ჰიპნოზი ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა
ჰიპნოზი ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა
ქრისტეს ეკლესიის სწავლების თანახმად, ხილულის გარდა უხილავი სამყაროც არსებობს, რომელიც ნათელი და ბნელი ძალებისგან შედგება.

მაკარი დიდის მიხედვით წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "ადამიანის დაცემამდე მისი სხეულისთვის უცხო იყო დღევანდელი სიუხეშე და სიმძიმე... მისი გრძნობები ბევრად უფრო ფაქიზი იყო, ქმედება - ბევრად ფართო და სრულებით თავისუფალი. ამგვარ ადამიანს გრძნობისმიერად შეეძლო სულიერ არსებათა აღქმა".

პირველმამათა დაცემის შემდგომ, ბიბლიის თანახმად, უფალმა ისინი ტყავის სამოსით შემოსა, რაც, მამათა განმარტებით, ჩვენს გაუხეშებულ ხორცს გამოხატავს, რომელიც დაცემის შემდგომ შეიცვალა: - დაკარგა სიფაქიზე და სულიერება და გაუხეშდა. აქედან გამომდინარე, როგორც წმინდა ეგნატე აღნიშნავს, "ვინაიდან სხეული გაგვიუხეშდა, აღარ შეგვიძლია, გრძნობისმიერად ვიხილოთ სულიერი არსებანი".

ადამიანის ტყავის სამოსით შემოსვა ღვთის დიდი მოწყალება გახლდათ, რადგან დაცემის შემდგომ ნაკლებად შეეძლო ნათლის ანგელოსებთან ურთიერთობა, რადგან საამისოდ ვნებებისაგან განწმენდაა აუცილებელი. ამიტომ ადამიანის ურთიერთობა სულიერ სამყაროსთან ხშირად ეშმაკთა მიერ ადამიანის სულის შეშფოთებით შემოიფარგლებოდა, "ტყავის სამოსის" გარეშე კი იგი სრულიად დაუცველი შეიქნებოდა.

დემონებთან რომ გრძნობისმიერი ურთიერთობა გვქონოდა, ისინი უმოკლეს დროში საბოლოოდ გახრწნიდნენ ადამიანს, ამიტომ ღვთის სიბრძნემ და მოწყალებამ ზღუდე აღმართა სამოთხიდან დევნილ ადამიანსა და ზეციდან განდევნილ სულებს შორის. ეს კედელი კი სწორედ კაცის სხეულის უხეში მატერიაა.

ამგვარად, ნათელია, რომ "უფალმა შეგნებულად, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სარგებლისათვის მოგვაკლო უხილავ სამყაროსთან ურთიერთობის საშუალება, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ დღეს საერთოდ აღარ ძალგვიძს სულიერი სამყაროს აღქმა. უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ადამიანს ანგელოზებიც უხილავს და ბოროტი სულებიც, უბრალოდ, საკუთარი დაცემულობიდან გამომდინარე, ბოროტ ძალებთან უფრო ადვილად ამყარებს კონტაქტს, ვიდრე - კეთილთან".

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობდა, რომ ყოველგვარ ეშმაკისეულ გამოცხადებას ის თვისება აქვს, რომ თუ (ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე) უმცირეს ყურადღებას მაინც მივაქცევთ, შესაძლოა, იგი სულზე მეტად საზიანოდ აღიბეჭდოს და ადამიანი უმძიმეს საცდურში ჩააგდოს.

კოდირებული, ანუ ადამიანზე მისი მმართველი ინფორმაციის გადაცემა ასევე ყურადღების საშუალებით მიმდინარეობს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჰიპნოზი ის მეთოდია, რომლის დროსაც ადამიანი ნებაყოფლობით მიანდობს თავს ჰიპნოზიორს, შემეცნებისა და ნების პარალიზების ნებას აძლევს და გარეშე ზემოქმედების წინაშე დაუცველი ხდება.

ჰიპნოზი ფართოდ უხსნის გზას ადამიანზე ზემოქმედების შესაძლებლობებს, რომელიც არა მხოლოდ მის ფსიქიკაზე, არამედ ღრმა სულიერ სტრუქტურებზეც ხორციელდება.

სწორედ ამ მიზეზით აქვს წმინდა ეკლესიას ჰიპნოზისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.

ღირსი ბარსანოფი ოპტელი ამტკიცებდა, რომ "ჰიპნოზი ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა", ღირსი ნექტარიოს ოპტელი კი ამბობდა: "საშინელი რამაა ჰიპნოზი. იყო დრო, როცა ადამიანებს ეშინოდათ და გაურბოდნენ მას, ახლა კი მისით არიან გატაცებულნი... მთელი უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი ცოდნა იმ საფარით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, თითქოს კაცობრიობისათვის მრავალი სიკეთის მოტანა ძალუძს".

დეკანოზი გრიგოლ დიაჩენკო აღნიშნავდა, რომ "ძველად, შუა საუკუნეებში და წინა ასწლეულებში ჰიპნოზით მაგები და ჯადოქრები იყვნენ დაკავებულნი".

ჰიპნოზის მხილებას და მისი მეშვეობით აღსრულებულ "კურნებებს" უძღვნიდა თავის არაერთ შრომას მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი, ეპისკოპოსი ბარნაბა (ბელიაევი) კი წერდა: "შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ჰიპნოზისტები ამ დროს ეშმაკის ძალას იყენებენ". ჰიპნოზში სულიერი სამყაროს ბნელი ძალები გამოიყენება.

