რა მოწყალეა უფალი, ათას მიზეზს პოულობს ჩვენს საცხოვნებლად.
რა მოწყალეა უფალი, ათას მიზეზს  პოულობს ჩვენს საცხოვნებლად.
ეს ამბავი მე-19 საუკუნის რუსეთში მოხდა. არქიმანდრიტი ა. ჰყვებოდა: მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და კორენის მონასტერში ვცხოვრობდი. მონასტერში ერთი ბერი გარდაიცვალა. წინამძღვარი პეტერბურგში იყო წასული და მის მაგივრად მონასტერს მამა სერგი მართავდა. ისიც, რაღაც საქმის გამო, მონასტერში არ იმყოფებოდა და ბერის დაკრძალვას ვერ დაესწრო. დაკრძალვის დღეს, საღამოს დაბრუნდა მამა სერგი. მიწვა და მიიძინა. ამ დროს ძილში ცხადად ნახა, უფლის ორ ანგელოზს როგორ აჰყავდა გარდაცვლილი ბერის სული ზეცაში. საზვერეებში არ გაჩერებულან, ისე მიუახლოვდნენ სასუფევლის გაღებულ კარიბჭეს, მაგრამ ის უეცრად დაიხურა და შიგნიდან ხმა მოისმა: რაღაც ცოდვის გამო ამ ბერის სული სასუფეველში ვერ შევაო. რა ცოდვა იყო, მამა სერგიმ ვერ გაიგონა. ანგელოზები დაბნეულნი შეჩერდნენ. არ იცოდნენ, რას უბრძანებდა უფალი. მალე სხვა ხმა მოისმა, - იმის გამო, რომ ამ გარდაცვლილი სულის სხეული დაზიანდა დაკრძალვისას, მიეტევება ცოდვა, რომელიც სასუფეველში არ უშვებსო. მამა სერგიმ დაინახა, რომ გაიღო სამოთხის კარი და გახარებულმა ანგელოზებმა ბერი შეიყვანეს.

მამა სერგის გაეღვიძა. იხმო ბერები, მოუყვა სიზმარს: - თურმე სამარეში ჩაშვებისას კუბო ჩაგივარდათ და გარდაცვლილი ისე დაენარცხა მიწას, რომ თავი გაუტყდა - ამ დაზიანების გამო მიეტევა ცოდვა და სასუფეველში შეიყვანესო.

ძმებმა განუცხადეს, - კუბო შემთხვევით, გაუფრთხილებლობით ჩავარდა სამარეში, მიცვალებული გადმოვარდა. მანტიაში იყო გახვეული და არ ვიცით, რაიმე გაუტყდა თუ არაო. მამა სერგი მოეთათბირა მონასტრის უფროს ძმებს, გათხარეს ბერის სამარე. მართლაც, გარდაცვლილს დაკრძალვისას თავი გასტეხოდა.

რა მოწყალეა უფალი, ათას მიზეზს  პოულობს ჩვენს საცხოვნებლად. რა შუაში იყო მისი სულის გადარჩენასთან ხრწნადი სხეულის დაზიანება?! ასე ვფიქრობთ ჩვენი ადამიანური საზომით, მაგრამ სხვაა ღვთის სამართალი, ღვთის გულმოწყალება. ჩვენთვის გაღებულ სასუფევლის კარებში მხოლოდ მონანული ქრისტიანები შევლენ. წმინდა ამბროსი ოპტელი ბრძანებს: - მართალნი ღვთის სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი - თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსო. ნეტავ!

ბეჭდვა
1კ1