ჩემი ჯავრი ნუ გექნებათ, საღვთო ვალს აღვასრულებ და დავბრუნდები
ჩემი ჯავრი ნუ გექნებათ, საღვთო ვალს აღვასრულებ და დავბრუნდები
გასულ ნომერში ბატონი რაულ ჩილაჩავას საუბრის მცირე ნაწილი შემოგთავაზეთ. ნაწილს ახლა გადმოგცემთ. საუბარში პაპა სოლომონი ახსენა. პაპა მოძღვარი ჰყოლია. გამიხარდა და ვთხოვე დაწვრილებით ეამბა მასზე. მანამდე საკუთარი სოფლის შესახებაც მითხრა მცირედად.

- ის მზე იქ დარჩა, ჩემს სარკმელთან, ჩემს აივანთან, ჩემი ეზოს გადასახედთან. იგი იქ უფრო ცხელია და კაშკაშა. ასე მგონია, ჩვენთან შეღამებაც უცნაური იცის. ჩვენთან მზე უფრო ადრე ჩადის - ურთის მთა ეფარება მანათობელი. ჯეგუთის მწვერვალიდან ხელმეორედ შეგიძლია იხილო, როგორ იძირება იგი თანდათან შავ ზღვაში. ურთის მთა ხობთან იწყება და ცაიშთან მთავრდება. თვითონ სოფელი მთაგორიანია. გორაკზე ასწლოვანი ჭადრებისა და ცაცხვების კორომია. აქ ადრე კოლმეურნეობის კანტორა იდგა, ძველად კი დადიანების საზაფხულო რეზიდენცია და ეკლესია მდგარა. იმ ეკლესიის ნანგრევებს თვითონაც მოვსწრებივარ და კარგადაც მახსოვს, როგორ კირწყლავდნენ იქიდან წამოღებული წარწერიანი ქვებით სოფლის გზას.

ჩემს სოფელში ერთბაშად რვა მდინარე მიედინება: მუნჩია, ჩხაია, ყვალდოღუმუ (იგი ჩვენს ეზოში ჩაუდის და მეგრულად - ყველი და ღომია. ამბობენ, ოდესღაც მის ნაპირებზე ნადირობისას დადიანს სწორედ ეს კერძი მიურთმევია და სახელიც აქედან შერქმევია), უმპია, სკაია, ჯუმი, ხობისწყალი და ჭანისწყალი. ეს უკანასკნელი სწორედ აქ ერთვის ხობისწყალს. ყველა მათგანმა გაზაფხულობით საოცრად ადიდება იცის.

სახლში, პაპაჩემს თუ არ ჩავთვლით, მე ერთადერთი მამაკაცი ვიყავი და ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მამაკაცს მოეთხოვება.

პაპა სოლომონ ჩიხლაძე ანუ სოლომო, როგორც მას შინაურები ეძახდნენ, მღვდელი იყო. თოვლივით თეთრი წვერი თითქმის წელამდე სცემდა, მკერდზე დეკანოზის ვერცხლის ჯვარი ეკიდა (რომელსაც მოწიწებით ვინახავ) და წვეტმახვილ ალაბაშას ხელიდან არ იშორებდა. როცა რაიმე საქმით არ იყო დაკავებული, ქარვის კრიალოსანს მარცვლავდა. მისი საყვარელი საკითხავი იყო ტყავისყდიანი "დავითნი", რომელიც მუდამ თვალსაჩინო ადგილას ედო და დედაჩემმა საფლავში ჩაატანა.

