კალენდრის ერთი დღე
კალენდრის ერთი დღე
ძველი სტილით 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. მეფისა, რომელმაც სულიერად და ხორციელად აღადგინა საქართველო. მეფისა, რომელმაც სინანული და სიმდაბლე გვასწავლა. 1918 წლის 26 იანვარს წმინდა დავითის ხსენების დღეს თბილისში უნივერსიტეტი დაარსდა. ვულოცავთ ყველას ამ დიდებულ დღეს, ვუსურვებთ ჩვენს "ალმა მატერს", გადმოსულიყოს მასზე დავითის სული, მამულისა და ღვთის სიყვარული.

იმავე დღეს დედაეკლესია მოიხსენიებს წმინდა სვიმეონ ძველს ("ძველს" ეძახიან წმინდა სვიმეონ მესვეტისგან გასარჩევად, რომელიც მის მერე მოღვაწეობდა ასურეთში). იგი ახალგაზრდობიდანვე მეუდაბნოე ცხოვრებას შეუდგა და დღეებს მკაცრ მარხვაში, მოუკლებელ ლოცვებსა და ღმერთზე ფიქრში განლევდა. საჭმელად ჰქონდა ბალახი, რომელიც მისი კელიის გარშემო იზრდებოდა. ასე ცხოვრობდა მრავალი წლის მანძილზე. მასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა სანახავად. შეწუხებულმა გადაწყვიტა, ამანის მთაზე გადასახლებულიყო, მაგრამ ვერც იქ პოვა სიმშვიდე. მაშინ სინას მთაზე წავიდა, თუმცა სახიერმა ღმერთმა ინება, თავისი ძველი მოღვაწეობის ადგილს დაბრუნებოდა, სხვათა სულების გადასარჩენად ეზრუნა. მისი წინამძღოლობით აქ ორი მონასტერი აშენდა, ერთი - მთის ძირში და მეორე - მთის წვერზე. დიდებულად უძღვებოდა სამწყსოს. ამხნევებდა და განაძლიერებდა მათ ღვთისმოშიშებაში, ვნებებთან ბრძოლაში, აღძრავდა შინაგანი მყუდროებისკენ, ასწავლიდა მოყვასისადმი შემწყნარებლობას, მტრისადმი დიდსულოვნებას. თავისი უსაზღვრო ღვაწლის გამო მან ისეთი მადლი მიიღო, რომ მძვინვარე მხეცნიც კი მის ბრძანებას ემორჩილებოდნენ. წმინდა სვიმეონმა ღრმა სიბერემდე მიაღწია და 390 წელს მშვიდობით მიიცვალა.

26 იანვარს წმინდა ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ოჯახს: ღირს ქსენოფონტეს, მის მეუღლე მარიამს და მათ ძეთ - არკადისა და იოანეს (V-VI). წმინდა ქსენოფონტე ყველაზე ცნობილი დიდებული იყო კონსტანტინოპოლში. მდიდარი მატერიალურად და სულიერად, მისი მეუღლე მარიამი მასავით წმინდა ადამიანი იყო. მათი ორი ვაჟი ელინურ სიბრძნეს სწავლობდა ფინიკიის ქალაქ ბერითში. ერთხელ მამა მძიმედ ავად გახდა და დედამ შვილები შინ დაიბარა. მამამ უკანასკნელი დარიგება მისცა შვილებს, გაიხსენა თავისი ღვთივსათნო წარსული და შვილებსაც ამნაირადვე ცხოვრება უანდერძა. მაგრამ ღმერთმა სხვანაირად ინება, იმავე ღამეს ხილვა ნახა ქსენოფონტემ, რომ არ მოკვდებოდა. მეორე დღეს ამცნო თავის ოჯახს სასიხარულო ამბავი, მერე კი შვილებს სასწრაფოდ ბერითში დაბრუნება და სწავლის დასრულება უბრძანა. დასვა ხომალდზე არკადი და იოანე მონებთან ერთად და გაისტუმრა. გზაში ღელვა ატყდა და ყველა ცალ-ცალკე გაიტაცა ტალღებმა გემის ნამსხვრევებს ჩაჭიდებულნი. იოანე წყალმა მადმეფეტანში გამორიყა, არკადი – ქალაქ ტეტრაპიტიასთან, მონები კი ქალაქ ტიროსის ნაპირზე. გადარჩნილმა იოანემ გადაწყვიტა, ბერად შემდგარიყო და სახიერ ღმერთს შეევედრა, არკადისაც იგივე სურვილი გასჩენოდა. მალე მიადგა ერთ-ერთ მონასტერს, სადაც მონაზვნად აღკვეცეს. არკადიც ცოცხალი გადარჩა და ფიქრობდა, მშობლებთან თუ დაბრუნდებოდა, როცა მას მარტოს დაინახავდნენ, გული მოუკვდებოდათ. ამიტომაც მანაც მონასტერში წასვლა მოინდომა. თავიდან იერუსალიმის სიწმინდეების მოლოცვა გადაწყვიტა. ქალაქიდან გამოსული ერთ დაფარულმცოდნე წმინდა მამას შეხვდა. ლოცვა შესთხოვა. მან კი დაამშვიდა: "ნუ გეშინია, შენი მეგობრები ყველანი გადარჩნენ და მონაზვნობა აირჩიეს, მამაშენმა იოანემ შენზე ადრე ჩაიცვა მონაზვნის კაბა. დადგება დრო, შენს ძმას საკუთარი თვალით იხილავ, რამეთუ შეისმინა ღმერთმა შენი ლოცვაო". არკადი ბერს აღარ გაშორებია, ღირსმა მამამ ის წმინდა ხარიტონის მონასტერში წაიყვანა და ბერად აღკვეცა. ერთი წლის მანძილზე სულიერად მოძღვრავდა ყმაწვილს, მერე კი უდაბნოში გასვლა მოინდომა, დაჰპირდა, სამი წლის მერე გნახავო.

