მთავარია, რას წავიღებთ ამ ქვეყნიდან
მთავარია, რას წავიღებთ ამ ქვეყნიდან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წლის 10 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ შარაძის ინიციატივით.

გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა, რომელმაც მუზეუმის დაფუძნება სპეციალურად ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის დღეს დაუკავშირა, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, შეაგროვა უნიკალური წიგნები, პერიოდული გამოცემები, ცნობილ ქართველ ემიგრანტთა პირადი არქივები, მემორიალური ნივთები, ფერწერული ტილოები, აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან ჰქონდა ჩამოტანილი, მისი დამსახურებით ვიქტორ ნოზაძის პარიზული ქართული სტამბაც დღეს მუზეუმის კუთვნილებაა.

ახლახან ემიგრაციის მუზეუმი დიასპორის დღისათვის უცხოეთიდან ჩამოსულ თანამემამულეებს მასპინძლობდა, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ.

შეხვედრა ემიგრაციის მუზეუმში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ყოველკვირეულ გადაცემათა ციკლის, "მიგრაციის მარშრუტების" ავტორის ნანა ლომიძის და მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, რუსუდან კობახიძის ინიციატივით მოეწყო.

ნანა ლომიძე, ჟურნალისტი: "მინდოდა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ენახათ ის ფასდაუდებელი საგანძური, რაც მუზეუმშია დაუნჯებული. კარგად მახსოვს თბილისში ჩატარებული ყოველთა ქართველთა კონგრესი, სწორედ მაშინ გაიხსნა მუზეუმი. საარქივო ფონდში 80-ზე მეტი პირადი არქივი ინახება. დაცულია ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ რობაქიძის, მიხაკო წერეთლის, ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი მაჩაბლის, რაფიელ ინგილოს, კალისტრატე სალიას და სხვა გამოჩენილ ქართველ ემიგრანტთა ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ჩანაწერები, პირადი და ოფიციალური დოკუმენტები, ფოტოები, აუდიოთეკა, რომლებმაც შემოგვინახა გრიგოლ რობაქიძის, გიორგი კვინიკაძის, ვიქტორ ნოზაძის, ვარლამ ჩერქეზიშვილის, მიხეილ წერეთლის ხმები, მათი მიმართვები, რადიოინტერვიუები. ყველაფერ ამას ბატონი გურამი წლების განმავლობაში აგროვებდა უცხოეთის ქართული ოჯახებიდან. ამიტომ მინდოდა ამ გარემოში ასეთი შეხვედრა მოწყობილიყო, რათა უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ღირსეულ მამულიშვილებს და გასჩენოდათ იმის სურვილი, როდესაც სამშობლოს მოსანახულებლად ჩამოვლენ, მუზეუმშიც მოვიდნენ, აქ ყოველთვის დახვდებათ მათ რაღაც მნიშვნელოვანი სიახლე - წიგნი, ნივთი თუ წერილი. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ ამ მუზეუმს ჩვენც შევძენთ რაიმეს. გაივლის დრო და საუკუნის შემდეგ აქ ჩვენი თაობის ადამიანთა ნაკვალევიც აღინიშნება და ვინ იცის, იქნებ მომავალში ისიც შესასწავლი გახდეს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, გავუფრთხილდეთ ამ არქივს - ჩვენს დღევანდელობას. მუზეუმის ფუნქცია ხომ მარტო ექსპონატებით და წარსულის გაცრეცილი ფურცლებით არ ამოიწურება, იგი ცოცხალი ორგანიზმია, დღევანდელობით სუნთქავს და მისი ცხოველმყოფელობა ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რაც მთავარია, დღეს აქ ტრიალებს ბატონი გურამ შარაძის სული. იგი წინაპართა მემკვიდრეობის დამფასებელი და თანამედროვე ემიგრაციის დიდი მოამაგე იყო. არ დამავიწყდება, 1992 წელს საქართველოს რადიოში მოვიდა და ასე გამეცნო: "მე დიდი ინტერესით ვისმენ გადაცემებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე. მინდა დახმარება შემოგთავაზო, საინტერესო ჩანაწერები დამიგროვდა და შემიძლია მოგაწოდოო". აი, ასე უშურველად დადიოდა ეს პიროვნება. ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა, მოიძიებდა მასალებს, იკვლევდა, იღვწოდა, წერდა. საბედნიეროდ, ჩემს იმდროინდელ რადიოგადაცემებში შემონახულია მისი გამოსვლები, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. ამ ადამიანმა დიდი სიყვარული ქართველი ხალხისა თან გაიყოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზეციდანაც ლოცულობს საქართველოსთვის და მისი ლოცვა შეეწევა ჩვენს სამშობლოს".

უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ხაზგასმით აღნიშნეს გურამ შარაძის დამსახურება ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის კვლევისა და მეცნიერულად შესწავლის საქმეში და გაკვირვება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე წლის წინ იგი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, მისი საქმე კი დღემდე გამოუძიებელია.

საშუალება მომეცა, გავსაუბრებოდი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ელისე პატარაძის შვილს, ოთარ პატარაძეს.

- ბატონი გურამ შარაძე და მე დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. მე ძველი ემიგრანტული ოჯახის შვილი ვარ. ბატონი გურამი როდესაც პარიზში ჩამოვიდოდა, ხშირად სტუმრობდა ჩვენს ოჯახს. დედაჩემს, თამარ ალშიბაიას ძალიან უყვარდა იგი, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. დღეს გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თუკი ქართული ემიგრაცია ცნობილია ჩვენს სამშობლოში, ეს, უმეტესწილად, ცხონებული გურამის დამსახურებაა. მან არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც დაგვაახლოვა და გაგვაცნო ქართველი ემიგრანტები. ის რომ არა, პირადად მე ბევრი არაფერი მეცოდინებოდა მიხეილ წერეთელზე, შეიძლება ითქვას, ქართველებს მან გააცნო ეს უდიდესი მეცნიერი და ყოველმხრივ გამორჩეული მამულიშვილი.

- სხვათა შორის, საქართველოს მთავრობაში ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ მიხაკო წერეთლის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოსვენებაზე. თქვენ როგორ უყურებთ ამას?

- ბ-მა პაპუნა დავითაიამ დააყენა ეს საკითხი, მაგრამ ქართული ემიგრაცია არა ვართ ამის მომხრე, ამ აზრს არც საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ახალარჩეული თავმჯდომარე ბატონი ოთარ ზურაბიშვილი იზიარებს. მიხაკო წერეთელს, რომელიც 1965 წელს გარდაიცვალა მიუნხენში, არ ჰქონდა ანდერძი დატოვებული თავისი ნეშტის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე. ნეშტის შეწუხება სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც არ არის გამართლებული. სხვა საქმეა, როცა ამას ოჯახი მოითხოვს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვუვლით მიხაკო წერეთლის საფლავს, საქმე ისაა, რომ დღეს მისი გადმოსვენება მოუნდებათ, ხვალ - სხვისი და თუ საფლავებში აღარ მოვასვენებთ ჩვენს წინაპრებს, ვერაფერი თავმოსაწონებელია და ამ შემთხვევაში რა მოუვა იმ 600 ემიგრანტის საფლავებს, რომელიც ძმათა სასაფლაოზე განისვენებს, ასეთი ტენდენცია ხომ წაშლის მათ ნაკვალევს? - ამის შესახებ მე ვესაუბრე უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მაშინ, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოში უნდა გადმოესვენებინათ. ცხადია, ქაქუცა უნდა იყოს მთაწმინდაზე, რადგან ის მტკიცე კედელი იყო ჩვენი ქვეყნისა და სიმბოლო დამოუკიდებელი საქართველოსი, ამიტომ მისი ნეშტის გადმოსვენება უნდა იყოს პირველი და უკანასკნელი-მეთქი, მოვახსენებდი პატრიარქს. დაე, იყოს ჩვენი ემიგრაცია დასაფლავებული იმ ქვეყანაში, სადაც მათ სული დალიეს და შთამომავლობა დატოვეს. საფრანგეთში ჩემზე უკეთ ვინ მოუვლის ჩემი დედ-მამის და ტყუპისცალი დის - გულიკო პატარიძის საფლავს?

