"დიდია თავისუფლების ხარისხი, როცა შეგიძლია არ სცოდო, მაგრამ უდიდესი თავისუფლებაა, როცა აღარ შეგიძლია სცოდო"
"დიდია თავისუფლების ხარისხი, როცა შეგიძლია არ სცოდო, მაგრამ უდიდესი თავისუფლებაა, როცა აღარ შეგიძლია სცოდო"
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან შეიქმნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი "ეროვნული თვითმყოფადობა საკაცობრიო ღირებულებების კონტექსტში".

"საღმრთო სიბრძნემ საუკუნეებს გაუძლო და დღესაც უდიდეს სამსახურს უწევს ადამიანს. ბიბლიის მიხედვით, ჭეშმარიტების შემეცნებისთვის საჭიროა როგორც რაციონალური (ლოგიკური, ცდისეული), ასევე ირაციონალური (ინტუიციური, მისტიკური) გაგების, წვდომის, ჭვრეტის კულტურა.

სარწმუნოების და მეცნიერების დაპირისპირება ნიშნავს შემეცნების საზღვრების შევიწროებას, სამყაროს შესახებ არასრული, ცალმხრივი წარმოდგენების შექმნას.

ისტორიაში ყოფილა არაერთი მაგალითი როგორც მისტიკური ჭვრეტის წინაშე ლოგიკური აზროვნების როლის დამცირებისა, ასევე ცდისეული მეთოდის აბსოლუტური უპირატესობის აღიარებისა სულიერთან შედარებით.

წმინდა ილია მართლის მოსწრებული სიტყვით, მე-19 საუკუნის წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) სარწმუნოებას ამეცნერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა. საქართველოში ეს ტრადიცია დღესაც ცოცხალია", - ნათქვამია მუდმივმოქმედი სემინარის მიერ საცნობარო გამოცემის პრეამბულაში, რომელიც სემინარის მონაწილეებს დაურიგდათ, "სარწმუნოება და მეცნიერება", "ეროვნული იდეის არსი, ცნობიერება", "ეკლესია და ოჯახი", "ეკლესია და სახელმწიფო", "საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალზიაცია", "ეკლესია და განათლება", "ეკლესია და კულტურა", "ეკლესია და მასმედია" - ეს არის არასრული ნუსხა იმ თემატიკისა, რომლის განხილვასაც მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი უახლოეს მომავალში გეგმავს.

ახლახან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა მორიგი სემინარი თემაზე "ეკლესია და პიროვნული თავისუფლება". ძირითადი მომხსენებლები იყვნენ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და ბატონი ირაკლი ლომოური, რომელმაც თავისი გამოსვლა ტერმინის განმარტებით დაიწყო: "რას ნიშნავს თავისუფლება? ეს ქართული სიტყვა თავისთავად გვიხსნის რასაც გულისხმობს, სხვა ენებში "ფრიდომ", "სვაბოდა" და ა.შ. საკუთარ აზრს ესოდენ სადად ვერ გამოხატავენ. ქართულისათვის, აშკარაა, "თავისუფალი" საკუთარი თავის ბატონს, უფალს ნიშნავს, ანუ ის, რაც ქართულ სიტყვაში უშუალოდ ჩანს და ჩვენთვის თავისთავად გასაგებია, სხვა ენებში, მაგალითად, რუსულში, ადამიანს საგანგებოდ უნდა აუხსნა და ასეცაა. ერთ-ერთ სახელმძღვანელოში განმარტებულია, რომ ეს სიტყვა გულისხმობს თავისუფლებას, თვითკონტროლს, საკუთარი თავის მართვას და ა.შ.

ცნების შინაარსი ჩვენთვის მართლაც ცხადია, მაგრამ მოდით, ვნახოთ, ამ სიტყვის შესახებ ქართული ენის "განმარტებითი ლექსიკონი" რას გვეუბნება:

თავისუფლება - 1. (ფილოსოფ.) ნების გამომჟღავნების შესაძლებლობა. 2. არარსებობა ისეთი პირობებისა, რომლებიც ზღუდავს რომელიმე კლასის, მთელი საზოგადოების ან მისი წევრების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას და მოქმედებას, დამოუკიდებლობას. 3. იმის მდგომარეობა, ვინც დაპატიმრებული არ არის.

