აბასთუმანი
აბასთუმანი
აბასთუანი IX-X საუკუნეებში  ოძრახედ მოიხსენიებდნენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა ოცხე, XIX საუკუნიდან კი აბასთუმანი. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან.  ოძრხე, ოძრახე ისტორიული ციხე ქალაქია, რომელიც ლეონტი მროველის თანახმად, ქართველ ხალხთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს-ოძრხოსს დაუარსებია, რომელიც  დაბა აბასთუმნის მახლობლად მდინარეების - ოძრხესა და კურცხალის წყალის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე მდებარეობდა. იგი დარაჯობდა ამ მდინარეთა ხევებზე გამავალ ეგრეთ წოდებულ "რკინის-ჯვარის" (ამჟამინდელი ზეკარის უღელტეხილი) გამავალ მნიშვნელოვან გზას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ლიხთიმერეთისა და მესხეთის რეგიონებს. "...ციხე ქვეყანასა ოძრხევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა რომელსა ჰქვიან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა.... ღადოს მთა ცალსახად იგივდება ახლანდელი აბასთუმნის ჩრდილოეთით მდებარე ქედთან ზეკარის უღელტეხილით.  ოძრხე მოხსენიებულია აგრეთვე ფარნავაზ მეფის მიერ დადგენილ საერისთაოების ნუსხაში, როგორც სამცხისა და აჭარის საერისთაოების რეზიდენცია და ცენტრი. ირანის სასანიანთა დინასტიის მეფე შაბურ I წყაროებში ნახსენიებია იბერიის მეფე ამაზასპი. ქართული წყაროების თანახმად ამ უკანასკნელის ირანული ორიენტაციის გამო განდგომილ - კლარჯეთის, წუნდის და ეგრისის ერისთავებს შორის მოხსენიებულია ოძრხის ერისთავიც. საერისთაოებად დაყოფას იძლევა აგრეთვე წმინდა ვახტანგ გორგასლის მემატიანე, რომელიც ასახელებს სეფეწულ ბივრიტიანს, როგორც ოძრხის ერისთავს, ხოლო მასვე ვახუშტი ბატონიშვილი მოიხსენებს, როგორც, ოძრხისა და ლომსიას გაძლიერების მიზნით, ღადოს მთის კალთაზე დემოთის ციხის აღმშენებელს,. იგივეს ადასტურებს ლეონტი მროველიც. წმინდა ვახტანგ გორგასალის გარდაცვალების შემდეგ ოძრხე სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენციაც ყოფილა.

ლეონტი მროველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ რკინის ჯვარისა და ოძრხეს ხევის გავლით, სამცხის საზღვართან მისულმა წმინდა ანდრია მოციქულმა, ზადენგორასთან დაივანა თურმე. მე-IX  საუკუნის 60-70-იან წლებში, აშოტ კურაპალატის ძეს, გუარამ მამფალს, სამცხეში განუახლებია მურვან ყრუს მიერ დანგრეული ოძრხის ციხე, აუშენებია ჯვარის ციხე და აუგია ლომსიანთა. მოგვიანებით, კერძოდ 888 წელს, ოძრხე ნახსენებია აგრეთვე გუარამ მამფალის ვაჟის ნასრის მიერ სამცხის სამი ციხის: ოძრხეს, ჯუარისციხისა და ლომსიანთა-ს დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქართველოს მე-11 საუკუნის უმნიშვნელოვანეს ქალაქებს შორის, როგორებიცაა თბილისი, რუსთავი, გორი, ჟინვანი, დმანისი, ახალქალაქი, ახალციხე, თმოგვი, სამშვილდე, ხუნანი, თელავი, ქუთაისი და სხვა, კვლავინდებურად ნახსენებია ოძრხე. ამ დროს მეფე ბაგრატ მე-4-ს ნებით იგი გავლენიანი ფეოდალის სულა კალმახელიძის საკუთრება გამხდარა. 1191 წელს წმინდა თამარ მეფეს აუჯანყდნენ ფეოდალები: სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, გურიის ერისთავი ბარამ ვარდანისძე, აფხაზეთის ერისთავი დაღათო შერვაშიძე, სუანეთის ერისთავი ბედიანი. მათ მეთაურობდა ნაყივჩაღარი თათრის აბულასანის შვილი, ტაო-კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავთ-ერისთავი გუზანი.


