ზეიმი 208-ე საჯარო სკოლაში
ზეიმი 208-ე საჯარო სკოლაში
ზაჰესში მდებარე 208-ე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, ქალბატონმაLლეილა მუსხელიშვილმა დიდი რუდუნებით სხვადასხვა კლასის მოსწავლეთაგან შემდგარი მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. ბავშვები მონდომებით ასრულებენ არა მარტო ქალაქურსა და ქართულ ხალხურ სიმღერებს, არამედ საეკლესიო საგალობლებსაც.

ქალბატონ ლეილას პედაგოგად მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ სკოლაში უკვე 20 წელია მოღვაწეობს და ბავშვებს მუსიკალური კულტურის სიყვარულს აზიარებს. სიმღერის ნიჭი, ქართული ტრადიციებით გამორჩეული, ოჯახიდან გამოჰყვა. მშობლებიც პედაგოგები იყვნენ და უზომოდ აფასებდნენ ქართულ ხალხურ სასიმღერო ხელოვნებას. თავადაც მღეროდნენ და უკრავდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე.

20 დეკემბერს ამ სკოლას ვესტუმრე, რათა დავსწრებოდი ქალბატონი ლეილას ხელმძღვანელობით დადგმულ, ქრისტიანული თემატიკისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ამდაგვარი ღონისძიებების დადგმას და, ზოგადად, მოსწავლეთა წახალისებას მართლმადიდებლური საკითხების გაშუქებისადმი ხელს უწყობს სკოლის დირექტორი, მორწმუნე ქალბატონი - ქეთევან ბილიხოძე. იგი გულმოდგინედ ზრუნავს იმისათვის, რომ სკოლაში ხშირად ჩატარდეს პარაკლისები და ბავშვებს (განსაკუთრებით - უფროსკლასელებს) ეკლესიის მოძღვრებთან ჰქონდეთ ინტენსიური ურთიერთობა. სკოლის პედკოლექტივს გაცნობიერებული აქვს ეკლესიის კეთილისმყოფელი გავლენა ბავშვების სულიერების ჯანსაღად და სწორად წარმართვაზე. ამ მიზნით სკოლას ხშირად სტუმრობენ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მოძღვრები: მამა გურამი (ბერძული) და მამა ვახტანგი.

ქალბატონი ლეილა მუსხელიშვილი არაერთხელ აწყობს ქრისტიანული თემატიკისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება მიეძღვნა ქართველთა განმანათლებელს, წმინდა ნინოს. ბავშვებმა (ნინო მეტრეველმა და ლუკა გაგნიძემ) გუნდთან ერთად შეასრულეს პოეტ მარიამ წიკლაურის ლექსზე შექმნილი წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი სიმღერა, რომლის მელოდიაც ქალბატონმა ლეილამ შეთხზა. თავადაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრია, რომლის რეგენტი იქვე, მონასტერში მცხოვრები მონაზონი, დედა პარასკევა ბრძანდება. ქალბატონიLლეილა ბავშვებს არა მარტო სიმღერებისა და საგალობლებისადმი უღვივებს სიყვარულს, არამედ, პირველ ყოვლისა, ზრუნავს იმაზე, რომ ეს ბავშვები ეკლესიას შესძინოს. სწორედ ამას მიიჩნევს იგი პედაგოგის მთავარ დანიშნულებად. სიამაყე და სიხარული ეუფლება, როდესაც წირვა-ლოცვაზე ხედავს მისი სკოლის მოსწავლეებით სავსე ტაძარს. ამიტომაც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება პედაგოგის მისიას ღვთისა და ერის წინაშე. მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდაში და მის ჭეშმარიტ ადამიანად ჩამოყალიბებაში მასწავლებელს ყველაზე მეტად პირადი მაგალითი ეხმარება. გულში დაგროვილ სითბოსა და სიყვარულს უშურველად გასცემს და მადლიერია, როდესაც საპასუხო სითბოს ღებულობს ახალგაზრდა თაობისგან.
ბეჭდვა
1კ1