თავისუფლება ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, არცთუ იშვიათად, თვითნებობად ესმით, ანუ როდესაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ აკეთონ, რაც მოესურვებათ. ახალგაზრდები მაქსიმალისტები არიან და, როგორც წესი, ყოველგვარ, თუნდაც უმნიშვნელო შეზღუდვას მათთვის პიროვნული თავისუფლების ხელყოფად აღიქვამენ და ძალზე მტკივნეულად რეაგირებენ. სწორედ ამის შედეგია კონფლიქტები მშობლებთან, საქმის განუსჯელი ქმედება, პროტესტისა და ამბოხის სურვილი და მცდელობა", - აღნიშნა მომხსენებელმა და მოიშველია ციტატა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 1993 წლის საშობაო ეპისტოლედან, სადაც ნათლადაა ახსნილი თავისუფლების ჭეშმარიტი არსი: "უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არ არის იგი მუდმივი თვითკონტოლი და მისი საშუალებით ცოდვის მონობისგან თავის დაღწევა".

"ცოდნა ძალაა; როდესაც ახალგაზრდას თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობა გაცნობიერებული ექნება, მან შეიძლება გადააფასოს თავისი ქცევა და წარმოდგენები, ახლებურად შეხედოს ცხოვრებასა და საკუთარ თავს. თავისუფლებას არაერთი განზომილება და გაგება აქვს, ამიტომ შევეცდებით მიმოვიხილოთ ამ ცნებასთან დაკავშირებული შეხედულებები, ბოლოს კი თავისუფლების ჭეშმარიტ გაგებაზე ვიტყვით ორიოდ სიტყვას", - ასეთი შესავლის შემდეგ ირ. ლომოურმა მიმოიხილა ფილოსოფოსთა წარმოდგენები თავისუფლების რაობის შესახებ, დეტერმინიზმსა და ინდეტერმინიზმზე, ნების თავისუფლებაზე, ხაზგასმით ითქვა, რომ მართლმადიდებლობა უარყოფს მათ შორის არსებულ აბსოლუტურ უკიდურესობებს, რადგან მას მიაჩნია, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და საკუთარი ცხოვრების გზას იგი თვითონ ირჩევს.

მოხსენების მეორე ნაწილში საუბარი შეეხო თავისუფლების სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებას, აღინიშნა, რომ პიროვნების უფლებების დაცვის იდეა ქრისტიანობის წიაღში იშვა, რადგან, სწორედ ქრისტიანული სწავლებით, ადამიანი ამქვეყნად უდიდეს ფასეულობას წარმოადგენს, განღმრთობისთვისაა მოწოდებული.

მაცხოვარი ადამიანებს სთავაზობს თავისუფლებას, რომელიც თავისუფლების სოციალურსა და პოლიტიკურ გაგებას ხარისხობრივად აღემატება და ცოდვის მონობისგან განთავისუფლებას გულისხმობს. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საკუთარ ცოდვილ ბუნებაზე გამარჯვება და განღმრთობა, მარადიული სულიერი ცხოვრების მოპოვება.

ირ. ლომოურის მიერ წაკითხული მოხსენების რეზიუმე:

ღვთის ხატება ადამიანში, უპირველესად, სულიერ თავისუფლებას გულისხმობს. სრულიად და აბსოლუტურად თავისუფალი მხოლოდ ღმერთია. ადამიანი იმდენადაა თავისუფალი, რამდენადაც უფალს ემსგავსება.

თავისუფლება - ესაა შესაძლებლობა ცნობიერი არჩევანისა, რომელსაც ადამიანი აკეთებს სიყვარულით და არა იძულების მდგომარეობაში.

