სიმშვიდის საოცარი მაგალითი
სიმშვიდის საოცარი მაგალითი
2010 წლის 26 ოქტომბერს შესრულდა 100 წელი მარიამ ბაგრატიონ-მუხრან-ბატონის (1910-1992) დაბადებიდან. ეს დიდებული ქალბატონი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გადაიტანოს ადამიანმა ნებისმიერი სახის განსაცდელი მშვიდად, სიმდაბლით და დაუყვედრებლად... მის შესახებ მოგვითხრობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი მანანა ხომერიკი.

- ქალბატონო მანანა, თქვენ გქონდათ პატივი ბაგრატიონთა გვარის შესანიშნავ წარმომადგენელთან - მარიამ (მანია) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილთან ახლო ურთიერთობისა. მან მძიმე, მაგრამ საინტერესო, ღრმა შინაარსით აღსავსე ცხოვრების გზა განვლო. გთხოვთ, გვიამბოთ მის შესახებ.

- მარიამ ბაგრატიონი დაიბადა 1910 წელს გიორგი ბაგრატიონ-მუხრან-ბატონის ოჯახში. სწავლობდა ფრანგულ ლიცეუმში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მან რამდენიმე წელი უცხოეთში გაატარა, 1931 წელს კი ბაგრატიონების ოჯახი საბოლოოდ გადაიხვეწა საქართველოდან, რადგან აქ დარჩენა მათთვის სახიფათო იყო. მარიამს წასვლა არ უნდოდა. მშობლებმა იმ პირობით დაიყოლიეს, რომ უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ დაბრუნდებოდა. იგი ნიცასა და პარიზში ეუფლებოდა სამხატვრო ოსტატობას. 1934 წელს დაბრუნდა... მალე მიხვდა, რომ ყოველდღე მოსალოდნელი იყო დაპატიმრება...

ორმოციან წლებში მარიამ ბაგრატიონის უცხოეთში დარჩენილი ოჯახის წევრების ცხოვრებაში მოხდა ისეთი მოვლენები, რომლებმაც უშუალო გავლენა იქონია მის ბედზე: 1946 წელს მამამისი - გიორგი ბაგრატიონი რუსეთის ტახტის მემკვიდრემ, ვლადიმირ კირილეს ძე რომანოვმა 5 დეკემბრის აქტით ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად აღიარა. იმავე წელს მარიამის ძმამ - ირაკლი ბაგრატიონმა ესპანეთის ინფანტა შეირთო ცოლად. 1948 წელს მარიამის და - ლეონიდა ბაგრატიონი ცოლად გაჰყვა რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურს ვლადიმირ კირილეს ძეს. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ამდენი "დანაშაული" მარიამ ბაგრატიონს აღარ აპატიეს და დააპატიმრეს. სიძის ვინაობა ჰკითხეს. კუნძულ ტაიტის მკვიდრი უნდა იყოსო, - უპასუხა, რადგან დედამ მოსწერა, - ლეონიდა გათხოვდა და ქმართან ერთად ტაიტიზე გაემგზავრაო. სიძის შესახებ მისთვის აღარაფერი უკითხავთ. ახლა მის ნახატებს გადახედეს და ფორმალიზმი უსაყვედურეს. ბოლოს უთხრეს, ისეთი დროა, რომ უნდა გადაგასახლოთო და ისე გაუყენეს მაგადანის გზას, არც უთქვამთ მიზეზი.

მაგადანში ჩასვლას პატიმრები ერთ წელს მოუნდნენ. თითქმის ყოველ ქალაქში აჩერებდნენ, ბარგაკიდებული დაჰყავდათ ციხიდან ციხეში. იგრძნო მარიამმა, სისხლის სამართლის დამნაშავენი შურით უყურებდნენ მის ჩემოდანს... ციხეში შეკერა ორი ტომარა და ზედ მონოგრამა დააქარგა: ქართული "მ" ასოს თავზე პატარა გვირგვინი იყო. ეს მონოგრამა ერთგვარ ნიშნად იქცა ქართველთათვის. მისი დანახვისთანავე, თურმე, მარიამის გვერდით რომელიმე ქართველი პატიმარი აღმოჩნდებოდა და უხმოდ ჩამოართმევდა ტვირთს.

რვა წელი გაატარა გადასახლებაში. ამუშავებდნენ მხატვრად. ერთხელ დაავალეს პლაკატის დახატვა, რომლებზეც პატიმრების გაღიმებული სახეები და ბედნიერი შრომითი ცხოვრება უნდა ყოფილიყო ასახული. მარიამმა დავალება შეასრულა. პლაკატიდან ჩამოწეწილ-ჩამოგლეჯილი, გაძვალტყავებული ადამიანები იყურებოდნენ. "რა არის ეს?" - მკაცრად ჰკითხეს. "ეს არის სოციალისტური რეალიზმი, ფორმალიზმისთვის კი მე უკვე დავისაჯე", - უპასუხა მარიამმა.

