საბერძნეთის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის
საბერძნეთის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის
საბერძნეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ემიგრანტების სიმრავლემ გადააწყვეტინა ავთანდილ გიუნაშვილს დაეარსებინა "ქართველ სტუდენტთა ასოციაცია". თავადაც სასწავლებლად წავიდა ათენში და ქართველი სტუდენტები ასოციაციაში გააერთიანა, რომლის უმთავრესი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია უცხო ქვეყანაში და მშობლიური ტრადიციების, ღირებულებების არდავიწყება.

- თბილისში სასულიერო აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მერე აკადემიის მაგისტრატურაში ჩავაბარე, - მიამბობს ავთანდილი, - ღვთის წყალობით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით წავედი ათენში სასულიერო განათლების გასაღრმავებლად. თავიდან რომ ჩავედი ათენში, არავის არ ვიცნობდი, გარდა ერთი ქართველისა. ეს ადამიანი ახლა უკვე სასულიერო პირია - მამა მიქაელ ეჯიბაშვილი... გვერდით მედგა ქართველი სტუდენტი ავთანდილ წერეთელი. იქ ვერ გავძელი ისე, რომ ვინმესთან არ მქონოდა კავშირი და ერთ-ერთ შეხვედრაზე გავიცანი ახლა უკვე კონსული ამსტერდამში ქალბატონი თამარ ღვინაძე. მანამდე საბერძნეთის კონსული გახლდათ. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვთქვა ქალბატონი თამარის მიმართ. გამაცნო საქართველოს ელჩი საბერძნეთში ბატონი ირაკლი თავართქილაძე. ბატონი ირაკლი აღმოჩნდა თბილისის სასულიერო სემინარიადამთავრებული, მერე სწავლობდა თესალონიკში არისტოტელეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საბერძნეთში ორგანიზაციების კულტურა არსებობს. რამდენიმე საძმოა, მათ შორის წმინდა დიმიტრის, წმინდა ანდრიას, წმინდა ლუკას საძმოები. თითქმის ყველა ეკლესიასთან არის ასეთი საზოგადოებები. ასეთი იდეა მქონდა, რომ ქართველ სტუდენტებს ჰქონოდათ ამგვარი გაერთიანება. ბატონ ირაკლის მოეწონა ჩემი ჩანაფიქრი და შემომთვაზა მსგავსი ორგანიზაცია დაგვეარსებინა საბერძნეთში მყოფი ყველა ქართველი სტუდენტისთვის. ბატონი ირაკლის დამსახურებაა საბერძნეთში ქართველ სტუდენტთა ასოციაციის დაფუძნება. ბატონი ირაკლი საკუთარ სამუშაო ოთახს გვითმობს ხოლმე და შეკრებებს ვატარებთ. ფინანსურადაც გვეხმარება. ქართველ სტუდენტებს უდიდესი დამხმარება გაგვიწია. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ადამიანისგან.

- განსხვავდება საქართველოსა და საბერძნეთის სტუდენტური ცხოვრება, მათი სწავლა?

- ძალიან თავისუფალი სტუდენტობაა, სწავლის მხრივ უფრო ევროპულია. საქართველოსგან განსხვავებით თავისუფალი მიდგომებია. თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი 48 საგანს სწავლობს, რომელიც უნდა დახუროს ოთხი წლის განმავლობაში. სწავლება საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს. სასულიერო პირებიც გვასწავლიან. საქართველოში სასულიერო პიების მიმართ უფრო მეტი კრძალვაა. სტუდენტების უმრავლესობა ძირითადად მარკეტინგის და თეოლოგიის მიმართულებით სწავლობს. საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიას შორის მეგობრული ურთიერთობაა. კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. საბერძნეთში განათლების მიღება უფასოა. არსებობს კერძო სექტორის სასწავლებლები, ფასიანი სასწავლებლები, სადაც სწავლება ძირითადად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. თუმცა სახელმწიფო უნივერსიტეტების უმრავლესობა უფასოა. სახელმწიფო აძლევს წიგნებს. სტუდენტებს საშუალება აქვთ უფასოდ ისადილონ შესაბამის სასადილოში... სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ხდება საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფაც. ვისაც სტიპენდია არ აქვს, იმას მუშაობის საშუალებაც აქვს. ამას გარდა სტრუდენტს აქვს ფასდაკლების ბარათი. საბერძნეთში მგზავრობა ძალიან ძვირია, სტუდენტს კი მგზავრობა შედარებით იაფი უჯდება. ფასდაკლებები აქვს ასევე სხვადასხვა მომსახურების დარგში. მაგალითად, სასტუმროზე აქვს დაბალი ტარიფი. ფასდაკლება აქვს მგზავრობაზე თვითმფრინავით და ასე შემდეგ. საბერძნეთში სტუდენტს აქვს სრული საშუალება, რომ მიიღოს კარგი განათლება. "ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" ფილიალი გავხსენით თესალონიკში. ვცდილობთ, ქართველი სტუდენტები ერთად შევკრიბოთ და შესაბამისი დამხამარებაც აღმოვუჩინოთ. თუ რომელიმე მათგანს რაიმე პრობლემა აქვს, მოგვმართავს ხოლმე, მერე საკითხს ვაყენებთ საქართველოს საელჩოს, საკონსულოს წინაშე და როგორც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით. საკმაოდ წარმატებული ქართველი სტუდენტები გვყავს.

