სამზეოს დაკლებულები
სამზეოს დაკლებულები
ძველი საფლავები - ძველი ამბებია... სამარეებში ჩაწრეტილი სუნთქვა და სიცოცხლე თითქოს მიწიდან ამოზიდული ქვის წერილებით მოვიდა ჩვენთან... ისინი თავიანთ პატრონებს ჰგვანან - ზოგი მათგანი აკვანია და განსვენება, ზოგი - შფოთი, კვნესა და ტკივილი, ზოგი - შემშრალი ცრემლი, გარინდება და მოლოდინი, ზოგი - ღიმილი და ზოგიც - ყველაფერი ერთად... ადამიანთა ბედისწერა ამ ხავსიან, ნატიფ ლოდებზე ამოტვიფრულმა ფიგურებმა და ორმა-სამმა სიტყვამ თითქმის დაიტია და თითქოს არც ყოფილა გამყოფი მიჯნა ჩვენსა და იმათ შორის...

ძველები საკუთარ თავს ყველაზე მეტად, ალბათ, აქ ჰგვანან - უბრალოება, სინატიფე და ისეთი სიტყვათწყობა, რომელიც ხშირად ხალხური პოეზიის მარგალიტებს უტოლდება...

მალე ეს კულტურა მიწას სამუდამოდ მიეფარება - ღია ცის ქვეშ დარჩენილი სამაროვნები აბსოლუტურად დაუცველნი ამოსცქერიან ჩვენს დროს, რომელმაც, სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გაუგო მათ, თუმცა, ქომაგი და გულშემატკივარი მაინც გამოუჩნდა - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების გამგემ, ამირან არაბულმა და მისმა მეუღლემ, ცნობილმა პოეტმა და აგრეთვე ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ ეს საგანძური კუთხე-თხე მოიძიეს და ძალზე შთამბეჭდავ და საინტერესო კრებულადაც გამოსცეს.

- ბატონო ამირან, რა ფენომენია ეპიტაფია?

- ეს ხალხური და ლიტერატურული პოეზიის ერთ-ერთი ჟანრი გახლავთ და როგორც ყოველ ჟანრს, მასაც გააჩნია თავისებურებანი. იოანე პეტრიწი ამბობს, ეპიტაფია "საფლავის ქვაზე წარწერილი სიტყვანიაო", რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მცირე მოცულობისაა.

ზომის ეს სიმცირე ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდება - ქვაზე ვრცელ ტექსტთა ამოკვეთა ძველად რთული იყო და ამიტომაც ძველ ქართულ საფლავებს, ძირითადად, ორ-სამსიტყვიანი ეპიტაფიები ამშვენებს, რომლებშიც იმ ქვის ქვეშ მწოლიარის ცხოვრებაზე ყველაზე არსებითი მომენტია ხოლმე არეკლილი. მაგალითად, ბავშვის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა ვნახე: "ნუ მელოდებით, ვერ მოვალ შინა". ურბნისში კი ძალიან ლამაზ და ჭრელ საფლავის ქვაზე ორად ორი სიტყვა იყო: "განველ უმანკოდ..."

ეპიტაფიის ძირითადი მოტივი და თემა წუთისოფლის გმობა და მის სიმოკლეზე ჩივილი გახლავთ, რადგან, რაც უნდა წლოვანი იყოს კაცი, მაინც დაუკმაყოფილებელი და აღუვსებელი მიდის იმქვეყნად, რაც მკაფიოდ და ხატოვნად ჩანს ეპიტაფიებში.

რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეუღლე, ეთერ თათარაიძე გუდამაყრის სოფელ წინამხარში გახლდით. იქაურ, ძველ სასაფლაოზე ერთი წარმოსადეგი კაცის, 120 წლის თორღა აფციაურის სამარე ვნახეთ... თორღა, როგორც ერთმა იქაურმა მითხრა, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობისა თუ რომანის პერსონაჟი ყოფილა... იმ საფლავს ეწერა: "კიდევ მეწადა სიცოცხლე..."

ერწო-თიანეთში, სოფელ ჩეკურაანთგორში კი ასეთი ეპიტაფია შეგვხვდა: "სიკვდილს არა ვფიქრობდი..." ხნოვან და საპყარ ადამიანსაც კი აქვს იმედი, რომ საწუთროს მოებღაუჭება და დღეებს კიდევ გაიხანგრძლივებს...

"ხომ მოვხუცდი, მერე რა,
რო ვიცხოვრე სამყოფი,
აწი კიდევ მივდივარ,
სადაც არ ვარ ნამყოფი..."

(წალენჯიხა)

- სიკვდილი ადამიანისათვის არაბუნებრივი მდგომარეობაა...

