უფალო, შენ ყოველთვის ჩემთან იყავი, მაშინაც, როცა შენი სახელი არ ვიცოდი
უფალო, შენ ყოველთვის ჩემთან იყავი, მაშინაც, როცა შენი სახელი არ ვიცოდი
თანამედროვე მამის, წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ცხოვრებიდან ორ ამბავს გავიხსენებთ მისივე მონათხრობის მიხედვით:

ერისკაცობისას, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ერთი თანაკურსელი გოგონა მოსწონდა, რომელიც ეკლესიაში დადიოდა. მაშინ ვერაფრით იგებდა, როგორ შეიძლებოდა, ჯვარცმულისთვის ეცა თაყვანი. სიონშიც იმის შესამოწმებლად შევიდა, შეეტყო, ქრისტიანები მუხლს თუ იდრეკდნენ ჯვარცმის წინაშე, რათა მერე გოგონასთვის დაეცინა: განათლებული ხარ და ჯვარცმულს როგორ უჩოქებო. ამ მიზნით დაიწყო სახარების კითხვა. ბოლომდე რომ ჩაიკითხა, აღმოხდა: "უფალო, შენ ყოველთვის ჩემთან იყავი, მაშინაც, როცა შენი სახელი არ ვიცოდიო". ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მის ცხოვრებაში. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, უნივერსიტეტს თავი ანება და სემინარიაში ჩააბარა.

როცა უფლის მიერ მისი მღვდლობა უნდა გადაწყვეტილიყო, მამა არჩილმა სიზმარი ნახა: "სიონში შევედი (სიზმარში). ენით აღუწერელი სილამაზე იყო, რაღაც უჩვეულო შვიდფერი ციალი ანათებდა ტაძარს. გამიკვირდა, საიდან მოდის-მეთქი ეს ნათელი. სხივებს თვალი რომ გავადევნე, წმინდა ტრაპეზზე დასვენებული სახარება დავინახე. იმ სახარებას ჰგავდა, პატრიარქი რომ ხმარობს წირვა-ლოცვისას, მაგრამ უფრო ძვირფასი, პატიოსანი ქვებით იყო შემკული. მისგან გამოდიოდა ეს სპექტრი სინათლისა და მთელ ტაძარს აელვარებდა. რაღაც ძალამ კანკელთან მიმიყვანა. კანკელის უკანა მხრიდან, სადაც ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, შავად მოსილი ყოვლადწმინდა ქალწული გამობრძანდა. ტრაპეზიდან სახარება აიღო და, აღსავლის კარში მდგარმა, ჯვარი გადამსახა. სახარებას რომ ვემთხვიე, ძალიან ტკბილი ხმით მითხრა: "შვილო არჩილ, ეს შენი გახდება, მალე ჩემთან იქნებიო".

მალე მამა არჩილი მღვდლად აკურთხეს და დიდუბის ტაძარში გაამწესეს. იქ კანკელზე შავად მოსილი ღვთისმშობლის ხატია გამოსახული. მასში მამა არჩილმა სიზმრისეული სახარებით მაკურთხეველი ქალწული შეიცნო.

***
წმინდა ნიკოლოზ სერბი მოგვითხრობს ერთი იაპონელი ავაზაკის მოქცევის ამბავს. ტოკისო ისის (ასე ერქვა ამ ავაზაკს) მრავალი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი - ძარცვა, ქურდობა, მკვლელობა... ბოლოს პოლიციელები დაჭრა და დაიჭირეს. იზოლატორში ტოკისო საკანში აღმოჩნდა ერთ ეჭვმიტანილთან (კომორასთან), რომელსაც სწორედ იმ გეიშას მკვლელობას აბრალებდნენ, რომელიც სინამდვილეში ტოკისომ მოკლა. საახალწლოდ მათ ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან ამანათი მიიღეს საჩუქრად. ტოკისომ ნაჩუქარი წიგნი თაროზე შემოდო, საკვები კი შეჭამა. გავიდა დიდი დრო. ტოკისომ წიგნი ხელში აიღო. ზედ ეწერა - "ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი". გადაშალა. წაკითხულმა რამდენიმე ფრაზამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მასზე და ისევ თაროზე შემოდო. რამდენიმე დღის შემდეგ წიგნი კვლავ გადაშალა, ახლა უკვე იმ ადგილას, სადაც ქრისტეს ვნებაზეა საუბარი. კითხულობდა და ბრაზობდა იუდეველებზეც, პილატეზეც, რომელთაც უბრალო კაცის სიკვდილი უნდოდათ. ტოკისო მთლიანად ჩაეფლო წიგნის კითხვაში. აინტერესებდა, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი, პარალელს ავლებდა თავის ცხოვრებასთან, სიკვდილმისჯილ კომორასთან, რომელსაც იესოსავით სიკვდილი უმიზეზოდ მიუსაჯეს... კითხვისას იმ ადგილას მივიდა, როცა იესო ეუბნება ზეციურ მამას: "მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რას იქმანო". ტოკისომ იგრძნო, თითქოს გულში ნემსი გაუყარეს. განა შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, უდანაშაულოდ გტანჯავდნენ, გკლავდნენ და შენს მტრებს შეუნდო? მაგრამ იესო ლოცულობდა თავისი მკვლელებისთვის. "ასეთ რამეს ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ გააკეთებს, ის ღმერთი იყო", - გაიფიქრა ტოკისომ. ეს იყო დასაწყისი მისი მოქცევისა. მერე კი, ქრისტეს რწმენაში გაძლიერებულმა, გეიშას მკვლელობა აღიარა. უდანაშაულო კომორა გაათავისუფლეს, თვითონ კი მშვიდად შეეგება სიკვდილს.

ბეჭდვა
1კ1