პაპაჩემმა, უკეთილშობილესმა პიროვნებამ, გულადმა ვაჟკაცმა და ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა ჩამინერგა სწორედ მშობლიური ენის, მამულისა და რწმენის სიყვარული. ამიტომაც მგონია, რომ საწუთროს გზაზე დღემდე მისი ლოცვა-კურთხევის წყალობით მივაბიჯებ. პაპაჩემს მთელი სოფელი შეუვალ ზნეობრივ ავტორიტეტად თვლიდა, მასთან მოდიოდა რჩევის საკითხავად, მიუკერძოებელი მსჯავრის გამოსატანად. იგი იყო სრული ანტიპოდი იმ კინოხუცესებისა, რომლებსაც არაიშვიათად უჩვენებდნენ საბჭოთა ეკრანზე. მაღალი შუბლი, სახის დახვეწილი ნაკვთები, წარმოსადეგი ტანადობა მას ბუნებისმეტყველი მეცნიერის იერს ანიჭებდა. გამოირჩეოდა იშვიათი ჯანმრთელობით. არ მახსოვს, ოდესმე ავად გამხდარიყოს ან რაიმე წამალი მიეღოს. 88 წლის ასაკში ერთი კბილიც არ აკლდა და მამაჩემზე, რომელიც სტომატოლოგი იყო, ხუმრობით ამბობდა: მისი ხელობა არაფერში გამომადგაო. ფანატიკოსი არ ყოფილა. მიწიერი ცხოვრების ყადრიც იცოდა და არც ყანაში, არც სუფრასთან ტოლს არავის დაუდებდა. თოხნიდა, ბარავდა, საქონელს უვლიდა. მის ეზოს გარშემო ეკალბარდების ბუნებრივი ღობე ერტყა, რომელშიც პატრონის დაუკითხავად ჩიტიც ვერ გადაფრინდებოდა. საქონელიც ბლომად ჰყავდა, ხოლო მისი არვე მთელ სოფელში იყო ცნობილი. თუ ვინმე საპატიო სტუმარი მოუვიდოდა, ციკანს ჩამოკიდებდა ხოლმე. როცა წირვას ან პარაკლისს იხდიდა, მისი მოსმენა ერთ რამედ ღირდა.

***
პაპაჩემი ოდესღაც სენაკის ბურსაში თავის თანატოლ მეზობელთან კონდრატე თათარიშვილთან ერთდ სწავლობდა. კონდრატე, როცა მწერალ უიარაღოდ იწოდა და საერო კაცი გახდა, მან მთელი ცხოვრება მართლმადიდებლობას შესწირა. ამის გამო კომუნისტებმა ჯვარს აცვეს, მაგრამ უკან არ დაუხევია, მრწამსისთვის არ უღალატია. ეუბნებოდნენ, - განათლებული კაცი ხარ, გადმოდი ჩვენს მხარეზე, იმასწავლებლე, ჯამაგირიც კარგი გექნება და პენსიაცო, მაგრამ ვერ დაიყოლეს. აქამდე მრევლს ყოველდღე მაცხოვრის ერთგულებას ვუქადაგებდი, ახლა კი ვერ ვეტყვი: ხალხო, ადრე გატყუებდით, სინამდვილეში ის კი არა, მარქსია ჩვენი მხსენლი-მეთქი. სინანულით იხსენებდა ვასილ გერსამიას, ასევე მღვდელს, რომელიც ბოლშევიკების პროპაგანდას დაჰყოლია, წვერი გაუკრეჭია და მათ სამსახურში ჩამდგარა.

"ღმერთო, დაამხე ეს კომუნისტები და დაამყარე მართლმადიდებელი ქრისტიანობა!" - მხურვალედ ლოცულობდა დილა-საღამოს. მეუბნებოდა: მე, სამწუხაროდ, უკვე ბებერი ვარ და ვერ მოვესწრები, მაგრამ შენ უთუოდ გახდები ამ ურჯულოების აღსასრულის მოწმეო. იმდროინდელი პროპაგანდით გაბრუებულს ამგვარი მტკიცება მოხუცის ახირება მეგონა. აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ეს წინასწარმეტყველება არცთუ შორეულ მომავალში მართლა ახდებოდა!

როცა ბაბუას გაკულაკება არ აკმარეს და ეკლესიაც დაუნგრიეს, იქიდან რაღაც-რაღაცების წამოღება მოასწრო და საკუთარ სახლში პატარა სამლოცველო გამართა.

წმინდა ემბაზი, საცეცხლური, წმინდანთა ხატები, დილისა და მწუხრის ლოცვები, საზეიმო ლიტურგიები, საშობაო და სააღდგომო გალობები, ნათლისღება და პარაკლისები ჩემი ბავშვობის ყველაზე ნათელი სიმბოლოებია (პაპაჩემის მთელი საეკლესიო ინვენტარი მისი გარდაცვალების შემდეგ დედაჩემმა სენაკის დედათა მონასტრის იღუმენიას ფავსტო შუშანიას გადასცა და მერე არ ვიცი, რა ბედი ეწია მათ).

პაპის საწოლქვეშ ერთხელ მუყაოს ყუთი აღმოვაჩინე.

