გული იმაზე მწყდება, რომ საუკეთესო წლები დავკარგე, რომლებსაც ვეღარავინ ამინაზღაურებს
გული იმაზე მწყდება, რომ საუკეთესო წლები დავკარგე, რომლებსაც ვეღარავინ ამინაზღაურებს
"ქართული ლიტერატურის ვრცელმა და მრავალფეროვანმა ისტორიამ ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი იცის , რომელთა შორის სრულიად განსხვავებულად დგას 1858 წლის ივნისის ერთ-ერთი ბოლო დღე, როდესაც ეკატერინე დადიანმა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელით ნაწერი ლექსების (და პოემის) რვეული გადასცა ჭაბუკ ილიას... ადვილად წარმოსადგენია, რა მოხდებოდა, რომ ეკატერინეს საერთოდ არ გახსენებოდა ოდესღაც მასზე უგონოდ შეყვარებული "კოჭლი ბიჭის" ლექსებით სავსე რვეული...

- ილია ჭავჭავაძე ვეღარ იქნებოდა ამ დონის შემოქმედი...

- შესაძლოა, აღარც აკაკი წერეთელი გვყოლოდა...

- აღარ დაიხვეწებოდა XIX საუკუნის ქართული მწერლობა...

- დიდი ხნით გადაიდებოდა ახალი სამწერლობო ენის შექმნა...

- ილიას გაუჭირდებოდა... ვერ ჩამოყალიბდებოდა როგორც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი იდეოლოგი.

- და სულ ბოლოს... ქართველებად დავრჩებოდით კი?"

* * *
"უბიწო ცხოვრებით გულუჯერები, ლოცვით დაღლილი განდეგილი თავისი ქვაბულიდან ბუნების უჩვეულო სურათს შეჰყურებს. მოშორებით მოჩანს მწვანით მოსილი მთათა კალთები. ჩასავალად მიწურული მზე მთის წვერზეა, ვით ცეცხლის ბორბალი, რომელიც ცეცხლისავე ალში ხვევდა შემოგარენს. სხივგაშლით წამონთებულიყო ზეცის ლაჟვარდი, რომელსაც წითელ-ყვითელი ფერები მოსძალებოდა. უჩვეულო სანახავი იყო ღრუბლის ფთილებიც, რომლებიც მზის სხივების სპექტრში თრთოდნენ.

ბუნების ამგვარ სურათს მთლად დაეტყვევებინა განდეგილი..."

* * *
"ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გრიგოლ ორბელიანის სულში ოქროს ზოდებად ჩალაგებული პოეტური საგანძური იქვე დარჩებოდა, თეირანში დაღუპულ გრიბოედოვზე მგლოვიარე შავთალხებით მოსილი ნინო ჭავჭავაძე რომ არ ენახა...

ვფიქრობ, გრიგოლ ორბელიანის პოეტური მემკვიდრეობა ქრონოლოგიურად ასე უნდა დალაგდეს: ჯერ ნინო ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ორი ლექსი და მერე "ანტონს". ნინოსადმი მიძღვნილი ლექსები იმ პერიოდისაა, როდესაც თეირანიდან ჯერ კიდევ არ ჩამოესვენებინათ გრიბოედოვის ნეშტი - ჭავჭავაძეთა ოჯახში კი უწყვეტად დადიოდნენ სამძიმარისთვის (ასე ეახლა ა.ს. პუშკინიც...). მისულა გრიგოლიც და უხილავს ეს XIX საუკუნის I ნახევრის საქართველოს ულამაზესი ქალბატონი (17 წლისა!). ერთი ცნობით, თითქოს 1828 წლის რუსეთ-სპარსეთის ომი იმიტომ ვერ აიცილა სპარსეთმა, რომ ტახტის მემკვიდრეს, აბას მირზას, ტფილისის გადაბუგვა და ნინო ჭავჭავაძის გატაცება სურდაო..."

ეს არის ფრაგმეტები თამაზ ტყემალაძის პუბლიცისტური სტატიებიდან, რომლებიც ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნდა.

- ბატონო თამაზ, როგორ წარგადგინოთ მკითხველის წინაშე - ვინ არის თამაზ ტყემალაძე და რა საქმიანობას ეწევით დღეს?

- მე ვარ ფილოლოგი, ჟურნალისტი. შეგიძლიათ ასე უბრალოდ წარმადგინოთ, რადგან რეგალიები არასდროს მხიბლავდა.

