"გზას სისხლიანი ზოლი და ნათრევი გვამების ნაკვალევი მიუყვებოდა..."
"გზას სისხლიანი ზოლი და ნათრევი გვამების ნაკვალევი მიუყვებოდა..."
საშინელ სიზმრებს ჰგვანან მათი ამბები... რამდენჯერაც იხსენებენ, იმდენჯერ მეორდება თითქოს ომი, რომელიც, სინამდვილეში, არც დასრულებულა... დიდი ლიახვის ხეობიდან სასწაულით გამოღწეულებს უკან გამოჰყვათ ტყვიასავით დღეები, თუმცა არც მათი სინამდვილეა წარსულზე დიდად უკეთესი, - ზოგი სადაა შეფარებული და ზოგიც - სად... გზა შინისაკენ ჯერ ძალზე შორია და საოცნებო...

ჩემთვის ორმაგად მძიმე იყო მათთან შეხვედრა. რომ ვუთხარი, - ოსი ვარ-მეთქი, დიდსულოვნად აქეთ მანუგეშეს, - მერე, შენ რა დააშავეო...

მონაცვლეობით საუბრობდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ და ისევ აგრძელებდნენ... ომი - ომისთვის და ტრაგედია - ტრაგედიისთვის ხომ არ არსებობს, მართალია, ერთიცა და მეორეც ხშირად დუმილისაა და ცრემლის, მაგრამ ისეთ სიცხადეს იძენენ სიტყვები, უთქმელობა, მართლაც, ძნელია...

***

ია ნინიკური: - თირღვაში ათი ქართული ოჯახი ვიყავით და ომის დროს ათივე გამოვიქეცით. ტყე-ტყე ფეხით ვიარეთ თბილისამდე...

ქურთელი დეზდემონა ქავთარაშვილიც ლტოლვილია და დიდი ტკივილით იხსენებს: - 18 წელიწადი კბილებით ვინახეთ დიდი ლიახვის ხეობა და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დავკარგეთ... რუსებმა რომ ცხინვალი აიღეს, მერე იერიში ხეობაზე მიიტანეს... ენა ვერ აღწერს, რაც იქ ხდებოდა... ომის დროს, 9 აგვისტომდე ჩემს ოჯახს ფეხი არ მოგვიცვლია იქიდან. 8 აგვისტოს, საღამოს, ჩვენთან ბიჭები ამოვიდნენ, - სოფელ მონასტრის ტერიტორიაზე დაღუპული ქართველი ბიჭები სისხლში ცურავენ, ეგებ გადმოგვაყვანინოთო... ავიდნენ და ენით უთქმელი კოშმარი დახვდათ. ისეთი სროლები იყო, ავ სიზმარშიც ვერ ისიზმრებთ, - ზემოდან ავიაცია გვიშენდა ბომბებს, მიწაზე კი კბილებამდე შეიარაღებული გადამთიელები რა სახის იარაღს აღარ გვესროდნენ... 7-8 აგვისტოს გაგანია ომი იყო, ვიჯექით ამ ჯოჯოხეთში თავჩარგულები, მშიერ-მწყურვალები და ქართული ჯარის იმედი გვქონდა. ავიხედე და კარი კბილებამდე შეიარაღებულმა კაზაკებმა შემოგლიჯეს, მიაყენეს ჩემი ქმარ-შვილი კედელთან და იარაღი მიაბჯინეს, - დაგხოცავთო... რაც რამ დანაზოგი მქონდა, იქვე დავუყარე, - ოღონდ მაგათ ნუ დახოცავთ და წაიღეთ-მეთქი. გაჭრა... წავიდნენ და დაიბარეს, - თუ ხვალამდე არ გაგვასწრებთ, აღარ დაგზოგავთო...

გათენებისას ისევ მოგვაკითხეს, - თქვენ რა, ისევ აქ ხართო?! წამოვედით, უკან მშიერ-მწყურვალი, დამფრთხალი, დაბმული საქონელი მოგვბღაოდა, მაგრამ ვიღას ჰქონდა მათი ჯავრი! ხეობა უკვე ჩეჩნებით, რუსებით, ოსებითა და კაზაკებით იყო სავსე, აფხაზებიც ერივნენ, ამის მოწმე თავად გახლავართ... მათ შორის ჩეჩნები ყველაზე მეტნი იყვნენ და თავიანთ ვინაობას არც მალავდნენ...

ხეითის ხიდამდე ბაღებით ვიარეთ, პოლიციის პოსტს რომ მივადექით, ჩვენების ნაცვლად ქართულ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ყაჩაღები დაგვხვდნენ...

- სად ჩაიგდეს ხელში ეს ფორმა?

- ალბათ ჩვენს გარდაცვლილ ბიჭებს გახადეს...