- ბატონო ოთარ, ფრანგული აქცენტის მიუხედავად, თქვენ შესანიშნავად საუბრობთ ქართულად, როგორ მოახერხეთ ეს უცხო გარემოში?

- მამა ძალიან მკაცრად გვადევნებდა თვალყურს ოჯახში ლაპარაკის დროს, ფრანგული სიტყვები არ გამოგვეყენებინა. ბულონის ტყეში გვასეირნებდა და სეირნობის დროს ქართულ ლექსებსა და საგალობლებს გვასწავლიდა. მეც ვასწავლიდი ჩემს შვილებს ბავშვობის დროს ჩემი მშობლებისგან ნასწავლ ლესს "მე პატარა ქართველი ვარ", მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ გამოვედი კარგი მასწავლებელი. ჩემმა შვილებმა ვერ ისწავლეს ქართულად ლაპარაკი, ჩემი ცოლი ფრანგია და ალბათ ესეც არის ამის მიზეზი. როცა წამოვიზარდე და თანატოლებში ჩხუბი მოგვდიოდა, მამა წყრომით გვეტყოდა, - თუ ჩხუბობთ, ქართული სიტყვებით იჩხუბეთო. აი, ასეთ გარემოში ვიზრდებოდი და აღარ მიკვირს, რომ მეც და ჩემმა დედმამიშვილმაც შევისწავლეთ ქართული. მე დღესაც ქართულ საგალობლებს ვგალობ პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართული სათვისტომოს ეკლესიაში.

ჟურნალისტმა ნანა ლომიძემ ერთმანეთს გააცნო სტუმრები: თამარ გამილაღდიშვილი, ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში, ევროპული ერების კულტურათა კვლევის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი; ქ-ნი ქეთი წიქოძე-კრეპსერი, რომელიც შვეიცარიაში ხელმძღვანელობს "ქართველთა თანადგომის" საზოგადოებას და ქართულენოვანი ლიტერატურული ალმანახის რედაქტორ-გამომცემელია; მრავალი წიგნის, სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი პროფესორი რუსუდან დაუშვილი; არაჩვეულებრივი მკვლევარი და ემიგრაციის ყველა თაობის მოამაგე რუსუდან ნიშნიანიძე; სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის საკვირაო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი მანანა გურგენიძე; ჰოლანდიის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი მარეხ ტოგონიძე; პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი; ემიგრაციის მკვლევარი თამარ შალამბერიძე, ქართული სახლის ხელმძღვანელი და დამაარსებელი ბერლინში, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი, არაერთი გამოკვლევისა და წიგნის ავტორი ემიგრაციის საკითხებზე, რომელიც შეხვედრაზე თავის სტუდენტებთან ერთად მოვიდა.

ქეთი წიქორიძე-კრეპსერი, ჰოლანდიის "ქართველთა თანადგომის" საზოგადოების ხელმძღვანელი, რომელიც ემიგრაციის ახალ თაობას წარმოადგენს:

