პატრიარქის მხედრობა-ღვთისა და ქვეყნის სამსახურში
პატრიარქის მხედრობა-ღვთისა და ქვეყნის სამსახურში
საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება. ჩვენ გაგვაჩნია საქართველოს სხვადასხვა კუთხის განსხვავებული და მრავალფეროვანი სამოსი, როგორც მამაკაცებისათვის, ასევე მანდილოსნებისთვის.
უკანასკნელ წლებში საქართველოში, სხვადასხვა დროს, ჩამოყალიბდა ე.წ. "ჩოხოსანთა ჯგუფები". უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა ამ ჯგუფების ხელმძღვანელები, შესთავაზა მათ მხარდაჭერა და ურჩია ერთმანეთში მეტი კოორდინირებული მუშაობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ის, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა დააფუძნა საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება. ამ საზოგადოებაში მრავალი ღირსეული მამულიშვილი გაერთიანდა. ილია II-მ ბრძანა, რომ იგი იქნებოდა თავმჯდომარე და ეყოლებოდა მოადგილე - ორგანიზაციის მუშაობის წარმმართველი პირი (მეთაური). ეს პატივი თავდაპირველად წილად ხვდა ბატონ ერეკლე საღლიანს, ხოლო 2015 წლის დეკემბრიდან - ზვიად სეხნიაშვილს.
კათოლიკოს-პატრიარქმა იმთავითვე დამოძღვრა და დააკვალიანა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წევრები. "შენ შენს თავს აღარ ეკუთვნიო, - მითხრა" - იგონებს ჩოხოსანთა კავშირის თავჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი, "შენ უნდა იყო თავდადებული მამულისათვის და დედა-ეკლესიისათვის".

KARIBCHE

ჩოხოსანი უნდა განიწმინდოს და იდგეს პატრიარქთან ერთად წირვა -ლოცვებზე, ასეთია ილია II-ის თვალსაზრისი. მართლაც, ჩოხოსნები მუდმივად უწმინდესის გვერდით დგანან საღვთო მსახურებაზე, ისმენენ პატრიარქის ბრძნულ ქადაგებებს, ეზიარებიან ქრისტეს სისხლსა და ხორცს. საქართველოს პერიფერიებზე მცხოვრები პატრიარქის ჩოხოსნები კი წირვა-ლოცვებს თავიანთ ქალაქებსა თუ რაიონებში მდებარე ეკლესიებში ესწრებიან და ამითაც ემსახურებიან საქართველოს დედა-ეკლესიას.
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებაში წევრიანდებიან აპლიკაციის შევსებით, რასაც მოსდევს და ტაძარის ეზოში ხმლებში გატარების ულამაზესი რიტუალი.

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებას გააჩნია წესდება, რომელიც განაახლა და დახვეწა ბატონმა ზვიად სეხნიაშვილმა. მანვე შექმნა ჩოხოსნების სამოქმედო გეგმა, რომელიც, რა თქმა უნდა, უწმინდესთანაა შეთანხმებული. ზვიადის დიდი მონდომებითა და ძალისხმევით ჩამოაყალიბდა საზოგადოებაში ათზე მეტი სხვადასხვა მიმართულების სამსახური. ეს სამსახურებია: საორგანიზაციო სამსახური (ხელ. ნინო ავსაჯანიშვილი), განათლების სამსახური (ხელ. ლალი ნაზღაიძე), კულტურის სამსახური (ხელ. ნინო ლარცულიანი), ჯანდაცვის სამსახური (ხელ. ია მოსულიშვილი), ჯვრისწერების რეგისტრაციის სამსახური (ხელ. გიული ჩქარეული), ნორჩებისა და ახალგაზრდების სამსახური (ხელ. ლაშა გოგიაშვილი), ეთიკისა და მიმღები კომისიის სამსახური (ხელ. მალხაზ კვინიკაძე), სპორტის სამსახური (ხელ. კახა ბარავი), საზოგადოებასთან და მას-მედიასთან ურთიერთობის სამსახური, იურიდიული სამსახური (ხელ. ვასილ ძირკველიშვილი), სოფლების მიმართულების სამსახური. ზემოთ ჩამოთვლილ სამსახურებს აქვთ თავიანთი სამოქმედო გეგმები და მიზნები, რომლებიც უკვე ჩოხოსნების ერთიანი ძალებითა და მონდომებით ხორციელდება.

