საქართველოდან საქართველოში
საქართველოდან საქართველოში
ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს ჩვენი ისტორიული მამული, ტაო-კლარჯეთი, შეუძლებელია უფრო არ გაუმძაფრდეს სურვილი მისი მეორედ, მესამედ და უთვალავჯერ მოლოცვისა. მე უკვე მეორედ მოვილოცე და ღვთის შეწევნით არაერთხელ მოვილოცავდი. ამჯერად ჩვენი მიწა-წყალი ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევითა და ტურისტული სააგენტო "თრეველ თუ ჯორჯიას" მენეჯერის ნატალია მოდებაძის დახმარებით მოვინახულე.

როცა ჩემი და შენი წინაპრების ნატერფალზე დავდივარ და მათივე ხელით ნაგებ წმინდა სალოცავებში მშობლიურ ენაზე ღვთის სადიდებელ ლოცვას აღვავლენთ, ასე მგონია, წმინდა მამები და დედები ზეცაში ხარობენ და გვლოცავენ, რომ არ ივიწყებს მათი გენი მათსავე ნაამაგარს. უძველესი ქვები მართლაც რომ ღაღადებენ ტაო-კლარჯეთში და გვიხმობენ, ახლა უკვე უჩუმრად კი აღარ გვთხოვენ დახმარებას, ხმამაღლა გვეძახიან, - შენს შვილებს და შვილიშვილებსაც ხომ უნდა მოვესწროთო. მასპინძლობას კვლავაც ძველებურად, მადლიანად გვიწევენ ხანძთა, იშხანი, პარხალი, ოშკი, ოთხთა, ხახული, დოლისყანა და კიდევ სხვა მრავალი მათგანი, გულში გვიხუტებენ და უკან უნუგეშოდ არავის უშვებენ. დრო ყველაზე და ყველაფერზე თავის დადებით და უარყოფით კვალს ტოვებს. დრომ ტაოს ისტორიულ ძეგლებს თავისი კვალი არცთუ ისე დადებითად დაამჩნია...

მეორედ ჩასულს ასე მეგონა, უცხო ქვეყანაში კი არა, ჩემს მამულში ვიყავი. ისე, როგორც მოვილოცებ ხოლმე თბილისში სიონის, ანჩისხატის თუ სხვა ძველ ტაძრებს. თითქოს ახლომდებარე წმინდა ადგილებში მივედი სულიერი საკვებისა და მადლის მისაღებად. ტაძრის ეზოებში ჩვენს შორეულ მიწაზე აღმოცენებული კარალიოკისა და კაკლის დაგემოვნებაც მოვახერხეთ. იშხნის ეზოში კომშის ხე შევარხიე და ვცდილობდი ლამაზად მომზირალი კომშის ჩამოგდებას, მუსლიმანი დედაკაცის ყვირილმა შემაჩერა. მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ კომშის ჩამოგდება დამიშალა და არა ღვთის სახლში სალოცავად შესვლა. თუმცა ხახულში სხვა სიტუაცია დაგვხვდა...

ტაძრამდე გზას ასფალტით აუმჯობესებენ. მოლამ ხახულის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში "მასპინძლობა" გაგვიწია. თანაც შეგვპირდა, თუ ფეხთ გაიხდით, ტაძარში შეგიშვებთ, თუ არადა მხოლოდ კარიბჭეში შეგიძლიათ შესვლაო. კარიბჭეში სკოლა აქვთ მოწყობილი და ამ ადგილს სალოცავად ალბათ არ იყენებენ. ჩვენც ამჯერად მხოლოდ ტაძრის კარიბჭეში შესვლას და სანთლების დანთებას დავჯერდით. კედელზე ამოტვიფრული წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის გამოსახულებებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

ხანძთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ მისასვლელი გზა კი მართლაც სასუფევლის კარიბჭესავით ვიწროა. დიდებული ტაძრის ახლოს მდებარე წმინდა მამის ლოცვით აღმოცენებული წყაროს წყლის დალევის შემდეგ დაღლა გიქარვდება. როცა პირველად მოვილოცე ხანძთის სავანე, ამავე წმინდანის ხსენების დღე გახლდათ. მეუფე თეოდორე, საქართველოდან ჩამოსულ სამღვდელოებასთან ერთად, ერისა და ბერის ადამიანებთან ერთად ღამისთევის ლოცვით შეხვდა დღესასწაულს. გზა, რომელიც ახლა დღისით გამოვიარე, წინათ უკუნეთ სიბნელეში გამოვვლეთ. თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრის დედებმა მთელი გზა ხმატკბილი გალობით გვატარეს. მაშინ ვთქვი, ალბათ სხვა დროსაც უნდა მოვილოცო ეს წმინდა სავანე, რომ მისი ნახვის ღირსი მზის შუქზე გავხდე-მეთქი. მადლობა ღმერთს, ამის ღირსი კიდევ გავხდი.

წარსულის კვალდაკვალ
ტაო-კლარჯეთი და ფარნავაზ მეფე
ლეონტი მროველის ცნობით, ჯერ კიდევ ქართლოსმა თარგამოსისგან მემკვიდრეობით მიიღო ქვეყანა "ხუნანითგან ვიდრე ზღვამდე სპერისა... რომელსა ეწოდა სახელი თავისა თვისისა" ქართლი. მის ხუთ შვილთაგან გაჩიოსს ერგო "ორბისციხე და სკვირეთის მდინარითგან ვიდრე თავამდე აბოცისა", ხოლო მცხეთოსს, "რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, განმგე და უფალ მათ ოთხთავე ძმათა ზედა", დარჩა "ქვეყანა ვიდრე ზღვამდის სპერისა". მცხეთოსის შვილთაგან უფლოსს ეპყრა ქვეყანა "მცხეთას არაგვითგან და ტფილისითგან ვიდრე ტაშისკარამდე და ფანავრადმდე... რომელსა აწ ჰქვიან შიდა ქართლი; ოძრხოსს - ტაშისკარითგან ვიდრე ზღვამდე სპერისა, ქვეყანა კლდოვანი. ამან ოძრხოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრხე და თუხარისი; ხოლო ჯავახოსს - ფანავრითგან ვიდრე თავამდე მტკვრისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსა მაშინ ერქვა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვიან ჰური". 

მოგვიანებით, ძვ. წ. IV-III სს-ში ფარნავაზმა, "პირველმა მეფემ ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანმა", გააერთიანა ქართლოსიანნი, დაყო რა სამეფო რვა საერისთავოდ: "მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად, და მისცა სკვირეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი; მეხუთე გაგზავნა წუნდის ერისთავად, და მისცა ფანავრითგან ვიდრე თავამდის მტკვრისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტაანი; მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტისთავითგან ზღვამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა; მეშვიდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანითგან ზღვამდე; და მერვე, ქუჯი, იყო ერისთავი ეგრისისა".


ხანძთა

თავად ფარნავაზმა კი, რომელიც "სამოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერ... თვენი გაზაფხულისანი და სთვლისა არისანი დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა; და თვენი ზაფხულისანი - წუნდას, და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი... ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული".

"ისტორიული დროიდან" კი, ქართულ მატიანეთა ცნობით, ამ მხარის უძველესი ქართული კერებია: თუხარისი, არტანუჯი, ახიზა, ფორთა, ანჩი, ოპიზა, სადაც დაარსდა კიდეც საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ პირველი ქართული ეკლესია-მონასტრები.

