ცრემლით დაწერილი სტრიქონები
ცრემლით დაწერილი სტრიქონები
"წერილები პატრიარქს" - ასე ეწოდება წიგნს, რომელიც შვილგარდაცვლილმა მშობლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების დღეს მიუძღვნეს. "უდიდესი მოკრძალებით გიძღვნით ამ ცრემლით, რწმენით, სასოებითა და სიყვარულით გაჯერებულ წერილებს, იმ სურვილით და იმის იმედით, რომ ოდნავ მაინც გამოვხატოთ ის მადლიერება და სიყვარული, რასაც თითოეული ჩვენგანი განვიცდით თქვენს მიმართ, თუმცა სიტყვები ნამდვილად უძლურია იმ ემოციების გადმოსაცემად, რასაც გრძნობს სასოწარკვეთილი დედა, რომლის აზროვნებაც ვერ სცდება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს და თქვენი შემწეობით, თქვენი დალოცვითა და შეგონებებით ერთ მშვენიერ დღეს ჰორიზონტს მიღმა მარადიულობას აღმოაჩენს.

სწორედ ამ განწყობით შეიქმნა ეს პატარა წიგნი. მასში ჩადებულია თითოეული ჩვენგანის უდიდესი სურვილი, რომ იგი სანთელივით იწვოდეს, გზას უნათებდეს და ნუგეშის შუქს ჰფენდეს სასოწარკვეთილი დედის გულს. გვჯერა, რომ ამ წიგნის მეშვეობით სხვა მრავალი მშობელი ეზიარება ჭეშმარიტებას და დაადგება უფლისაკენ მიმავალ გზას, გზას ერთადერთსა და გადამრჩენელს", - ნათქვამია წინასიტყვაობაში.

"ქრისტიანობის ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ასეთი ერთობა შვილგარდაცვლილი დედებისა ერთადერთია მსოფლიოში", - ბრძანებს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომლის ქადაგებებსა და ეპისტოლეთა ამონარიდებს მკითხველი ამ კრებულიდან გაეცნობა.

წიგნში შესულია "ლოცვა სავედრებელი დედა ღვთისას მიმართ", სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად, იმ სამასამდე გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა სახელებსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საღვთო ლიტურგიაზე, ყოველ შაბათ საღამოს იხსენიებენ სიონის საკათედრო ტაძარში, კარის წმინდა გიორგის, წმინდა დავით აღმაშენებლის, თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა დავით მეფსალმუნის და ნაძალადევის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიებში.

შვილგარდაცვლილი მშობლების წერილები უწმინდესი ილია მეორისადმი უსაზღვრო მადლიერებითა და სიყვარულითაა გამთბარი.

"თქვენმა მობრძანებამ ჩვენს ოჯახში იმ დიდი ტრაგედიის დროს მე და ჩემი მეუღლე უმძიმესი ცოდვის ჩადენას აგვაცდინა. რასაკვირველია, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად ვვარდებით სასოწარკვეთილებაში, მაგრამ ისევ და ისევ ვიხსენებთ თქვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს და დღემდე იმ რამდენიმე წინადადებით ვსაზრდოობთ...

როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოება გვასწავლის - იწამე ღმერთი, უფლის ავ-კარგის გამოძიებას კი ნუ შეეცდები. ვცდილობ, ამ დარიგებას არ გადავუხვიო.

ადრე სულ სხვა ფერებად მეხატებოდა ჩემი ცხოვრება, მომავალი, გვერდს მიმშვენებდა ისეთი ქმარ-შვილი, რომელსაც ნებისმიერი კარგი ქალი ინატრებდა, ამიტომ თავს ბედნიერად ვთვლიდი, ქალი ხომ უპირველესად დედაა. მეტს ვეღარ გავაგრძელებ, - ყველაფერი საოცარი ტრაგედიით შეიცვალა", - ნათქვამია მზია კაცაძის წერილში, რომელიც მან პატრიარქს თავისი შვილების გარდაცვალებიდან 2 თვის თავზე გაუგზავნა. სხვათა შორის, მზიას მეუღლე ომარ თვაური დაახლოებით 1 წელია, რაც გარდაიცვალა. ამ წიგნში იგი 1987 წლის 6 დეკემბერს მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს: "სხვისთვის შეიძლება დიდი დრო გავიდა, მე კი წამიც არ მაშორებს ამ დღესთან. ის ჩემთვის ყოველთვის აწმყოა, ამიტომ არ ვაპირებ წარსულში საუბარს.

