საქართველოსთვის ცოცხლობდა, მისთვის წერდა, ტკივილამდე ენატრებოდა, ანდერძადაც მისი სიყვარული და გაფრთხილება დატოვა
საქართველოსთვის ცოცხლობდა, მისთვის წერდა, ტკივილამდე ენატრებოდა, ანდერძადაც მისი სიყვარული და გაფრთხილება დატოვა
დღევანდელი საქართველოსთვის ემიგრაცია მტკივნეული თემაა - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ აღმოჩნდა და დღემდე ემსახურება იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელმაც შეიფარა. მათ მიზნად იქცა ახალ გარემოებებთან შეგუება, შვილებისთვის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა. ალბათ თითოეულმა ემიგრანტმა ცალკე უნდა გადაწყვიტოს თავისი პირადი პრობლემები, მაგრამ ტკივილი ერთი აქვთ - ნოსტალგია. უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც კიევში არსებობს უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელი", ხოლო 2010 წლის 22 მაისს დაარსდა საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგია", რომლის მიზანია სამშობლოს მოწყვეტილ თანამემამულეთა მხარდაჭერა და დახმარება. ამ მიზნით ასოციაცია, ახლა კი გაერთიანებაც, შეისწავლის და აანალიზებს იმ სირთულეებს, რომლებიც ადამიანის უცხო გარემოსთან ინტეგრირებისას ჩნდება. ორგანიზაცია დიდ ყურადღებას აქცევს ქართული კულტურის პოპულარიზაციას უკრაინაში.

სათვისტომოს წარმომადგენლობები უკრაინის 15 ოლქშია, 6 ოლქში ქართული საკვირაო სკოლა და 3 კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. სათვისტომოში გაერთიანებულია უკრაინაში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ცნობილი სახეები. აქ დიდი სიამოვნებით უღებენ კარს ემიგრანტებს და ეხმარებიან. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელია უკრაინაში მცხოვრები საზოგადო მოღვაწე ბატონი ბესიკ შამუგია. ბატონი ბესიკი წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავადანაა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა კიევში სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა. შემდეგ დაამთავრა კიევის ალექსანდრ ბოგომოლეცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი. ახლა აქვე ლექტორია და ასევე უკრაინის ბიოლოგიური აკადემიის დირექტორი. არის კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს რეკევეგის საერთაშორისო პრემია გერმანიაში. 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 2001 წლიდან არის უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელის" პრეზიდენტი, ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი და ხელს უწყობს უკრაინაში ქართული კულტურის განვითარებას. ასევე არის უკრაინაში პირველი ქართულ-უკრაინული ჟურნალის "საქართველოს" პროექტის ავტორი. 2010 წელს აირჩიეს უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგიას" პრეზიდენტად. შემდეგ წელს კი ჩამოყალიბდა უკრაინის საზოგადოებრივი გართიანება "გეორგიას" ახალგაზრდული ფრთა.

გვესაუბრება ბატონი ბესიკ შამუგია:

- იმ მრავალ სირთულეს, რომელიც ერთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრებას, დაემატა ალბათ ქართველისთვის ყველაზე მთავარი რამ: ბავშვების ნამდვილი პატრიოტული სულით აღზრდა. ეს კი თითქმის შეუძლებელია მშობლიური ენის ცოდნისა და ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან შეხების გარეშე. კიევის ქართული საკვირაო სკოლა ჩამოყალიბდა 1996 წლის ნოემბერში საერთაშორისო კულტურულ-საქველმოქმედო ფონდ "სამშობლოს" ეგიდით. მისი დამაარსებლები არიან უკრაინაში საქართველოს საელჩოს იმჟამინდელი ხელმძღვანელობა (ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი, დესპანი გრიგოლ ქათამაძე, კონსული ავთანდილ მიქაცაძე) და კიევის ქართული საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები: მევლუდ ხურციძე, ალექსანდრე მოლოვიჩკო, ანატოლი მილჩენკო, გია ჯოჯუა, ირაკლი მუნჯიშვილი, დავით თოდუა. ქართული საკვირაო სკოლა ფუნქციონირებდა საშუალო სკოლაში და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში. მეცადინეობა წარიმართებოდა შაბათ-კვირაობით. პირველი მასწავლებლები იყვნენ: ნანა ღონღაძე, ამირან ბეჟუაშვილი, ალექსანდრე მოლოვიჩკო, როზა არობელიძე.