ტაო-კლარჯეთი და ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
პირველი ქართული ეკლესია ერუშეთში
საქართველოში აგებული პირველი ქრისტიანული ეკლესია მდებარეობს არტაანის მხარეში, ერუშეთში, რომელიც პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის, მირიანისა და ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება; ეკლესია, რომელიც კონსტანტინე დიდმა მირიანის თხოვნით ბერძენ ხუროებს ააშენებინა და თან გამოატანა განძი და მაცხოვრის "სამსჭვალნი ხელთანი": "და ვითარ მოიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქვიან ერუშეთი და დაუტევნა ხურონი საქმედ ეკლესიისა, დაუტევნა განძი და სამსჭვალნი უფლისანი და წარმოვიდა" (ლეონტი მროველი. "ცხოვრება ქართველთა მეფეთა". ქართლის ცხოვრება). იმავე ცნობით, ამ ფაქტს დიდი სიხარულით შეხვდა წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებელიც.

ტაო-კლარჯეთი და ვახტანგ გორგასალი
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა". მისი დაბრუნება მხოლოდ ქართველთა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა შეძლო 456 წლის ბოლოსთვის: "უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი" ("ქართლის ცხოვრება". ვ. გოილაძე, "ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი").

ვახტანგის ბრძანებით მისმა ძუძუმტემ, კლარჯეთის ერისთავმა არტავაზმა განაახლა ახიზა და ააშენა კიდევ ერთი ციხე არტანუჯში, დააარსა პირველი ქართული მონასტერი ოპიზაში და ააშენა სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა.

არსებობდა ასევე ტრადიცია, რომელიც ვახტანგ მეფეს უკავშირებდა თუხარისის წმინდა გიორგის ეკლესიის აშენებას, თუმცა ისტორიული ცნობებით ის 350 წლის მიჯნაზე ააშენა ვარაზ-ბაქარის მამამ მირდატ მეფემ (დავით ხოშტარია, "კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები").

წმინდა გრიგოლ ხანძთელი და საქართველოს "სინა",
ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე
VIII-X საუკუნეები პოლიტიკურთან ერთად საგანმანათლებლო და სამშენებლო საქმიანობითაც ხასიათდებოდა. როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ტაო-კლარჯეთის კურაპალატების თაოსნობით საქართველოს ეკლესიური და კულტურული დამოუკიდებლობის მოპოვება, რამაც დაუდო კიდეც საფუძველი ერთიანი სახელმწიფოებრიობის იდეას და ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას: "საქართველოში უკვე ფეხი მოუდგამს კულტურულ-ეროვნული ერთობის იდეას, უმთავრესად ეროვნული ეკლესიის წიაღში". VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე კლარჯეთში დაარსდა და განახლდა მთელი რიგი სავანეები, რომლებიც იქცნენ ქართული განათლების კერებად, კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრებად შუა საუკუნეებში.


ოთხთა

გიორგი მერჩულის თხზულების, "ცხორება გრიგოლ ხანძთელისა", მიხედვით, ეს სავანეები რიცხვით თორმეტი ყოფილა. ამიტომ არის, რომ ძველქართულ წყაროებში ისინი კლარჯეთის "ათორმეტ" სავანედ და, თავიანთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს სინად არის ცნობილი. თუ რამდენად დიდი იყო კლარჯეთის სავანეთა მნიშვნელობა ქართული განათლებისათვის VIII-X საუკუნეთა მანძილზე, ეს შეიძლება დავასკვნათ იმ მოღვაწეთა ჩამოთვლით, რომლებიც ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ: წმინდა გრიგოლ ხანძთელი - მეთაური საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობისა IX-X საუკუნეებში, "კეთილად განმგებელი მოღუაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი"; საბა იშხნელი, გრიგოლის დეიდაშვილი, მეორედ აღმშენებელი და ეპისკოპოსი იშხნისა; თევდორე და ქრისტეფორე, რომლებიც გრიგოლისაგან ფარულად ტაოდან დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში გაემგზავრნენ და იქაც გასწიეს სამონაზვნო საქმიანობა. სწორედ ეს ოთხნი გაეშურნენ პირველად ოპიზას და დაიწყეს სამონასტრო მშენებლობა, "ვითარცა სულმა ერთმა ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებულმა"; თევდორემ და ქრისტეფორემ აფხაზეთის გზაზე სამცხეში დაიმოწაფეს ექვსი წლის არსენი, რომელიც შემდგომად გახდა "ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდარისა გვირგვინი დაუჭნობელი"; გაპარული მოწაფეების მოსაბრუნებლად აფხაზეთში წასულმა გრიგოლმა ქართლში დაიმოწაფა ჭაბუკი ეფრემი, რომელიც შემდეგ აწყურის ეპისკოპოსი გახდა; სოფრონ შატბერდელი, იოანე ზოსიმე შატბერდელი-სინელი, ილარიონ პარეხელი და სხვანი. ამ მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნის გიორგი მერჩულე, რომელიც კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელია X საუკუნეში და რომლის ნაწარმოები "ცხორება გრიგოლ ხანძთელისა" აქ, კლარჯეთში, ხანძთაში არის დაწერილი.

