"თუშებს არასოდეს მიუტოვებიათ თავიანთი სალოცავები..."
"თუშებს არასოდეს მიუტოვებიათ თავიანთი სალოცავები..."
საიდან იწყება თუშეთი? ალბათ, იქიდან, საიდანაც დანარჩენი საქართველო, ან, იქნებ, იმ პირველი თუშიდან, თავისად რომ მიიღო ეს ზღაპარივით ლამაზი მიწა და თავის ზღაპრულ სიყვარულსაც თუშეთი დაარქვა...

ვისაც მთაში უცხოვრია, მიხვდება, თუ რა ფასი აქვს იქ ყოფნას და იქაურობას, თუმცა თუშეთში ცხოვრება და თუშად ყოფნა, ალბათ, მაინც სხვადასხვა რამაა...

ამ მხარისადმი ჩემი სიყვარული აწ გარდაცვლილი თენგიზ მირზაშვილის, როგორც მისიანები იტყოდნენ, "გათუშებული" საოცარი ადამიანის და მხატვრის, ნაჩუქარი თუშური პეიზაჟიდან იწყება. რომ შემატყო მთისადმი ინტერესი, მითხრა, - აუცილებლად უნდა ნახო დიდი თუში, ჩემი მეგობარი, მეცნიერი და მეცხვარე გიორგი ცოცანიძეო და ვინახულე კიდეც ეს უაღრესად უბრალო, ძალზე ღრმა, საინტერესო და დინჯი ადამიანი რამდენიმე წლის წინ. სწორედ მისი ნაამბობის მცირე ნაწილს გთავაზობთ ამჯერად:

გიორგი ცოცანიძე: - როდესაც თუშეთში თავის დასტურ-ხელოსნებითა და ძველი დროშებით ხევსურთა ორი ჯვარიონი გადმოდიოდა, ყველა იმ სალოცავსა და ნიშს მოილოცავდა, კარატის ჯვრის ან ხახმატის, ანუ წმინდა გიორგი ნაღვარმშვენიერის სახელი რომ ჰქონდა.

ამ დღეს ჩვენში ხევსურთმოეს უწოდებენ და საგანგებოდაც ემზადებოდნენ - ლუდს მოხარშავდნენ, საკლავსაც დაკლავდნენ და დიდი პატივით ხვდებოდნენ მეზობლებს.

- რამდენ ხანს რჩებოდნენ თუშეთს ეს ჯვარიონები?

- წმინდა მსვლელობა ორ კვირამდე გრძელდებოდა, - წინასწარ იცოდნენ, რა გზით უნდა ევლოთ (სოფლებში შესვლა იკრძალებოდა), ღამეები სად გაეთიათ და როდესაც ოდისეას დაასრულებდნენ და კარატისა და ხახმატის ჯვრებთან საყმოებსაც დაამწყალობებდნენ, გომეწრის ხეობის ბოლო ორ სოფელში - კოკლათსა და ვეძისხევში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მასპინძლები ორივე სოფელში გამოსათხოვარ სუფრას გაუშლიდნენ და ასე ისტუმრებდნენ.

ვერ დაგიზუსტებთ, რა საფუძველი უნდა ჰქონოდა წმინდა გიორგის ჯვარიონის ამგვარ მსვლელობას, მაგრამ კარატის ჯვრის საყმოს საამისოდ, ალბათ, ის მიზეზი ჰქონდა, რომ უხსოვარ დროში კარატის ჯვარმა, ანუ გმირმა კოპალამ ფშავ-ხევსურეთი დევთაგან გაწმინდა და თუშეთში მოგზაურობით თავისი საყმოც გაიფართოვა.

ამ ყველაფრიდან თუშ-ფშავ-ხევსურთა ეთნოლოგიური იგივეობაც იკვეთება, აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მთიელთაგან განსხვავებით მათ მეტი რამ - კოპალასა და ხახმატის ჯვრის საყმოები, მოდე-მოძმე სალოცავები და ურთიერთდახმარების ვალდებულება აერთიანებთ, ამიტომ მათ მუდამ ერთად გულისხმობენ ხოლმე.

- მტერსაც ერთად უმკლავდებოდნენ?

- დიახ, ასე იყო და თუ მეფის ლაშქარი უხმობდათ, იქაც ერთ სადროშოდ გამოდიოდნენ. მოგეხსენებათ, ისინი მხოლოდ მონარქის წინაშე იყვნენ ვალდებულნი და სხვა სახელმწიფო ბეგარისაგან თავისუფლდებოდნენ, - ქართველმა მეფეებმა კარგად იცოდნენ მთიელთა ფასი, - ეს რეგიონი ხომ ჩრდილოეთის საზღვართანაა, ამ ზღუდის მორღვევით კი სახელმწიფოს რა ზარალიც მიადგებოდა, მგონი, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

ბახტრიონთან ბრძოლისას, როგორც ჩანს, მაინც თუშნი მეწინავეობდნენ, რადგან როდესაც შაჰის წინაშე ზაალ არაგვის ერისთავს თავის მართლება დასჭირდა, უმალ თუშებს შეაწმინდა ხელი, - შეუსმინარნი არიან და მაგათი ბრალია ყველაფერიო... აბა, სად მისწვდებოდნენ შაჰის რაზმები მთაში თუშებს?!