ტელემაყურებელს ჩემი გადაცემებით უფრო დავამახსოვრდი, მაგრამ მე ხომ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ვეწევი. ამ სფეროში 30 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი დამიგროვდა. დავიწყე თბილისის 161-ე საშუალო სკოლიდან, საკმაოდ დიდხანს ვასწავლიდი 51-ე სკოლაში, ერთხანს ფოთის მესამე პროფილურ და კერძო სკოლაშიც ვმუშაობდი, ლექციებს ვკითხულობდი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა ინსტიტუტებშიც, რომელთაც დღეს რატომღაც ყველას უნივერსიტეტებად მოიხსენიებენ.

მას შემდეგ, რაც ტელევიზიიდან გამომიშვეს, ფაქტობრივად, ჩემმა მოსწავლეებმა გადამარჩინეს, რადგან ბავშვებთან წმინდა, შეურყვნელმა ურთიერთობამ და მეგობართა ფართო წრემ (შენი ჩათვლით) გადამატანინა ეს მძიმე წლები.

ჩემმა ყმაწვილკაცობამ თამაზ ჩხენკელის, ვახუშტი კოტეტიშვილის, თეიმურაზ მაღლაფერიძის, ზაალ ჟვანიას გვერდით გაიარა.

ტელევიზიაში ლამის სისხლი ჩავაქციე, იმდენი რამ გავაკეთე და იქიდან ისე გამომიშვეს, თითქოს რაიმე დანაშაული მქონდა ჩადენილი. დღეს იმის უფლებაც არა მაქვს, მოვიკითხო ჩემი საავტორო გადაცემები, რადგან ჩამოგვართვეს იქ შესვლის უფლება და ისიც არ ვიცი, საერთოდ არსებობს თუ არა ჩემს მიერ ათეული წლების მანძილზე დიდი წვალებით და რუდუნებით გაკეთებული ჩანაწერები. მადარდებს ისიც, რომ თუ ეს ფირები დროულად არ გადაიწერა დისკებზე, შეიძლება ისე დაზიანდეს, ვეღარც კი გადარჩეს, რადგან ფირს თავისი ცვეთა აქვს და დროთა განმავლობაში სიმკვეთრეს კარგავს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს არავის ანაღვლებს.

რაც შეეხება ჩემს დღევანდელ საქმიანობას, ისევ ჩემს ბავშვებთან ვარ სკოლაში. ვიბეჭდები პრესაში, გაზეთ "24 საათში" ხშირად ვაქვეყნებდი პუბლიკაციებს, როცა ეს გაზეთი ცოტა სხვაგვარი იყო. ორგვერდიან მასალებს ვბეჭდავდი "ვიქ ენდში". დავინტერესდი ისტორიული მასალებით და ამის პარალელურად თბილისის ამბებით 1800-იანი წლებიდან მოყოლებული. ლიტერატურულმა წერილებმა 1000 თაბახს გადააჭარბა და დადებული მაქვს წიგნებად, თუ მისი გამოცემით ვინმე დაინტერესდება.

ორი წელი გახლდით მთავარი რედაქტორი "ახალი ქართული გაზეთისა", რომელიც 1998-2000 წლებში გამოდიოდა. ეს გაზეთი, რომელსაც აჭარის ხელისუფლება აფინანსებდა, სრულიად ახალი სიტყვა იყო ქართულ ჟურნალისტიკაში. მახსოვს, ოთარ მეოტიშვილმა დაწერა სტატია ასეთი სათაურით: "ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა გემი "მემედ აბაშიძე", ახლა ასლან აბაშიძის ჯერია". ამაზე ბ-ნი ასლანი ძალიან გაგვინაწყენდა, გაზეთის დახურვა კი არა, მიკვირს, ცოცხალი როგორ გადავრჩით.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით, ვარ ახალდაარსებული ჟურნალის "ფშავ-ხევსურეთის" მთავარი რედაქტორი, რომლის პირველი ნომერიც უკვე გამოვიდა.

- სხვათა შორის, საპატრიარქოს ტელევიზიით ხშირად უჩვენებენ თქვენს გადაცემებს.

- კი, მეც ვნახე ჩემი რამდენიმე გადაცემა, როგორც ჩანს, პირველი არხიდან გაიტანეს. მინდა აღვნიშნო, რომ გადაცემები, რომლებსაც ვამზადებდით, როგორც წესი, რედაქციის ტიხარით ილუქებოდა, ამ გადაცემების ბოლოს მე ისეთი მასალები მქონდა მიწერილი, რომლებიც მართლაც უნიკალურია თავისი საარქივო მნიშვნელობით, სამწუხაროა, რომ ეს არავინ იცის დღეს და არც არავის აინტერესებს.

