მოგონებები მამა დავით ქვლივიძეზე
მოგონებები მამა დავით ქვლივიძეზე
სოციალურ ქსელში მრავალი თბილი და მადლიერებით სავსე მოგონებს ვკითხულობთ მამა დავითის სულიერი შვილებისგან.
რამდენიმეს გთავაზობთ:


"ალბათ 15 წლის წინ, მომაკვდავი მეგობარი გვეწვა რეანიმაციაში, სასწრაფოდ საზიარებელი გახდა მდგომარეობის გამო.. შაბათი საღამო იყო, ვერცერთი ნაცნობი მღვდელი ვერ ვნახეთ. თან ბერძნების დელეგაცია იყო მახსოვს ჩამოსული, ანდრია პირველწოდებულის ნაწილებით და მთელი სამღვდელოება დიდ სამებაში იყო საზეიმო ლოცვაზე.


მოკლედ ბოლო იმედად ერთ ნომერზეღა დავრეკე, რომელიც სოფ. დიღმის წმ. მარინეს მრევლმა მომცა. დავრეკე და მიპასუხა მღვდელმა. მითხრა ტრასაზე ვარ, სოფელში მიმყავს ოჯახობა, თან ხვალ ვწირავ იმ სოფელშიო და რომ გაიგო ვითარება - მოაბრუნა მანქანა მცხეთიდან, ცოლშვილი ქუჩაში ჩამოსვა, აქ დამელოდეთო, ავიდა ჩიტაძეზე ტაძარში, აიღო წმ. ნაწილები და წავედით ინფექციურის რეანიმაციაში.. იქაც სულ ბრძოლით შეაღწია განყოფილებაში და აზიარა ჩვენი მეგობარი.
- ასე გავიცანი მამა დავით ქვლივიძე.


ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ღირსეულ ქრისტეანს და ქრისტეს მხედარს"!
შესაძლოა ბევრისთვის მამა დავით ქვლივიძე, ხშირად რადიკალურ მიდგომებთან ასოცირდებოდა, ზოგჯერ არ მოგვწონებია მისი შეხედულება, გაგვიკრიტიკებია, მაგრამ ის იყო ეკლესიის, ქვეყნის და პატრიარქის უსაზღვრო მოყვარული, დაუზარელი მოძღვარი.


ძალიან დაგვწყვიტა გული მისმა გარდაცვალებამ.
ღმერთმა აცხოვნოს.



ნინო დოხნაძე და გიორგი შუკაკიძე:

მაშინაც ცივი დეკემბერი იდგა.. 2006 წელი.. შობის მარხვა.. ჩიტაძის წმინდა ნინოს ეკლესიაში 4 მღვდელი მსახურობდა.. თუმცა, შაბათობით, მწუხრის შემდეგ, აღსარების უგრძელესი რიგი მამა დავითთან დგებოდა.. მამაოც, ჩვეულებისამებრ, შუაღამემდე იჯდა და ყველას ყურადღებით უსმენდა.. 12 საათი რომ მოახლოვდებოდა მხოლოდ მაშინღა ითხოვდა: არაფერი მიჭამია და იქნებ გამიშვათ 12-ამდე, ცოტა შევჭამო., ხვალ რომ ზიარება შევძლოო..(საკუთარი ჯანმრთელობისთვის არასდროს ეცალა).


იმ პერიოდში უამრავი ახალგაზრდობა მოდიოდა ეკლესიაში, რაღაცნაირმა მხურვალე ტალღამ გადაიარა თითქოს..(რასაც ახლანდელ ნიჰილიზმს ვერ შევადარებ). მეც ჩემს მეგობრებთან ერთად ამ რიგში ჩავდექი.. სიცივისაგან თუ პირველი აღსარების მღელვარებისაგან ფეხები მიკანკალებდა.. 15 წლის ვიყავი.. შორიდან ვაკვირდებოდი მამაოს, რომელიც ჩემი მოძღვარი უნდა გამხდარიყო.. როგორც იქნა ჩემი რიგიც მოვიდა..პულსაციამ მაქსიმუმს მიაღწია და გულის ხმა ყურებში მესმოდა.. მიხვდა, რომ საუბარი გამიჭირდებოდა და კითხვების დასმა თავად დაიწყო.. მშვიდი.. სიყვარულით სავსე ტონით.. დავმშვიდდი.. გულისცემაც შენელდა.. წამიკითხა ლოცვა და და მითხრა სიტყვები, რომელსაც ბოლო აღსარებამდე მეუბნებოდა: "სულ ეზიარე!" და მე მივხვდი, რომ სწორ მისამართზე მიმიყვანა უფალმა.. (მოძღვრის ''მიგნება'' არაა იოლი საქმე). თავისუფლების მეტროდან ჩიტაძემდე მისასვლელი გზა უტკბილესი გახდა..


გავა წლები .. მამაოს უახლოესი ადამიანი ჰყავს, 21 წლის ასაკიდან გვერდიდან არ შორდება მოძღვარს.. მამას.. მას ეკლესიაში ყველა იცნობს.. სტიქაროსანია, მედავითნე და დამწყები ხატმწერი..ყველას უყვარს და ყველა ჭიათურელ გიორგიდ იცნობს.. და ჩვენი ოჯახიც მალევე შეიქმნა.. მამაო იყო ჩვენი ოჯახის მფარველი.. '' ნინაჩკა, თუ გაგაბრაზოს მე მითხარი, ეგრევე დამირეკე''.. ''ჰა რას შვება, ხომ არ გაბრაზებს''.. ასე გვივლიდა და დაგვფოფინებდა ჩვენი მოძღვარი.. ''შეკვეთების საქმე როგორაა გიო, ხომ არაფერი გიჭირთ...'' გიორგისა და მის ურთიერთობას მე ვერ დავწერ.. და ვიცი, გიოც გამიბრაზდება.. არც სიტყვები მეყოფა..


არცერთ სამრევლოს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც ჩვენ ვართ.. უმწარესი ყოფილა მოძღვრის დაკარგვა.. თუმცა, ამავე დროს ჩვენ ვართ ყველაზე ბედნიერი მრევლი, ალბათ, საქართველოში, რომელსაც იშვიათი მწყემსი გვხვდა წილად.. ჭეშმარიტად მწყემსი კეთილი..


რით გარდაიცვალა მამა დავით ქვლივიძე? საქართველოს სიყვარულით.. ესაა მისი დიაგნოზი.. ქვეყნის ტკივილი სტკიოდა გულის გაწურვამდე.. ''ჩვენი იარაღი ლოცვაა!'' მსახურებას მსახურებაზე ატარებდა და ღამისთევებს ღამისთევებზე.. (სწორედ ამიტომ, ექიმების თქმით, 54 წლის კაცის სხეული ბევრად ხნიერ მდგომარეობას გამოხატავდა). ''ქვეყანას უჭირს, ვილოცოთ, ლოცვის დროა.. სინანულის დროა..'' - ასე სრულდებოდა ყველა მისი ქადაგება.


სწორედ ამ სიყვარულს არ პატიობდნენ და დღეს ნიშნის მოგებით ბღავიან ბოროტმადიდებელნი..
დიახ, მდუღარე ქრისტიანი და მამულიშვილი იყო.. უკიდეგანოდ შეყვარებული სამშობლოს თითოეულ კუნჭულზე.. სამშობლო სტკიოდა და ამ ტკივილს ვერაფერს უხერხებდა..
გვიყვარხარ, ჩვენო მამავ, სულიერო და ხორციელო.. სულის შეძვრამდე მომენატრები...


ბეჭდვა
1კ1