- ალბათ, რადგან, როგორც ვთქვი, ცოცხალს, გინდ საპყარ და ძალზე ხანდაზმულ ადამიანსაც, უჭირს დაჯერება, რომ ერთ დღეს ისიც სხვებივით გაქრება ამ სოფლიდან... ყოფნა-არყოფნის მარადიული დილემა ეპიტაფიების, ისევე, როგორც სამგლოვიარო პოეზიის (მოსაგონარი ლექსის, ხმით ნატირალის), ერთ-ერთი მთავარი თემა და მოტივია.

მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს იმ დონისა და მასშტაბის ხალხური პოეზია, როგორიც ჩვენია... მით უფრო, ეს ფილოსოფიურ ლირიკაზე, სამგლოვიარო პოეზიაზე ითქმის, რომელშიც ადამიანის ცხოვრების მაგვარი ნიუანსებია უკუფენილი, მართლა გაოგნდები კაცი... რაც ადამიანს ამქვეყნად არ ერგო და ვერ განიცადა, თითქოს ამას ლექსით და სიტყვით ინაზღაურებს...

ხვადრმან მარგუნა - მფარა მიწამა,
ბედმან გამწირა - აღარ მიწამა,
ძე მესვა ერთი - ხანჯლით იწამა,
ტანჯული დედა მფაროს მიწამა.

(ალავერდის საფლავის წარწერა)

- ბატონო ამირან, თუ განსხვავდება ერთურთისაგან აღმოსავლურ და დასავლურქართული, მთისა და ბარის საფლავის ქვები?

- სტილური თვალსაზრისით განსხვავდება, მაგრამ ერთმანეთს იმით ჰგვანან, რომ ძირითადი კლიშეები და ფორმულები მეორდება, მაგალითად, ხშირად შეხვდებით ამგვარ მიმართვას: "შენდობით მომიხსენიეთ..." ან "წამკითხველო, გთხოვთ შენდობასა..."

შეძლებულ ადამიანთა საფლავის ქვები უფრო მდიდრულია და მათზე რამდენიმე სტროფიც კია ხოლმე ამოკვეთილი... ეს სტროფები წერილობითი პოეზიის შედევრებსაც კი არ უდებენ ტოლს და მათში ეპიტაფიების მთხზველთა განსწავლულობა და საერო პოეზიის ღრმა ცოდნა ჩანს... ამ ანონიმ ავტორებს მშვენივრად აქვთ ათვისებული პოეტური ტრადიცია, რაც სათქმელსაც იოლად ათქმევინებთ...

- ალბათ, მთა ამ შემთხვევაშიც გამორჩეულია...

- დიახ, რადგან მთამ დააკონსერვა ის ნამდვილი და ხალასი, რაც ბარმა დიდი ხნის წინ დაკარგა...

სამწუხარო ის გახლავთ, რომ ეპიტაფიამ და საფლავის ქვამაც პომპეზური სახე მიიღო. ნებისმიერი ქართული სოფლის სასაფლაოზე რომ გახვიდეთ და ერთმანეთს საუკუნენახევრისა და ათი-თხუთმეტი წლის წინანდელი საფლავის ქვები შეადაროთ, ისეთ სხვაობას ნახავთ, როგორსაც ცასა და მიწას შორის. რასაკვირველია, პირველ რიგში ლექსის ხარისხი და მხატვრული დონე იგულისხმება... ძველ ქვებზე თუ ყოველი სიტყვა თავის ადგილზე ზის და იგი მარგალიტივით დახვეწილი და დამუშავებულია, თანამედროვე საფლავებზე მოყვარულთაგან შეთხზული ძალზე უგემოვნო წარწერებია, თავად სასაფლაოები კი პომპეზური მარმარილოთი და ლამის ასსახლეებითაა სავსე... ეს ხომ, პირდაპირ თუ ვიტყვით, უგემოვნობის მაუწყებელია.…მთა-ბარში ჩვენი ხეტიალი, ძველქართულ საფლავის ქვათა ძიება, აღნუსხვა და შესწავლა იმიტომაც არის აუცილებელი, რომ დავინახოთ, თუ რა გაგვაჩნდა თუნდაც საუკუნის ან საუკუნენახევრის წინ... როდესაც სასაფლაოზე ადგილი აღარ არის, აიღებენ და იმ ძველი საფლავის ქვებს ხელით ან ტრაქტორით გადაიტანენ ხოლმე, მერე ამ ყველაფერს მიწა ეყრება და იკარგება... ძველი საფლავის ქვები ხომ, არცთუ იშვიათად, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია, დღევანდელი კი - სრული სუროგატი და მასკულტურა.