- ხომ არ გაიხსენებთ, როგორ შედგა თქვენი დებიუტი ტელევიზიაში?

- ტელერადიოკომიტეტში ბატონი ზაზა დარასელის მეცადინეობით მოვხვდი. იმ დროისათვის რადიოში გაბატონებული შეხედულების თანახმად, 1 წელი მაინც უნდა გემუშავა შტატგარეშე კორესპონდენტად და ამ ხნის მანძილზე ყოველნაირად გამოგეჩინა თავი, რომ შტატში მოხვედრილიყავი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სასწაული მოხდა და 1979 წლის შემოდგომაზე, ჯარიდან ახალდაბრუნებული, პირდაპირ შტატში ამიყვანა რადიოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბ-ნმა პეტრე შამათავამ, რომელსაც რატომღაც გული უჩუყდებოდა სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებული ჯარისკაცების მიმართ, თანაც მე ოფიცერი ვიყავი და პრესაშიც მქონდა გამოქვეყნებული რამდენიმე წერილი. ეტყობა, ბ-ნი პეტრე ამანაც განაწყო დადებითად ჩემდამი. რადიოს ლიტერატურულ რედაქციაში მართლაც დაუვიწყარი წლები გავატარე შესანიშნავ ადამიანებთან - ზაზა დარასელთან, ნანა ტალახაძესთან, მაია წერეთელთან, მთავარი რედაქტორი ბ-ნი კაკო კობერიძე გახლდათ.

მას შემდეგ, რაც ბატონ სოლომონ ლაფაურის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქცია, ძალიან ბევრს მიუწევდა იქითკენ გული. მართალია, ბატონი სოლომონი მე არ მიცნობდა, მაგრამ ამჯერადაც ბედმა გამიღიმა და მე და ცხონებული გოგი დოლიძე ერთად მიგვიღეს ამ რედაქციაში. შესანიშნავი კოლექტივი დამხვდა; ბ-ნი თამაზ ელიავა, ამ რედაქციის მთავარი რეჟისორი როდამ ჭელიძე, შესანიშნავი მომღერლები, ზურაბ ლოლაძე, თემურ ჭკუასელი, გია ჭირაქაძე. ამ რედაქციაში ჩემი მისვლა და იქ გატარებული ორი წელი იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ხალხური შემოქმედების ბუმი იყო საქართველოში. ფილარმონიაში ჩატარებული ფოლკლორის საღამოები, რომლებიც შეუდარებელ ვახუშტი კოტეტიშვილს მიჰყავდა, ხალხს უდიდეს სიხარულსა და დღესასწაულს განაცდევინებდა. მე პირადად ჩემი ტელევიზიაში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მსგავსი რამ არც მინახავს და არც განმიცდია. ბატონი ვახუშტი მართლაც განსაკუთრებული პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა ქართულ საზოგადოებაში. მახსოვს, როცა ის გამოჩნდებოდა, ქუჩა იკეტებოდა. საბედნიეროდ, ერთხელ ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ დასავლეთ საქართველოში ორ უმშვენიერეს მანდილოსანთან ერთად და ისე მოვიარეთ ქალაქები და სოფლები ხუთი დღის განმავლობაში, ხალხმა მანქანის საწვავის ფულიც არ დაგვახარჯვინა. ვინც კი შეგვხვდებოდა, ყველა გვეხვეწებოდა, მასთან მივსულიყავით სტუმრად, ისეთი ცნობილი პიროვნება გახლდათ ბატონი ვახუშტი.

ხალხური შემოქმედების მთავარ რედაქციაში ჩვენ ვაკეთებდით სატელევიზიო ჟურნალს "თვალთაი". აქედან მე გადამიყვანეს ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციაში განყოფილების გამგედ, მას შემდეგ, რაც ბ-ნი ზაზა დარასელი ამ თანამდებობიდან პირველ მოადგილედ დააწინაურეს. ამ ადგილზე კარგა ხანს მომიწია მუშაობა. ჩვენი მთავარი რედაქტორი ბატონი სოსო პაიჭაძე არა მარტო ნიჭიერი მწერალი, შესანიშნავი პიროვნებაც იყო. როდესაც იგი ჟურნალ "მნათობში" გადავიდა, მე დამნიშნეს მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლად, 1984 წლიდნ კი - მთავარ რედაქტორად.

