"ბევრ ახალ წლებ დაინახ" - ინგილოური ტრადიციები
"ბევრ ახალ წლებ დაინახ" - ინგილოური ტრადიციები
"ბევრ ახალ წლებ დაინახ! ღმერთმა კაი ყისმათ მოგცეს!" (ანუ ბევრ ახალ წლებს დაესწარი და ღმერთმა კარგი ბედი მოგცესო) - ასე ულოცავენ ახალ წელს საინგილოში, რაზეც მომხვდური პასუხობს - ამინ, თქვენც ასევე!

ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში (ისტორიული ელისენი) 15 ათასამდე ინგილო ქართველი ცხოვრობს და მათი უმრავლესობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამუსლიმანდა დაღესტნელი ლეკი ბატონების ზეწოლის შედეგად. არსებობს ცნობები, რომ 1866 წელს ალიაბადის ცენტრში არსებული წმინდა სამების ქართული ეკლესია ლეკი მოლების ზეწოლით დაანგრიეს და 1876 იმავე ადგილას დიდი მეჩეთი, მინარეთი და მედრესი აშენდა, რამაც სოფლის მოსახლეობის საბოლოოდ გამუსლიმანება გამოიწვია (ამჟამად ამ მეჩეთიდან მთელ დაბაში დღეში ხუთჯერ ხმის გამაძლიერებლებით ისმის აზანის ლოცვის ხმა).


დღეისათვის ალიაბადში დაახლოებით 2000-მდე ქრისტიანული აღმსარებლობის ქართველია, რომელთა გარკვეული ნაწილი თავის აღმსარებლობას მალავს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე მართლმადიდებელ ქრისტიანებს სალოცავიც კი არ გააჩნიათ, ბაპტისტებს კი რეგისტრირებული სამლოცველო სახლი აქვთ. კიდევ უფრო დაუჯერებლია ის, რომ ადგილობრივი აზერბაიჯანული ადმინისტრაცია დღემდე არ იძლევა ქრისტიანული სასაფლაოს (მას საინგილოში "სამაროვანს" უწოდებენ) გახსნის უფლებას, რის გამოც ქრისტიან ალიაბადელებს მუსლიმანურ სასაფლაოზე კრძალავენ, რასაც ძნელია მსოფლიოში სადმე ანალოგი მოეძებნოს. ალიაბადთან ახლოს მდებარეობს მეორე დიდი ქართული სოფელი - მოსულიც, სადაც 3000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. სულ რაღაც 30 წლის წინ დაივიწყეს ქართული ენა ალიაბადის მეზობელ სოფელ ჰენგიანშიც (ამ სოფლის 1300-მდე მცხოვრებთა 99% ეთნიკურად ქართული წარმოშობა აქვს და იქ ამჟამად მხოლოდ უფროსი თაობის ადამიანებს თუ ახსოვთ მშობლიური ენა და თავისი იდენტობა). ამ მხარის ქართველები საუბრობენ ძველ ქართულ ენაზე, ქართული ენის ინგილოური დიალექტის ალიბათურ კილოზე, რაც ყველაზე ახლოსაა ფერეიდნელთა მეტყველებასთან. ინგილოურ დიალექტში ბევრი უნიკალური ძველი ქართული სიტყვა ცოცხალ მეტყველებაშია შემორჩენილი, რაც ქართველ ენათმეცნიერთა და ფილოლოგთა მხრიდან დეტალურ კვლევას იმსახურებს. საინტერესოა, რომ გამუსლიმანების მიუხედავად, დღემდე ადგილობრივი ქართველები სხვა მუსლიმებისგან განსხვავებით შავებს იცვამენ, ორმოცს და წლისთავს იხდიან, ბაირამზე კვერცხებს წითლად ღებავენ და ერთმანეთს უჭახუნებენ (რაც აღდგომის სახეცვლილი გამოძახილია) და სხვ. აღსანიშნავია, რომ ბაირამის დღესასწაულზე ადგილობრივი ინგილო ბავშვები ოჯახებში კარდაკარ დადიან და წითელ კვერცხებს, ტკბილეულს და სხვა საჩუქრებს აგროვებენ, რაც გამუსლიმანების შემდეგ საშობაო ალილოს და სააღდგომო ჭონას ტრადიციების სახეცვლილ გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ).


KARIBCHE

განსაკუთრებით საყურადღებოა სააღდგომო ჭონის დღემდე ცოცხალი ტრადიცია საინგილოში, რომელიც ქართველ მკითხველს აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალიდანაც" ადვილად გაახსენდება. დღეისათვის სააღდგომო ჭონის ტრადიცია მთელ საქართველოში მივიწყებულია და მხოლოდ კახის რაიონის მართლმადიდებელ ქართველთა სოფლებშია შემორჩენილი. სამწუხაროდ, დღემდე საინგილოში შემონახული ეს ტრადიცია ქართველი ეთნოგრაფების, ისტორიკოსებისა თუ ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩება.
KARIBCHE

KARIBCHE
ბაირამის დღესასწაულზე ადგილობრივი ინგილო ბავშვები ოჯახებში კარდაკარ დადიან და წითელ კვერცხებს, ტკბილეულს და სხვა საჩუქრებს აგროვებენ, რაც გამუსლიმანების შემდეგ საშობაო ალილოს და სააღდგომო ჭონას ტრადიციების სახეცვლილ გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ).