რა არის შიგ-მეთქი, რომ ვკითხე, ხელი ჩაიქნია: - ნიკოიასა და კერენსკის დროინდელი გადურჩებული (ან ჩალის ფასად ქცეული, გაუფასურებული) ფულია, რომლის დახარჯვა თუ დაბანდება ვერ მოვასწარიო. მაშინ რა ვიცოდი, რომ წლების მერე ის ბანკნოტები ნუმიზმატური იშიათობები იქნებოდა და ამიტომ ჩემს თანაკლასელ კუკური მიქავასთან ერთად ხან ბაბუამის უტუს ვჩუქნიდით, ხან ალექსი გოგილიშვილს. ისინი ას წელს მიტანებული ბერიკაცები იყვნენ და ჩვენი ნაჩუქარი ფული მოქმედი ეგონათ, ამიტომ მადლობითა და ლოცვა-კურთხევით გვისტუმრებდნენ.

ბაბუას მეზობლად სახლობდა კონდრატეს ბიძაშვილი სამსონ თათარიშვილი, რომლის ვაჟი აკაკი საქართველოს სახალხო განათლების კომისარი, მერე კი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ერიკ ბედიასთან ერთად მასაც ასახელებდნენ ამიერკავკასიის ბოლშევიკურ მოძრაობაზე ბერიას ცნობილი წიგნის თანაავტორად. ცხადია, რომ ისიც ერიკის ბედის მოზიარე გახდა, წიგნის გამოსვლიდან სულ მალე დახვრიტეს. ბაბუას ჯიბეში მუდამ კანფეტები ედო. ბავშვებს რომ დაინახავდა, მოიხმობდა და დაურიგებდა. ალბათ, დღესაც ბევრ ჩემს თანატოლს ახსოვს პაპა სოლომონის ნაჩუქარი კანფეტის გემო.

ბაბუას ქვრივ-ობოლთა და ხელმოკლეთა დახმარება წესად ჰქონდა და ამ ქრისტიანულ ჩვევას არასდროს ღალატობდა. როცა გაიგო, რომ ჩვენს მეზობელს, პილა ლოლუას პაპიროსი შემოაკლდა, მე დამავალა, მაღაზიაში რამდენიმე კოლოფი "ბელომორკანალი" მეყიდა მისთვის და საამისოდ ათი მანეთი მომცა. დავალება მაშინვე შევასრულე, მაგრამ საკუთარი თავიც არ დავივიწყე და ხურდით ცოტა ტკბილეულიც ვიყიდე.

- რამდენი მანეთი მოგცა ბაბუამ? - მკითხა პილამ, როცა საჩუქარი მივუტანე.

- ათი, - მივუგე გულწრფელად.

- მერე ხურდა სადაა? - მკითხა საყვედურით. როცა ეს ამბავი ბაბუას მოვუყევი, ჯერ იცინა და მერე სერიოზულად მითხრა: - კაცთა უმადურობას ცხოვრებაში ხშირად წააწყდები და ამისთვის მუდამ მზად უნდა იყო. კარგია, რომ ასეთი გაკვეთილი ჯერ კიდევ ბავშვობაში მიიღე, დიდობაში გული ნაკლებად დაგწყდებაო.

ბაბუას სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა ჰქონდა და მიუხედავად ხაზგასმული გულკეთილობისა, სულმოკლეობასა და ხელმრუდობას არავის აპატიებდა. როცა ერთმა მეზობელმა მის დაუკითხავად ეზოს მიმდებარე ტყეში ტანაყრილი აკაცია მოჭრა, გაცეცხლდა, - ჩემს უნებართვოდ როგორ გაბედაო. დამფრთხალ მეზობელს მეორე დღესვე უღელში ხარები შეება და ის აკაციის ძელი ათასი მობოდიშებით შინ მოუტანა.

***
ბაბუამ საღვთო რჯული არა მარტო ქართულად, არამედ ძველსლავურადაც მშვენივრად იცოდა. ამიტომ მასთან ხშირად მოჰყავდათ ბავშვები მოსანათლად რუსებსაც, რომლებიც ჩვენ მახლობელ ხეცერის, ნარაზენისა და ონარიის ჩაის საბჭოთა მეურნეობებში მუშაობდნენ. ბაბუას უშველებელი დავთარი ჰქონდა, სადაც იწერდა ნათლულისა და მიმრქმელის გვარ-სახელს.

