ჩვენ დავბრუნდებით
ჩვენ დავბრუნდებით
სამშობლოს მონატრება და გადამეტებული სიყვარული ყველაზე მეტად ემიგრანტ ქართველებს რომ აქვთ სულსა და გულში გამჯდარი, მათთან კარგა ხნის ურთიერთობამ დამარწმუნა.

ათენში მცხოვრებმა ჩემმა მეგობარმა ესმა ღონიაშვილმა მითხრა: - ცხრა წლის წინ ერთი ფეხი რომ ავდგი თბილისი-ათენის ავტობუსში, მეორე ფეხი დამიმძიმდა, თითქოს ტონა ტვირთი დამკიდეს, უხილავი მაგნიტით მიეკრა სამშობლოს მიწას. მაშინ მივხვდი, მეორე ფეხსაც რომ ავდგამდი ავტობუსში, სამშობლოს იმ წუთიდან მოვშორდებოდი. აქეთ-იქით ვიყურებოდი, იქნებ ვინმე დამებღაუჭოს და არ გამიშვას-მეთქი. სანამ საქართველოს გავცდებოდი, მწყურვალივით ვიყურებოდი ფანჯრიდან გარეთ. ჩემს თავს ვეუბნებოდი, - უყურე, ეს ყველაფერი შენია, მალე აღმოჩნდები იქ, სადაც ყველაფერი უცხოა. შენ არაფერი გეკუთვნის და თვითონაც უცხო იქნები. ემიგრაციისა და ემიგრანტობის შესახებ მანამდე მხოლოდ წაკითხული მქონდა. ბავშვობაში ღრმად როგორ ვიგრძნობდი დავით გურამიშვილის სატკივარს, როგორ მივხვდებოდი, ემიგრანტ მამულიშვილებს რატომ მიჰქონდათ უცხო ქვეყანაში უბით ერთი მუჭა ქართული მიწა, ანდა რატომ ტოვებდნენ ანდერძს, რომ სიკვდილის შემდეგ საქართველოში მათი ძვლები მაინც მოხვედრილიყო. უცხოობამ უკეთ დამანახა ჩემი ქვეყნის სილამაზე და შემაგნებინა სამშობლოს ერთადერთობა. სანატრელი სამშობლო სიზმარში რომ მოდის ღამე და დილით ქრება, იცით, როგორ მაწამებს? ემიგრანტობა ძალიან ძნელი ყოფილა. დედასავით ერთადერთი სამშობლო სანატრელია, ტკბილია და თანაც საქართველოს დარი, ღვთით კურთხეული, ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა არსადაა.

რუსუდან ტაკაშვილი:
- შვედეთში იყო ემიგრაციაში, ნიშნავს უძილო ღამეებს, სიმარტოვის შეგრძნებას და მუდმივ ფიქრს ხვალინდელ დღეზე - როგორ გადარჩე. გღრღნის ფიქრი, რომ იმ ქვეყნის სრულუფლებიანი წევრი ვერასოდეს გახდები. ამას გრძნობ სამსახურში, ქუჩაში, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში. ემიგრაცია საკუთარი თავის გამოცდაცაა, რამდენად შეინარჩუნებ შენს სახეს და სულიერ სიმტკიცეს. დროდადრო ეს გრძნობები მძაფრდება და მზად ხარ, მოჰკიდო ხელი ჩანთას, რომელშიც მხოლოდ პასპორტი გიდევს და გაიქცე წინ, აეროპორტისაკენ, სამშობლოსაკენ. მერე გახსენდება, რომ შინ დაბრუნებული უფრო დიდი პრობლემების წინაშე დადგები. პირადად დაინახავ იმას, რასაც მხოლოდ ისმენ, როგორ უჭირს ხალხს და ამ გაჭირვების შედეგად აღარ უხარია ცხოვრება, ერთმანეთის დანახვა, სხვისი კარგი აღარ ახარებს. ასეთ დროს ძალიან გჭირდება ტკბილი სიტყვა, ვინც მოისმენს შენს ტირილს და ათასჯერ ნათქვამს, თუ როგორ დაიღალე უცხოობაში, როგორ უზომოდ გენატრება სამშობლო, მისი ცა და მისი მადლიანი მიწა. ემიგრაცია დიდი, მოუშუშებელი ტკივილია.

