თუ ცოცხალი ქრისტე აქ დგას, ესე იგი, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეა
თუ ცოცხალი ქრისტე აქ დგას, ესე იგი, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეა
მიტროპოლიტმა ანტონი სუროჟელმა მრავალ რწმენაშერყეულს აპოვნინა სასურველი უფალი. 14 წლის ყმაწვილმა "ცხოვრების აზრი დაკარგა". დედისა და ბებიის სიყვარულიც კი ვერაფერს შველოდა. გადაწყვიტა: - თუ ერთ წელიწადში ცხოვრების აზრს ვერ ვიპოვი, თავს მოვიკლავო. ერთ დიდ მარხვაში ემიგრანტ რუს ბავშვებთან სასაუბროდ მამა სერგი ბულგაკოვი მივიდა. ანტონი ლექციაზე თითქმის ძალით მიიყვანეს, მამა სერგისაც ნაძალადევად უსმენდა. მამა სერგი მოუთხრობდა მათ წმინდა სახარების ფასეულობებზე. განცვიფრებულმა ყმაწვილმა გადაწყვიტა, შინ მისვლისთანავე სახარებაში შეემოწმებინა, მართლა ასე იყო თუ არა. დედას სახარება გამოართვა და ოთახში ჩაიკეტა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახარება ოთხი იყო. იფიქრა, მათ შორის ყველაზე მოკლეს, მარკოზის სახარებას წავიკითხავო. "მარკოზი ხომ სწორედ ჩემნაირი რომაელი ახალგაზრდა ველურებისთვის წერდა. მე ეს არ ვიცოდი, მაგრამ ღმერთმა იცოდა", - ბრძანებს მეუფე ანტონი.

...ყმაწვილი უცნობ და რთულ ტექსტს ნელა კითხულობდა. უცებ ცხადად იგრძნო, რომ მაგიდის იქით ქრისტე იდგა. შეჩერდა, მიმოიხედა. ვერავინ დაინახა. მაგრამ შეგრძნება არ ტოვებდა. "თუ ცოცხალი ქრისტე აქ დგას, ესე იგი, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეა. გამოდის, რაც სახარებაში წერია, ყველაფერი მართალია, მაშ, ცხოვრებასაც აზრი აქვს!" სხვებსაც მოუთხრო ის, რაც შეიტყო. "მეორე დილას გარეთ გამოვედი და თითქოს ფერნაცვალ სამყაროში მივაბიჯებდი. ყოველ შემხვედრს ვუცქერდი და ვფიქრობდი: შენ ღმერთმა სიყვარულისთვის შეგქმნა! მას შენ უყვარხარ! შენ ჩემი და ხარ, შენ ჩემი ძმა ხარ, შენ შეგიძლია მე გამანადგურო, ვინაიდან ეს არ გესმის, მაგრამ მე ვიცი და ესეც საკმარისია", - ბრძანებს მეუფე ანტონი.

ბეჭდვა
1კ1