ღმერთი გვთავაზობს, მაგრამ არ გვაიძულებს მივემსგავსოთ მას, ანუ ვიყოთ მეტად და მეტად თავისუფალნი.

ადამიანმა ბოროტი ანგელოზის ჩაგონებით დაიჯერა, რომ თავისუფლება - ესაა ღვთისგან განდგომა, მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, სინამდვილეში უფლისგან მოწყვეტა, ესაა უღმერთობა ანუ ცოდვა - ბოროტება, უსიყვარულობა. ცოდვას კი შედეგად მოაქვს სიკვდილი. ე.ი. ადამიანი კი არ გათავისუფლდა, არამედ დაემონა ცოდვას, ბოროტებას, სიკვდილს.

დამონებული ადამიანი გაათავისუფლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. იგი კვლავაც გვთავაზობს და არ გვაიძულებს, ვიყოთ თავისუფალნი ღმერთში.

ღმერთში და ღმერთთან ცხოვრება მონობა კი არ არის, არამედ სულიერი თავისუფლებაა - ესაა სიყვარული, რომელსაც ჩვენ პიროვნულად ცნობიერად ვირჩევთ და ამ გზით ვხდებით ჭეშმარიტად თავისუფალნი.

"თავისუფლების გაგების სირთულე ორ დიდ საიდუმლოებას - ღმერთს და მის ხატად და მსგავსად შექმნილ არსებას - ადამიანს უკავშირდება", - აღნიშნა თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

ფრაგმენტი მამა თეოდორეს გამოსვლიდან: "ჩვენ ერთი რამისთვის ვართ მოწოდებულნი: სამყაროს დავანახოთ ადამიანად მოსული ღმერთი. ჩვენი ცხოვრების საზრისი და მიზნი, ერთი მხრივ, თავად არის ღმერთი და, მეორე მხრივ, ჩვენი ქმედება სწორედ ამაში უნდა ვლინდებოდეს, რომ დავანახოთ მიზანი, საზრისი ადამიანური ცხოვრებისა. ნებისმიერი თემა, რომელიც სოციუმში ჟღერდება, სწორედ იმდენად არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ეს ეხება ყველაზე მთავარს - ადამიანის დამოკიდებულებას ღვთისადმი, უფალი ჩვენი იესო ქრისტესადმი, ადამიანად მოსული ღმერთისადმი, განკაცებული ღმერთისადმი. თავისუფლება ის თემაა, რომელიც სოციუმში დომინირებს და ამავე დროს მას ღრმად საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს. ის ყველა ჩვენგანის სულს ეხება, თუ სწორ წარმოდგენას, სწორ ცოდნას შევიქმნით თავისუფლების შესახებ; თუ მას გამოვიყენებთ პრაქტიკული თვალსაზრისით, კერძოდ, თუ როგორ მივეახლოთ ღმერთს, როგორ ვეძებოთ ღმერთი, როგორ ვიპოვოთ ღმერთი, როგორ გადავირჩინოთ თავი სულიერად. სახარებაში თავისუფლება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ სასუფეველი დავიმკვიდროთ. თავისუფლება ერთგვარ ინსტრუმენტად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ ვიპოვოთ ჭეშმარიტება. თავისუფლება ერთგვარი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ ჭეშმარიტების ძიებაში სწორ გზაზე გავიდეთ, თავისუფლება ის ინსტრუმენტია, რომელიც მე სიცოცხლეში შემიყვანს. მახსენდება უფლის საოცარი სიტყვები: "მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე". თავისუფლება ის ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანად მოსულ ღმერთს მაპოვნინებს ჩემს დროში, მასთან მიმაახლოებს, მასთან ურთიერთობას მასწავლის. თუ თავისუფლება ჩემთვის ამგვარი ინსტრუმენტი არ იქნება, მე არ მჭირდება ასეთი თავისუფლება. თავისუფლება ჩემთვის აუცილებელი პირობაა, ოღონდ მე უნდა ვიცოდე, რა არის ეს თავისუფლება. თავისუფლების გაგება ადვილი არ არის, იმიტომ, რომ დიდ საიდუმლოებას უკავშირდება. ცოცხალი ღმერთი და ადამიანი როგორც ცოცხალი ხატი ღვთისა - ორივე საიდუმლოებაა, ორივე იდუმალია და შეუცნობელი - ღმერთიც და ადამიანიც".