2000 წლიდან სკოლის მუშაობა უფრო ხალისიანი გახადეს კიევის შინაგანი ჯარების აკადემიის სტუდენტებმა, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ქართული ცეკვის შემსწავლელ კურსებს.

2001-2002 წლებში სკოლაში უფრო მეტი მოსწავლე და მასწავლებელი მოვიდა. დაიწყო ქართული სიმღერის შესწავლა. ქართული ენისა და ისტორიის სასწავლებლად კი ჩერნიგოვიდან ჩამოვიდა ცნობილი ქართველი მწერალი ბატონი გურამ პეტრიაშვილი. მალე მას შეუერთდნენ დაწყებითი კლასების სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნათია რობაქიძე და მანანა სულაქველიძე, რომელიც ასწავლიდა ბავშვებს ქართულ სიმღერასა და ცეკვას. სკოლაში ასევე მუშაობდა ირინე პეტრიაშვილი, რომელიც ასწავლიდა ქართულ ენას ბავშვებს შერეული ოჯახებიდან. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, კიევში, საკვირაო სკოლის საფუძველზე, შეიქმნა ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. დღეს ცენტრი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით. ატარებს სხვადასხვაგვარ ღონისძიებას კიევში და მთელ უკრაინაში. ყველა მსურველს უზიარებს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ენას, მხარს უჭერს ქართული ცეკვის ანსამბლ "იბერიელის" მუშაობას. საკვირაო სკოლა – ეს არა მხოლოდ ქართული ენის გაკვეთილებია ყველა მსურველისთვის, არამედ სასწავლო პროგრამაში შედის ქართული ცეკვები და სიმღერა, ლექციები საქართველოს ისტორიის შესახებ. მსურველებს რეგულარულად უჩვენებენ ქართულ დოკუმენტურ და მხატვრულს ფილმებს. სიმღერებიც და ფილმებიც აადვილებს ენის შესწავლას. ხშირი ურთიერთობა გვაქვს მირგოროდში დავით გურამიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმთან, რომლითაც ხელს უწყობენ ქართული კულტურის განვითარებას უკრაინაში.

დავით გურამიშვილის სახლ-მუზეუმი
მირგოროდში დავით გურამიშვილის საფლავი და მისი სახელობის მუზეუმია.

რა მდგომარეობაშია ამჟამად მუზეუმი, რამდენად ხშირად ჩადიან მირგოროდში ქართველები, რა როლს თამაშობს მუზეუმის ცხოვრებაში უკრაინაში მყოფი ქართული დიასპორა? "კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუს დავით გურამიშვილის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დირექტორთან, ტატიანა დიდენკოსთან, რომელიც დაიბეჭდა ქართულ-უკრაინულ ჟურნალ "საქართველოში".