- ქართული დიასპორა ძალზე მცირერიცხოვანია შვეიცარიაში, სისტემატურად არა, მაგრამ მაინც ვხვდებით ერთმანეთს. მართალია, მიმოფანტულები ვართ, მაგრამ გვაქვს ურთიერთობა. მე გერმანულ შვეიცარიაში ვცხოვრობ. ქართველთა უმეტესობა ფრანგულ შვეიცარიაშია, ნაწილი - იტალიურ კანტონში, მართალია, არცთუ ისე დიდია ეს ქვეყანა, მაგრამ ყველანი ერთად რომ შევიკრიბოთ, მაინც დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ორი წელია ვატარებთ ფესტივალს "ჩვენებურები". ასეთი ფესტივალი მარტშიც გვქონდა. არაჩვეულებრივი კაპელა მონაწილეობდა, იყვნენ ესტრადისა და თეატრის მსახიობებიც, ჩავატარეთ ლიტერატურული საღამოები, ვცდილობთ, ფესტივალის დღეებში მაინც შევხვდეთ ერთმანეთს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები. იქ, სამწუხაროდ, არც ეკლესია გვაქვს და ეს ჩვენს მცირერიცხოვან დიასპორას მაინცდამაინც არ აწუხებს.

- ქ-ნო ქეთი, თქვენს საზოგადოებას ჰქვია "ქართველთა თანადგომა". ფესტივალების ჩატარების გარდა, კიდევ რას საქმიანობთ?

- შვეიცარიაში ბევრი გაჭირვებული ქართული ოჯახია, ამჟამად ძირითადი აქცენტი გადავიტანე სმენადაქვეითებულ ბავშვებზე, ვცდილობ, ქართველ ბავშვებს ჩამოვუტანოთ სასმენი აპარატები. კონტაქტს ვამყარებ იმ ადამიანებთან, რომელთა დახმარებითაც ხდება ამ აპარატურის შეძენა და ბავშვებზე დამაგრება. მარტო ეს არ იქნება ეფექტიანი, თუ ამ ბავშვებს თერაპიული მკურნალობაც არ ჩაუტარდებათ. ამ საქმეში სპონსორი ჩემი მეუღლეა, რომელიც როტარი კლუბის წევრია, მე იქ ქალთა კლუბის წევრი ვარ და ამგვარი საშუალებებით ვცდილობთ ამ ბავშვების დახმარებას.

პერიოდულად გამოვცემ ქართულენოვან ჟურნალს, რომელსაც "ამერ-იმერი" დავარქვი, ეს ჟურნალი დაახლოებით ჰგავს ჟურნალ "თბილისელებს", სულ 42 გვერდია, სახლის პიროებში ვაკეთებ, რადგან "თანადგომას" არ გააჩნია ჟურნალის ხარჯების დასაფარავი ფინანსები, ამიტომ ყველაფერს ჩემი ხარჯით ვაკეთებ და უფასოდ ვუგზავნი ჩვენს დიასპორას, თავიდან თვეში ერთხელ გამოდიოდა, მაგრამ როცა ძალიან გამიჭირდა, ისეთ ადამიანებს შევთავაზე დახმარება, ვისაც გამართულად და ლიტერატურულად შეუძლია წერა და აზროვნება, ყველა დაკავებული აღმოჩნდა თავისი საქმით, ამიტომ ზოგჯერ ვეღარ ვახერხებ ამ ჟურნალის ყოველთვიურად გამოცემას. მასში იბეჭდება თანამედროვე მწერლებიც და კლასიკოსებიც.

- იციან ახალგაზრდებმა ქართული ენა?

- ზოგს შენარჩუნებული აქვს ქართული მეტყველება, ზოგს - არა, უნდა ვთქვა, რომ დიასპორული ცხოვრება მაინც მინავლებული და მიმქრალია შვეიცარიაში, მინდა ამას რაიმე გამართლება მოვუძებნო, რაც ძალიან მიჭირს, რადგან ბევრმა შვეიცარიული მეტამორფოზა განიცადა და რაღაცნაირად გადაჯიშდნენ. მე მქონდა ციურიხში გახსნილი ქართული სკოლა "ჯეჯილი", რომელმაც ერთი წელიც კი ვერ იარსება, რადგან ბავშვები აღარ მოვიდნენ სკოლაში. ჩემს შვილებს, მიუხედავად იმისა, რომ თავისებური აქცენტით ლაპარაკობენ, ქართული მაინც შენარჩუნებული აქვთ და როცა საქართველოში ჩამომყავს, კომუნიკაციის პრობლემა არ აწუხებთ. სამივე ჩემი შვილი პროტესტანტებად იყვნენ მონათლულები, მაგრამ თბილისში რომ ჩამოვიყვანე, მართლმადიდებლად მოინათლნენ, ეს, რასაკვირველია, მეუღლესთან შეთანხმებით მოხდა.