პატრიარქის ჩოხოსნებს გააჩნიათ საკუთარი ემბლემა (ლოგო). ასევე შეიქმნა ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორიც გახლავთ კახეთის რეგიონალური მართვის ხელმძღვანელი ნიკო გოდერძიშვილი, მუსიკა შექმნა ჩოხოსნების მეგობარმა და კომპოზიტორმა ნუგზარ თუშიშვილმა, ხოლო სიმღერას ასრულებს ასევე პატრიარქის ჩოხოსანი, მომღერალი ტატო გოდერძიშვილი. ეს ჰიმნი პირველად საპატრიარქოში მოისმინა კათოლიკოს-პატრიარქმა და მისი კურთხევით გაიმართა შემდეგ ამ ჰიმნის პრემიერა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებაში ფუნქციონირებს სადროშოები. სადროშო არის ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებსა თუ სოფლებში.
2015 წლამდე იყო მხოლოდ რამდენიმე ასეთი სადროშო. დღეს ზვიად სეხნიაშვილის დიდი ძალისხმევითა და საპატრიარქოს ჩოხოსანთა გუნდის მონდომებით, საქართველოში 60-ზე მეტი სადროშოა ჩამოყალიბებული. საქართველოს ქალაქებისა თუ რაიონების აბსოლუტურ უმრავლესობაში სადროშოები უკვე არსებობს და ახლა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სადროშოების გახსნას სოფლებში. მაგალითისათვის აღსანიშნავია სოფელ შინდისში დაფუძნებული სადროშო, 2008 წლის ომის შინდისის გმირების სახელზე.

KARIBCHE

სადროშოები ასევე დაფუძნებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ რამდენიმე ქალაქში, სადაც ადგილობრივი ქართველი ემიგრანტები ახორციელებენ საპატრიარქოს ჩოხოსნების სამოქმედო გეგმებსა თუ პროექტებს. ამ ყველაფრით უცხოეთში მყოფი პატრიარქის ჩოხოსნები აძლიერებენ ქართულ სულს და ემსახურებიან დედა ეკლესიას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უკვე არაერთი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი წევრიანდება საპატრიარქოს ჩოხოსნებში. ამ ნაბიჯით ეს ადამიანები აძლიერებენ პატრიარქის ჩოხოსნებს, თავადაც გადადიან ცხოვრების ახალ ეტაპზე და ემსახურებიან ჩვენს საყვარელ პატრიარქს და მართლმადიდებელ ეკლესიას. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ანსამბლსა თუ გუნდს ჩოხსნები სიხარულით მიიღებენ თავიანთ რიგებში, რათა ერთად დადგნენ საპატრიარქო წირვებზე და ერთად აკეთონ ქართული საქმე.