ჩემი აზრით, საქართველოს ტელევიზია ყველაზე პოპულარული 80-იან წლებში იყო, რაც გარკვეულწილად მაშინდელი თავმჯდომარის, ბ-ნი ნუგზარ ფოფხაძის პროფესიონალიზმითა და მისი პიროვნული ავტორიტეტით იყო განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ იგი პირადად მე არასდროს მწყალობდა, სიმართლე უნდა ითქვას, მას ხელმძღვანელობისა და ორგანიზატორული მუშაობის დიდი უნარი აღმოაჩნდა. ჯერ ერთი, შესანიშნავი ხალხი მოიყვანა კომიტეტში. იმ დროს უფრო მშვიდი, უშფოთველი ცხოვრება იყო და ძალიან ძლიერი კომუნისტური აგრეგატი მუშაობდა. ამიტომ მართვა უფრო იოლი იყო.

რადგან ამ პერიოდს შევეხე, მინდა ერთი რამ გავიხსენო. პოეტ შოთა ნიშნიანიძის საიუბილეო თარიღი ახლოვდებოდა (თუ არ ვცდები, დაბადების 55 წლისთავი). დაგვავალეს, გაგვეკეთებინა გადაცემა ბატონ შოთაზე. რადგან რიგგარეშე გადაცემა იყო, ვისაც ეს დავავალე, ვერ მოამზადა თავის დროზე. ეს რომ ბატონმა ნუგზარმა გაიგო, გაგიჟდა: "ეს რა უპასუხისმგებლობაა, ახლა წადი და 10 წუთში ჩამომიტანე გეგმა, როგორ გამოვძვრეთ ამ მდგომარეობიდანო". ახლავე მოგახსენებთ-მეთქი. მთელი დღის განმავლობაში ჩავრთოთ 3-4-წუთიანი შოთა ნიშნიანიძის საუკეთესო ლექსები ზოგი ავტორის, ზოგიც მსახიობების კითხვით, რომელსაც გამოსახულებას დავადებთ საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი ტიტრით-მეთქი. ძალიან მოეწონა ეს იდეა, სასწრაფოდ დაუძახა პროგრამების დირექტორს ბ-ნ ავთო გაჩეჩილაძეს, რომელსაც წუთი-წუთზე ჰქონდა ყველა გადაცემა ჩასმული, ამოაღებინა პროგრამიდან 2 კინონარკვევი და ამ დროის ხარჯზე 7-ჯერ მაინც გაუშვა საუკეთესო გადაცემების წინ შოთა ნიშნიანიძის ლექსები. ეს სიახლე ისე მოეწონათ, ყოველ შაბათობით მიდიოდა რუბრიკა: "პოეზიის ხუთი წუთი", მოგვიანებით ამას დაემატა 5-წუთიანი ვერნისაჟი "საკვირაო გამოფენა", რომელსაც ქ-ნი ვალია ხაზალია ამზადებდა. აი, ასე ჩაეყარა საფუძველი ამ რუბრიკებს, რომლებიც ტელემაყურებლის დიდი მოწონებით სარგებლობდა.

მინდა გავიხსენო გადაცემათა ციკლი "სათავეებთან", რომელიც ჩემი ავტორობით მზადდებოდა. ეს გადაცემები ჩვენს კლასიკოს მწერლებს ეძღვნებოდა. თავიდან ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმიდან მიმყავდა, მოგვიანებთ - სასტუმრო "კოპალადან".

ამ რედაქციაში ჩემი მუშაობის პერიოდში აღვადგინე ჟურნალი "ხომლი", რომლის წამყვანად მოვიწვიე ბ-ნი გურამ გვერდწითელი.

გორბაჩოვის დროს თითქოს მეტი თავისუფლება მიიღეს რედაქციებმა, სწორედ მაშინ დავიწყე ახალი პროექტი "გულახდილი დიალოგები". წინათ სიტყვა "გულახდილი" ძალიან მძიმე ფორმად მიაჩნდათ, რადგან კომუნისტურ საზოგადოებაში არავის უნდოდა გულახდილობა, თითქოს სიტყვით გაძლევდნენ თავისუფლებას, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გიშვებდნენ. პირველი დიალოგი პოეტ ირაკლი აბაშიძესთან ჩავწერე, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა. ეს ორსაათიანი დიალოგი საუკეთესო დროს გადიოდა ეთერში. ამ გადაცემებს 22 საათზე ცენტრალური ტელევიზიის მთავარი სიანფორმაციო პროგრამა "ვრემია" კვეთდა.