KARIBCHE

საფლავის ქვა არახვეთიდან. მთიულეთი

საფლავის ქვების ძიების იდეაც იმას ემსახურება, რომ წარსული და ყოველივე ის გავიხსენოთ, რითიც ყოველთვის მოგვქონდა თავი... აქედან, თბილისიდან, ძნელი წარმოსადგენია, ახლომახლო რა საგანძურს ინახავს მიწა და ჩვენი სამაროვნები. ეს ყველაფერი იკარგება, ფუჭდება... ქვები იბზარება, წარწერები იშლება, ხავსმოდებული ლოდები მიწაშია ჩაფლული და უკვე ძალიან ჭირს ძველი ეპიტაფიების გარჩევა, ამიტომაცაა ძალიან საჩქარო ამ საქმის ბოლომდე მიყვანა... ბოლო წლებში, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთეთ - ძალიან ძველი და ტრადიციული ადგილები შევისწავლეთ - ალგეთის, ატენის, ბორჯომისა და ქსნის ხეობები, ხევი, მთიულეთ-გუდამაყარი, დასავლეთ საქართველო, მესხეთ-ჯავახეთი, ქართლ-კახეთი, ძირითადად - მთა... ადგილობრივთა დახმარებით და საკუთარი ძალებით მიკვლეული ძველი საფლავები ფირზე აღიბეჭდა.

ჭირისუფალი, ვისთვისაც გადატანილ გოდების დღეს, ცრემლსა და ვარამს დღე და ღამე გაუერთიანებია და გაუერთფერებია, მოვალეა, შეძლებისამებრ აღასრულოს თავისი სავალდებულო მისია: - მიცვალებულს არ მოაკლოს, არც სადაგ და არც სადღესასწაულო დღეებში, ტაბლა და ლოცვა-ურთხევა, მოხსენიება და შენდობის შეთვლა, უფლისმიერი ულუფა...

ჭირისუფალს სჯერა, რომ უხილავი, მოუხელთებელი სიკვდილი უმწეოა ხსოვნის წინაშე... მას არ ძალუძს მწუხარე გულის იდუმალი სანახიდან ძვირფას სახეთა ამოშლა და გაცამტვერება და ეს რომ არ მოხდეს, მუდმივად რომ იარსებოს მცნობთა წარმოსახვაში, მათ მხედველობით ხსოვნაში მიცვალებულის ვიზუალურმა ხატმა, კეთდება საფლავის ქვათა ხატწერილები... მასალის გამძლეობიდან გამომდინარე, ქვაში ამოკვეთილი გამოსახულება, სულ ცოტა, ორი-სამი ასწლეულით "გაუკვდავების" იმედს მაინც იძლევა და ამ შესაძლებლობის, ამ "შანსის" გამოუყენებლობა დიდი ცოდვა და დანაშაული იქნებოდა მიწადქცეულთა წინაშე...

მიხეილ ჯავახიშვილი გავიხსენოთ: "ჭირისუფალს წყურვილი ახრჩობს, როგორმე მკვდრის ხსოვნა მაინც დაიჭიროს, დაიბას, ჩაიბეჭდოს... მშიერი დარჩება, მაგრამ საფლავის ქვას იყიდის, აღარ ჩაიცვამს, ოღონდ იმ საფლავს ყვავილები ჩააცვას, უკანასკნელს გაყიდის, ოღონდ ძეგლი უყიდოს, იქაურობა ცრემლით მორწყოს და სხვებიც აატიროს..."

"მწუხარე დედის ცრემლებით" პირდაბანილი სამარის საჩინო სამკაული ქვის ძეგლია, ზედ ამოკვეთილი ბარელიეფებით, ჰორელიეფებით და მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი წარწერებით...

მთაში, სადაც უტრანსპორტობისა და უსახსრობის გამო ჭირდა შორი გზით მძიმე ლოდების მიტანა, საფლავზე მშრალად აშენებდნენ სიპი ქვის ოთხკუთხა კოშკებს - დედამიწაზე ზეციური სამყაროს განმასახიერებელ სულთა საცხოვრებელ ადგილს (ე. ნადირაძე). მზის ამოსახედის მხარეს ჯდებოდა წარწერიანი ფილა ან რკინის ფირფიტა, ხოლო სიღრმეში კეთდებოდა კვადრატულად შეჭრილი "შუკუმი", ოთხკუთხა თარო, სადაც სასმისი თავსდებოდა და მკვდართა ხსენების დღეებში თაფლის სანთელი იღვენთებოდა.

ეს კოშკი იყო უხმო, უენო მატერიალური განსახოვნება ერთურთისაგან გაყრილ გარდაცვლილსა და მის ჭირისუფლებს შორის ფიზიკური კავშირისა.