ფშავი კი თითქმის ბარს არის მიბმული და ამიტომაც სახელმწიფოს მტერი მათ უფრო მეტად აზარალებდა, სამაგიეროდ, მოთარეშე მთიელთაგან დაცული გახლდათ, რადგან ლეკებს თუშნი იგერიებდნენ, ჩეჩენ-ინგუშთ კი - ხევსურნი.

- მეცხვარეობა თუშის მარადი საქმეა...

- ოდითგან ასე იყო, მეცხვარე კი ბარის გარეშე არ ვარგა, ამიტომ კახთა მეფეებმა უფლება უბოძეს, ფარები ზამთრობით ბარისაკენ გადმოერეკათ და ეზამთრებინათ.

მეთექვსმეტე საუკუნეში ლევან კახთა მეფემ ოფიციალურად, სიგელითაც კი დაუკანონა თუშებს ალვანის ველი, გვიან ეს სიგელი ერეკლე მეორემ და გიორგი მეთორმეტემაც განაახლეს, მაგრამ არც ერთ მათგანს თუშთათვის იქ ჩასახლების უფლება არ მიუცია, რამდენადაც ქვეყანას ის ზღუდე მოერღვეოდა, ჩრდილო კავკასიის გალავნად რომ ედგა კახეთის სამეფოს.

- ახლო წარსულში რაღა ხდებოდა?

- კავკასიაში რომ რუსეთი შემოვიდა და მთლიანად დაიპყრო, მისთვის, რაღა თქმა უნდა, სულ ერთი იყო, თუში მთაში დარჩებოდა თუ ბარს გადმოიხიზნებოდა, ოღონდაც კი როგორმე სახელმწიფო ბეგარა მოეკრიბა. მაშინ თუშებმა (პირველად - წოვა თუშებმა) რუსთა მმართველს სთხოვეს, - ალვანს ჩასახლების უფლება გვიბოძეო და მიიღეს კიდეც, - ალვანს ჩამოსახლდნენ, სოფლები გააშენეს, საშემოდგომოდ ცხვარს იქაურ ველებზე აძოვებდნენ, საზამთროდ კი მამაკაცები შირაქს მიჰყვებოდნენ უთვალავ ფარებს... ასეთი იყო მთისა და ბარის ერთობა ძველად...

უნდა ითქვას, რომ ბარს თუშისათვის, მთის ხალხებთან შედარებით, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

- ბატონო გიორგი, ახლა როგორია თუშეთი, მეცხვარეები ისევ ჰყავს?

- თუშეთის კონტურები კვლავ უცვლელია. ერთხანობას ჩვენი სოფლები ნასოფლარებად კი გადაიქცა, მაგრამ კომუნისტებმა რომ ელექტროდენი, სატელეფონო კავშირი და გზა გაიყვანეს, ახალი ლოზუნგიც გაჩნდა: - "მთას დაუბრუნდა მთიელი". მთავრობამ გადაწყვიტა, საკუთარი წინდაუხედაობით გაუკაცრიელებული და დაცლილი მთები კვლავ დაესახლებინა, რაც მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა...

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ზაფხულობით თუშეთი სავსე იყო ადამიანებით.

რაც შეეხება მეცხვარეობას, იგი მხოლოდ თუშეთში დარჩა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძველ მასშტაბებში - ვეღარ.

- რატომ?

- ეს დარგი ფშავში, მთიულეთსა და ახალგორის რაიონსა და ხევშიც ძლიერ განვითარდა, მაგრამ რადგანაც ახალმა დროებამ აქაურ მეცხვარეებს ყიზლარის, დაღესტნისა და ჩეჩნეთის ზამთრის საძოვრები მოუშალა, ცხვარი ზარალიანი გახდა.

ადრე მატყლს თითქმის ყველის ფასი ჰქონდა, ახლა კი მისი ამთვისებელი საწარმო საქართველოში აღარ არსებობს, აღარც მატყლს გამოუჩნდა გამსაღებელი, მხოლოდ ხორცმა კი ცხვარზე გაწეული ხარჯი ვეღარ აანაზღაურა. თუშმა კი ყველი მიაშველა, - მოგეხსენებათ, დანარჩენებისაგან განსხვავებით ჩვენ ცხვარს ვწველით.

ჩვენში ხორცი უცხოეთიდან შემოდის, ადგილობრივ კი ცხვრისა და საქონლის ხორცის იმხელა რესურსი არსებობს, რომ საქართველოს თავად შეუძლია საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფა. მას სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ იმპორტი შეზღუდოს.