ერთხელ შემოუთვალეს, სოფლები ხიბულა, რზენი, საჯიჯაო მოსანათლავ ახალგაზრდებთან ერთად მდინარის პირასაა თავმოყრილი და გთხოვენ, ნათლისღებაზე უარი არ უთხრათო. ბაბუამ მაშინვე ჩაიცვა ანაფორა, გაიკეთა ოლარი და შეკაზმა თავისი ერთგული ქუქურა - ჩემი ჯავრი ნუ გექნებათ, საღვთო ვალს აღვასრულებ და დავბრუნდებიო. ოჯახი შიშმა მოიცვა, როცა იგი არც მეორე და არც მესამე დღეს არ დაბრუნდა. დიდედამ მამაჩემი სასწრაფოდ ბაბუას საძებნად რზენში გაგზავნა. იქიდან ისინი მეხუთე თუ მეექვსე დღეს დაბრუნდნენ. ბაბუას დგომისგან ფეხები დასიებული ჰქონდა, ლოცვისაგან ხმა ჩახლეჩილი, განუწყვეტელი კითხვისა და უძილობისაგან თვალები ჩაწითლებული. იმ დღეებში ორასზე მეტი ბავშვი თუ მოზარდი მოუნათლავს, ზოგიერთი ახალშეუღლებულისთვის გვირგვინი დაუდგამს და ჯვარი დაუწერია. მადლიერმა სოფლელებმა ვეებერთელა საოჯახო ჩანთა თურმე ფულით გაუვსეს, ყველა შეძლებისდაგვარად რაღაც თანხას სწირავდა უფლის მსახურს.

იმ ფულით მამაჩემმა ქუქურას კონკურენტი შავი "ემადინი" შეიძინა.

ჩემი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონებები ეკუთვნის იმ დროს, როცა ჩვენს ათკაციან ოჯახს არავინ აკლდა და დღესასწაულებსა თუ უქმე დღეებში ერთად ვუსხედით საშინაო სუფრას. პაპაჩემი ხელის სპეციფიკური მოძრაობით ჯალაბს ჯვარს გადაგვსახავდა და თავისი წელში გამოყვანილი ღვინის ჭიქით დაგვლოცავდა.

"სტუმარი ღვთისაა!" - ნიადაგ გვინერგავდა ქართული თვითშეგნების ამ ერთ-ერთ უმთავრეს პოსტულატს პაპაჩემი და თვითონ გვიჩვენებდა მისადმი ერთგულების მაგალითს. მათ პატივსაცემად ბაბუა უსათუოდ უხმობდა მეზობლებსაც და ჩვენი სახლი უჩვეულო შუქითა და სითბოთი ივსებოდა.

შაბათ-კვირას ჩვენთან "დაუპატიჟებელი" სტუმრებიც მოდიოდნენ, რომელთა ნაწილი პაპაჩემის კლიენტი იყო, ნაწილი კი მამაჩემისა. ერთნი სულიერ სასუფეველზე ფიქრობდნენ, მეორენი კი ხორციელი ტკივილებით იყვნენ შეჭირვებული. პაპა ბავშვებს ნათლავდა და მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად წირვებს აღავლენდა.

მე ახლაც ყურში მიდგას პაპაჩემის საშობაო თუ სააღდგომო ლოცვები, რომლებსაც იგი მიმწუხრზე იწყებდა და განთიადისას ამთავრებდა. ეს იყო ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი, მაგრამ მომხიბლავი გალობა, მამაკაცური იავნანა, რომელსაც გულუბრყვილო ბავშვურ სიზმრებში გადავყავდი. დღესაც, უკვე მერამდენე ათეული წლის გასვლის მერეც, მესიზმრება ის სიზმრები და ტანში უცნაური ჟრუანტელი მივლის.

***
პაპა სოლომონი 1960 წლის 6 სექტემბერს გარდაიცვალა. სულ რაღაც ერთი კვირა იავადმყოფა და უფალს მიაბარა სპეტაკი სული. მაშინ იგი ოთხმოცდამეცხრე წელიწადში ოთხი დღით იყო გადამდგარი. პაპა საკუთარ ეზოში დავკრძალეთ, დეიდაჩემისა და ჩემი უფროსი ძმის გვერდით. ახლა იქ უკვე მთელი აკლდამაა და ასევე სამარადისო ძილით სძინავთ მის მეუღლეს, თებრონე დიდედას, ჩოთო ბებიას და ჩემს პირმშოს - გურის.
ბეჭდვა
1კ1