სპირიტიზმის ხლართებში
სპირიტიზმის ხლართებში
უღმერთობის ქაოსში მცხოვრები მშფოთვარე და მაძიებელი სულის სტუდენტი მენაიასი სპირიტიზმის ხლართებში გაება - ერთი უკიდურესობიდან მეორეში, მატერიალიზმიდან სპირიტიზმში. სპირიტიზმი კარგად შენიღბული ეშმაკეული საცდურია. ის მიცვალებულების სულებთან ურთიერთობას ნიშნავს. "მიცვალებულების სულები" კი თავად ჭინკები არიან. ვიცით, რომ ჭინკებს შეუძლიათ სახე იცვალონ და სხვადასხვა არსებებად წარმოგვიდგნენ.

სპირიტიზმი ეშმაკეულ შინაარსს ატარებს. ჩვენს დროში ათასობით ადამიანი ხდება ამ სატანური თამაშის მსხვერპლი. ცბიერი ჭინკები დასცინიან მათ, თვალთმაქცობენ, სხვადასხვა სახით წარმოჩნდებიან და ამავე დროს თავად მათ, ვინც ჩართულია ამ წარმოდგენაში, სათამაშოდ აქცევენ.

მენაიასი, მომავალი მამა გერასიმე, არ ყოფილა ეშმაკებით შეპყრობილი, თუმცა ის სხვასავით სპირიტიზმმა გაიტაცა (მათ შორის იყო ჯერ კიდევ საერო ცხოვრებაში მყოფი, წმინდა პავლეს მონასტერში მოღვაწე ღირსი მამა თეოდოსი).

ვინაიდან სპირიტიზმსა და მის მონათესავე მაგიასთან დაკავშირებულია საშიში წარმოსახვები და მცდარი შეხედულებები, მკვითხველს ვთავაზობთ თავად განსაჯოს, რას წერს ამის შესახებ წმინდა ნიკოდიმოსი. გთავაზობთ ძველ ისტორიას, რომელშიც ეშმაკის ცბიერება კარგად ჩანს.

"კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა ერთი ზნეკეთილი ყმაწვილი, რომელიც ცნობილი ჯადოქრის სამსახურში იდგა. ყმაწვილმა არ იცოდა, რომ მისი უფროსი მჩხიბავი იყო. ერთხელ, მზის ჩასვლის შემდეგ, ჯადოქარი ცხენზე ამხედრდა და უბრძანა ყმაწვილს, თან ხლებოდა. მხედრები გასცდნენ ქალაქის გალავანს და გზა განაგრძეს, ვიდრე უცნობ მინდორს არ მიადგნენ. ამასობაში დაღამდა კიდეც. უეცრად მათ წინ უშველებელი სასახლე აღიმართა. ჯადოქარი ჩამოქვეითდა, მას სასახლიდან ადამიანები შემოეგებნენ და ცხენი ჩამოართვეს. ჯადოქარი სასახლეში შევიდა. ყმაწვილიც თან გაჰყვა. ორივენი სასტუმრო დარბაზში მიიწვიეს.

დარბაზში მდიდრულად მორთულ ტახტრევანზე დიდი ბატონი იჯდა. გარს უამრავი მცველი და მოსამსახურე ეხვია. ბატონმა მეორე ტახტრევნის შემოტანა ბრძანა, რომელზედაც ჯადოქარი მოკალათდა. სასახლის მბრძანებელმა საუბარი გაუბა ჯადოქარს, გამოჰკითხა თავისი საქმეების შესახებ... ამ მთისა, იმ მთისა....

სასახლის ბატონი კმაყოფილი იყო ჯადოქრის საქმიანობითა და ძალისხმევით, ჯადოქარი პატივს მიაგებდა და განადიდებდა მას. მათი საუბრის გაგონებისთანავე ყმაწვილი მიხვდა, რომ მის წინაშე თავად სატანა იყო ჯადომხლებლებითა და ჭინკებით გარსშემორტყმული, მისი უფროსი კი ჯადოქარი გახლდათ. საუბრის ბოლოს სატანამ ჯადოქარს მიმართა:

- შენს უკან მდგარი ყმაწვილი ვინ არის?

- ისიც შენი მონა-მორჩილია, - უპასუხა ჯადოქარმა.

მაშინ სატანამ თავად ჰკითხა ყმაწვილს:

- ყმაწვილო, შენ ჩემი მონა ხარ?

ზნეკეთილმა ყმაწვილმა პირჯვარი გადაისახა და გაბედულად და რიხიანად უპასუხა:

- მე მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმიდის მონა-მორჩილი ვარ.

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე გაქრა სასახლეც, ტახტრევანიც, სატანაც და მისი მხლებლებიც, ხოლო ჯადოქარი მისსავე თანამზრახველმა დემონებმა შეიპყრეს და ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩააგდეს.

ყმაწვილი მარტოდმარტო აღმოჩნდა შუაგულ მინდორში".

მენაიასის სპირიტიზმით გატაცება კი უფლის ნება იყო, რადგან, როგორც მოგვინებით თავად ბერი იხსენებდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიმეცნა, რომ დემონების სამყარო რეალურია და ეშმაკი მართლაც არსებობს. ამ აღმოჩენამ თავზარი დასცა და ხელი შეუწყო მის ღვთისკენ შემობრუნებას.

სპირიტიზმით გატაცების შემდეგ მალევე ყმაწვილმა შეიძინა თავისი პირველი წიგნი "წმინდა წერილი" და ურწმუნოების ფერფლით დაფარული გულის სიღრმეში რწმენის მარცვალმა დაიწყო გაღივება. თუმცა წლები დასჭირდა მისგან ნაყოფის მიღებას.

იდიდოს უფალმა, რომელმაც შეიწყალა ეს მშფოთვარე სული, გაათავისუფლა იგი მატერიალიზმისა და სპირიტიზმის ხლართებისაგან, რამეთუ ორივე კაცთმოძულე ეშმაკების გამონაგონია.
ბეჭდვა
1კ1