მყავს ორი შვილი - მიხეილი და მაიკო, ამჟამად მკვიდრნი ზეციური საქართველოსი. როგორც ყველა დედა, იმდენად ვიყავი ჩემი შვილების სიყვარულით დაბრმავებული, რომ თვით ღმერთიც კი არ მახსოვდა. არაფერი მინდოდა ამქვეყნად, გარდა იმისა, რომ ისინი კარგ მამულიშვილებად აღმეზარდა. შედეგითაც არ ვიყავი უკმაყოფილო. მშობელთა კრებიდან ყოველთვის სიხარულით თავბრუდახვეული ვბრუნდებოდი (მიხეილი მერვე კლასში სწავლობდა, მაიკო - მეორეში). რა თქმა უნდა, ჩემს შვილებს წამით გვერდიდან არ ვშორდებოდი, მაგრამ იმ საღამოს, არ ვიცი როგორ, ახლობლის დაჟინებული თხოვნით, მე და ჩემმა მეუღლემ ისინი მარტო დავტოვეთ და მეგობრის ქორწილში წავედით. რამდენიმე საათში უკან მობრუნებულებს ჩვენი სახლის წინ სახანძრო მანქანები და უამრავი ხალხი დაგვხვდა. სახლ-კარი ცეცხლის ალში იყო გახვეული და ჩემი ორი შვილიც შიგ იყო. ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ჩავვარდებოდით მე და ჩემი მეუღლე. არ მინდოდა დამეჯერებინა, რაც შემდგომ მოხდა. სიმართლის თქმას ვერავინ მიბედავდა, მე თვითონ მივხვდი ყველაფერს, დავგმე ღმერთი, მისი სამართალი (ღმერთო, შემინდე). ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა, დარჩა ერთადერთი გზა - მე და ჩემს მეუღლეს შვილების გარდაცვალების შემდეგ თავი მოგვეკლა. მაგრამ სანამ ამას ჩავიდენდით, ვფიქრობდით მივულიყავით საქართველოს პატრიარქთან და გვეკითხა, თუ ღმერთი მართლა არსებობს, რატომ გაგვიმეტა?

მეუღლის მეგობრებს ჩვენგან დამოუკიდებლად სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკვე ეცნობებინათ ჩვენი მდგომარეობა.


პატრიარქი იმავე დღეს ჩვენს ოჯახში მობრძანდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთოდ არ გვიცნობდა.

ოთახში უწმინდესის შემობრძანებისთანავე რამდენიმე წუთის წინ სიგიჟის ზღვრამდე მისული გააფთრებული დედა ახლა უკვე გაწონასწორებული წამოვდექი, სწრაფი ნაბიჯით გავეშურე მისკენ, დავემხე მის მუხლებთან, მჭიდროდ შემოვხვიე ხელები, გულში ჩავიკარი და შველა ვთხოვე. მან ფრთხილად წამომაყენა და მოძღვარს თვალით ანიშნა, რომ პანაშვიდი დაეწყო.

საეკლესიო წესის შესრულების შემდეგ პატრიარქმა ბრძანა: - თქვენ ბედნიერი მშობლები ხართ, თქვენი შვილები ანგელოზები არიან, ღმერთი ასეთ უბედურებას არ მოაწევდა, მაგრამ, ეტყობა, ძალიან დასჭირდა თქვენი შვილები და ისინი არა მარტო თქვენ, არამედ ბევრ სხვასაც გადაარჩენენო. მე და ბედნიერი? - ვიფიქრე გონებით, მაგრამ გულით კი ყველაფერი ვიწამე და დამეუფლა საოცარი სიმშივდე. ეს რამდენიმე წინადადება იქცა ჩემი შემდგომი ცხოვრების სულიერ საზრდოდ. წაბრძანების წინ უწმინდესმა მთხოვა, ცრემლებით არ დამემძიმებინა მათი სულები, ფსალუნები მეკითხა, ეკლესიაში მევლო და რომ საპატრიარქოს კარები მუდამ ღია იქნებოდა ჩემთვის. გადმომცა სანთლები, ხატები, ჯვრები ჩემი შვილებისათვის. შემდეგ გულში თბილად ჩამიკრა და გამომემშვიდობა.

