მილოცვა მამა ელიზბარს!
მილოცვა მამა ელიზბარს!
დღეს, 7 დეკემბერს თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ ოდიშვილს ღვთისმსახურად (დიაკვნად) კურთხევიდან საიუბილეო 40 წელი შეუსრულდა. ამ 4 ათეული წლის განმავლობაში დეკანოზმა ელიზბარმა ათასობით ადამიანს შეაცნობინა უფლის ძალა და მადლი. მის მრავალრიცხოვან მრევლში ათწლეულების მანძილზე არაერთი მომავალი სასულიერო პირი და ღირსეული ქართველი ახალგაზრდა აღიზარდა, რომლებიც მამა ელიზბარმა აზიარა სულიერებას და მათ ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა.

კომუნისტური რეჟიმის ბატონობის ჟამს ურთულესი იყო ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობა და ხშირად მათი თითოეული ქადაგებაც კი საბჭოთა უშიშროების ყურადღების ქვეშ ექცეოდა. მცირერიცხოვან ქართველ სასულიერო პირებს შორის გამორჩეული იყო ქვაშვეთის მოძღვარის - მამა ელიზბარის ღვაწლიც, რომელმაც მის უწმინდესობასთან, სხვა სულიერ მოძღვრებთან და მრევლთან ერთად არაერთი ის მძიმე განსაცდელი თუ ქარტეხილი გამოიარა, რაც ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ გადაიტანა...


იგი დღესაც ღირსეულად ატარებს იმ მძიმე ჯვარს, რაც მას უფალმა და მისმა უწმინდესობამ დააკისრა... კათოლოკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მამა ელიზბარის ხელმძღვანელობითა და თაოსნობით აშენდა ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის სამრეკლო, რესტავრაცია ჩაუტარდა თავად ქვაშვეთის ეკლესიას და სხვა ტაძრებს, აიგო არაერთი ტაძარი (მათ შორისაა გლდანის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ათეისტური რეჟიმის ბატონობის დასრულების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა).


გილოცავთ მამაო ამ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და სულიერ მხნეობას მრევლისა და დედა ეკლესიის საკეთილდღეოდ!
თქვენი მრავალრიცხოვანი და მადლიერი მრევლის სახელით, სერგო კერესელიძე


"კარიბჭის" რედაქცია უერთდება მილოცვას, ღვთის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ, მამაო!



ბეჭდვა
1კ1