ერთ გამოცხობაზე ორი ათას სეფისკვერს ვაცხობთ
ერთ გამოცხობაზე ორი ათას სეფისკვერს ვაცხობთ
ლავრაში მითხრეს, მონასტრისთვის სეფისკვერებს ერთ-ერთი ქართველი აცხობსო და მამა კახაბერ გოგოლაძეს მასთან შეხვედრა ვთხოვე.

ნიკოლოზ შანიძე 8 წელია, კიევში ცხოვრობს. უცხო ქვეყანაში Gამოსულმა მუშაობა თავიდანვე პეGორის ლავრაში დაიწყო და დღემდე არ განშორებია ამ წმინდა სავანეს.

- ჩემი აზრით, აქ ყველა ვერ იმუშავებდა, - მიამბობს ნიკოლოზი, -Bბევრს სურდა კიევ-პეჩორის ლავრაში მორჩილად ყოფილიყო. ალბათ მცირედმორწმუნეები იყვნენ და ვერ გაჩერდნენ. რწმენა თუ არ გაქვს, ისე ვერ გაჩერდები, რადგან აქ მატერიალური ანაზღაურება ნაკლებია. ჩემთვის ფული არ არის მთავარი. მაგაზე არც უნდა ფიქრობდე, როცა მონასტერში ხარ. სულიერად თავს კარგად ვგრძნობ. ღმერთი ყველაფერს ხედავს და დროთა განმავლობაში, თუ ღვთის ნება იქნება, მატერიალურადაც გავიმართები. ჯერჯერობით, რაც მაქვს, იმითაც ვკმაყოფილდები.

- ლავრამ რა შეგძინა?

- აქ ძალიან ბევრი კარგი რამ ვნახე. ბევრ ხალხთან, დიდებულ ბერებთან მაქვს ურთიერთობა. საბჭოთა პერიოდში ლავრაში მონასტრული ცხოვრება შეწყვეტილი იყო. 1988 წელს გაიხსნა ლავრა, აინთო პირველი კანდელი და, ღვთის წყალობით, პირველი წირვა ჩატარდა. დროთა განმავლობაში ლავრის ტერიტორიაზე აშენდა კაფეები, მაღაზიები, სასტუმროები. ღვთის წყალობით, განვითარდა სამონასტრო ცხოვრება. ბევრი მორჩილი მოვიდა მონასტერში.

თავიდან სატრაპეზოში ვმუშაობდი, მერე ეკლესიაში გადამიყვანეს. აი, აქ იყო მთავარი ბრძოლები. სულ ეკლესიაში რომ ხარ, მეტი მოწყენილობა მოდის. ეკლესიებს ვალაგებდი და ღამე ვბრუნდებოდი კელიაში. დილით 5 საათზე ვდგებოდი. ამგვარი ცხოვრების რიტმს მიჩვეული ვიყავი. ახლაც ასე ვარ. სასულიერო სემინარიაში ჩაბარების სურვილიც მქონდა, მაგრამ არ გამოვიდა. თუ ღვთის ნება იქნება, შეიძლება ვისწავლო კიდეც. შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი ღვთის ნებაა. როცა კიევში წამოსვლა გადავწყვიტე, დედა არ მიშვებდა. ჩემი გავიტანე. დამლოცა და თან ხატი გამომატანა. თავიდანვე ლავრაში ჩამოვედი და დღემდე აქ ვარ. ლავრაში მიჩვეული ვარ ყველაფერს. აქედან წასვლა არც მინდა. ვჭირდები ლავრას.