ამასობაში მშობლებმა შვილებისგან ვერაფერი შეიტყვეს. მათ სანდო კაცი გაგზავნეს ბერითში. იქ ვერ აღმოაჩინა, მერე ათენში მიმავალი გზად მწირს გადაეყარა, რომელშიც თავისი ბატონის ყოფილი მონა შეიცნო, რომელიც იერუსალიმში მიდიოდა. მისგან შეიტყო ხომალდის დამსხვრევის ამბავი, დაბრუნდა უკან გაჭირვებით, მოუთხრო მარიამს სამწუხარო ამბავი. მარიამმაც ძლივს გაუმხილა ქმარს. ქსენოფონტემ ადიდა ღმერთი, თუმცა ცოლი დაამშვიდა - მე ღმერთი არაფრით განმირისხებია, ამიტომაც შვილები ცოცხლები გადარჩებოდნენო. იმავე ღამეს სიზმარში იხილა ქრისტეს წინაშე წარმდგარი შვილები. ამნაირივე სიზმარი ნახა მარიამმაც. დილით ცოლს უთხრა ქსენოფონტემ: ვფიქრობ, ჩვენი შვილები იერუსალიმში არიან და მათ სანახავად წავიდეთო. მართლაც, სახლ-კარი სანდო ხალხს ჩააბარეს, თვითონ კი იერუსალიმისკენ გაემართნენ. იორდანეს ნაპირებთან შეხვდნენ იმ დაფარულმცოდნელ მამას, რომელმაც არკადი აღკვეცა მონაზვნად. მან უთხრა მშობლებს, წადით, მოილოცეთ იორდანეს გარშემო მონასტრები და უკან დაბრუნებულნი თქვენს შვილებს იხილავთო. მშობლები იორდანეს ნაპირებზე წავიდნენ. წმინდა მამა კი იერუსალიმში შევიდა, მოილოცა და წმინდა გოლგოთასთან დასასვენებლად ჩამოჯდა. ამ დროს იოანე მალმეფეტანის მონასტრიდან იერუსალიმში ჩამოვიდა თაყვანისცემისთვის. როცა წმინდა მამა დაინახა, მივიდა მასთან და თაყვანისცა. "სად იყავი აქამდე, ჩემო ბატონო იოანე? მშობლები დაგეძებენ, შენ კი შენი ძმის სანახავად ჩამოსულხარ". აქვე უნდა ვთქვათ, რომ იოანეს მანამდე ღვთისაგან ეუწყა ძმის ცოცხლად გადარჩენის ამბავი... იოანე მიხვდა, რომ მის წინ წინასწარმცოდნელი მამა იჯდა და სთხოვა, ეთქვა, სად იყო მისი ძმა. "დაჯექი ჩემთან და მალე იხილავ შენს ძმას". ცოტა ხნის მერე მოვიდა არკადიც, რომელმაც დიდად გაიხარა მოძღვრის დანახვაზე. დიდებულმა ისიც გვერდით მოისვა.

მიხვდა, რომ ძმებმა ვერ იცნეს ერთმანეთი. მერე კი იოანეს ჰკითხა: ვინ ხარ, სადაური ხარო. იოანემ მოყოლა რომ დაიწყო, მაშინღა იცნო არკადიმ ძმა. ორი დღის შემდეგ იერუსალიმში ქსენოფონტე და მარიამიც დაბრუნდნენ და წმინდა მამას პირობის აღსრულება სთხოვეს. მან - წადით სასტუმროში, ტრაპეზი გაამზადეთ, მე მოვალ ჩემს მოწაფეებთან ერთად და მაშინ გეტყვით, სად არიან თქვენი შვილებიო. მართლაც, საღამო ხანს მოწაფეებთან ერთად სტუმრად ეწვია ქსონოფონტეს. "ეჰ, მამაო, შენი მოწაფეები რომ არიან, ნეტავ ჩვენი შვილები ასეთნი იყვნენ", - ინატრა ქსენოფონტემ. მაშინ მოძღვარმა არკადის მოაყოლა თავისი ამბავი. მშობლებმა იცნეს შვილები და მათ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა.