იმ დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა... დავრწმუნდი, რომ სული უკვდავია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, და რომ არსებობს გარდაცვალება და არა სიკვდილი, და რომ სწორედ გარდაცვალება არის მარადიულობის საწყისი", - წერს ქ-ნი მზია კაცაძე. იგი მრავალი წელია, საპატრიარქოს არქივს ხელმძღვანელობს და ამ წიგნის გამოცემის თაოსანიცაა, მისი მოსაზრებით, დრო კი არ არის მკურნალი, ყველაფრის მკურნალი ღმერთია, ყველაზე დიდ ცოდვად კი დედისათვის აბორტის გაკეთება მიაჩნია.

"ჩვენს ქვეყანაში არსებულმა განუკითხაობამ ჯერ ჩემი ძმისშვილი, ხოლო შემდეგ ჩემი შვილი და ბევრი მათი თანატოლი თუ ახლობელი შეიწირა, - წერს შვილგარდაცვლილი დედა, ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ელისაბედ გაზდელიანი-ნემსაძე, - გახშირდა საქართველოში მოძმის, თანატოლის ხელით ახალგაზრდა ქართველის სიკვდილი, თითქოს ახალგაზრდობა გაიყო ორ ნაწილად - მოკლულებად და მკვლელებად. ბევრის სიცოცხლე შეიწირა სამაჩაბლომ და აფხაზეთმა. ყველაფერმა ამან თქვენს სათნო გულზეც გადაიარა, თქვენო უწმინდესობავ, დაგამწუხრათ და შეგაშფოთათ. ალბათ, ბევრი გიფიქრიათ ამის შესახებ, თუ როგორ ამოსდგომოდით გვერდში მწუხარებისაგან სასოწარკვეთილ ოჯახებს, დედებს, როგორ გაგეღვიძებინათ მათთვის სიცოცხლის სურვილი, უფრო მეტიც - აზრი ამქვეყნად ცხოვრებისა. გავბედავ და ვიტყვი - თქვენ ეს შეძელით. უფალმა, ეკლესიამ, პირადად თქვენმა თანაგრძნობამ და ძალისხმევამ გვიხსნა სრული დაღუპვისაგან", - აღნიშნავს ქ-ნი ელისაბედი.

1990 წლის აგვისტოში მწერალ გურამ დოჩანაშვილისა და ნათელა სეფიაშვილის ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს - ტრაგიკულად დაიღუპა მათი ერთადერთი 22 წლის ვაჟიშვილი ირაკლი.

ფრაგმენტი გურამ დოჩანაშვილის წერილიდან:

"ჩვენ, გარდაცვლილი შვილების მშობლები, შაბათ დილით ვიკრიბებით წმინდა სიონში, რათა ჩვენი სიყვარული და თანადგომა მივაგოთ მათ; ეს - თქვენგანაა, თქვენით ვართ შეკრებილები, უწმინდესო, უნეტარესო, რადგან ყოველი ჩვენგანი თქვენს მიერაა გადარჩენილი და იმდენად ვრცელია თქვენდამი ჩვენი მოწიწება, რომ არ მახსოვს, რომელიმე ჩვენგანს ერთმანეთისათვის გვეთქვას, თუ რაოდენ დიდი, დიადი პიროვნება, სულიერად რაოდენ მაღლივ ამაღლებული ბრძანდებით - ასეთ თვალნათლივ ჭეშმარიტებას რაღა ხაზგასმა უნდა სიტყვით... ჩვენ ეს თვალებში გვიდგას, თვალებში, რომლებიც სხეულის სანთელია და თქვენდამი როგორი მადლიერებით ვციაგობთ - მზის როგორი წრფელი სხივი გვიდგას თვალებში, თქვენით...

