთოვანება გველოდება. ფილმის ამერიკული  გადაღება გაგრძელდება აგვისტოდან ვაშინგტონის ქართული მემკვიდრეობის აკადემიაში, რომელსაც ქალბატონი თამარ კალანდია ხელმძღვანელობს. ყოველი გადაღების დასრულებისას გვეგონა, აღარაფერი  გაგვაკვირვებდა, რომ საუკეთესო უკვე ვნახეთ, მაგრამ შემდეგ ვრწმუნდებოდით, რომ ყოველ ჯერზე მეტი და მეტი აღტაცება გვეუფლებოდა. ჩვენი სამშობლოს ფარგლებს  გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა გულებიდან პატრიოტიზმისა და სულიერების უშრეტი წყარო მოედინება.
2021 წლის  ივნისიდან  ფილმის გადაღებები ევროპაში  მადრიდიდან დაიწყო.  ჩვენი თანამემამულეების შვილები ,ზუსტად 33 პატარა "ბეღურა" სწავლობს ამ უზარმაზარი ქალაქის ერთ-ერთ ქართულ საკვირაო სკოლაში ,რომელსაც "ბეღურა" ეწოდება. სკოლას ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ქალბატონი თეა ქურხული ხელმძღვანელობს. სწორედ ქალბატონმა თეამ შეარჩა ფილმის სათაური "მგზავრი წერილებით". საკვირაო სკოლაში საქართველოს ისტორიას, პედაგოგი ცირა მელქაძე ასწავლის, სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელია ალექსანდრე ყუფარაძე. მუსიკის მასწავლებელია ლიკა ახალაძე. მადრიდში პირველი ქართული სკოლა წლების წინ ქალბატონ თამარ მეტრეველს დაუარსებია. სწორედ მათი ძალისხმევით და მშობელთა მხარდაჭერით სკოლა  ამერიკის შემდეგ ევროპული ტურის  პირველ მასპინძლად იქცა.    მადრიდში ფილმის გადამღებ ჯგუფს შეუერთდა მსახიობი  გიორგი გილიგაშვილი.
მადრიდის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა პიროს გოცირიძემ დალოცა ეს დიდი ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე წამოწყება . ქართულ ტაძარში ისმოდა  ქართველთა სიყვარულის მარადიული საგალობელი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა ჩვენი პროექტის განხორციელებაში. ნიუ-იორკის გადაღებებისას გხარდაჭერა გამოგვიცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალბატონმა დიანა ჟღენტმა. ჩვენი გულწრფელი მადლიერება ბატონ ზურაბ გალდავას, ქალბატონი რუსუდან ღავთაძის მეუღლეს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში. სასიხარულოა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერ. საქართველოს ელჩის ბატონ ილია გიორგაძის, ბატონების თემურ ბასილიასა და ზურაბ მჭედლიშვილის უშუალო ჩარევით, დიდი ძალისხმევით მოხდა 4 ივნისს ფილმის გადამღები ჯგუფის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტიდან გაშვება და მადრიდში დაბრკოლებების გარეშე შესვლა. უფრო მეტიც,  მიუხედავად რთული, დაძაბული სამუშაო გრაფიკისა, იყვნენ ყველგან, სადაც კი საჭიროება მოითხოვდა.

მადრიდიდან ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე მსახიობ გიორგი გილიგაშვილთან და გადამღებ ჯგუფთან ერთად პარიზს გაემგზავრა, ივნისის ბოლოდან გადამღები ჯგუფი ეწვევა შვედეთში ,სტოქჰოლმის კულტურის ცენტრს, რომელსაც ხელმძრანელობს ქალბატონი ლელა კუხიანიძე. ხოლო სექტემბრიდან გადაღებები გაგრძელდება გაერთიანებული სამეფოს ლონდონის პირველ ქართულ სკოლაში ხელმძღვანელ ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი, ავსტრიის ქალაქ გრაცში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლაში. - ხელმძღვანელი რუსა ზაზაშვილი, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის კულტურის ცენტრში - ხელმძღვანელი მანანა ხორბალაძე,მილანისა  და ვენის ქართულ საკვირაო სკოლაში -  ხელმძღვანელი მაკა გიგიაძე, საფრანგეთში, ბორდოს საკვირაო სკოლაში - ხელმძღვანელი ნათია ჭუნაშვილი, დუბლინის საკვირაო სკოლაში - ხელმძღვანელი ანელი აწკარუნაშვილი.
ღვთის წყალობით მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს" ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი წარმატებით ხორციელდება, პროექტის მონაწილეთა ხელმოწერებით დამშვენებული ჩვენი ეროვნული დროშა გადამღებ ჯგუფთან ერთად მოგზაურობს ამერიკისა და ევროპის კონტინენტზე და 21-ე საუკუნის ქართული ემიგრაციის უახლეს ისტორიას წერს.
ბეჭდვა