ღმერთო, მიშველე!
ღმერთო, მიშველე!
ციოდა. ქარი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა დასავლეთისაკენ და მტვრის კორიანტელთან ერთად, რისი წარხვეტაც შეეძლო, თან მიათრევდა. ცოტაც და ციდან თოვლნარევი წვიმა დაეშვა.

ატალახებულ, გალუმპულ, დაცარიელებულ ქუჩას ქოლგას შეფარებული მხრებგალეული კაცი კოჭლობით მიუყვებოდა. ქუჩის კუთხეს ამოფარებულ პატარა სარდაფამდე რის ვაი-ვაგლახით მიაღწია. კიბე ჩაიარა და გაყინული თითებით კარი შეაღო. დაბალ მაგიდასთან ჩასუქებული მეწაღე იჯდა და საქმეს ჩაჰკირკიტებდა.

- სიარული მიჭირს. ფეხსაცმლის ძირი მაქვს გახვრეტილი. ქვა-ღორღი რბილში მერჭობა და სულს მიმწარებს. არადა, ძალიან მეჩქარება. პატარა ტყავის ნაგლეჯი ან ჩასაფენი გექნება რაიმე და მომეცი, შენს გახარებას, - მიაყარა სხაპასხუპით.

- არ მაქვს! - თავი არც აუწევია, ისე გამოსცრა კბილებიდან მეწაღემ.

- მიშველე რამე! - ახლა უკვე მუდარით აღმოხდა კაცს.

- ღმერთმა გიშველოს! - კიდევ უფრო უხეში იყო პასუხი.

სტუმარმა სველი ქუდი მოიხადა. მაგიდაზე დადო და ზედ დაეყრდნო:

- დალოცვილო, შენ რომ მიშველი, სწორედ ეგ არის ღმერთის შველა, ჩვენ ხომ ერთმანეთის დასახმარებლად გაგვაჩინა მამაზეციერმა. საქმეც სხვადასხვაგვარი იმიტომ გვიკურთხა, რომ ურთიერთს გამოვადგეთ. უფალი ხომ თითოეულ ჩვენგანშია. ვხედავ, შენც ნაზიარები ხარ ჭეშმარიტების გზას და გული რამ გაგიქვავა? - უთხრა და თან თვალი მის გაბურძგნულ მკერდზე დაბრძანებულ ჯვარს შეავლო.

- ქადაგებას თუ მორჩი, შეგიძლია წახვიდე! - ჩაიბუზღუნა მეწაღემ და საკინძე შეიკრა. კაცი კარებისაკენ შებრუნდა.

- რომელი ფეხია? - მოესმა ზურგს უკან.

- მარჯვენა! - ისე უპასუხა, არც შემობრუნებულა.

- წეღან ნიაღვარი ჩამოასკდა კიბეს. თან ცალი "გალოში" ჩამოიყოლა. მანდ უნდა ეგდოს კარებს უკან.

კაცმა უმალ მოირგო ფეხზე "გალოში". მსუბუქად აიარა კიბე და სირბილით გაუყვა ქუჩას.

გრილი ღამე იდგა. ცრიდა. უღიმღამო დღით უკმაყოფილო მოსახლეობა ძილისათვის ემზადებოდა. მოსაწყენ სიჩუმეში ქალის ყვირილი გაისმა:

- ექიმი, ჩქარა!

თითქოს ამას ელოდნენო, გამოფხიზლდა ხალხი და დიდი თუ პატარა ამბის გასაგებად დაიძრა. ექიმიც თან წაიყოლეს. შუაგულ ოთახში კაცი პირქვედამხობილი გაშხლართულიყო და კვნესოდა.

- რა მოუვიდა? - ექიმს დაასწრო ცნობისმოყვარე მეზობელმა.

- გულიო, დაიძახა, წაიფორხილა და ძირს დაენარცხა. ხელი არ მახლოთ, თორემ მოვკვდებიო, - ჰყვებოდა თვალცრემლიანი ქალი.

ექიმი ავადმყოფს მიუახლოვდა. მისი გრძელი ლაბადიდან ჯერ კიდევ შეუშრობელი წვიმის წვეთები კაცს კეფაზე ეცემოდა.

- თავი ოდნავ წამოსწიე, წამალი უნდა დაგალევინო, - მშვიდად მიმართა ექიმმა და ჯიბეში ხელის ფათურს მოჰყვა.

კაცი ფრთხილად დაეყრდნო იდაყვებს. მისი თავი ექიმის ლაბადის ქვეშ მოექცა. თვალები შიშით ნელ-ნელა გაახილა და ელდა ეცა. ექიმს ცალ ფეხზე "გალოში" ეცვა, მეორეზე - გაცვეთილი ფეხსაცმელი.

- ღმერთო, შენ მიშველე! - აღმოხდა მწარედ, ხელები კეფაზე შემოირტყა და შუბლით იატაკზე დაემხო.

ექიმმა ჩაიმუხლა. პირში აბი ჩაუდო, მის მაჯას დასწვდა და საათს დააცქერდა. მერე ხელი მხარზე შემოავლო, თავისკენ მოზიდა და გულაღმა გადმოაბრუნა.

- ეს შენ ხარ? - გაოცებით და სიხარულით წამოიძახა ექიმმა.

"ნეტამც არ ვიყო", - გაიფიქრა კაცმა. გული აღარ სტკიოდა, მაგრამ ახლა სული ჰქონდა შეწუხებული. თვალწინ სულ დახლზე დახვავებული ფეხსაცმელში ჩასაფენი ფირფიტები ედგა, გუშინ ბაზარზე კაპიკებად რომ იყიდა და მისთვის ერთიც არ გაიმეტა.

- ღმერთო, შენ მიშველე! ღმერთო, შენ მიშველე! - მალიმალ იმეორებდა და სახეს ხელებით იფარავდა.

- გიშველის. ისე როგორც შენ მიშველე ამ დილით. იმ "გალოშის" წყალობით გზა სწრაფად განვვლე და ავადმყოფი სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან. მთავარია, "შევძლოთ, ნუგეში ვცეთ ყოველგვარ ჭირში მყოფთ იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი" - და წყალობა არ მოგვაკლდება, - დაუყვავა ექიმმა.

კაცი ჯერ გაირინდა, მერე წამოდგა, ექიმი გულში ჩაიკრა და შვებით ამოისუნთქა.

მადონა ნატრიაშვილი
ბეჭდვა
1კ1