- უკრაინასა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. თუმცა ორი ხალხის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ეტაპი XVIII საუკუნის II ნახევარში დადგა (ვახტანგ VI-ის მეფობის დროს). გურამიშვილი ქართველ ემიგრანტთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი იყო. განგებამ ის მირგოროდს მჭიდროდ დააკავშირა. სწორედ აქ, მდინარე ხოროლის ნაპირებზე, ალუბლის ბაღებს შორის, უკრაინული ხალხური სიმღერების ჰანგებზე გაატარა პოეტმა ცხოვრების ბოლო 32 წელი, 1792 წლის 1-ელ აგვისტოს გარდაიცვალა და მისი საფლავიც აქ მდებარეობს. ამიტომაც, მისი მუზეუმის გახსნაც აქ, მირგოროდში გადაწყდა. იდეის განხორციელება კი უკრაინელი მწერლის, ფილოსოფოსის, გამოჩენილი ადამიანის - მიკოლა ბაჟანის ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. 1968 წელს მირგოროდში დავით გურამიშვილის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი დაარსდა. მისი პირველი დირექტორი გახდა ენათმცოდნე, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი ივან გურინი. ბუნებრივია, საქმე არც ისე ადვილი შესასრულებელი იყო: მუზეუმი პრაქტიკულად ცარიელ ადგილზე უნდა დაარსებულიყო: გურამიშვილს არ ჰყოლია შთამომავლობა, არც ოჯახური რელიკვიები შეუნახავს ვინმეს, მეტიც, მის ბიოგრაფიაში ძალიან ბევრი თეთრი ლაქა იყო. თუმცა თავად შემოქმედებითმა და საქმეზე შეყვარებულმა გურინმა ამ ამოცანასაც შესანიშნავად გაართვა თავი, არც არის გასაკვირი, მას ხომ ქართული მხრიდან ისეთი მეცნიერები და სპეციალისტები ეხმარებოდნენ, რომლებიც მუშაობდნენ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში, ხელნაწერთა ინსტიტუტში, საჯარო ბიბლიოთეკაში, საქართველოს ტელესტუდიაში. უკრაინული მხრიდან კი მუზეუმის დაარსების საქმეში ჩაერთო უკრაინული ხელოვნების, შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო მუზეუმები, ასევე პოლტავისა და მირგოროდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

KARIBCHE

დავით გურამიშვილის სახლ-მუზეუმი

შედეგად, შეგროვილი და მოძიებული მასალა დიდ ექსპოზიციად იქცა, რომელსაც შეეძლო მოეთხრო დამთვალიერებლისთვის ქართველი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მისი თანამედროვეების, პოეტზე გამოცემული წიგნების შესახებ. ექსპოზიცია მოიცავდა XVIII საუკუნეში ქართველი და უკრაინელი ხალხის ცხოვრების ამსახველ ექსპონატებსაც.

საბოლოოდ, დავით გურამიშვილის სახელობის მირგოროდის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 1969 წლის 12 მაისს გაიხსნა, უკრაინაში ქართული კულტურის დეკადის დღეების დროს. სხვათა შორის, მუზეუმის ფონდში ინახება უნიკალური კინოკადრები, რომლებზეც ასახულია სწორედ გახსნის დღის ქრონიკა. სტუმრებს კი უკვე ოფიციალურად დანიშნული დირექტორი, პოეტი ოლეს იურენკო ესალმებოდა. მუზეუმის გახსნას ქალაქის ათასობით მცხოვრები, ქართველი და უკრაინელი მწერლების დელეგაციები დასწრებიან. ქართველ მწერლებს შორის იყვნენ: გრიგოლ აბაშიძე, ხუტა ბერულავა, ნოდარ გურეშიძე, რევაზ მარგიანი, თამაზ ჭილაძე, იოსებ ნონეშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, კონსტანტინე ბარამიძე, უკრაინულ ლიტერატურას კი მიკოლა ბაჟანი, დმიტრო კოსარიკი, დმიტრო პავლიჩკო წარმოადგენდნენ. მუზეუმის სტუმართა წიგნში პირველი ჩანაწერიც გაჩნდა გურამიშვილის თანამემამულეებისგან: "უდიდესი მადლობა უკრაინელ ხალხს... მოხარულები ვართ, რომ უკრაინელები ასე სათუთად უფრთხილდებიან ქართველებისათვის საამაყო პოეტის სახელს. ეს მუზეუმი უკრაინელი ხალხის უდიდესი საჩუქარია".

- "დავითიანი" უკრაინაში დაიწერა, ხშირად ამბობენ, რომ გურამიშვილი საქართველოში დაიბადა, თუმცა შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება უკრაინაში შეძლოო. განიხილავენ თუ არა გურამიშვილს უკრაინული ლიტერატურის კონტექსტში?