სოფლებში განსაკუთრებით ფასობდა "ქალაქში" დამზადებული და იქიდან მოტანილი, გრძელგზაგამოტარებული ქვა: - ძვირიც ჯდებოდა და, რაც მთავარია, ცივილიზებული სივრცის ერთგვარი ხიბლიც თან სდევდა.

ნაკურთხი ქვის დანიშნულებას ცრემლის კელაპტრით ჩანათებული საიქიოდან მახვეწარი თვალით სააქაოსკენ მზირალი მიცვალებულის გვარ-სახელის განდიდება და გაუკვდავება შეადგენდა, უქვოდ დარჩენილი "მოშავეთე", როგორც უშვილძიროდ გადაგებული "ცოდვილა-უპატრონო", მალე დავიწყებისთვის იყო განწირული...

საფლავის ბარელიეფებს რაც შეეხება, ძალზე მრავალფეროვანია, ქვითხურო ერთი კონკრეტული თემით არასოდეს იზღუდება, მაგრამ ყოველ მათგანს იმგვარი გამოსახულება და ნაკეთობა ამშვენებს, რომელიც მიცვალებულის პროფესიასა და საქმიანობაზე მიუთითებს... თუ კაცს ქეიფი და მოლხენა უყვარდა, მისი საფლავის ქვაზე ჭიქა, დოქი თუ ყანწია ამოტვიფრული, თუ მეცხვარეა - ცხვარი, ფაფახი და კავიანი ჯოხი, თუ მეომარი - იარაღი და აბჯარი... მარაბდაში ცხრა ძმა ხერხეულიძის საფლავები გადავიღეთ, ცხრავე ქვა იქ არის, იქვეა მათი დისა და დედის სამარეებიც... ერთ-ერთ მათგანს თუ ნახავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ მისი პატრონი ჩვეულებრივი კაცი კი არა, მოხდენილი, ახოვანი და ტანადი ადამიანი იყო... ასე რომ, საფლავის ქვათა კვეთილობით მიხვდებით, თუ ვინ განისვენებს მის ქვეშ.

მთიულეთის არაგვის ხეობაში სოფელ ჭართლიდან სამკილომეტრიან რთულ მონაკვეთს რომ გაივლით, მაღლა, მთაში ნასოფლარ მუგუდას მიადგებით... როგორი საფლავის ქვებიც იქ ვნახე და გადავიღე, არსად მინახავს - ეს ადგილი უნიკალური ნიმუშების ნამდვილი საბადოა და რამდენია კიდევ ასეთი...

ვერ ვიტყვი, რომ ეს სამუშაო ამოვწურეთ - ძალიან ბევრი სოფელი და სასაფლაო დარჩა უნახავი და შეუსწავლელი... ხვალ და ზეგ ის ნიმუშები აღარ იქნება...

- შეგიძლიათ იმის თქმა, რომ საფლავის ქვები ჰგვანან პატრონებს?

- რაღა თქმა უნდა.

- ზოგჯერ დახვეწილი იუმორია ამ ქვებზე...

- ცხოვრებისადმი ცოტა დისტანციური და იუმორისტული დამოკიდებულება მართლაც ჩანს ქვითხუროებისა და ეპიტაფიათა ავტორების ნამუშევრებში... ხან სიკვდილსაც გააქილიკებდნენ, რომ მძიმე ყოფა ცოტა მაინც გასაძლისი გაეხადათ.

- ვინ ქმნიდა ამ საფლავებსა და ეპიტაფიებს?

- ყოველ კუთხეში იყვნენ ამის ოსტატები. თუ ეპიტაფიათა ავტორები, უმრავლეს შემთხვევაში, ანონიმურნი იყვნენ, ქვითხუროები ხელობას თაობიდან თაობას გადასცემდნენ... თუ დღეს მთიულეთის სოფელ არახვეთში ახვალთ, საფლავის ქვების ცნობილ ოსტატთა შთამომავალს, ავთანდილ ბურდულს ნახავთ... ალბათ, ასეთნი სხვაგანაც იქნებიან...

ისიც უნდა ითქვას, რომ იშვიათია ისეთი ქართული სასაფლაო, რომელსაც სოფლის, დაბისა თუ ქალაქის შემოგარენში ყველაზე მყუდრო და მზეუხვი ადგილი არ ჰქონდეს მიკუთვნებული... მათ, განგებ თუ შემთხვევით, მუდამ საუკეთესო ალაგი აქვს დათმობილი...

P.S. მამა-პაპათა საფლავის ქვები თითქოს ფარია საქართველოსი...
ბეჭდვა
1კ1