როგორ შევარჩიოთ სახელი ღვთივსათნოდ?
როგორ შევარჩიოთ სახელი ღვთივსათნოდ?
-წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დამკვიდრდა.
ნეტარი თეოდორიტეს მოწმობით კი ახლად ნათელღებულთათვის წმიდანთა სახელების წოდება საყოველთაო წესად მეხუთე საუკუნეში იქცა. ქრისტიანებმა კარგად უწყოდნენ წმიდანთა ღვაწლი უფლის წინაშე, მათი ღვთივსათნო საქმეები, ძლიერ უყვარდათ ისინი და თავიანთი შვილებისათვის მათი სახელების დარქმევა დიდ პატივად მიაჩნდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა ასე არ იქცეოდა, რადგან ჯერ კიდევ თეოფანე დაყუდებული ჩიოდა, სახელებს ჩვენში არაღვთიურად არჩევენო. რას ნიშნავს არაღვთიურად და როგორ უნდა შევარჩიოთ სახელი ღვთიურად? განმარტებას თავადვე წმიდანი გვაძლევს: "აი, ღვთიურად როგორ უნდა: სახელი წმინდა მამათა მიხედვით უნდა ამოირჩიოთ. რომელ დღესაც დაიბადება ყრმა, ან რომელ დღესაც ინათლება, ანდა ამ ორ მოვლენას შორის დროის მონაკვეთიდან შეარჩიეთ სახელი; ან ნათლობასთან ახლოს სამი დღის პერიოდიდან. ამ დროს გადამწყვეტი ადამიანური მოსაზრება კი არ იქნება, არამედ როგორც უფალი მიგვანიშნებს, რადგან დაბადების დღეები უფლის ხელთ არის". ეკლესიის განაწესით, ჩვილს ქრისტიანული სახელი ნათლობამდე ერქმევა, რაც ნათლობისათვის მოსამზადებელი მოქმედებაა. ძველ დროში სახელს ნათლობამდე ბევრად ადრე არქმევდნენ. ბავშვს ახლა სახელი ნათლობის დღეს ერქმევა.
კურთხევანის მიხედვით ქრისტიანს სახელი დაბადებიდან მერვე დღეს ერქმევა, იესო მაცხოვარის მაგალითისამებრ, რომელსაც სახელი იესო დაბადებიდან მერვე დღეს ეწოდა (ლუკ. II,21).
ზოგჯერ ყრმას იმ წმიდანის სახელს არქმევდნენ, ვისი ხსენებაც მისი ნათლობის დღეს იყო. ეს იმით აიხსენება, რომ ეკლესიის განაწესით, ბავშვს სახელს დაბადებიდან მერვე დღეს არქმევდნენ და რადგან ნათლობის საიდუმლო ამ დღეს აღესრულებოდა, სახელსაც სწორედ იმ წმიდანისას ირჩევდნენ, რომლის ხსენებაც ამ დღეს იყო. ესე იგი, ჩვილს სახელად ან იმ წმიდანის პატივსაცემად არქმევდნენ, რომლის ხსენებაც მისი დაბადების დღეს იყო, ან-სახელის დარქმევის, ანდა-მონათვლის დღეს. გოგონებისათვის რამდენიმე დღე წინ ან უკან გადაწევა შეიძლებოდა, თუკი ზუსტად ამ დღეებში რომელიმე წმიდა დედის ხსენება არ იყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანები ბოლო დროს უბრუნდებიან ძველ ადათ-წესებს შვილის სახელის შერჩევის დროს, რაც რასაკვირველია ძალზე სასიამოვნოა.
ბეჭდვა
1კ1