მამა თეოდორემ ყურადღება გაამახვილა თავისუფლების ხარისხზე ადამიანის იდენტიფიკაციის მიხედვით. გთავაზობთ მის გამოსვლას თეზისების სახით:

ა) ბუნებრივი თავისუფლება

ადამიანი, როგორც მატერია, ბიოლოგიური ორგანიზმი, დაქვემდებარებული მატერიისა და ბიოლოგიის კანონებს.

დეტერმინებული, ანუ თუ ადამიანს განვიხილავთ სულიერი სუბსტაციის გარეშე, მაშინ მისი არსებობა, როგორც კოსმოსის ნაწილის, აბსოლუტურად სამყაროს კანონებით იქნება განსაზღვრული; ამ შემთხვევაში ადამიანის თავისუფლება უსიცოცხლო მატერიისა და ბიოლოგიური არსებობის თავისუფლებაზე აღმატებული არსობრივად ვერ იქნება.

ბ) სოციალური თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება

თანამედროვე კანონმდებლობანი, რომლებიც თავისუფლებას და უფლებებს ეხება, მხოლოდ ადამიანის სხეულზეა ორიენტირებული ან ადამიანს განიხილავს როგორც განვითარებულ ცხოველს. მაგრამ თუ ადამიანს ჩამოვართმევთ მთავარ ღირსებას - ღმერთის ხატებას და მარადიული სიცოცხლის უნარს, მაშინ ეთიკურ და ზნეობრივ ნორმებს საფუძველი გამოეცლება. ამ შემთხვევაში ადამიანის თავისუფლება და უფლებები ბაზისის გარეშე ანუ ცხოვრების საზრისისა და სიყვარულის გარეშე დარჩება. "თავისუფლებისთვის ხართ, ძმანო, ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით მონებდეთ ერთურთს" (გალატ. 5,13). თავისუფლება, რომელიც შეზღუდული არ არის სიყვარულით, საშიშია და იგი ვნებათა თავისუფლებად და თვითნებობად გადაიქცევა.

თავისუფლება და თანაბარუფლებიანობა იდენტური ცნებები არ არის. თავისუფლება საზოგადოებაში არ რეალიზდება თანაბარუფლებიანობით (სხვაა პრეზიდენტის და სხვაა უბრალო მოქალაქის უფლებები, რადგან მათი ვალდებულებებიც განსხვავებულია). ე.ი. უფლებები ვალდებულებების კონტექსტის გარეშე არ უნდა განიხილებოდეს.

გ) ნაციონალური თავისუფლება

რაზისმი, შოვინიზი, ცრუმესიანიზმი, ეროვნული ნიჰილიზმი

სწორი მამულიშვილობა - ეროვნული სულით (როგორც ღმერთისგან მოცემული ნიჭით) ჭეშმარიტების ძიებაა.

დ) ზნეობრივი თავისუფლება

უმაღლესი თავისუფლება - თავისუფლებაა ბოროტებისგან და არაა ბოროტება.

არაქრისტიანული სწავლება: ჟან-ჟაკ რუსო: ადამიანი იბადება როგორც სუფთა დაფა;

ქრისტიანული სწავლება: ადამიანის ქვეცნობიერში მისი ყველა წინაპრის მდგომარეობაა დალექილი. ყველა ადამიანი წინაპრების მემკვიდრეა; კაცობრიობის ორგანიზმი ერთი დიდი ხეა, რომლის ძირი, ფესვი არის ადამი, ხოლო თითოეული ჩვენგანი ამ ხის ტოტები ვართ და ამიტომ ერთი ბუნება გვაქვს. ხოლო ეს ბუნება ღმერთს ანუ სიკეთის წყაროს დაცილებული, დაზიანებულია; რაც ადამიანის ნებითი უნარების დამახინჯებასა და ნების გაუკუღმერთებაში ვლინდება, ხოლო ეს ყველაფერი ბოროტების დასაყრდენი და წყაროა ადამიანში.