ყოველ ჩვენს გადაცემას დიდი ინტერესით ელოდებოდა მაყურებელი. ცოტა ხანში შემოგვიერთდა ხალხური შემოქმედების რედაქცია და მე დამნიშნეს ამ ორი გაერთიანებული რედაქციის მთავარ რედაქტორად. 80-იანი წლების II ნახევარი ნგრევის წლები იყო ჩვენი ქვეყნისთვის, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რედაქციები ორად გაიყო, ზოგი ბუნკერში წავიდა, ჩვენ აქეთ დავრჩით. მე არასდროს ვყოფილვარ არც ზვიადისტი, არც შევარდნაძისტი და არც ახლა არავისტი არა ვარ.

მაყურებლის დიდი მოწონებით სარგებლობდა პოპულარული ტელეპროგრამა "საუბრები მაჩაბლის ქუჩიდან", რომელიც მწერალთა კავშირის ეზოდან მიმყავდა. გადაცემის რეჟისორი იყო სერგო ბუიღლიშვილი (მოვამზადეთ 10-12 გადაცემა). ამავე რეჟისორთან გადავიღე 8 ფილმი ილია ჭავჭავაძეზე, 5 ფილმი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტზე. შესანიშნავი საუბრები ჩავიწერე ჭაბუა ამირეჯიბთან, მთელი იმ პლეადის წარმომადგენლებთან, რომელიც ძალიან უყვარდა ჩვენს მაყურებელს, მოდიოდა უამრავი სამადლობელი წერილი რედაქციაში, დღეს კი გული მიკვნესის, რადგან არ ვიცი, საერთოდ გადარჩა თუ არა ეს გადაცემები, რომლებიც ასეთი პოპულარული და რეიტინგული იყო ერთ დროს.

- ბატონო თამაზ, არ გიცდიათ ტელევიზიაში მიბრუნება?

- როგორც ავადმყოფ მღვდელს საკმევლის სუნი მოარჩენს, ასევე იყო ჩემთვის ტელევიზიის შიდა სამყარო, რადგან ეს იყო ჩემი ცხოვრება: შაბათ-კვირას და დიდ დღესასწაულებზეც გავივლიდი სამსახურში და თითქოს შრომისგან ვისვენებდი. მთელი ოთახი ყვავილნარში იყო, მქონდა საკუთარი ხელით მოწყობილი ეთნოგრაფიული კუთხე და არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა. ერთ დღეს, როდესაც სამსახურში მივედი, დაცვამ სიაში ჩაიხედა და დარცხვენით მითხრა: "დღეიდან თქვენ ამ დაწესებულებაში აღარ მუშაობთ". აი, ასე დამინგრიეს ბუდე.

ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შევეცადე უკან მივბრუნებულიყავი და რამდენიმე ტენდერში მივიღე მონაწილეობა. ჯერ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს, შემდეგ კი თავმჯდომარის არჩევნებში. თავიდანვე ვიცოდი, რომ მე იქ არავინ ამირჩევდა, მაგრამ მინდოდა მაინც შემეხსენებინა მათთვის, რომ ცოცხალი ვიყავი (ვინც აირჩიეს, ისეთივე ტელევიზიაც მიიღეს). სხვა ტენდერებშიც წარვადგინე ჩემი პროექტები: ზეპირი მოთხრობები, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ბავშვებისთვის, "ქართული კლასიკის წიაღში" - მინდოდა გადაცემების მომზადება ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქართველ კლასიკოსებზე, "თბილისის ისტორიაზე", მაგრამ როგორც მოველოდი, ყველა პროექტზე უარი მივიღე.

დღევანდელ ტელევიზიებს საუკეთესოდ მოწყობილი სტუდიები და უზარმაზარი ტექნიკური პოტენციალი გააჩნიათ, რომელზეც ჩვენ ვერც კი ვიოცნებებდით. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სახელმწიფო მილიონებს უხდის ყოველწლიურად, მაინც დაბალია მათი გადაცემების რეიტინგი, მათ ესეც არ აწუხებთ.

მე გული იმაზე მწყდება, რომ საუკეთესო წლები დავკარგე, რომლებსაც ვეღარავინ ამინაზღაურებს. შემეძლო, მართლაც ბევრი კარგი საქმე გამეკეთებინა ჩემი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით და მეტი სიხარული და სიამოვნება მიმენიჭებინა ჩემი ხალხისთვის.