***
ქართლის დიდებულების შთამომავალი, ნერსე ერისთავის ოჯახში აღზრდილი გრიგოლი ახალგაზრდობაშივე ეკურთხა მღვდლად. მან ფარულად დატოვა ქართლი და 780 წლის ახლო ხანებში კლარჯეთში გაემგზავრა, დააარსა იქ "ათორმეტ სავანედ" ცნობილი სასულიერო კერები და 830-იანი წლებიდან მათ არქიმანდრიტად მოიხსენიება. მთელი ქართლის მასშტაბით მას გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის არა მარტო სამონასტრო საქმეებში, არამედ საერო ხელისუფალთა და მეფეთა წინაშეც, რისი დასტურიც იყო არსენ ქართლის კათალიკოზთან დაკავშირებული ცნობილი ინცინდენტი. დღესაც ჩვენი ცნობიერის ყველაზე დაბინდულ-დახავსებულ კუნჭულში სუსტად, მაგრამ მაინც გაისმის 102 წლის წმინდა მამის, "უდაბნოთა ქალაქმყოფელის", გრიგოლ ხანძთელის მიერ გარდაცვალების წინ (861 წელი) წარმოთქმული სიტყვები: "შვილნო, სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილითა სძლეთ და ნუ შეძრწუნდებიან გონება თქუენი, რამეთუ მე ესრეთ აღგითქუამ: არა დაგაკლოს თქუენ ქრისტემან აქა და საუკუნესა მას... და ეგრეთვე ვამცნებ შემდგომითი შემდგომად შვილთა ჩემთა, რათა დაიმარხონ წმიდა ესე მოძღვრებაი. და უკუეთი ჟამმან ჭირისაგან წესი ცვალოს, რომელ სულისა ფრიად არა სავნებელ იყოს, შენდობა იყავნ ჟამსა მას და არა სამარადისოდ, არცა შუებისა მრავლისა მიდევნებითა". სრულიად საქართველოს სატკივარიც საუკუნეებით ადრე წარმოთქვა ხანძთასა და შატბერდთან, "გარემო მათ მახლობელთა უდაბნოთა, რომელ არიან ოპიზა და ფრთენი მისნი, ბერთა და მახლობელნი მისნი, მიძნაძორი და წყაროსთავი თანამკვიდრით მათითურთ" გამომშვიდობებისას "ზეცისა კაცმა და ქუეყნისა ანგელოზმა" გრიგოლ ხანძთელმა: "აწ დაღაცათუ ხორცითა განგეშორები, ხოლო სულითა შენთანა ვარ შეწევნად შენდა"...

...გიორგი მერჩულეს აღწერილი აქვს, თუ როგორ იმოგზაურეს კლარჯეთის "ათორმეტ" სავანეთა მხარეში IX საუკუნის 30-იან წლებში აშოტის მემკვიდრეებმა - მეფე-კურაპალატმა ბაგრატ I-მა და მისმა ძმებმა (ადარნესემ და გვარამ მამფალმა) წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების თანხლებით.