შვეიცარიაში მაქვს მოწყობილი პატარა სალოცავი კუთხე, სანთლებიც ბლომად მაქვს საქართველოდან წამოღებული, მამა ზურაბ ცხოვრებაძე, რომელსაც სტუდენტობიდან ახლოს ვიცნობ, მირჩევს, როგორ დავიცვა ჩვენი სარწმუნოების მოთხოვნები უცხო გარემოში. ლოცვების წიგნი გამომატანა. ლოცვის ბუნებრივი მოთხოვნილება მიჩნდება და ვთვლი, რომ ამ დროს აუცილებლად უნდა ვილოცო, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, მამა ზურაბი "კარიბჭის" უამრავ ნომერს მახვედრებს ხოლმე და თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვკითხულობ, ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი.

- ქ-ნო ქეთი, რა მოგწონთ იმ ქვეყანაში, სადაც უკვე 20 წელზე მეტია, ცხოვრობთ და რას უსურვებდით ჩვენს ხალხს?

- ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, ერთი ადგილიდან რომ მეორე ადგილზე რაიმე გადადგა, ეს რეფერენდუმის გარეშე არ გადაწყდება, იქ ხეს, ბუჩქს ვერ მოჭრი ისე, რომ ხალხს არ ჰკითხო, მართალია, პროცესი ცოტათი ჭიანურდება, სანამ ხალხის გადაწყვეტილება კანონის შესაბამისობაში მოვა, ნაყოფი, ვთქვათ, უფრო გვიან მწიფდება, მაგრამ იღებს არაჩვეულებრივ შედეგს. მოწონს ისიც, რომ პრეზიდენტს მხოლოდ 1 წლის ვადით ირჩევენ, ესეც არაჩვეულებრივია, რადგან ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, დიდი ხნით ქვეყნის სათავეში ყოფნამ მიჩვევა იცის და უჭირთ სავარძლის დატოვება. უპრიანი იქნებოდა ისეთი ტემპერამენტისა და ფსიქოტიპის ხალხისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ეს მეთოდი გაგვეთვალისწინებინა. შეიძლება ჩვენ ბრეჟნევისა და შევარდნაძის დაუსრულებელმა მმართველობამ მიგვაჩვია იმას, რომ ქვეყნის პირველი პირი ან თავის თანამდებობაზე უნდა გარდაცვლილიყო, ან რევოლუცია უნდა მოგვეხდინა, მაგრამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ რევოლუციას ყოველთვის ცუდი შედეგები მოჰყვება ხოლმე და თავის ცუდ კვალს ტოვებს. რევოლუცია რომ მოხდება, უცბად კი არ კვდება, გრძელდება და მერე ფესვსაც იდგამს ხალხის ფსიქიკაში.

ვოცნებობ, იქნებ როგორმე ეშველოს ჩვენს დაბეჩავებულ ქვეყანას ისე, როგორც ეს ჩვენს ხალხს ეკადრება. ეს კი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ფანტასტიკური ბრძნული აზრები და გამონათქვამი ჰაერში კიდია, ლამაზ, შესანიშნავ ფრთიან გამოთქმას წინ რაღა უდგას? სიტყვაზე ადვილი სათქმელი არაფერია ამქვეყნად, აზრი, რომელიც ჩვენს წინაპარს დაუტოვებია და დღეს ჩვენც გამოვთქვამთ, ისევ ჩვენივე მონდომებით რეალობად უნდა გადაიქცეს. ყველაზე დიდი აპრიორი ჩვენთვის და ნებისმიერი ქართველისთვის ეს პატარა, ულამაზესი ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი სამშობლო ჰქვია, გავუფრთხილდეთ ამ ქვეყანას და ერთმანეთს, ეს არის ჩემი გამხელილი სურვილი.