თავიდან მეგონა, ყველა ხელგაშლილი მიმიღებდა. ცივად შემხვდნენ - მორჩილად ახლა ვერ მიგიღებთ, თუ გინდა, მუშად იმუშავე, რომ გამოგცადოთ, როგორი ადამიანი ხარო. პირველად ლავრის ტერიტორიას ვალაგებდი. ნაგავს ვყრიდით მანქანაში. ძნელი სამუშაო იყო. ზოგჯერ აგურებს ვტვირთავდით ხოლმე მანქანებში. გვიანობამდე ვმუშაობდი. დროთა განმავლობაში მივეჩვიე ამ სამუშაოს. ის ადამიანი, რომელიც ჩემი უფროსი იყო, ახლა ბერია და კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ლავრამ ბევრი რამ მასწავლა და შემძინა. ვისწავლე მოთმინება, დათმენა. მოსკოვში რომ ვცხოვრობდი, სულ სხვანაირი ვიყავი. აქ უფრო დაწყნარებული ვარ. მოსკოვთან შედარებით კიევი მშვიდია. ლავრაში სხვანაირად გრძნობ თავს. თითქოს შინ ხარ.

- როგორია ლავრაში ცხოვრების წესი?

- ყოველდღე ლავრაში მიწევს ყოფნა. თუ არ ვმუშაობ, მაინც მოვდივარ და ტაძარში მსახურებას ვესწრები, ეკლესიას ვემსახურები. რაც ჩემი საქმეა, იმას ვაკეთებ. ასე ვცხოვრობ წყნარად.

- როგორ დაიწყე სეფისკვერების ცხობა?

- მორჩილების პერიოდში ვაკვირდებოდი, ბერები როგორ აცხობდნენ სეფისკვერებს... გამთენიისას, დაახლოებით ოთხის ნახევარზე, მუშაობის დაწყებამდე, ვლოცულობთ, საგანგებო ლოცვები იკითხება წმინდა სპირიდონ ნიკოდომოსის სახელზე. ეს წმინდანი ლავრის მცხობელი იყო.Lლოცვის შემდეგ ვიწყებთ გამოცხობას. მუშაობის დროსაც ვლოცულობ ხოლმე იესოს, ღვთისმშობლის, ყველა პეჩორელი მამის და ყველა წმინდანის ლოცვებს. შემდეგ ერთ-ერთი ბერი ფსალმუნს კითხულობს, ასევე წმინდანთა ცხოვრებას, სახარებას. დილის 6 საათზე ვიწყებთ სასეფისკვერე ცომის მოზელას, სეფისკვერების გამოჭრას. ერთ გამოცხობაზე ორი ათას სეფისკვერს ვაცხობთ ხოლმე. კვირაში ოთხი დღე სეფისკვერებს ვაცხობთ. დღეში 7500 ცალი გამოგვდის. ეს სეფისკვერები სამი დღის სამყოფია. კვირაში სამი დღე კი პურს ვაცხობ. მერე ორი დღე ვისვენებ.

***
მახარებს ის, რომ ლავრაში პეჩორელი მამების სახელობის ტაძარში მსახურობს ქართველი მამა კახაბერ გოგოლაძე. მას ვეხმარები ხოლმე ღვთისმსახურებისას. ტაძარში ლოცვის დაწყებამდე მივდივარ, ვანთებ კანდელებს, სანთლებს. ლოცვის დასრულების შემდეგ ვაქრობ სანთლებს, ვალაგებ ყველაფერს, ტაძარს ვასუფთავებ. კვირა დღეს, წირვის დროს, რვა საათზე მოვდივარ, კანდელებს ვანთებ. ცხრის ნახევარზე იწყება მსახურება, ჟამნები. წირვის დასრულების შემდეგ კვლავ ვასუფთავებთ ტაძარს. ჩემი გამომცხვარი სეფისკვერები მომაქვს ხოლმე. დიდი სეფისკვერებიც კვეთისთვის და პატარებიც. ლავრაში განსაკუთრებული გარემოა. მართლაც ღვთის წყალობაა კიევში მყოფი ქართველებისთვის, რომ პეჩორელი მამების ეკლესიაში ქართულად აღევლინება ღვთისმსახურება და ქართველებს საშუალება გვაქვს, დავესწროთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვას. თუ ღვთის ნება იქნება, ვისურვებდი, რომ ჩვენი საკუთარი წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი გვქონდეს კიევში. საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას, რწმენაში გაძლიერებას.

ბეჭდვა
1კ1