წვერიახოს მთასთან ჩვენი პატრულისთვის მანქანები წაერთმიათ, ქართული დროშები ნაფლეთებად ექციათ და თავიანთი აღემართათ... გზას სისხლიანი ზოლი და ნათრევი გვამების ნაკვალევი მიუყვებოდა. სიმართლე - სინათლეა და ამასაც გეტყვით: - ავი და კარგი ხომ ყველგან იპოვება! იმ ორი ვერტმფრენიდან, რომლებიც ხეობის დასაბომბად გამოფრინდნენ, ერთის პილოტმა დასაბომბად ვერ გაგვიმეტა და ცარიელ მინდორზე ჩამოყარა ჭურვები, მეორე კი მობრუნდა და გამეტებით დაგვიშინა... 1989 წლიდან რა არ გვინახავს, მაგრამ ხეობა მაინც შევინარჩუნეთ. 14 კილომეტრი ფეხით ვიარეთ და სულის მეტი არაფერი წამოგვიღია, ეს სული მაინც შეგვარჩინონ! დახმარებას ხელისუფალთაგან ვითხოვთ, ხეობაში რომ ჩამოდიოდნენ და გმირებს გვეძახდნენ.

ინგა ყაულაშვილი: - ქემერტიდან ვარ, მაშინ კოკოითიმ რომ ქალები და ბავშვები ხეობიდან გაიყვანა, რატომ ჩვენ არავინ გაგვაფრთხილა, თავს უშველეთო?!

2004 წელს, ბესლანის ტრაგედია რომ მოხდა, გოგა ხაინდრავამ ხეობა დაგვაცლევინა, ივანიშვილმა და პატარკაციშვილმა დაგვაფინანსეს და სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდა, 20 დღით შეგვინახეს, - მაშინ, როგორც ყოველთვის, არაპროგნოზირებადი იყო რუსეთი და არავინ იცოდა, რა მოხდებოდა...

ვერ წარმოიდგენთ, გზაზე რა ხდებოდა, - ერთბაშად დაძრული ხალხი ზოგი მანქანით მოდიოდა შინიდან, ზოგი - ავტობუსით, ზოგიც - ტრაქტორით, ფეხით და ვინ იცის, კიდევ რით... ზემოდან ვერტმფრენები გვბომბავდნენ, ბევრი ამ გზაზე დაიღუპა კიდეც... თავი არ აგვიწევია, ისე ვიარეთ... გზა ჩაიხერგა და რაც წინ მივიწევდით, მით უარესი ამბები გვხვდებოდა, - "პოსტის" ბიჭების ამარა ვიყავით, საბრალოებმა, აღარ იცოდნენ, ჩვენ გავეცილებინეთ თუ მტრისთვის გაეწიათ წინააღმდეგობა... მოკლედ, იმათ გამოგვიყვანეს.

იმ წელს მთავრობამ შემოვლითი გზა დაგვიგო, მაგან გადაგვარჩინა, ეს გზა რომ არა, ვეღარავინ გამოვაღწევდით. თამარაშენი, ქურთა, კეხვი, აჩაბეთი, ქემერტი და სხვა სოფლები მიწასთან გაასწორეს... გგონიათ, კოკოითიმ კარგი დღე აყარა თავის ხალხს? - სკამებს ანაცვალეს უბრალო ადამიანები, მათაც ბევრი ქალი და ბავშვი დაეღუპათ...

დეზდემონა ქავთარაშვილი: - ჩვენ და ოსები იმდენად ახლოს ვიყავით, იმათკენ ვინც მოხვდებოდა, ღამეს გაათევინებდნენ, თამარაშენამდე მოაცილებდნენ და გაბრუნდებოდნენ. მთავრობამ რომ ერგნეთის ბაზრობა დახურა, ურთიერთობა გაგვიუარესდა. ეს ბაზრობა ერთმანეთთან ძალიან გვაახლოებდა... ან რა გვქონდა გასაყოფი?!

ბოლოს ის უნდა გიამბოთ, რაც მაშინ საკუთარი თვალით ვნახე და არასოდეს დამავიწყდება: - 8 აგვისტოს წვერიახოს მთაზე სიკვდილს სასწაულად გადარჩენილმა ქართველმა ბიჭმა ხეობის დასაბომბად წამოსულ ვერტმფრენს იარაღი დაუმიზნა და ჩამოაგდო... ჩემი სახლიდან კარგად ვხედავდი ამ ყველაფერს... ორიოდ წუთში ისე დაბომბეს ის ადგილი, ალბათ, ჭიანჭველას ჭაჭანებაც აღარ იქნებოდა, მაგრამ ცოცხალია თუ გარდაცვლილი, ის უცნობი ქართველი ბიჭი ხომ ნამდვილი გმირია, საქართველოს ახალი, უსახელო გმირი!
ბეჭდვა
1კ1