მათ დააბრუნეს  გიორგი რუსი და მეფედ გამოაცხადეს. წმინდა თამარ მეფის ერთგული ერისთავების სამფლობელოები კი იავარქმნეს. კერძოდ, ვარდან დადიანის წინამძღოლობით დასავლეთიდან წამოსულმა აჯანყებულებმა გადაიარეს "რკინის ჯვარი", მიადგნენ ციხის ჯვარს და "დაწუეს ძველი ქალაქი ოძრხე. 1205 წელს, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) სულთნის, რუქნადინის, წინააღმდეგ გაგზავნილი ქართული ლაშქარი წმ.თამარ მეფემ ყარსამდე მიაცილა. ვარძიის მონასტერში ქართველობა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა და ამ ვითარებასთან დაკავშირებით "ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა". შემდგომ წამოვიდა მესხეთში და ავიდა ქალაქ ოძრხეს. მას თან ახლდნენ "მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი", ეზოსმოძღვარი ბასილი, სალოსი ევლოგი, პოეტი იოანე შავთელი. დაიწყო ლოცვა-კურთხევა. "...ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრხეს ყოფასა შინა. ეახლნეს ღირსი წმიდა მამა იოანე შავთელი, ევლოგი "სალოსად წოდებული და წინასწარმეტყველობისა ღირსქმნული (ევლოგი, ქრისტესათვის სულელი, რომელსა მიეღო მადლი წინასწარმეტყველებისა და რომელიც ქრისტესათვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერ ღვაწლს) და იყო ვედრება დღისი და ღამეთა-გათევა ლაშქართა გამარჯვებისათვის..."


წმინდა თამარ მეფეს სასახლეში ისედაც წესად " ღამე-ყოველ მღვიძარება, ლოცვა, მუხლთ-დრეკა და ცრემლითა ვედრებაი ღამესა ზემდგომრობითა საკვირვებელ აქუნდა..", ლოცვის, ღამისთევის სიხშირე და მაღალი დონე კი ისეთი ყოფილა და ისეთი მონდომებითა და წესიერად სრულდებოდა, რომ "საეჭვოდ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცაო საგანგებოდ აღნიშნავს მემატიანე. აქვე საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს შევახსენოთ, რომ, გადმოცემის თანახმად, თურმე ლოცვის დროს წმინდა თამარ მეფე ერთი არშინით (71 სმ) ზეიწეოდა ხოლმე. დაუცხრომელი ლოცვის შედეგად ევლოგიმ მიიღო ამ ომში ქართველთა გამარჯვების წინასწარმეტყველური ხილვის მადლი, რომელი საიდუმლოც მხოლოდ წმიდა იოანე შავთელს განუცხადა. ეს სასწაული კი ასეა აღწერილი მატიანეში: "...ანასდად ევლოგი დაეცა ჭმუნვის სახედ და ვითარ აჰა ესერა სამგზის მეყვსეულად ახლტა, ხმა ყო: აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისანო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია.


***
ოძრხეს შემოგარენში, კერძოდ კურორტ აბასთუმანში, დღემდე არის შემორჩენილი შუა საუკუნეების ეკლესია. იგი ამჟამად მოქმედია და მის ტერიტორიაზე დაფუძნებულია წმინდა გიორგის მამათა მონასტერი. შემონახულია აგრეთვე ციხე, რომელიც დღესაც წმინდა თამარ მეფის სახელით არის ცნობილი. მე-16 საუკუნეში ოსმალეთმა სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად სამცხეც მიიტაცა. ამ დროისათვის ოძრხე მოიხსენიება, როგორც ოსმალეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი და შედიოდა ახალციხის ლივის, ოცხის ნაჰიეში. მომდევნო პერიოდში იგი მოსჩანს როგორც მცირე დაბა. ამ საუკუნის ბოლოს უკვე აღარ არსებობდა ოძრხე, სამშვილდე, თმოგვი, დმანისი, ჟინვანი. ჩნდება ახალი დასახლებული პუნქტი აბასთუმანი. 1829 წელს, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთმა, სხვა ტერიტორიებთან ერთად, თურქეთს წაართვა აბასთუმნის სინჯაყი და თავის იმპერიას, რომელში საქართველოც შედიოდა, შეუერთა. სავარაუდოდ სოფ.აბასთუმნის დასახელება მომდინარეობს იქ მოსახლე აბაზასძეთა საგვარეულო სახელიდან, რომელიც დადასტურებულია "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში მე-16 საუკუნის ბოლოს. რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების წინ (1853 წ.), გენერალ ივანე ანდრონიკაშვილის მიერ სამხედრო ოპერაციის ჩატარების პატაკში ნახსენებია, რომ იმერეთ-ახალციხის დამაკავშირებელი, ყველაზე მოხერხებული გზა აბასთუმანზე გადიოდა. გავიდა დრო და რუსეთის ეგიდის ქვეშ მყოფ მესხეთში და აბასთუმანშიც ცხოვრება მშვიდობიან კალაპოტში ჩადგა. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან საფუძველი ჩაეყარა, აბასთუმნის როგორც ფტიზიატრიული კურორტის მშენებლობას, რომლის იშვიათი ბუნება და მაკურნებელი თვისებების მქონე ჰავა ნამდვილ სასწაულებს ახდენდა.




სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა, უფრო ადრე, მე-18 საუკუნის მიწურულს, აბასთუმანში რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ძმა, მეფისწული გიორგი, რომელიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მას თან ჩამოყვა იმდროინდელი რუსეთის ელიტარული საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი, რომელთა შორის გიორგი მეფისწულის აღმზრდელი, პეტერბურგის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორი, ს.პ.გლაზენაპიც იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მან, თან ჩამოტანილი 22 სმ-იანი რეფრაქტორით, მჭიდრო ორჯერად ვარსკვლავებზე დაკვირვებისას, შეამჩნია აბასთუმნის ასტროკლიმატის ძალზე მაღალი ხარისხი და ამის შესახებ სათანადო სტატიაც გამოაქვეყნა. სპეციალურად მეფისწულისთვის დაჩქარებული ტემპებით აშენდა საცხოვრებელი კომპლექსი, სამკურნალო თერმული წყლების აბანო, დიდებული სასახლე, რომელშიც საბჭოთა წყობილების დროს სანატორიუმი "მესხეთი", ხოლო 1994 წლიდან წმინდა პანტელეიმონის დედათა მონასტერი განთავსდა და ამჟამად იქ სამონასტრო მოღვაწეობა მიმდინარეობს. მეფისწულის სურვილის თანახმად, 1896-1899 წლებში აშენდა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია, რომელიც ზარზმის ეკლესიის პროტოტიპს წარმოადგენს და მას "ახალი ზარზმაც კი უწოდეს.


ეკლესიის მოსახატად მოიწვიეს ცნობილი რუსი მხატვარი ნესტეროვი, რომელმაც ეს სამუშაო 1902-04 წლებში შეასრულა. საბჭოთა წყობილების დროს ეკლესიამ მოქმედება შეწყვიტა და მეტ-ნაკლებად სრული სახითა და დაუზიანებლად მოაღწია ღვთის წყალობითა და იმის მიზეზით, რომ ხელისუფლებისათვის იგი უპირატესად წარმოადგენდა ცნობილი რუსი მხატვრის შემოქმედების მატარებელ ერთგვარ კულტურულ ძეგლს. 1919 წლის იანვარში, ისარგებლეს რა საყოველთაო განუკითხაობითა და არეულობით, თურქებმა  ბარბაროსულად დააყაჩაღეს აბასთუმანი. აქედან მთავრობის სახელზე გაგზავნილ ერთ-ერთ დეპეშაში საზარელი ფაქტებია აღწერილი: "...ცულით დაჩეხეს ეკლესიის კარები,.. ოჯახებში ჩახოცეს უამრავი ადამიანი, გაიტანეს 5 ფუთამდე ვერცხლის განძეულობა, 500 000 მანეთის განძი, მოაოხრეს ყველაფერი, გაიტაცეს ყველა სამეურნეო იარაღი, სურსათი, ლოგინი, ტანსაცმელი... მთელ რეგიონში ვერ იპოვით 1 წალდსაც კი...". ასე რომ იმ დროისათვის აბასთუმანი სრულიად გაპარტახებული იყო. გავიდა დრო და დაბამ ჭრილობები ნელ-ნელა მოიშუშა. მოსახლეობამ ისევ გააგრძელა ცხოვრება.




***
აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა გარდა აქ დაუსვენიათ კულტურისა და ხელოვნების ისეთ თვალსაჩინო წარმომადგენლებს, როგორებიც იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი, ნიკო მარი, პავლე ინგოროყვა, იოსებ გრიშაშვილი, მურმან ლებანიძე, ნიკო მარის ვაჟი იური მარი და სხვები. ამას გარდა, აბასთუმანი ცნობილი გახდა, როგორც სამეცნიერო ცენტრიც. 1930-31 წლებში შუა აზიისა და ყარაბაღის პარალელურად, საქართველოშიც ჩამოვიდა საგანგებო ექსპედიცია, სამთო ასტრონომიული ობსერვატორიის შექმნასთან დაკავშირებით მთიანი რაიონების ატმოსფერული რეჟიმის შესასწავლად, რუსი ასტრონომების   შემადგენლობით. გამოკვლევები ჩატარდა ცივგომბორზე, შუამთაში, ბაკურიანში, ცემში, წაღვერსა და აბასთუმნის მიდამოებში. აღნიშნული ექსპედიციის მუშაობის შედეგად კვლავ დადასტურდა, რომ აბასთუმანში მართლაც საუცხოო პირობებია ასტრონომიული კვლევისათვის. 1932 წელს დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც საბოლოოდ 1937 წელს, მთა ყანობილზე, 1700 მეტრის სიმაღლეზე გადაიტანეს.  

ბეჭდვა
1კ1