- გადასახლებაში გატარებულ მძიმე წლებზე მოგვითხრობს ქალბატონი მარიამის რამდენიმე ნამუშევარი... გთხოვთ, გვესაუბროთ ამ ნახატების შესახებ...

- "სამუშაოზე" - ასე ეწოდება ნახატს, რომელზეც ვხედავთ, როგორ მიერეკებოდა დილაობით ბადრაგი პატიმრებს მაგადანის მშენებლობაზე. ბანაკში მხოლოდ მოხუცები და ინვალიდები რჩებოდნენ. მათი ჩრდილები ბანაკის ღობის შორიახლოს მოჩანს სურათზე "თავისუფლების მოლოდინში". ღობესთან მიახლოება სიკვდილს უდრიდა. სათვალთვალო კოშკებიდან ღობესთან მისულ პატიმრებს ესროდნენ. ერთხელ პლაკატი ეჭირა ხელში ქალბატონ მარიამს, ქარმა იალქანივით გაბერა ქსოვილი, უჭმელობისგან დასუსტებული ქალი აიტაცა და ღობისკენ გააქროლა. ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს...

სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში ღმერთის რწმენა და ბუნების სიყვარული ეხმარებოდა. მაგადანშიც კი შეიგრძნობდა მკაცრი ბუნების სილამაზეს. მისი "მოგონებანი" გადასახლებაში ყოფნის ბოლო წელსაა შექმნილი, როდესაც უკვე მეტი თავისუფლება ჰქონდა - შეეძლო ბუნების წიაღში მისცემოდა ფიქრებს. ხშირად მიდიოდა ტაიგაში, დაანთებდა პატარა კოცონს და რამდენიმე კარტოფილს შეიწვავდა... ამ ცეცხლის კვამლი სურათს პირობითად ორ ნაწილად ყოფს. წინა, რეალურ პლანზე ვხედავთ ახალგაზრდა ქალს, ზურგზე პატიმრის ნომრით.Eეს თვითონ მარიამია. მეორე პლანი კი ირეალურია, ტბაში ირეკლება ყოველივე, რაზეც ქალი ფიქრობს, რაც მას ენატრება: ეკლესიები ქართული გუმბათით, ახლობელი ადამიანის სახე, უჩვენებიათ სცენა ბალეტიდან "გედის ტბა", რაც საბალეტო ხელოვნების თაყვანისმცემელი მხატვრისათვის ნამდვილ დღესასწაულად ქცეულა ("მოგონებები" ქალბატონმა მარიამმა მე მიანდერძა).

დაღლილი წვებოდა მარიამი ვიწრო ნარზე. იქვე კედელში ხვრელი იყო, რომელშიც პერიოდულად ვირთხა შემოჰყოფდა ხოლმე ცხვირს. მარიამს აღარ ეშინოდა... დიდხანს შესცქეროდა მომწვანო-მონაცრისფრო კედელს. ეს ფერი ზღვის ტალღას აგონებდა. წარმოსახვაში ნელ-ნელა იხატებოდა ტალღებით გარშემორტყმული, აყვავებული კუნძული... მახსენდება არტურ შოპენჰაუერის გამონათქვამი: მდიდარი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანი, სრულ მარტოობაში მყოფიც კი შესანიშნავად ერთობა თავისი აზრებისა და ფანტაზიების წყალობით, მაშინ როდესაც გონებაჩლუნგ ადამიანს მომაკვდინებელი მოწყენილობისაგან ვერ იხსნის კამპანიების, სანახაობებისა და გართობების გაუთავებელი ცვლა.

და როგორც ლოტოსის მშვენიერი ყვავილი წუმპეში, ისე ბარაკის ბინძურმა კედელმა შვა მარიამის "მომავლის კუნძული". ამ წალკოტში ადამიანები ჰარმონიულად იცხოვრებენ, როგორც ერთმანეთთან, ისე ბუნებასთან, მათ არ ეცოდინებათ სისასტიკე, უსამართლობა, უბედურება (სურათი ქალბატონმა მარიამმა თავის დისშვილს, რუსეთის საიმპერატორო ტახტის მეთაურს - მარიამ რომანოვას უსახსოვრა).