მედიცინის თვალსაზრისით, ჰიპნოზი - შუალედური მდგომარეობაა ძილსა და სიფხიზლეს შორის, თითქოსდა მსუბუქი თვლემაა, ჩვენი ცნობიერებისა და ნების ძილღვიძილი, უფრო ზუსტად კი - თავის ტვინის ქერქის პროცესების ნაწილობრივი დამუხრუჭება. ჰიპნოზურ ტრანსში ჩაგდების მეშვეობით, როდესაც ნებას და ცნობიერებას აძინებს, ჰიპნოზოირს შეუძლია, ზემოქმედება მოახდინოს მის ქვეცნობიერზე, ამასთან, ინფორმაციას ან მისგან იღებენ, ან ქვეცნობიერში შეჰყავთ საკუთარი ინფორმაცია. ტრანსიდან გამოსვლის შემდეგ კი მსგავსი ინფორმაცია ადამიანზე, მისი ნების მიუხედავად, ან გარკვეული დროით ზემოქმედებს, ან სიცოცხლის ბოლომდე.

ჩნდება კითხვა: - მავნეა თუ არა ასეთი ინფორმაციის "საკუთარ თავში ტარება"?! ჰიპნოზისტები ამტკიცებენ, - ეს მდგომარეობა გამოსწორებადია და უწყინარია, ადამიანი კი ტრანსიდან გამოსვლის შემდგომ ძველ მდგომარეობას უბრუნდება და ეს მის ნებელობას არ ვნებსო, თუმცაღა, სამედიცინო და ფსიქოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც დასწრებია ამგვარ სეანსს, შესაძლოა, ნებელობითი თავდაცვა უკვე დაზიანებული ჰქონდეს.

როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ადამიანებს, რომელნიც ჰიპნოზიორის ხელში ჩაცვივდნენ, ხშირად სძლევთ ხოლმე რეგრესირებადი ნებელობა, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა, ზოგჯერ უვითარდებათ მუდმივი შთაგონების ნიღბის მოთხოვნილება - თავისებური ჰიპნომანია, ეცემა იმუნიტეტი, შრომისუნარიანობა, თითქოს ნელ-ნელა შორდებიან ცხოვრებას, კარგავენ სასიცოცხლო ენერგიას და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შთაგონებამ სასიცოცხლო ძალებში ხვრელი წარმოქმნა, საიდანაც ენერგია უჩინარდება, ხოლო თუ ადამიანი ისევ ჩაერთვება ჰიპნოზურ სეანსებში, ხსენებული ხვრელი ფართოვდება.

ამის შესახებ არქიმანდრიტი ტიხონი წერს: "თუ კაცი ნებაყოფლობით უშვებს ჰიპნოზიორის მხრიდან საკუთარ თავზე ძლიერ ფსიქიკურ ზემოქმედებას, რომელსაც შთაგონების გამოცდილება ან ოკულტური ცოდნა აქვს, მაშინ ის სულიერი ზღუდე, რომელიც სულს სხვისი ნების უშუალო გავლენისაგან იცავს, თანდათან ირღვევა და მასზე ფსიქიკური, ნებელობითი ზემოქმედება იოლდება".

ჰიპნოზის დამცველნი ხშირად საუბრობენ ორგანიზმის სარეზერვო შესაძლებლობების აღმოჩენაზე და ჰიპნოზის გასაოცარ თერაპიულ ეფექტებზე, რაზეც აკადემიკოსი ვ. ვეინიკი შენიშნავს: "სამწუხარო ცდომილებაა! არანაირი დაფარული რეზერვები ადამიანს არ გააჩნია, არსებობს მხოლოდ ყოველივე ზებუნებრივის პირველმიზეზი - უფლისა და სატანის ბრძოლა ადამიანის სულისათვის".

არაერთი ექიმი ფსიქოთერაპევტი წერს, რომ ჰიპნოზის განსაკუთრებული ეფექტები არ არსებობს და ოდენ თვითშეგრძნების სიმპტომატური გაუმჯობესება და ცალკეული ნევროტული დარღვევებისა და ისტერიული სტიგმების რედუქცია შეინიშნება.

რაღა თქმა უნდა, ეს მოსატანიც კი არ არის იმ უდიდეს ზიანთან, რომელსაც ადამიანს ჰიპნოზი "ჩუქნის". მაშინაც კი, თუ ადამიანი ამგვარი სეანსის შედეგად ფიზიკურად გამოჯანმრთელდება ან მომჯობინდება, მისი სული უდიდეს ზიანს იღებს.

როგორც ხედავთ, ჰიპნოზის მავნე ზემოქმედებას მედიცინაც ადასტურებს, ეკლესია კი ამ მეთოდის სულიერი მავნებლობის შესახებ გვაფრთხილებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ შთაგონება ადამიანის სურვილის გარეშეც ხდება და ამით ხშირად მასობრივი ინფორმაციის წყაროები სარგებლობენ.

არაეკლესიური ადამიანი, რომელიც ოდენ მექანიკურად არსებობს, ადვილად ემორჩილება ბრძანებებს და გარეშე ზემოქმედებას, ამიტომ მასზე ამგვარი, შეფარული შთაგონება იოლად ზემოქმედებს, ხოლო ცხოვრებისადმი შეგნებული დამოკიდებულება, მტკიცე რწმენა, ეკლესიურობა და ღვთის სასოება ადამიანის სულს ამგვარი ხიფათისაგან საიმედოდ იცავს.

ბეჭდვა
1კ1