უწმინდესის ჩოხოსნებში ხორციელდება საინტერესო და რაც მთავარია, სასარგებლო პროექტები. სწორედ ეს პროექტებია იმ ქართული სულის გამოვლინება საქმეში, რომელიც ყველა პატრიოტ ადამიანს ახარებს და იმედით აღავსებს. ერთ-ერთი პირველი პროექტი საყოველთაო ჯვრისწერა გახლდათ. პირველად ბატონმა ზვიადმა, თავის მშობლიურ სოფელ არბოშიკში, ორგანიზება გაუწია ამგვარ ჯვრისწერას, მან მეგობრების 7 ოჯახი შეკრიბა და ადგილობრივ ეკლესიაში მიიყვანა, სადაც შედგა ერთობლივი ჯვრისწერა. ეს ისტორია ძალიან მოიწონა უწმინდესმა და წამოვიდა მისგან კურთხევა, რომ მთელს საქართველოში მოეძიათ ჩოხოსნებს ჯვარდაუწერელი ოჯახები და ჯვარი დაეწერათ ადგილობრივ ტაძრებში, თვითონ უწმინდესი კი ყველას დალოცავდა. დღეს საყოველტაო ჯვრისწერების ფარგლებში უკვე 1500-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა ჯვარი. პატრიარქის ჩოხოსნები უწევენ ორგანიზებას ჯვრისწერებს, ეძებენ წყვილებს და შემდეგ ატარებენ რეგისტრაციაში. ჯვრისწერის ცერემონიაზე კი დაწესდა ჩოხებითა და ქართული კაბებით შემოსილი ნორჩი ჩოხოსნების დასწრების წესი. ბავშვები ტაძარში ერთობლივად ხელჩაკიდებულები შედიან წყვილებთან ერთად, შემდეგ მთელი ჯვრისწერის რიტუალის დროს გვერდით უდგანან მეჯვარეებთან ერთად, ბოლოს კი ამბიონიდან ჩამოსულ წყვილებს პირველები ულოცავენ. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი სანახავია და ამიტომაა, რომ ჯვრისწერის მსურველთა ნაკადი არ წყდება პატრიარქის ჩოხოსნებთან.

KARIBCHE

" - ბევრი პროექტი გვაქვს მოზარდებისათვის, - გვესაუბრება ზვიად სეხნიაშვილი მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ. - გადავწყვიტეთ "სამშობლოსმცოდნეობის" სასწავლო კურსის შემოღება. რადგან დღეს სკოლებში, გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, არ ისწავლება და დევალვირებას განიცდის ეროვნული და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებები, ამიტომ საკვირაო სკოლების მეშვეობით ვცდილობთ ამ პრობლემის აღმოფხვრას. შაბათ-კვირას გაკვეთილები ტარდება ორ ეტაპად. ერთ გაკვეთილზე საუბარია ისტორიულ გმირებზე, ხოლო მეორეზე (ზნეობის გაკვეთილები) შედიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, მწერლები და ისტორიკოსები. ისინი ესაუბრებიან პატარებს უფლის სიყვარულზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, სამყაროს ავკარგიანობაზე, სამშობლოსა და ერთურთის სიყვარულზე და ა.შ. "სამშობლოსმცოდნეობის" კურსის ავტორია ბატონი ლექსო გელაშვილი. გაკვთილები, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც ტარდება; პატარებს მონიტორზე უჩვენებენ სხვადასხვა მასალებს, ესაუბრებიან აღმზრდელობით-ზნეობრივ საკითხებზე. გაკვეთილებზე პატრიარქის ნათლულები უწერენ წერილს თავიანთ ნათლიას, შემდეგ ეს წერილები იკინძება წიგნის სახით და მიდის უწმინდესთან, რითიც ბავშვები ძალიან ახარებენ პატრიარქს.
ნორჩი ჩოხოსნები ასევე ჩართულნი არიან სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში. სტუმრობენ მოხუცებულთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მიაქვთ საჩუქრები და ამით სწავლობენ სიკეთის ქმნას და გაჭირვებული ადამიანების დახმარებას, რითიც ისინი უფრო მგძნობიარე და კეთიშობილები ხდებიან. ნორჩთა სადროშოები უკვე იხსნება სკოლებსა და ბაღებში, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის. წირვა-ლოცვების გარდა ნორჩი ჩოხოსნები მონაწილეობენ საშობაო და სააღდგომო მსვლელობებში, დადიან ძველი ტაძრების ტერიტორიებზე და ასუფთავებენ მათ, მონაწილეობენ კულტურულ კონკურსებში და ჯილდოვდებიან საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მიერ დაწესებული სიგელებით.