თქვენ 1990 წლის ოქტომბერში მიგვიღეთ ჩემი მეუღლე და მე, ყველაზე მწარე ობლობით - შვილით დაობლებული მშობლები და მაშინ არ გვქონდა ის განუზომელი ბედნიერება, თქვენ რომ გცნობოდით - თუმცა რომელ ცნობაზეა ლაპარაკი! - თქვენ ხომ საქართველოსთვის და ყოველი ქართველისთვის, გადაკარგულისთვისაც კი, მარად მიწყივმლოცველი ბრანდებით, თქვენ დღენიადაგ, ყოველ წუთს, ყოველ წამს ფიქრობთ, ლოცულობთ საქართველოზე. ხოლო თქვენი, თქვენგან უშუალო წყალობა, შვება გადარჩენისა პირველად, აი, როგორ ვიხილე.

ჩემს უახლოეს მეგობარს ორი შესანიშნავი ვაჟიშვილი რომ გარდაეცვალა, თავის მოკვლის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ თქვენ რომ მობრანდით მასთან, ბავშვებს პანაშვიდი რომ გადაუხადეთ და თავზე დაადეთ ხელი, მერე კი, თქვენი ხმითა და თქვენი სიტყვებით და თქვენი თვალებით და მთელი უვრცესი პიროვნებით რომ ანუგეშეთ, ყველანი მივხვდით, რომ აღარ ექნებოდა თავის მოკვლის, ამ უმძიმესი, საშინელი ცოდვის ჩადენის მცდელობები - და რამდენი გადაგირჩენივართ, უწმინდესო და უნეტარესო, - ბატონი გურამი ასეთი ოპტიმიზმით ამთავრებს პატრიარქისადმი გაგზავნილ წერილს, - ჩვენ ჭეშმარიტად ქუდზე კაცები ვიყავით და დავუბრუნდებით, როცა იქნება, ამ უდიდეს დანიშნულებას, როგორ მწამს, რომ თქვენით, თქვენეული "ივერია" იმ იავნანად გადაგვექცევა მოტაცებული და შინ გამოტაცებული ანუ "ძალით დაბრუნებული" ქეთო, რომელსაც ვეღარ ახსოვდა მისი და ჩვენი სამშობლო და ვერც ღვიძლი მშობლები და იავნანამ ქეთო კი არ მიაძინა, არა - სამშობლო გაუღვიძა და გაუცოცხლა, ხოლო ჩვენ, ვისაც თვით თავად ღვთისმშობელი მუდამ დაგვმღეროდა იავნანას, გამოგვაფხიზლებს და გაგვაღვიძებს..."

KARIBCHEპატრიარქ ილია მეორეს რომ მრავალი უიმედო და სასოწარკვეთილი მშობელი გადაურჩენია თვითმკვლელობის უმძიმესი ცოდვისაგან, ეს ქ-ნ ელისაბედ-ელზა მელიქიშვილის წერილიდანაც ჩანს. "1990 წლის 28 დეკემბერს მულოდნელად გარდამეცვალა ერთადერთი ქალიშვილი მარინა კარგიშვილი. დიაგნოზი - მწვავე ლეიკოზი.

იმ დღიდან დამთავრდა ჩემი და ჩემი მეუღლის ბედნიერება. დაიწყო დაუსრულებელი ტანჯვა და წამება. კი არ ვცოცხლობდით, ვარსებობდით - უნუგეშო მშობლები. ძალიან გამიჭირდა ჩემი ერთადერთი შვილის გარეშე ცხოვრება ამქვეყნად, სიცოცხლე. გამუდმებით ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე, თუმცა ქვეყნად კეთილ ადამიანებს რა დალევს. უფალმა გამომიგზავნა ჩემზე მეტად დამწუხრებული ორშვილგარდაცვლილი დედა. მისმა მაგალითმა გამომაფხიზლა, თვალი ამიხილა და მიმახვედრა, როგორ უნდა მეცხოვრა. მისივე შემწეობით შევხვდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

ჩემთვის ის დღე სიკვდილამდე დაუვიწყარი იქნება. მთელი ღამე არ მიძინია. ქალი, რომელიც მოძღვარს არ დალაპარაკებია, საქართველოს პატრიარქს ხვდებოდა. გულში იმედის ნაპერწკალი ღვიოდა, ვგრძნობდი, იქიდან უნუგეშოდ არ წამოვიდოდი.