***
ტურისტული სააგენტო "თრეველ თუ ჯორჯიას" მენეჯერი ნატალია მოდებაძე:

- ტაო-კლარჯეთი ყოველთვის დაკავშირებულია ხოლმე დიდი სიხარულთან და ამავე დროს დიდ ტკივილთან, რადგან ეს მიწა-წყალი და თითოეული გოჯი ყველა ქართველის სატკივარია.

მიუხედავად იმისა, რომ XVI საუკუნიდან გამაჰმადიანებულ ქართველებში ქართული აღარაფერი უნდა იყოს დარჩენილი, ჯერ კიდევ არის რამდენიმე სოფელი, რომელთაც ქართული სათუთად შემოუნახავთ და ძველქართულად მშვენივრად საუბრობენ. ეს სოფლებია: ხევაი, ქობაქი და ბალღაი პარხლის ხეობაში და იმის გამო, რომ ქართველნი ერთმანეთთან მუდამ ახლოს იყვნენ, დღემდე არ დავიწყებიათ თავიანთი წარმომავლობა და ქართული გვარები.

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ქართულ სოფელში ქართველების ქორწილში მიმიწვიეს. ნეფე-პატარძლის გვარით დავინტერესდი, ვაჟი გვარად დევაძე იყო, პატარძალი კი კურდღელაშვილი. როდესაც ფერხულში ჩავები, უკვე გამაჰმადიანებული ქართველი გოგო-ბიჭები ცეკვავდნენ, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - ყველა ქართულად გამომელაპარაკა. სად ისწავლეთ ასე კარგად ქართული-მეთქი. სახლაიშიო...

როგორც ჩემმა მასპინძელმა მუჰამედ დევაძემ ამიხსნა, მათ ყველას ქართველი დედები ჰყავთ. ისინი ყოველთვის ცდილობენ თავისი ჯიში - ქართველი ქალი ცოლად მოიყვანონ. სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებდი, სიამაყე და ტკივილი ერთად დამეუფლა...

***
ეს იყო დაუვიწყარი ტური თითოეული ჩვენგანისათვის, რადგან მრევლმა მოინახულა და მოილოცა წმინდა ვახტანგ გორგასლის, წმინდა გროგოლ ხანძთელის, დიდი ტაოელი ბაგრატიონების - დავითის და ბაგრატის აშენებული ტაძრები, შეხვდა იქაურ ქართველებს.

ჩვენი მოგზაურობა ერუშეთის ქედიდან დაიწყო: როგორც კი ვალეს საბაჟოს გამოვცდით, გადმოვიარეთ მტკვრის სათავეები და ერუშეთის ულამაზესი ქედი, რომელიც ზღვის დონიდან 2550 მეტრზე მდებარეობს.

შავშეთის შემდეგ გზა ვიწრო ხეობას მიუყვება, რომელსაც წმინდა გრიგოლ ხანძთელის სავანემდე მივყავართ.

გავუყევით წმინდა გრიგოლ ხანძთელის განვლილ გზას, რომელიც კლდეზე გამოჭრილ გრუნტიან გზას მიუყვება და ყველა ჩვენგანს ერთი განცდა აქვს - დიდი სიამაყის, შიშისა და რიდის.

ცოტა ხანში გამოჩნდა ჩამონგრეული ხანძთის გუმბათი და მწვანეში ჩაფლული სამონასტრო კომპლექსი. წყაროს ეკლესიასთან შევჩერდით და კამკამა წყალს დავეწაფეთ, რომელიც საკურთხევლიდან გამოდის.

ულამაზესია ხანძთა.

***
მეორე დილით გავემართეთ ხახულის, ოშკისა და იშხნის მოსალოცად.

მივადექით მწვანეში ჩაფლული ხეხილის ბაღებით გარშემორტყმული ხახულის ღვთისმშობლის ტაძარს. მეჩეთად ქცეულა ქრისტიანული სალოცავი. წმინდა ტაძარში მცირედღაა შემორჩენილი ფრესკები. მხოლოდ გუმბათში გაარჩევთ ჯვართამაღლების სცენას და ფრთოსან ანგელოზებს.