KARIBCHE KARIBCHE

პატრიარქის ნორჩი ჩოხოსნები უყურადღებოდ არ ტოვებენ ასევე ჩვენი ქვეყნის კულურულ მემკვიდრეობას, სტუმრობენ სხვადასხვა მუზეომებს და ეცნობიან მრავალფეროვან ეროვნულ საგანძურს. ამით ბავშვები უკეთ სწავლობენ, რისი პატრონები ვართ ქართველები და ხდებიან უკეთესი დამცველები ჩვენი ქვეყნისა.

საპატრიარქოს ჩოხოსნები რამდენიმე ქალაქში საახალწლოდ მიდიან სამშობიაროებში და პირველ დაბადებულ მართლმადიდებელ ვაჟებსა და გოგონებს ნორჩი ჩოხოსნების ხელით ჩუქნიან ეროვნულ სამოსს და ტკბილეულს, იქვე აწევრიანებენ ახალშობილებს და მათ მშობლებს საპატრიარქოს ჩოხოსნებში.

პატრიარქის ჩოხოსნებში ჩამოყალიბდა ქართული ენის სიწმინდის დაცვის სამსახური, ეს პროექტი ითვალისწინებს ძველი ქართული ტოპონიმების აღდგენას, ბარბარიზმების აღმოფხვრას და სხვა.
დიდი ხანი არაა, რაც უწმინდესი პატრიარქის კურთხევით სვეტიცხოვლის ტაძარში დაწყებულია 24 საათიანი უწყვეტი ლოცვა საქართველოს გაერთიანებისა და გადარჩენისათვის. რამოდენიმე ასეულობით ადამიანი, საოცარი ენთუზიაზმით აღსავსე ლოცვის მსურველები ეწერებიან ჯგუფებში და დგებიან სალოცავად: სამშობლოსათვის, დედა-ეკლესიისათვის, პატრიარქისთვის, ოჯახებისთვის, შვილებისთვის, გარდაცვილთათვის...

განათლების სამსახურმა რუსთავში დაიწყო საგანმანათებლო კონკურსი დიდი ქართველი მწერლის ლევან გოთუას "გმირთა ვარამის" მიხედვით. ამ კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და ლევან გოთუას შემოქმედების პოპულარიზაცია. ახლა იგეგმება, რომ ამ კონკურსმა მთელი საქართველოს სკოლები მოიცვას.

KARIBCHE

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებაში ჯანდაცვის სამსახურის ერთ-ერთი პროექტი ითვალისწინებს მარტოხელა ადამიანების მოვლა-პატრონობას. უწმინდესის დავალებით მოხდა მოძიება ასეთი ადამიანებისა, - დღეს საქართველოს მაშტაბით 900-მდე ბენეფიციარი შეირჩა (სიები დგება ექიმების კონსულტაციით). მათთან ჩოხოსნებს მიაქვთ საკვები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ბენეფიციარებთან ურთიერთობაში ხალისით არიან ჩართული ნორჩი ჩოხოსნები.
უმნიშვნელოვანესი ჩვენი უწმინდესის სიცოცხლე საქართველოსათვის, დღეგრძელობა და მზეგრძელობა მიჰმადლოს მას უფალმა, ამის მსურველი და მლოცველია დღეს სრულიად საქართველო.
თუ გვსურს ერის გადარჩენა, უნდა მივყვეთ პატრიარქის მითითებულ გზას!

ვისაც გაქვთ სურვილი შეუერთდეთ საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებას, ერთად ემსახუროთ დედაკლესიას და პატრიარქს, მიიღოთ მონაწილეობა პროექტებსა და კონკურსებში, განახორციელოთ თქვენი ინიციატივები და იდეები, დაუკავშირდით ნომრებზე: საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი - ნინო ავსაჯანიშვილი (591-50-50-48), თბილისის სადროშოს მეთაური მათე ლურსმანაშვილი (599-56-55-82), ნორჩებისა და ახალგაზრდების სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა გოგიაშვილი (557-90-86-21).

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1