მილოცვა-27 მაისს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის დაბადების დღეა.
მილოცვა-27 მაისს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის დაბადების დღეა.
რარიგ ტკბილია სულიერი მამაშვილობა, როცა საყვარელი მოძღვრის კალთას შეფარებული გაინაბები და საკუთარ გულისცემას უსმენ, როცა ამა სოფლის ღუმელში მომწყვდეულს ვითარცა უფლის ანგელოზი გვერდში გიდგას სულიერი მამა და ღვთაებრივი ნამით აგრილებს შენს გარშემო აბრიალებულ ცეცხლის ალებს, როცა დიდნი კაცნი ლერწამივით შეირყევიან და შენ კი, ახალნერგი ქრისტეს სარწმუნოებაში, მისკვნილხარ ძლიერსა ჭიგოს - მართლმადიდებელ მოძღვარს და როცა ღელვაგვემულს მიმოგიტაცებს აბობოქრებული ტალღები საწუთროსი, ერთი ნუგეში დაგრჩენია მხოლოდ: მიაღწიო როგორმე მყუდრო ლიმენას - შენი სულიერი მამის გულსა.

ნეტავ იმ წარწყმედულ ცხოვარს, მწყემსი კეთილი რომ მოიძიებს და ქრისტეს ბაკში შეიყვანს! ნეტარება ჩვენ, თბილისის თავთა მოციქულთა წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძრის მრევლს, რამეთუ განვმდიდრებულვართ, განვმძღარვართ, განვდიდებულვართ ჩვენი სულიერი მამის ღვაწლით, ოფლით და სისხლით, ჩვენი ცხოვნებისთვის რომ დაუღვრია.

27 მაისს 66 წლისა გახდა ჩვენი მოძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი. განვლო 40-წლიანმა დაუცხრომელმა ერთგულმა მსახურებამ წმინდა ტრაპეზის წინაშე. მისი ლოცვისა და მოძღვრების ნაყოფნი არიან მისი სულიერი შვილნი, მრავალი სასულიერო პირი - მღვდელი, ბერი და მონაზონი, მიმოფანტულნი საქართველოში თუ საზღვარგარეთ.

მას შემდეგ, რაც მაცხოვარი შეიცნო, მის სულში ქრისტეს აღდგომის სიხარული ტრიალებს. თითქოსდა თავისი განცდების გამოსახატავად, სხვათათვის გასაზიარებლად ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის აშენების შემდეგ საძირკველი ჩაუყარა აღდგომის სახელობის ეკლესიას. შემდეგ კი წმინდა ქალწულ მოწამეთა სახელობის საყდარს და წმინდა გაბრიელ სალოსის სახელობის ეკვდერს.

მამა არჩილის ლოცვით და ღვაწლით ნელ-ნელა შენდება ღვთის სულის სამკვიდრებელნი, ეკლესიანი ქვათა და ხორცთა...

ვულოცავთ მამა არჩილს დაბადების დღეს, ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ოჯახისა და სულიერი სამწყსოს კეთილდღეობას.

თქვენი წმინდა ლოცვით ღმერთმა ყველანი გვაცხოვნოს, მამაო!

30 წლის წინ, როცა ქვეყანა იქცეოდა, სამწყსოს გულს გვიმამაცურებდით და გვაკურთხებდით კიდეც, შეხვედრა-დამშვიდობებისას განსაკუთრებით მიგვემართა ერთმანეთისთვის. ახლაც ამ სიტყვებს გავიმეორებთ:

-მამა არჩილ, ივერია გაბრწყინდება!- ჭეშმარიტად გაბრწყინდება!

თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძრის მრევლი



ჟურნალ "კარიბჭის"  რედაქცია უერთდება ამ მილოცვას და უსურვებს მამა არჩილს, ბოლომდე ღირსეულად ეტარებინოს მოძღვრის მძიმე ჯვარი, ჩვენ კი - ქრისტეს ცხოვართ - არ მოგვკლებოდეს მისი მადლით აღსავსე ქადაგებები.


ბეჭდვა
1კ1