მისაღებ ოთახში შესვლისთანავე დავინახე მისი სიკეთით და სითბოთი გასხივოსნებული სახე, ასე მეგონა, უფალს ვუყურებდი. ხმამაღლა ავტირდი და პასუხს ვითხოვდი, თუ რატომ წაიყვანა უფალმა ჩემი ერთადერთი შვილი. პატრიარქმა დამამშვიდა, დამარწმუნა, ჩემთვის გასაგები სიტყვებით ამიხსნა, რომ მარინას სული ცოცხალია, რომ ჩვენზე უკეთ ხედავს და ჩვენზე კარგად გრძნობს ყველაფერს. მთხოვა, რომ მისი სული არ შეეწუხებინა.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მკითხა, შვილის სურათი თუ მქონდა თან, საბედნიეროდ, მქონდა წაღებული. პატრიარქმა სურათი გამომართვა, დადო მაგიდაზე და კარგა ხანს უყურებდა. მერე მთხოვა, ეს ფოტო მისთვის მეჩუქებინა. მეორე მხრიდან წააწერა ჩემი შვილის სახელი და გვარი, დაბადების და გარდაცვალების თარიღები და მამაშვილური სიყვარულით და სითბოთი მითხრა, რომ ჩემი შვილისთვის ილოცებდა. დავემშვიდობე ჩემს სათაყვანებელ პატრიარქს და რწმენით სავსე წამოვედი.

დავიწყე ეკლესიური ცოხვრება.

თუ მანამდე თავის მოკვლა მინდოდა, ჩემი შვილის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ უდედმამო გოგონა ვიშვილეთ მე და ჩემმა მეუღლემ და ვზრდით, როგორც მეორე შვილს. ის ექიმობაზე ოცნებობს (ნინო ამჟამად 24 წლისაა და გერმანიაში სწავლობს, - ავტ.).

მადლობა უფალს, მადლობა საქართველოს პატრიარქს (ჩემს პატრიაქს), რომელმაც ჩემსავით ბევრ დედას ააცილა ჯოჯოხეთის ცეცხლი, დაგვარწმუნა იმაში, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე ნამდვილად არსებობს და ამით ჩვენი და ჩვენი შვილების სულები გადაარჩინა".

"27 სექტემბერი... 1993 წელი, ქ. სენაკი. დღის 3 საათია. შინ ვართ მე და ჩემი მეუღლე კალისტრატე. ვიცით, რომ ჟიული არძინბასთან არის მოლაპარაკებაზე და ვნერვიულობთ. ის იყო, ჩავრთეთ ტელევიზორი, გვესმის რუსი დიქტორის შემზარავი სიტყვები: "გაურკვეველ ვითარებაში მოკლულია ჟიული შარტავა". ადვილად წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ჩვენი სახლი ხალხით გაივსო. დაუყოვნებლივ თბილისისკენ გამოვეშურეთ, გულში ჩუმად მაინც იმედის ნაპერწკალი ღვიოდა, რომ იქნებ არ იყოს მართალი, იქნებ რაიმე შეცდომაა.

თბილისში ჟიულის სახლშიც უამრავი ხალხი დაგვიხვდა, მაგრამ ჟიული? მისი სხეულის გადმოცემაზეც უარი განუცხადებია აფხაზეთის მხარეს. საჭირო გახდა რუსეთის მთავრობის ჩარევა და აი, 29 სექტემბერს ჩამოგვისვენეს ჩემი შვილის ნატანჯი, ნაწამები სხეული, მაგრამ რადგანაც დაგვიბრუნეს, ასე გვეგონა, ჟიული ცოცხალი დაგვიბრუნდა", - წერს ჟიული შარტავას დედა ნინო (ფენია) დარასელია.