"გრძნეული სიზმარი" მაგადანის ციკლის ბოლო ნამუშევარია.Mმარიამს დათოვლილი მთები, ანკარა წყაროები, ვაზი და ბროწეულის ხეები დასიზმრებია, რაც იმის უტყუარ ნიშნად მიუჩნევია, რომ მალე საქართველოში დაბრუნდებოდა.

- ასეც მოხდა. 1956 წელს თბილისში ჩამოვიდა და მთელი სიცოცხლე აქ გაატარა. თქვენ უშუალო ურთიერთობა გქონდათ მასთან და ერთ ჭერქვეშაც ცხოვრობდით. როგორი ხასიათითა და პიროვნული ღირსებებით იყო იგი შემკული?

- მარიამს მტკიცედ სწამდა, რომ თუ ადამიანს მდიდარი სულიერი სამყარო აქვს, ვერავითარი გაჭირვება ვერ დააბეჩავებს. გარემოებამ არ უნდა დაგიმონოს, სულიერად ყოველგვარ გარემოებაზე მაღლა უნდა იდგეო. არ უყვარდა დრამატიზება და წუწუნი. იუმორის გრძნობა დიდად ეხმარებოდა ცხოვრებაში.

ქალბატონი მარიამი პირობითობებზე მაღლა იდგა. სულ არ ენაღვლებოდა ის, თუ რა ითვლებოდა "პრესტიჟულად". არასოდეს აჰყოლია სხვისი ფეხის ხმას. ასე, მაგალითად, ერთ დროს მცენარე "ბალბა" მეშჩანობის სიმბოლოდ მიიჩნიეს, მარიამმა კი ამაყად გამოდგა ბალბა ფანჯარაში - ამით მე მეშჩანად არ ვიქცევიო.

- საქართველოში დაბრუნების შემდეგაც მას არაერთი განსაცდელის გადატანა მოუხდა... გვიამბეთ მისი ცხოვრების ბოლოდროინდელი ფაქტების შესახებ...

- 1973 წელს ქალბატონ მარიამს ნება დართეს თავის ახლობლებთან გამგზავრებულიყო მადრიდში. მოინახულა დედა, და-ძმა. გაიცნო ძმისშვილები: გიორგი, ბაგრატ, მარიამ ბაგრატიონები და დისწული - მარია რომანოვა. მას შემდეგ ბევრჯერ ჩავიდა მათთან საფრანგეთსა თუ ესპანეთში. იმავე 1973 წელს ქალბატონმა მარიამმა მომინათლა შვილი, ლადო მაღლაკელიძე. მარიამ ბაგრატიონის ძმა, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი დიდ ყურადღებას იჩენდა ბავშვის მიმართ. მისი თხოვნით, ლადოს ჩოხა ჩავაცვით და სურათი გადავუღეთ. მე მაშინ არ ვიცოდი, რომ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილის მეჯვარე გენერალი შალვა მაღლაკელიძე ყოფილა. შესაძლოა, ლადოს მიმართ გადამეტებული ყურადღება შალვა მაღლაკელიძის მოგვარეობითაც იყო განპირობებული.

1991 წლის ზამთარიც ქალბატონმა მარიამმა პარიზში გაატარა. დეკემბრის ბოლო რიცხვებში ბინა გაძარცვეს. ფაიფურის ანტიკვარულ ნივთებთან ერთად წაიღეს მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც ასეთი კრიტერიუმით შეურჩევიათ: რომელი ნახატიც ჩარჩოთი ეკიდა, ძვირფას ნამუშევრად მიუჩნევიათ, ხოლო უჩარჩოო ნახატებისთვის ხელი არ უხლიათ...

აპრილში შინ დაბრუნებულ მარიამს მძიმე დარტყმა ელოდა. აღარ დახვდა ის ნამუშევრები, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარდა: ძველი თბილისის ყოფის ამსახველი "თბილისური ეზო", "აბანოთუბანი", "ჭიჭიკოს გასვენება", "ისიდორე". სიდორჩიკ - ასე ეძახდა სიყვარულით ბავშვობაში მარიამი თავისი ოჯახის ერთგულ მსახურს - ისიდორე სამხარაძეს, რომელსაც საძულველი მუსიკის გაკვეთილის შემოკლებას სთხოვდა: პატარა მარიამთან მუსიკის მასწავლებლის მოსვლისთანავე, ოთახში ისიდორე შედიოდა და შეუმჩნევლად გადასწევდა ხოლმე საათის ისრებს.