დალი ტორაძე:
- მერვე წელია, რაც საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ შინაგანად მაინც იქ ვარ. სამშობლოს დატოვება ოჯახის და ახლობლების გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ხშირად ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ჩემს მონატრებულ სამშობლოში და ოჯახში დავბრუნდები, მაგრამ არა და არ დადგა ეს დღე. ემიგრანტობა უდიდესი ტანჯვაა, მოწყვეტილი ხარ ყველას და ყველაფერს. წუთიც არ გასულა, საქართველოზე, ოჯახსა და ახლობლებზე არ ვიფიქრო. ძალიან კარგ ოჯახში ვმუშაობ დამხმარედ, თავს საკუთარ ოჯახში ვგრძნობ, მაგრამ მაინც ვევედრები უფალს, საქართველოში მალე დავბრუნდე და ჩვენც, ქართველმა ემიგრანტებმა, შევიტანოთ წვლილი საქართველოს აღორძინებაში.

თინა ღონიაშვილი: - ძალიან ძნელი, მტკივნეული და დამამცირებელია ემიგრანტობა. მეშვიდე წელია, საბერძნეთში ვარ და კარგი არაფერი მინახავს. ვერ შევეგუე უცხოეთს. მაინცდამაინც არც სამსახურებმა გამიმართლა. ხშირად უმუშევარი ვიყავი, მაგრამ მადლობა უფალს, არ დავცემულვარ სულით, ისევ ფეხზე ვდგავარ და ვახერხებ ოჯახის დახმარებას. მხოლოდ და მხოლოდ უფლის იმედი მაქვს და ჩემი მოძღვრების. ძალიან მენატრება ჩემი ლამაზი საქართველო. ჩემი შვილები, შვილიშვილები, ყველა ქართველი - მტერიც და მოყვარეც. ვამაყობ, ქართველი რომ ვარ და დავიბადე საქართველოში. რამდენისგან გამიგონია, ერთხელ დავიბადე და ისიც საქართველოშიო (რა თქმა უნდა, ამ სიტყვებს გაჭირვება ათქმევინებთ), მაგრამ, მაშ, სად უნდა დაბადებულიყვნენ, განა საქართველოს ბადალი პატარა კუთხეც კი მოიძებნება სადმე? ღმერთი არ გაგვწირავს, ჩქარა დაგვაბრუნებს მონატრებულ სამშობლოში. სულით განწმენდილები, გაძლიერებულები იქ გავაგრძელებთ საქმიანობას და იმდენს შეგვაძლებინებს, რომ გაჭირვებულებს დავეხმაროთ.

მინდა ლექსად გადმოგცეთ ჩემი გულისტკივილი:
"მომენატრები, მომენატრები ისე ძალიან,
რომ შენზე ფიქრით გავათენებ ღამეს მთვარიანს,
ჩემს საქართველოს ვენაცვალე, მართლა მადლიანს".


ნანა აბრალავა: - საქართველოში ბოლო წლებში დატრიალებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ასიათასობით ქართველი მოსწყვიტა სამშობლოს, ოჯახს, ნაცნობ-მეგობრებს, საყვარელ საქმეს და უცხო მხარეში გადახვეწა ლუკმაპურის საშოვნელად, თუ ოჯახის წევრების გადასარჩენად. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ქართველი კაცისთვის ძნელია ემიგრაციაში ცხოვრება, განსაკუთრებით არალეგალთათვის.

საქართველოს ულამაზესი კუთხის სამეგრელოს შვილი ვარ, უცხოეთში ცხოვრებამ შემცვალა, გავხდი უფრო მორჩილი, თავმდაბალი, ამტანი, შრომისმოყვარე. უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი ქვეყანა. უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და ააყვავოს ჩვენი სამშობლო ისე, რომ ემიგრანტები და ლტოლვილები აღარ ჰყავდეს. ჩვენ დავბრუნდებით.

ბეჭდვა
1კ1