გიორგობა ჰერეთში
გიორგობა ჰერეთში
23 ნოემბერს, აზერბაიჯანში, ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის ტაძარში, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა და ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. ღვთისმსახურებას მრავალრიცხოვან მრევლთან და სტუმრებთან ერთად საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ბ-ნი თეიმურაზ შარაშენიძე ესწრებოდა თანმხლებ პირებთან ერთად. საღვთო ლიტურგიის შემდეგ მეუფე მელქისედეკმა ტაძრის ეზოში წმინდა მღვდელმოწამე მიქაელ ყულოშვილის (1845-1917წ.წ.) საფლავთან დოქსოლოგია შეასრულა და შეკრებილ მრევლს ახლადშერაცხული წმინდა მოწამის ღვაწლი შეახსენა.

იმავე დღეს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცა და სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი და მისი შემოგარენი ვერ იტევდა როგორც ქრისტიან, ისე მუსულმან მომლოცველებს, რომელთაგან ზოგიერთი აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხიდან იყო ჩამოსული. "შეგეწიას", "დაგიმადლას" - ასეთი ტრადიციული ფორმით ულოცავდნენ ერთმანეთს ჰერელი ქრისტიანები გიორგობას.

გიორგობის დღესასწაული კახში საზეიმო ტრაპეზით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში კახი კურორტად და ტურიზმის ცენტრად იქცა და მას აზერბაიჯანულ მედიაში "აზერბაიჯანის ახალ ტურისტულ მექას" უწოდებენ. ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობები, ქუჩებისა და ისტორიული ძეგლების რესტავრაცია, იხსნება ახალი სასტუმროები, დასასვენებელი კომპლექსები, პარკები, საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები და ა.შ. კახის რაიონი მდიდარია ფლორითა და ფაუნით (ნებართვით შესაძლებელია ნადირობაც). ბოლო პერიოდში დაიწყო კახის მინერალური წყლის ჩამოსხმაც.

ამჟამად კახის რაიონის სოფელ მეშაბაშში შენდება 9-წლიანი ქართული სკოლა და ბაღი.

ბეჭდვა
1კ1