ვინ ავირჩიოთ? ეს კითხვა ბევრს აწვალებდა.
ვინ ავირჩიოთ? ეს კითხვა ბევრს აწვალებდა.
ათენის ქუჩებში დაპირისპირებული პარტიები მიტინგებს მართავდნენ. ვინ ავირჩიოთ? ეს კითხვა ბევრს აწვალებდა. აი რას ამბობდა ამ საკითხზე წმინდა ნექტარიოსი (პენტაპოლელი):

- კეთილი მოქალაქე თავის არჩევანს ინდივიდუალურად გამოხატავს, საიდუმლო და წმინდა ხმის მიცემის გზით. ბევრი მოდის ჩემთან და მეკითხება, ვის მივცე ხმაო. ზოგიერთს ვპასუხობ, ზოგს არაფერს ვეუბნები, უბრალოდ, ვდუმდები.

- რატომ, წმინდა მამაო?

- ჩემო შვილებო, დუმილიც პასუხია. მთავარია, შეურაცხმყოფელი არ იყოს. ამოირჩიეთ კეთილი სული, უსაყვედურო გული, კეთილშობილი, სათნო, ბრძენი, ვნებებისგან დაცლილი ქრისტიანი. იცოდეთ, შვილებო, რომ მატყუარებმა, ლოთებმა, სხვათა განმხრწნელებმა, ავანტიურისტებმა, მართლმადიდებლობის მდევნელებმა ვერ უნდა შეძლონ პარლამენტში მოხვედრა...

- მოთამაშეებს თუ შეუძლიათ არჩევნებზე წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურა?

- რა თქმა უნდა, არა, - თქვა წმინდა ნექტარიოსმა, - მათი სული და გული ცუდ საქმეებს მოიმოქმედებს და დამღუპველ გეგმებს აწყობს. "ნუ ესავთ მთავართა ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება" (ფსალმ. 145,3). უპირატესობა მიანიჭეთ ცხოვრებასა და ქმედებებში ურყევ, საუბრისას თავდაჭერილ, საქმეებში წინდახედულ ადამიანებს. ნუ აირჩევთ მერყევთ, მოუსვენრებს, საკუთარი ინტერესების გამტარებლებს, მატერიალურ საგნებში ჩაფლულებს. დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში სავაჭროდ შედიან და არა უმრავლესობის სამსახურად, გახლავთ ქურდები და თვითმარქვიები. ისინი საზოგადო საქმეების მმართველობიდან განაგდეთ.

- თუ მოხდა ისე, რომ ასეთთა შორის ჩვენი მეგობარი ანდა კეთილისმყოფელი აღმოჩნდა, მაინც ასე უნდა მოვექცეთ?

- დიახ! თანაც დაუყოვნებლივ და სამუდამოდ, რადგან ასეთ გზააბნეულ და სასტიკ ადამიანებს მხოლოდ ცუდის, ზიანის და უბედურების მოტანა შეუძლიათ როგორც მეგობრებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. მოთამაშე თაღლითია, აკოტრებს თავის პარტნიორს და ზოგჯერ ადამიანთა ჯგუფს. პოლიტიკური მოღვაწე კი, თუ ის მზაკვარია, ურწმუნო, ერეტიკოსი, თავხედი, საქმოსანია, მაშინ ის ეშმაკის ნაშიერია, ეოლოსის ურჩხულთა ჯგროა. სულელმა საზოგადოებაში შეიძლება ავნოს ერთს, ორს, ხუთს ან ათს. სულელი პოლიტიკოსი კი, თავისი ამსუბუქებული გულით, ანგრევს ადამიანთა ბედნიერებას. იფრთხილეთ, რომ მტაცებელი მგლები არ შემოგეპაროთ. ეცადეთ, აირჩიოთ სათნო და კეთილშობილი ადამიანი.

- მაგრამ სათნო და კეთილშობილი ადამიანები განცალკევებით დგანან, მათ არავინ იცნობს, არც ძალა აქვთ. ჩვეულებრივ, ასეთი ეშმაკი და მზაკვარი ადამიანები გამოირჩევიან.

- მცირეოდენი საკვების გამო, მხოლოდ ერთი სამოსის გამო მიმოივლით მიწასა და ზღვას, ქუჩებსა და ბაზრებს უკეთესის ამოსარჩევად. როცა ირჩევთ თქვენი მატერიალური ცხოვრებისთვის პასუხისმგებელ ადამიანებს, ნუთუ შეგიძლიათ ისეთი დაუდევრობა გამოიჩინოთ, რომ უღირსებს დაუჭიროთ მხარი?

- რა თქმა უნდა, არა, მამაო. გმადლობთ კეთილი რჩევისთვის.

- მე კი არა, ღმერთს მადლობდეთ მისი წმინდა არჩევანისთვის.
ბეჭდვა
1კ1