- გეთანხმებით, გურამიშვილის პოეტური ნიჭი სრულად უკრაინაში გამოჩნდა. აქ დაიბადა მისი "დავითიანი" - ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მან შთამომავლობას უანდერძა. გასაკვირი ის არის, რომ მისი სიკვდილის შემდეგ არაფერი დარჩენილა, ბიოგრაფიაშიც კი გაცილებით მეტი ლეგენდაა, ვიდრე დადასტურებული ფაქტი. მხოლოდ "დავითიანმა" შეძლო დავიწყების სიბნელის დაძლევა: ის არც ვოლგაში ჩაძირულა, არც ომების დროს დამწვარა... პოლტავშინაში ქართველი პოეტის სახელი ყველასათვის ცნობილია. გურამიშვილის გაცნობა სკოლიდან იწყება, "მშობლიური მხარის ლიტერატურის" საგანში პედაგოგები მოსწავლეებს გურამიშვილის შესახებ უყვებიან, რასაც ბუნებრივად მოჰყვება მისი მუზეუმის დათვალიერებაც. ყოველწლიურად უფროსკლასელები, რომლებიც მეცნიერებათა მცირე აკადემიაში სწავლობენ, წერენ მცირე ნარკვევს გურამიშვილის შესახებ. ქართველი შემოქმედის შესახებ საუბრობენ პოლტავის უნივერსიტეტშიც, ძირითადად კი გურამიშვილის მიერ ქართული ლიტერატურისთვის ახალი თემების განხილვა მიმდინარეობს. ქართველი პოეტის ბედით ინტერესდებიან პოლტაველი ხელოვანებიც: 2005 წელს, პოეტის დაბადებიდან 300 წლისთავზე, გამოიცა მხარეთმცოდნე ლუდმილა როზსოხას წიგნი "ქართველები უკრაინაში". ამავე წელს კიევში ხელახლა გამოიცა "დავითიანი", რაულ ჩილაჩავას წინასიტყვაობით. მუზეუმმა კი დაბეჭდა ორი ბუკლეტი: "დავით გურამიშვილი - ბიოგრაფიის ფურცლები" და "მირგოროდის დავით გურამიშვილის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი". მისი სახელი ხშირად ისმის ჩვენს ქვეყანაში - პატრიოტმა პოეტმა, ჰუმანისტმა, ფილოსოფოსმა გურამიშვილმა ნამდვილად დაიმსახურა ეს.

- თქვენ თავად როგორი დამოკიდებულება გაქვთ დავით გურამიშვილისა და საქართველოს მიმართ?

- ჩემთვის გურამიშვილი მე-18 საუკუნის გამოჩენილი პიროვნებაა. ქედს ვიხრი მისი სამშობლოს წინაშე: საქართველოსთვის ცოცხლობდა, მისთვის წერდა, ტკივილამდე ენატრებოდა, ანდერძადაც მისი სიყვარული და გაფრთხილება დატოვა. ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანს ტრაგედია. ის იყო პოლიტიკური ემიგრანტი, რომელიც განგებამ უცხო მხარეში მოიყვანა და უცხო კანონებით აცხოვრა... თანდათან ქრებოდა სამშობლოში დაბრუნების იმედიც, იცვლებოდა გვარები, ჩნდებოდა შერეული ოჯახები, ქართველებს მშობლიური ენა ავიწყდებოდათ, ტრადიციებიც, ადათებიც... "დავითიანი" კი დარჩა იმ ხიდად, რომელიც პოეტს შორეულ, მაგრამ ასე ახლობელ მხარეს აკავშირებდა. ბრძნული და სევდიანი, აღმზრდელობითი და გონებამახვილი, დიდებული და ლირიკული სტრიქონები ეხებიან გულს და ხშირად ცრემლებამდეც კი მივყავარ. ვფიქრობ, რომ XXI საუკუნეში მცხოვრებლებს ჯერ კიდევ არ გვაქვს გურამიშვილი ბოლომდე წაკითხული, ასე რომ არ იყო, მაშინ "დავითიანის" ყოველი წაკითხვისას გაკვირვებული არ დავრჩებოდით იმით, თუ როგორ ეხმიანება დღევანდელობას სამი საუკუნის წინ დაწერილი შედევრი.

საქართველო კი ჩემთვის ბავშვობის დროინდელ მოგონებებთან ასოცირდება: ზღვა, მზე, გემრიელი ხილი, ტკბილეულობა და საოცრად სტუმართმოყვარე დიასახლისი, რომელთანაც ჩვენი ოჯახი ზაფხულობით ჩერდებოდა. მოგვიანებით კი საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის შესახებ არაერთი წიგნი წავიკითხე. დღეს საქართველო ჩემთვის შორეული, შესანიშნავი და საოცარი ქვეყანაა, რომლის მთავარი სიმდიდრეც ხალხია. მინდა მშვიდობა და ბედნიერება ვუსურვო მათ.

- ხშირად ჩადიან მირგოროდში ქართველები? საერთოდ, გაქვთ თუ არა კავშირი ქართულ მხარესთან?

- მუზეუმში ერთი საინტერესო წიგნი ინახება, რომელიც პრაქტიკულად მისი 42-წლიანი არსებობის ისტორიას ასახავს, ეს არის სტუმრების წიგნი. აქ დიდების და პატარების, ჩინოვნიკების, ხელოვანების და მოქალაქეების ჩანაწერებს იპოვით, ნახავთ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მკვიდრთა ჩანაწერებს. ისინი მადლობას უხდიან მირგოროდს, რომ ასეთი რუდუნებით შეინახეს ქართველი პოეტის სახელი. ბუნებრივია, სასიამოვნოა მათი წაკითხვა, თუმცა კიდევ უფრო მოხარულები ვართ, როცა ასეთი შთაბეჭდილებებით გვემშვიდობებიან პოეტის თანამემამულეები. სტუმართა შორის ქართველები ყოველთვის ყველაზე ძვირფასები არიან. თუმცა ბოლო დროს ისე ხდება, რომ ასეთი ვიზიტი ჩვენთან ძალიან გაიშვიათდა. ქართველი პოეტის მუზუმში და მის საფლავზე ხომ უნდა ისმოდეს სიტყვები და სიმღერები მის მშობლიურ ენაზე?! დასანანია. მაგრამ კიდევ კარგი, რომ უკრაინაში ქართული დიასპორების წარმომადგენლები ჩამოდიან და პატივს მიაგებენ პოეტის ხსოვნას - მათთვის ხომ ეს მშობლიურ მიწაზე ყოფნას ნიშნავს.

განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს პოლტავის ქართული თემის გაერთიანება "გეორგიასთან" და უკრაინაში ქართველთა ასოციაციასთან, რომლის პრეზიდენტია ბესიკ შამუგია, ასევე ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ "იბერიელთან", რომელიც კიევში ფუნქციონირებს. ისინი ჩვენი საიმედო მეგობრები არიან - მათი მიერ გაწეული დახმარება ნამდვილად შეუფასებელია.

ტრადიციულად, დავით გურამიშვილის ხსოვნის დღეს - 1-ელ აგვისტოს ერთად აღვნიშნავთ.

ყველაზე ძვირფასი კი, რაც ქართველებსა და უკრაინელებს გვაკავშირებს, ის არის, რომ ეს ურთიერთობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცვლილებებზე. ეს ურთიერთობები გულწრფელია და მჯერა, რომ მომავალი მხოლოდ კარგ რამეს გვიმზადებს.

იმისიც მჯერა, რომ მუზეუმს ისევ ექნება შესაძლებლობა, ითანამშრომლოს საქართველოს ოფიციალურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

იმის მოლოდინიც მაქვს, რომ ერთ დღესაც რეალობად იქცევა უკრაინელი მწერლის ოლეს გონჩარის სიტყვები: "მირგოროდი - უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის დედაქალაქი".
ბეჭდვა
1კ1