ე) ბუნებითი თავისუფლება

ნებელობა არა პიროვნული, არამედ ბუნების თვისებაა. ადამიანს ბუნება ცოდვით დაზიანებული, ღმერთს დაშორებული, ანუ დაცემული აქვს, ამიტომაც ნებელობაც გაუკუღმართებულად ვლინდება, მისი უკონტროლობა თვითნებობაში გადაიზრდება.

3) სულის თავისუფლება

თავისუფლება ვნებებისგან.

"დიდია თავისუფლების ხარისხი, როცა შეგიძლია არ სცოდო, მაგრამ უდიდესი თავისუფლებაა, როცა აღარ შეგიძლია სცოდო" (ნეტარი ავგუსტინე).

წარმართული სამყარო თვლიდა, რომ სამყარო აუცილებლობით არსებობს; ბიბლიის თანახმად, სამყარო შეიქმნა არაფრისგან და არსებობა აუცილებელი არ არის. მისი არსებობის ონტოლოგიური მიზეზი გარეთაა, ღმერთში...

ე.ი. ყოფიერების მიზეზი არის არა აუცილებლობაში, არამედ ცოცხალი ღმერთის თავისუფალ გადაწყვეტილებაში. ხოლო თავად ღმერთი "არსებობს" არა ბუნებიდან, არამედ პიროვნულობიდან გამომდინარე.

ღმერთის ყოფიერება იგივეობრივია ღვთაებრივ პირებს შორის ურთიერთობისა, რომელიც არის თავისუფალი და ხორციელდება სიყვარულით. ე.ი. ღმერთის არსებობის ონტოლოგიური საფუძველია პიროვნება და, აქედან გამომდინარე, თავისუფლება და სიყვარული, ხოლო ადამიანს, როგორც ღმერთის ხატსა და მსგავს არსებას, ჭეშმარიტი თავისუფლების რეალური საფუძველი აქვს.

თ) საზოგადოებრივი ერთიანობა და პიროვნული თავისუფლება

თავისუფლება და ერთობა ადამიანების არსებობისთვის აუცილებელია, ანტინომიური პირობაა. ეს აუცილებლობა ადამიანიდან, როგორც წმინდა სამების ხატ არსებიდან, გამომდინარეა.

ადამიანის თავისუფლება სამყაროს არსებობის აუცილებელი პირობაა, რადგან სამყარო ადამიანისთვის შეიქმნა; და თუ ისეთი საზოგადოება შეიქმნება, სადაც ადამიანს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ანუ თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობა აღარ მიეცემა, მაშინ ასეთი საზოგადოების არსებობა აზრს დაკარგავს...

ჭეშმარიტების ჩანაცვლება ინდივიდუალური მოსაზრებებით, ინდივიდუალისტური თვითნებობა თრგუნავს პიროვნულ თავისუფლებას; ჭეშმარიტების გაგება რელატივისტურია, მისი შემეცნება თითქმის შეუძლებელია. შედეგი ისეთივე მძიმეა, როგორიც წინა შემთხვევაში.

ქრისტიანობაში მთავარია პიროვნული ურთიერთობა, სწრაფვა ღმერთისკენ, ქრისტეს მსგავსებისკენ, რასაც ხელს უშლის ბუნების დაცემულობა, რომლის აუცილებელი დაძლევა წარმოშობს ასკეტიკის საჭიროებას, რომელიც მეორადი მნიშვნელობისაა ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობასთან შედარებით.

დასასრულ, განხილულ თემასთან დაკავშირებით გაიმართა კამათი. გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს სამეცნიერო სემინარზე წარმოდგენილ ორივე მოხსენებას.

"კარიბჭის" უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ
მამა თეოდორე გიგნაძის გამოსვლის სრულ ჩანაწერს.
ბეჭდვა
1კ1