მივდივართ ოშკისაკენ. როგორც კი გამოჩნდა ეს დიდებული ტაძარი, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - გრაციოზული და უზარმაზარი ოშკის ტაძარი დგას განძარცვული, მაგრამ ისევ ამაყი და შეუპოვარი.

მამა გიორგი პარაკლისს ატარებს, მრევლი სულგანაბული ანთებს სანთელს და ლოცვას იწყებს.

ყველას უდიდესი სიამაყის განცდა გვიპყრობს, სინანულით ვტოვებთ ოშკის დიდებულ ტაძარს და იშხნისაკენ მივემართებით.

საბა იშხნელმა IX საუკუნეში მეორედ აღაშენა იშხნის ტაძარი და კვლავ აღადგინა ტაძარში მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა.

ულამაზესი და განსაკუთრებული მოხატულობა აქვს იშხნის ტაძარს. დღესაც კი მნახველზე უზარმაზარ შთაბეჭდილებას ტოვებს მცირედ შემორჩენილი ფრესკები.

ტაო-კლარჯეთის ძლიერების ხანაში გავრცელებული იყო ასეთი გამოთქმა:

"განთქმულია სილამაზე ოშკისა, მოხატულობა იშხნისა და ადგილმდებარეობა ხახულისა". მართლაც, ეს სამი ტაძარი განსაკუთრებულად მიმზიდველია.

***
ჩვენი მოგზაურობის მესამე დღეს გავემართეთ უდიდესი სამნავიანი ბაზილიკის - ოთხთას ეკლესიის სანახავად, რომელიც ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს და ერთადერთია, რომლის მახლობლადაც ვერც ჯამეს (მეჩეთი) და ვერც დასახლებას ვერ შეამჩნევთ და აქაურებს დღესაც დიდი შიში და რიდი აქვთ ამ ტაძრისა.

 

ნატალია მოდებაძე, (მარჯვნიდან პირველი) დიაკვანი ლევანი
მომლოცველებთან ერთად

ბერძნულ-ბიზანტიური სტილით ნაგები ოთხთას ეკლესია შემაღლებულ ადგილზე ამაყად დგას. შევდივართ ტაძარში და ვხედავთ საკურთხევლის კედელზე შემორჩენილ ფრესკებს, სიონის ფრესკას, მარიამისა და ელისაბედის შეხვედრას...

პარაკლისის შემდეგ კრძალვით ვანთებთ სანთლებს, უფალს ვევედრებით საქართველოს გამთლიანებას, გაძლიერებას და გულანთებულები მოვემართებით საქართველოსაკენ.

ყველას ერთი ფიქრი გვიტრიალებდა - ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო".

აქ სრულდება ჩვენი სამდღიანი მოგზაურობა და გეზს საქართველოსაკენ ვიღებთ იმ იმედით, რომ ოდესმე კიდევ ვესტუმრებით ამ მადლიან მიწას. იმედს ვიტოვებთ, რომ დანგრევის პირას მისულ ტაო-კლარჯეთის უნიკალურ ძეგლებს მიექცევა სათანადო ყურადღება და მოხერხდება მათი რესტავრირება.

ყოველთვის, როდესაც ტაო-კლარჯეთში ვმოგზაურობ, ვგრძნობთ იქაური ქართველების სითბოს და უსაზღვრო სიყვარულს ჩვენდამი.

მახსენდება - ერთი ბერიკაცი გამომშვიდობებისას გადაგვეხვია და გვითხრა, - ჩემი სისხლი, შენი სისხლი ერთიაო. ჰოდა, ალბათ ის ქართული სისხლი ყოველთვის იყივლებს მანამ, სანამ ქართველი და ქართული სული იარსებებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler