რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
აბსოლუტური მსოფლმხედველობა - რელიგიურ საფუძველზე აგებული მსოფლმხედველობა, რომელიც ყოფიერებაში სულიერი მართლწესრიგის პირველობას აღიარებს. ამავე დროს, ის განმარტავს სამყაროში ყველაფერი არსებულის და მასში მიმდინარე მოვლენების შინაარსს და მნიშვნელობას. ამ მსოფლმხედველობას მომხრეები ახასიათებენ როგორც ერთიანსა და ყოვლისმომცველს, მას უპირისპირებენ არარელიგიური მსოფლმხედველობის შინაგან უკმარობას და ფრაგმენტირებულობას. სინთეზის (მეცნიერულ-ფილოსოფიური და რელიგიური ცოდნის გაერთიანებით) გზით აბსოლუტური მსოფლმხედველობის ინტელექტუალური მოდელის შექმნა ჯერ ვერავინ შეძლო. მიუხედავად ამისა, აბსოლუტური მსოფლმხედველობის ბირთვი ყოველი მოაზროვნის გონებაში, ვინც ღმერთს თავისი ყოფიერების ცენტრად აღიქვამს, შეიძლება წარმოიქმნას. ქრისტიანისათვის ცენტრალური კაცობრიობის გამომხსნელი, იესო ქრისტეს სახით განხორციელებული ღმერთია: "მხოლოდ სულიერი ადამიანი, რომელიც შინაგანად შეიგრძნობს ღმერთს და მზად არის სიხარულით შეეგებოს მის ზეგავლენას, შეიძლება გახდეს იესო ქრისტეს სხეულის ცოცხალი ნაწილი, ღვთაებრივი ძალების შეგნებული მატარებელი, რომელიც საკუთარ დანიშნულებას სიხარულით ახორციელებს" (მამა პავლე ფლორენსკი). თუმცა, რელიგიურ მსოფლმხედველობაში გაწაფვას არ შეუძლია ჩაანაცვლოს ღმერთთან ურთიერთობის სულიერი გამოცდილება და რწმენაზე აგებული ცხოვრების პრაქტიკა.

აბსოლუტური ფასეულობები -
ფასეულობები, რომლებიც უზენაესის მიერ იქნა დამკვიდრებული. ასეთებად ხშირად ჭეშმარიტების ზეპიროვნულ ფასეულობებს, ზნეობრივ სიკეთეს, სილამაზეს, თავისუფლებას, ანუ ყველაფერ იმას მიიGნევენ, რის გარეშეც შეუძლებელია სრულფასოვანი ზნეობრივი ცხოვრება. მათი აბსოლუტურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი კულტურით არ არიან განპირობებულნი და უმაღლესი ტრანსცენდენტური წყაროდან მომდინარეობენ. უმაღლეს აბსოლუტურ ფასეულობას ღმერთი წარმოადგენს. "ყოვლისმომცველი აბსოლუტური ღირებულება აბსოლუტური ყოფიერების სისრულე, ანუ ცხოვრების სისრულეა" (ნ. ლოსკი). ეს სისრულეა ყოველი ქმნილი ინდივიდის ცხოვრების საბოლოო მიზანი და რადგან შემოქმედსა და მის ქმნილებას შორის არსებული ონთოლოგიური ბარიერი თვით ღმერთმა - იესო ქრისტემ თავისი განკაცებით გადალახა, ეს მიზანი პიროვნული ცხოვრების ღვთაებრიობით გაჯერების გზით მიიღწევა.

ბეჭდვა
1კ1