მთელი საქართველ ჩვენი ჭირისუფალი იყო, პანაშვიდზე კი თვით უწმინდესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მობრძანდა, მონაზვნებმა იგალობეს, აუხსნელი სიმშვიდე დატრიალდა. პანაშვიდის შემდეგ პატრიარქმა გასაოცარი სიტყვები ბრძანა: "სოხუმის დაცემამდე სამიოდე დღით ადრე ქუთათელ-გაენათელ მეუფე კალისტრატესთან საუბრისას ჟიულის პირჯვარი გამოუსახავს და უთქვამს: "ღმერთო, ყველას მაგივრად მე დამსაჯე, ოღონდ სამშობლო გადამირჩინეო". და აი, უფალმა შეისმინა მისი თხოვნა და ზეციურ საქართველოში წაიყვანა თქვენი შვილი. ჟიული ცოცხალია, ის უფალთან არის". მე ვიგრძენი და დავიჯერე, რომ ჩემი შვილი ცოცხალია და უცებ გამახსენდა, რომ სწორედ 27 სექტემბერს, სწორედ იმ საათებში, როდესაც ჩემი შვილი მისმავე მოძმეებმა დასახვრეტად გაწირეს, მე სენაკის მეორე საშუალო სკოლაში (რომელიც დღეს უკვე ჟიულის სახელს ატარებს), მეცხრე კლასელებთან გაკვეთილს ვატარებდი თემაზე: ეროვნული გმირის სახე იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამებაში". სახელმწიფოებრიობის, ეროვნულობის, ზნეობის, რწმენის იდეალებს შეწირულ გმირებზე ვსაუბრობდი მოსწავლეებთან, ვსაუბრობდი წამებით სიკვდილზე, რომელიც არ არის მარტო სიკვდილი, არამედ ხელმეორედ დაბადებაა მარადიულ ცხოვრებაში, სწორედ ამ სიცოცხლეზე ბრძანებდა პატრიარქი და ვიგრძენი, რომ მე გამწარებული, მაგრამ ბედნიერი დედა ვარ, რადგან ჩემი შვილი სამშობლოს შეეწირა", - ვკითხულობთ ქალბატონი ნინოს მეტად ამაღელვებელ წერილში.

წიგნში შეტანილია შვილგარდაცვლილი მშობლების - ანასტასია იშხნელი-სამხარაძის, ეთერ მურღულიას, ფაცია ზიბზიბაძის, ცარო ჟღენტის, დოდო ბესელიას, გია და ნელი გიორგობიანების, ნანა ყიფიანის, რუსუდან ქემოკლიძის, ლიანა ბარნოვას, დოდო ბესელიას, მარინა ჟღენტის, თამარ ფულარიას, ნანა გეთიას, ნანა მეტონიძის და თამარ ჩლაიძის წერილები.

"თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისევე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან, ბოლოს და ბოლოს, შეიცნოს თავი თვისი. განგიცდია შენ ეს ყოველი? ეს სისასტიკეაო, - შეიძლება თქვა ან გაიფიქრო; მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთა სოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ეს მუდამ ასე იქნება; ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს, გაგათავისუფლოს ბურანისაგან. საწოლ ოთახში განგაცალკევებს, ავადმყოფობის სარეცელს დაგიგებს. თუ იცი, რატომ? შენთან საუბარი სურს, სურს, უწამლოს იმ სენს, შენს სატკივარზე უფრო საშიში რომაა, სურს, მიეახლოს შენს სულს, რათა განკურნოს იგი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რომ მთელი გავლილი ცხოვრება შეცდომებითაა სავსე; და თუ, ღვთის მადლით, ამას შეიგნებ, უკვე სწორ გზაზე დგახარ", - აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

როდესაც წუთისოფლის ბნელ გზაზე დაღლილნი და გზააბნეულნი შევჩერდებით და აღარ გვეცოდინება, საით წავიდეთ, მოგვმადლე ცხოვრებისეულ ქარიშხალში შენი ნათელი სახის ხილვა და შენი მშვიდი, გამამხნევებელი ხმის გაგონება.

"მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა!"

ამინ.
ბეჭდვა
1კ1