გულახდილმა საუბრებმა ომახიან ქართულ სიმღერაში გადაინაცვლა. ბოლოს ბატონმა ოთარ პატარიძემ ერთი სადღეგრძელოს შესმის ნებართვა ითხოვა, სადღეგრძელოს სულგანაბულნი უსმენდნენ დარბაზში შეკრებილნი.

- პირველად 1991 წლის 26 მაისს დავადგი ფეხი ქართულ მიწაზე, მას შემდეგ, თუ ამ თარიღის აღსანიშნავად არა, მრავალხმიანობის სიმპოზიუმზე მაინც მიწევს ჩამოსვლა ყოველწლიურად ორჯერ ან ერთხელ მაინც, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. შენდება ახალი საქართველო რწმენით და მომავლის იმედით, მართალია, ძველ ემიგრაციას უკვე ცალი ფეხი სამარეში გვიდგას, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ ვცოცხლობთ, ერთად ავაშენოთ ჩვენი სამშობლო. ძირითადად ხომ მაინც ახალგაზრდებზეა დამოკიდებული ქვეყნის ძლიერება და მომავალი. ისინი ქართველები არიან და არ უნდათ თავიანთი მიწა-წყლის დაკარგვა, თავიანთი ისტორიული და კულტურული მონაპოვრის განადგურება. მე მწამს, ქართველი მალე წელში გაიმართება და ბოლოს და ბოლოს, აგვისრულდება დიდი ილიას სიტყვები: "აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია". გვახსოვდეს, საქართველოს ძეგლები, წიგნთსაცავები, მონუმენტები, მუზეუმები არ უნდა აღმოჩნდეს უცხოელის ხელში, რომელსაც ბევრი ფულით შეეძლება დაეპატრონოს ჩვენს საკუთრებას. ასეთი რამ კატასტროფა იქნება ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. მე ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და არსად მინახავს, გახარჯული ელექტროენერგია მიბმული იყოს დასუფთავების გადასახადზე ან ერთი თუ ვერ გადაიხადე, მეორე გადაგიჭრან, ასეთ რამეს არც ოპოზიციონერი უნდა შეეგუოს და არც ხელისუფლების მხარდამჭერი. თუ ამას დავაკანონებთ, ჩვენს ქვეყანას მომავალი აღარ ექნება, თუ სუფთა, უანგარო ქართველები ვართ, სამშობლო ფულზე არ უნდა გავცვალოთ. მჯერა, საქართველო მაინც გადარჩება...

წუხელ გამახსენდა მამაჩემისგან 1939 წლის 26 მაისს თქმული სიტყვები: "ჩვენ ქართველებად დავიბადენით და უზენაესი მოვალეობა, რაც ჩვენი წინაპრებისგან საუკუნეებით გადმოგვეცა, დიდი ილიას სიტყვებშია გაცხადებული:

"დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული"...


ქართველ ერს გადაშენება არ უწერია. მთავარია, რას წავიღებთ ამ ქვეყნიდან. მე ერთ პატარა წიგნს წავიღებ საიქიოს, შენ რას წაიღებ, გვანცა? - მიმართავს სტუდენტ გოგონას.

- ჯერ ამაზე არ მიფიქრია...

- რა თქმა უნდა, შენ ჯერ კიდევ გაქვს დრო ამაზე ფიქრისთვის, მე მიხარია, რომ აქ შენსავით უანგარო, სუფთა ახალგაზრდებს ვხედავ და ჩემს წიგნთან ერთად უდარდელად წავალ იმქვეყნად. ამით გაუმარჯოს ჩვენს პატარა, ლამაზ სამშობლოს!
ბეჭდვა
1კ1