ვინაიდან პოლიტიკასთან არასოდეს ვყოფილვარ ახლოს და მხოლოდ ლიტერატურისა და ხელოვნების სამსახურში გავატარე მთელი ცხოვრება, რატომღაც ყველას ეგონა, რომ "ტელევიზიის რეფორმა" ნაკლებად შემეხებოდა, თუმცა ამ გადასახედიდან მგონია, რადგან ჩემი ფიქრი საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს დასტრიალებდა და ეს იყო ჩემი შეუცვლელი პრინციპი, შესაძლებელია, სწორედ ეს გახდა ჩემი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი.

- ალბათ, ისიც არის, რომ ურთულეს ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ, შეიცვალა არა მხოლოდ საუკუნე, არამედ ათასწლეულიც, ასეთი რამ ხომ მხოლოდ მეორედ ხდება ქრისტეს შემდეგ...

- აშკარად ასეა. რატომღაც სულ მგონია, მე ხომ არა ვარ იმ ნაკადის ადამიანი, რომელმაც ბევრი სიმწარე უნდა ნახოს... გადიან წლები და ვეღარ მშვიდდება საქართველო, ისიც მიფიქრია, ილიას მსგავსი პიროვნება რომ მოიძებნებოდეს, ამ დროში იმასაც გაუჭირდებოდა ალბათ.

მე სკოლაში ვარ და ვიცი, როგორი სახელმძღვანელოებით ასწავლიან ჩვენს ბავშვებს, ახლა ისევ აპირებენ ახალი სახელმძღვანელოების შექმნას, რომელშიც მე არ მივიღებ მონაწილეობას. ჩვენ დავწერთ ახალ ეროვნულ სახელმძღვანელოებს, - ვპირდები ჩემს ხალხს, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დასასრულ, ჩემს მსმენელს მინდა ვაცნობო, რომ ახლახან მიმიწვიეს რადიო "პალიტრაში", ოთხშაბათობით 13-დან 14 საათამდე ღია ეთერში მიმყავს ერთსაათიანი გადაცემა "საუბრები ლიტერატურაზე" და ვპასუხობ რადიომსმენელთა შეკითხვებს.

- წარმატებებს გისურვებთ.


დაბოლოს, კიდევ ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ თამაზ ტყემალაძის პუბლიცისკიტიკიდან.

"ვიდრე აშოტ კურაპალატის საბედისწერო სიყვარულის ისტორიას გავეცნობოდეთ, ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ოპიზის დიდებულმა ტაძარმა მეტად საინტერესო ბარელიეფი შემოგვინახა: აშოტ კურაპალატს ოპიზის ტაძრის მოდელი ხელთ უპყრია. როგორც ტაძარი, ისე ბარელიეფი IX საუკუნის I მეოთხედით თარიღდება (ამ ბარელიეფის შექმნიდან ათიოდ წელში ღალატით მოკლეს ეს დიდი მამულიშვილი) - ცენტრშია შარავანდმოსილი მაცხოვარი, რომელიც ტახტზე ზის. გვერდით უსხედან: აშოტ კურაპალატი და დავით წინასწარმეტყველი. ქრისტეს მარჯვენით სახარება უჭირავს, მარცხენით კი ოპიზის ტაძრის მოდელს ეხება - ამით იგი ტაძარს კურთხვას ანიჭებს და მეფის ქმედებას იწონებს! დავით წინასწარმეტყველის გამოსახულება ადასტურებს თქმულებას, რომ ბაგრატიონები მისი შთამომავალნი არიან, ოდესღაც იერუსალიმიდან წამოსულნი... თუ გავიხსენებთ, რომ თვით წინასწარმეტყველის ნათესავია ქრისტე - გამოდის, რომ ჩვენი სამეფო გვარი თვით ქრისტე ღმერთის ნათესავია!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
8 ნოემბერს, პრემია "საგურამოს" დაჯილდოვების ცერემონიაზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) ერგო.
25.10.2019
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა და პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა.
12.10.2019
საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება.
01.10.2019
-წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დამკვიდრდა.
31.07.2019
მეტანია ორი სახისაა-დიდი და მცირე. დიდი მეტანია, ანუ მუხლდრეკა, სრულდება შემდეგნაირად.
22.04.2019
თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.
15.02.2019
2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში.
20.01.2019
ხშირი საჯანმრთელო პარაკლისები და წმინდანების წინაშე ვედრება დიდ სასწაულებს და ნუგეშს მოგვიტანს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის
07.01.2019
-ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს.
27.10.2018
ჩვენ - ქართველები და საქართველოს შვილები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
13 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.