როგორც გითხარით, ერთხანობას მთავრობამ მოსახლეობა თუშეთიდან ძალით გადმოხიზნა, იქ მეურნეობის ყოველგვარი საშუალება მოშალეს, სავარგულები საძოვრებად გადააქციეს, მაგრამ თუშებს არც მაშინ მიუტოვებიათ იქაური სალოცავები. საზაფხულო რელიგიურ დღესასწაულებს მაშინაც იხდიდნენ და ახლაც, თუმც კი ისეთი წესრიგით - ვეღარ. ასეა თუ ისე, კვლავაც იხდიან ხარკს ღვთის წინაშე და ზაფხულში არ არის სოფელი, რამდენიმე კომლი მაინც არ ავიდეს სალოცავებთან, მაშინ არც სტუმრები აკლია თუშებს, იმ დროს მეცხვარეებსაც სცალიათ...

საქართველოში ამ დარგის ხელშემწყობი რაიმე საწარმო რომ გაჩნდეს, მეცხვარეობა ხელად აღორძინდება.

თუშმა ცხვარი ხომ შეინახა და ცხენიც შეინახა. ეს უკანასკნელი მეცხვარეს მთაშიც სჭირდება და ბარშიც. დღეს კავკასიაში არც თუშის ცხენის მსგავსი ცხენია და არც თუშისნაირი მხედარი, ამ პირობებს შეგუებული ცხენი ბუნებრივი სელექციით ჩამოყალიბდა, - ტანით პატარა, მაგრამ ძლიერი. თუშის ცხენი თუ ცუდ სავალს ან კლდეს მიადგება, ჯერ მოიხედავს, - აბა, იკადრებს თუ არა ჩემი მხედარი ჩამოქვეითებასო, რადგან კარგად იცის, რომ თუში, თუ ნაბახუსევი არ არის, ცუდ გზაზე ცხენით არ გაივლის, დაღმართზე ხომ - გამორიცხულია, მაგრამ თუ ვინმე მაინც გაბედავს, სხვები შეუძახებენ, - ჩამოდი, ბიჭო, რა კახივით დაღმართზე შემჯდარხარ ცხენზეო...

იყო ასეთი ტრადიცია: საზღვრის ჩაკეტვამდე აიყრებოდნენ დიკლოელი და შენაქოელი ახალგაზრდები და თუშეთის მოსაზღვრე ლეკების სოფლისაკენ წავიდოდნენ, იქიდან ლეკები, - ხალხო, თუშები მოდიანო, დაიძახებდნენ, აახმიანებდნენ თავიანთ დაფა-ზურნას და ასე ხვდებოდნენ მეზობლებს, მერე სოფელში შედიოდნენ და გამოდიოდა იქიდან ორი-სამი დღე გარმონისა და დაფა-ზურნის ძგარაძგური...

- როგორც ჩანს, ძველი მტრობის მიუხედავად, ძლიერი, კავკასიური კავშირები ჰქონდათ...

- რაღა თქმა უნდა. საბჭოთა პერიოდში რაღა დროს მტრობა იყო. შამილის მერე ასეთი ფართომასშტაბიანი დაცემები აღარც ყოფილა, კი იყო პატარ-პატარა ყაჩაღური მიხდომ-მოხდომები, მაგრამ დიდი არაფერი. ძველადაც მტერმოყვრული დამოკიდებულება ჰქონდათ. დაღესტნის მოსაზღვრე სოფლები - დიდოელებთან მეგობრობდნენ და მტრობდნენ, ჩეჩნეთის მოსაზღვრენი კი - ქისტებთან.

დაღესტნის მოსაზღვრე სოფლები - ჩაღმა თუშეთია, ქისტეთის მოსაზღვრენი - პირიქითისა და ხეობისა, მათ შუა
კი გომეწრელნი არიან მოქცეულნი, რომელნიც ერთთ გასაჯავრებლად დიდოელებს ეძახდნენ, მეორეთ კი - ქისტებს.

- თქვენთან ძლიერი კოშკებია. კონკრეტულად, რა მისია ჰქონდათ მათ?

- ყოველ თუშურ სოფელში ციხე დგას, ბევრი მათ შორის ნასახელარია. ომალოში ისინი, ძირითადად, ცალკე დგანან, მაგრამ არსებობს სოფლები, რომლებშიც ციხე-გალავნებიცაა. მაგალითად, ომალოში, რომლის ციხე-გალავანსაც ქესელო ჰქვია. მისი 7 ციხე უკვე აღადგინეს.

ყოველი მათგანი მტერიანობისას თავშესაფარი იყო და არა საცხოვრებელი, კლდიან, მიუვალ ადგილებში შენდებოდა და ერთადერთი მისასვლელი გზა ჰქონდა, რომელსაც საგანგებოდ იცავდნენ, სხვა მხრიდან კი ვერავინ უდგებოდა... დღეს ეს ციხეები თითქმის მთელი სიმაღლითაა დაცული, მაგრამ სახურავმოშლილნი არიან. ერთადერთი ციხე, რომელსაც შიდა სართულებიც მთლიანად დაცული აქვს, გირევის ციხე გახლავთ, დართლოს ციხეს კი სართულებს შორის საფეხურები ჩამოეშალა... ზედ დაღესტნის საზღვარზე ძველი დართლოა, რომელიც 1837 წელს გაანადგურეს ლეკებმა, როდესაც დაღესტანში შამილი მძლავრობდა...

ბეჭდვა
1კ1