KARIBCHE
3 წლის ალექსანდრე ემრაშვილი პირველ სააღდგომო ჭონაზე (კახის რაიონის სოფელი ალიბეგლო)

საკმაოდ დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც რამდენიმე წლის წინ, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში, აღდგომის დღესასწაულზე სტუმრობისას აღმოვაჩინე, რომ ტრადიციულად, ყოველ აღდგომას ადგილობრივი ქართველი ბავშვები ყველა ოჯახში, კარდაკარ დადიან, ადამიანებს დღესასწაულს ულოცავენ და წითელ კვერცხებს, ტკბილეულსა და სხვა საჩუქრებს აგროვებენ (ალიბეგლო (ისტორიული ქათმისხევი) კახის  რაიონში ყველაზე დიდი სოფელია და 2000-იანი მოსახლეობის თითქმის 100 % მართლმადიდებელი ქართველია). ეს ტრადიცია სოფლებისგან განსხვავებით ქალაქ კახში უკვე მივიწყებულია. იმედია, სააღდგომო ჭონის ტრადიცია მომავალში საშობაო ალილოს მსგავსად საქართველოშიც გაცოცხლდება.

KARIBCHE
ტრადიციული ინგილო ქალის სამოსი (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი)


დაბა ალიაბადში უბნებს დღემდე ძველი ქართული სახელები ჰქვია, რაც ქართველი ეთნოგრაფების კვლევის საგანი დღემდე არ გამხდარა - ქურა, ქევხიანი (ქევხიშვილების) , ციცქვილ (ანუ წისქვილ) უბანი, ჩიტის უბანი, ძაღლის (ვარდის) უბანი, ასუსტიანი, კურდღლის უბანი, მურტალიანი, მამადელიანობა, ბეშორ უბანი, მიჟოღამ უბანი, ზემოთ უბანი.

KARIBCHE
ტრადიციული ინგილოური "მახარას" მომზადების პროცესი


წელს პირველად ახალ წელს საინგილოში, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში შევხვდი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან სტუმრები აქ არც თუ ისე ხშირია და ამიტომ ყოველი სტუმარი ყურადღების ცენტრში ექცევა და ფაქტობრივად მთელი უბანი თავის სტუმრადაც აღგიქვამს. ახალ წელს, ღამის 12 საათისთვის, ადგილობრივი ახალგაზრდების უმრავლესობა ტრადიციულად ქუჩებში, მორთულ ნაძვის ხეებთან, საახალწლო კოცონებთან, მხიარულების, ქეიფის, მუსიკისა და ცეკვის (და რაღათქმაუნდა მაშხალების) თანხლებით ხვდება. გვიან ღამით ახალი წლის აღნიშვნა ოჯახებში გრძელდება და ჩვეულებრივ ერთმანეთის ოჯახებში გადაპატიჟებაც ხდება.

KARIBCHE

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი ინგილოები ცეკვას "შიპრობას" უწოდებენ და სიტყვა ცეკვა უმრავლესობისთვის უცნობია. ყველა უბანში რამდენიმე ადგილას ინთება საახალწლო ცეცხლი, რომელზეც ბავშვები ჭიაკოკონობის მსგავსად ხტებიან. ცეცხლში გადახტომის დროს იტყვიან - რაც ფინთი (ანუ ცუდი) დღეები დავინახეთ, ძველ წელში დარჩეს, ცეცხლში დაიწვეს, ახალ წელს ღმერთმა კაი დღეები დაგვანახოსო...

KARIBCHE

არსებობს მეკვლეობის მსგავსი ტრადიციაც - მასზე, ვინც, 12 საათის შემდეგ პირველი შევა ოჯახში, თუ ოჯახს ბედნიერი წელი ექნება, ამბობენ - სიფთა ვინც შემოვიდა, კაი ფეხი აქო, კაი მამიხდაო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასზე იტყვიან - რა ფინთი ფეხი ჰქონიაო და მეორე წელს ეცდებიან იგივე პიროვნება პირველი აღარ შევიდეს ოჯახში (დანარჩენი საქართველოს მსგავსად, ინგილოები ასევე ხვდებიან 14 იანვარსაც - ძველით ახალ წელს).

KARIBCHE


ისღა დაგვრჩენია, საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩენილ ინგილო ქართველებს მხნეობა, ხვავი, ბარაქა, დედა ენისა და სამშობლოს სიყვარული ვუსურვოთ და ინგილოურად მივულოცოთ ძველი ახალი წელი - "ბევრ ახალ წლებ დაინახ! ღმერთმა კაი ყისმათ მოგცეთ!"


სერგო კერესელიძის ფოტოები


ბეჭდვა
1კ1