* * *
თესალონიკი არის სიწმინდეების ქალაქი. თესალონიკში თითქმის ყველა ტაძარში სიწმინდეა დაბრძანებული. ყველა ეკლესიაში სიწმინდეებია. ძალიან თბილი ქალაქია თესალონიკი. აქ შედარებით განსხვავებული ბერძნები ცხოვრობენ. უფრო ეთნოკულტურული ქალაქია. ათონის მთასთან ახლოს მდებარეობს. როდესაც ათონის მთაზე ადის ადამიანი, იქ ხედავს, რა არის ჭეშმარიტი ბერმონაზვნობა. ათონის მთაზე ყველა მონასტერი განსხვავებულია. იქ ხედავ სრულიად განსხვავებულ მოდელებს მონასტრებისა. უბრალოებაში ასკეტურად ცხოვრობენ ბერმონაზვნები. ათონის წმინდა მთა სულიერი ცხოვრების კერაა. ივერონშიც ძალიან კარგად მიგვიღეს ქართველები. ჩვენ ვიყავით ივერონში და უწმინდესის ნაჩუქარი წმინდა იოანე და გიორგი მხეიძეების ხატი გვაჩვენა მამა კალენიკემ, რომელიც თავად ტაძარში იყო დაბრძანებული. გამოვიდა მამაო და გვითხრა: თუ შეიძლება, გვითხარით, ეს წმინდა მამები ვინ არიანო. ჩვენ მოგვიტანეს ეს ხატი და აქ დავდეთო. ქართული წარწერები აქვს ხატს და ვერ ამოიკითხეს, ვინ არიან მასზე გამოსახულნი. საოცარი გახლდათ, როცა მამა ბენედიქტე ბარკალაიას კელიასთან ავედით. შორიდანვე იგრძნობა, რომ ქართული კელიაა. ივერონში ბენედიქტე ბარკალაიას პერიოდის კელია დანგრეულია და ახალი შენობა ააშენეს.

ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს იქაურმა სასულიერო პირებმა. არ შემიძლია არ აღვნიშნო წმინდა გრიგოლ პალამას ტაძრის წინამძღვარი, მამა მეთოდე, უსაყვარლესი ადამიანი. პარიზში და ბოსტონის უნივერსიტეტში დაამთავრა დოქტორანტურა, თეოლოგიის დოქტორია. მამა მეთოდემ სულიერი სახლი შექმნა, სადაც ბავშვებს ქრისტიანული წესით ცხოვრებას ასწავლის. მომავალ თაობას მფარველობს და პატრონობს... ძალიან უყვარს ადამიანები. ბერძნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება მაქვს, ძალიან შემიყვარდნენ. ყველგან არის კარგიც და ცუდიც. ძირითადად კარგი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებთანაც აუცილებელია ვისწავლოთ მიდგომა. კულტურულად უნდა მივუდგეთ და ისინი ყველაფერს გაგვიკეთებენ. პირადად მე ბერძნებმა კარგის მეტი არაფერი გამიკეთეს და მათი ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მამა მეთოდესგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

ძველ მაკედონიაში მსახურობს ერთი მოძღვარი, მამა სიმეონი, რომელიც არის მამა პაისი ათონელის მოწაფე. მე ვიყავი მის სახლში, სადაც მაჩვენა ის ტახტი, სადაც მამა პაისის ეძინა. მამა სიმეონიც ასეთი გერონდაა. გერონდა სიმეონს გათხრილი აქვს თავისი საფლავი. 93 წლის არის ეს პიროვნება და ყოველ ორშაბათობით მართავს ხალხთან შეხვედრებს. ხშირად ამბობენ ხოლმე, საბერძნეთში მორწმუნე ადამიანები არ ცხოვრობენო, ეს არ დაიჯეროთ და არ თქვათ, რომ საბერძნეთში გაუბრალოებულია სარწმუნოება და ხალხი არ დადის ტაძრებში. ეს არ არის სწორი. როცა მამა სიმეონთან მივედით შეხვედრაზე, მანქანის დასაყენებელი ადგილი ძლივს ვნახეთ, იმდენი ხალხი იყო. ეკლესია სავსე იყო. პირადად მე ხშირად დავდივარ ათენში, კოლონაკში მდებარე წმინდა დიონისე არეოპაგელის სახელობის ტაძარში, იქ, სადაც დიონისე არეოპაგელი ქადაგებდა. საბერძნეთში ყველა ქუჩაზე ორი-სამი ტაძარია და მსახურების დროს მრევლით ივსება.

ღმერთის მადლობელი ვარ, რომ საბერძნეთში წამიყვანა.
ბეჭდვა
1კ1