ბავშვი ჰგავს სარკეს - ის უფრო ირეკლავს სიყვარულს, ვიდრე ასხივებს
ბავშვი ჰგავს სარკეს - ის უფრო ირეკლავს სიყვარულს, ვიდრე ასხივებს
"აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი" (მარკოზი 10,14)


ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება ბავშვთა დაცვის დღე. ეს დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან დღემდე ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

უფალ იესო ქრისტეს თავისი ქვეყნიერი ცხოვრების დროს განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები მათი უბიწოების, ალალმართლობისა და გულკეთილობისათვის. ბავშვებიც გარს ეხვეოდნენ მაცხოვარს, როგორც ტკბილსა და მოსიყვარულე მამას. მაცხოვარი ბავშვებს ეალერსებოდა და ლოცავდა.

ერთხელ იესო იჯდა და ხალხს ასწავლიდა. ამ დროს მიუყვანეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი. მოწაფეები კი ბრაზობდნენ. იესომ უთხრა მათ: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი. და დაადო ხელი და დალოცა.

ბავშვებო, იყავით თქვენც მართლის მთქმელნი, კეთილნი, უბიწონი, ღვთისმოშიშნი და მაცხოვარი იქნება მუდამ თქვენი დამლოცველი და მაკურთხებელი.

KARIBCHE


მშობლებს კი გვახსოვდეს, რომ ბავშვი ჰგავს სარკეს. ის უფრო ირეკლავს სიყვარულს, ვიდრე ასხივებს. თუ მას მიეცა სიყვარული, ის მას აბრუნებს. თუ ის სიყვარულს არ გრძნობს, მაშინ საპასუხოდ არაფრის, ან თითქმის არაფრის მოცემა არ შეუძლია.

თუ მშობელი სიყვარულს გასცემს არა მუდმივად, არამედ მხოლოდ რაღაც პირობების შესრულების შემთხვევაში, მაშინ ბავშვს შფოთვისა და საკუთარ ძალებში ურწმუნობის გრძნობა ეუფლება. მას არ შეუძლია გამოიმუშაოს ის სულიერი სიმრთელე, რომლისკენაც ისწრაფვის.

პავლე მოციქულმა ბრძანა, რომ ჩვენ ვხედავთ არასრულყოფილად, თითქოს ვიხედებოდეთ მკრთალი ანარეკლის მქონე სარკეში. მაგრამ ერთხელ თვალს გავახელთ და სრულ მხედველობას მოვიპოვებთ. მაშინ ღმერთს დავინახავთ პირისპირ. სანამ ეს მოხდება, საკუთარ თავს მხოლოდ ნაწილობრივ ვიცნობთ, მერე კი სრულად შევიცნობთ, ისევე, როგორც სრულად ვართ შეცნობილნი მის მიერ.

ბავშვის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მისი ცოდნა და აღქმა ნაწილობრივია. ბავშვის წარმოდგენა საკუთარ თავზე და მისი გაგება ძირითადად ყალიბდება ოჯახის წევრების დამოკიდებულებით, რომელსაც ისინი გამოხატავენ სახის გამომეტყველებით, ხმის ტონით და საქციელით. სხვანაირად, ისინი გამოდიან სარკის როლში, სადაც ბავშვი საკუთარ გამოსახულებას ხედავს. მშობლებს აქვთ უდიდესი პრივილეგია და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა: საფუძველი ჩაუყარონ ბავშვის მართებულ წარმოდგენას საკუთარ თავზე.

თუ ბავშვს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი, რომ არაფერს წარმოადგენს, მაშინ ის არც იმას მიანიჭებს მნიშვნელობას, რას ამბობს ან რას და როგორ აკეთებს. თუ ადამიანში შეყვანილ იქნა ასეთი დაბალი თვითშეფასების პროგრამა, მაშინ მისთვის ძნელი იქნება, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეუძლებელიც, იგრძნოს ღმერთის სიყვარული. ის ვერ იჯერებს, რომ მნიშვნელოვანია ღმერთისთვის.

როდესაც შვილებთან ურთიერთობა უპირობო სიყვარულზეა აგებული, ამ შემთხვევაში ჩვენ ვზრდით ჰარმონიულ და გაწონასწორებულ პიროვნებებს.

"ძვირფასო ბავშვებო, ჩვენო სულიერო შვილებო, უფალს განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და ლოცავს მათ. თუ თქვენ გექნებათ დიდი სიყვარული და სურვილი მასთან სიახლოვისა, თქვენი გული გახდება ტაძარი სულისა წმიდისა, სავანე ღვთისა. გახსოვდეთ, რომელ დღესაც ვერ შეძლებთ სიკეთის ქმნას, ის დღე დაკარგულია. გიყვარდეთ დედა და მამა და დაიმსახურეთ მათი ლოცვა-კურთხევა, რადგან მშობელთა ლოცვა ღვთის დალოცვაა. გიყვარდეთ ღმერთი, გიყვარდეთ ადამიანი, გიყვარდეთ წიგნი, რადგან სიყვარული სათავეა სიხარულისა და ადამიანის ბედნიერებისა", - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
ბეჭდვა
1კ1