იმავე წლის 26 ოქტომბერს, თავისი დაბადების დღეს, ქალბატონმა მარიამმა ისეთი "საჩუქარი" მიიღო, რომელმაც სიცოცხლის დარჩენილი თვეები ჩაუმწარა. გაზეთმა "სოვეტსკაია კულტურამ" დაბეჭდა ედუარდ გრაფოვის ფელეტონი, რომელშიც იგი, "ნეზავისიმაია გაზეტაში" გამოქვეყნებულ ვ.ნ. ემელიანოვის წერილზე დაყრდნობით, წერდა, თითქოსდა მარიამ ბაგრატიონი "თავის დროზე ლ. პ. ბერიას ცოლი იყო". რუსეთის ხელმწიფე ვლადიმირ კირილის ძე რომანოვი და ლავრენტი ბერია ქვისლები არიანო, - ქირქილებდა გრაფოვი.

ეს იყო უსინდისო ცილისწამება. ქალბატონ მარიამს ვერ გაეგო, საიდან წამოვიდა ამგვარი ჭორი. ბერია მას არასოდეს ენახა. მარიამს დიდი მეგობრობა აკავშირებდა პეშკოვების ოჯახთან, 1930 წელს ხომ სწორედ მაქსიმ გორკი დაეხმარა მის ოჯახს უცხოეთში გამგზავრებაში. გორკის ერთ-ერთი შვილიშვილი შემდეგში ბერიას ვაჟს გაჰყვა ცოლად. მარიამი ხშირად სტუმრობდა პეშკოვებს, მაგრამ ლავრენტი ბერია იქ არ დადიოდა (მხოლოდ ხილის გაგზავნით კმაყოფილდებოდა). ისე რომ, მარიამს იგი ამ ოჯახშიც არ უნახავს, არც სხვაგან შეხვედრია. ბერიას შვილი - სერგო კი წარუდგენიათ პეშკოვებს მარიამისთვის. მას საკმაოდ მორიდებული ახალგაზრდის შთაბეჭდილება მოუხდენია. სულ ამით ამოიწურებოდა ურთიერთობა ბერიების ოჯახთან. ქალბატონმა მარიამმა პროტესტი გაუგზავნა "ნეზავისიმაია გაზეტას", მაგრამ ამან არავითარი შედეგი არ გამოიღო.

ქალბატონმა მარიამმა ორ თვეს იავადმყოფა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ცოტა გამოკეთდა და გვითხრა: "ამქვეყნად იმიტომ დავრჩი, რომ მინდა მოპარული ნახატები ძველი ესკიზების მიხედვით აღვადგინოო".

მარიამ ბაგრატიონი 1992 წლის 10 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალულია სვეტიცხოველში, თავისი წინაპრების საფლავებს შორის.

1995 წელს მარიამის დამ - მთავრინა ლეონიდა რომანოვამ და ძმისშვილმა - გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილმა ესპანეთიდან გასდმოასვენეს მარიამის მშობლების ნეშტები. ამჟამად ისინიც სვეტიცხოველში განისვენებენ, ხოლო 2007 წელს აქვე დაკრძალეს გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი. ხანგრძლივი ემიგრაციის და განშორების შემდეგ მარიამ ბაგრატიონის ოჯახის რამდენიმე წევრმა სამუდამოდ დაიდო ბინა სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში.

- მარიამ ბაგრატიონმა დაწერა პოემა "Колымские следы", რომელიც კოლიმაზე გადასახლებაში (1948-1956) ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებზე მოგვითხრობს.... ეს პოემა პირველად თქვენ გამოაქვეყნეთ.

- პოემა გვაცნობს სხვადასხვა პროფესიისა და ეროვნების ადამიანებს. ყველა მათგანი რეპრესიების შედეგად მოხვდა კოლიმაზე. პოემაში მათი მეტყველების თავისებურებაც არის ასახული, რაც ცოტა აძნელებს რამდენიმე სტრიქონის გაგებას, მაგრამ ჩვენს წარმოსახვაში აცოცხლებს იმ გარემოს, სადაც ქალბატონმა მარიამმა 8 წელი გაატარა.

ამ პოემის ხელნაწერს ქალბატონი მარიამ ბაგრატიონი წლების მანძილზე მალავდა, რადგან გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადამეტებულ სიფრთხილეს იჩენდა. ბოლოს ხელნაწერი, მთელ თავის არქივთან ერთად, სახსოვრად გადმომცა და იგი პირველად 2010 წელს გამოვაქვეყნე.

სამწუხაროდ, დღეს მარიამ ბაგრატიონის შესახებ ისეთი პირები მოგვითხრობენ, რომლებიც ან არ იცნობდნენ მას, ან რომლებისთვისაც უცხო იყო ქალბატონი მარიამის შინაგანი სამყარო.

ბეჭდვა
1კ1