ამის მერე ქსენოფონტე და მარიამი ღირსმა მამამ მონაზვნებად აღკვეცა. მარიამი დედათა მონასტერში დასახლდა. ქსენოფონტემ ბიზანტიაში ხალხი გაგზავნა, მონები გაათავისუფლა, ქონება მოწყალებაში დაარიგა, თვითონ კი უდაბნოში, ერთ კელიაში დასახლდა. არკადი და იოანე კი დიდბერს გაჰყვნენ უდაბნოში და ღირსეულად განვლეს ცხოვრება, წინასწარ ეუწყათ გარდაცვალების ჟამი. ქსენოფონტემ წინასწარმეტყველების და სასწაულთმოქმედების მადლი მიიღო. მარიამმაც მრავალი სასწაული მოიმოქმედა, ბრმები განკურნა, ეშმაკები განდევნა და ნეტარი აღსასრულის შემდეგ აღვიდა ზეცად. დედაეკლესიამ კი ღვთის ბოლომდე შემყვარებელი ოჯახი წმინდანად შერაცხა.

26 იანვარს არის ხსენება იოსებ თესალონიკელისა. წმინდა სვიმეონი გახლდათ ღვიძლი ძმა წმინდა თეოდორე სტუდიელისა. ახალგაზრდობის წლებში მასთან ერთად მოღვაწეობდა წმინდა პლატონის დაარსებულ სეკუდიონის მონასტერში. იოსებმა და მისმა ძმამ ამხილეს იმპერატორი კონსტანტინე, რომელმაც თავისი მეუღლე, დედოფალი მარიამი, მონაზვნად ძალად აღკვეცა და მის მაგივრად ნათესავი მოიყვანა ცოლად. ამის გამო იგი დააპატიმრეს, ცოტა ხანს კონსტანტინოპოლში ჰყავდათ დამწყვდეული და შემდეგ ერთ უკაცრიელ კუნძულზე საპყრობილეში ჩააგდეს. იმპერატორმა მიხეილ კურაპალატმა იოსები გაათავისუფლა. იმპერატორ ლევ ისავრიელის მეფობისას წმინდა იოსებმა ხატთაყვანისცემის გამო დევნა დაითმინა. ლევმა იგი ძმასთან ერთად აწამა და დაატუსაღა. რამდენიმე ხნის მერე იმპერატორმა მათ ხატმბრძოლური მრწამსის ხელისმოწერა აიძულა, მაგრამ როცა ვერ დაითანხმა, უფრო მყრალ დილეგში ჩააგდო. მიხეილ ენაბრგვილმა, რომელიც ისავრიელის მერე გამეფდა, იგი სხვა ხატთაყვანისმცემელ მამებთან ერთად გაათავისუფლა საპყრობილიდან. წმინდა იოსები მშვიდობით აღესრულა სტუდიის სავანეში 830 წელს. მას რამდენიმე ქადაგება დარჩა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯვართამაღლების დღეს წარმოთქმული სიტყვა. წმინდა იოსები ჰიმნოგრაფიც იყო.

ამავე დღეს ხსენებაა წმინდა ანანია ხუცისა, პეტრე საკნისმცველისა და მათთან ერთად შვიდი მხედრისა, რომლებიც 295 წელს ეწამნენ. წმინდა ანანია სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა. იგი წიგნის მკითხველს მიაბარეს და დღედაღამ საღვთო წიგნების კითხვას იყო მიცემული. როცა მოიზარდა, ხალხმა, მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა, ჯერ დიაკვნად და მერე ხუცად გამოარჩია. დიოკლეტიანეს დევნის დროს ანანია, როგორც ქრისტიანი, წარადგინეს სამსჯავროს წინაშე. ვერც მუქარამ და ვერც ალერსმა ვერ მოტეხა, სახალხოდ აღიარებდა ქრისტეს და დასცინოდა წარმართთა ღმერთებს, როცა კერპებთან თაყვანისცემისთვის მიიყვანეს, მან ღვთის სახელის მოხმობით ერთი შებერვით დაამსხვრია კერპნი და ტაძარი დაანგრია. ამის მერე ანანია საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მეშვიდე დღეს ღირსი შეიქმნა ქრისტეს გამოცხადებისა, მეთორმეტე დღეს სულიწმინდა გამოეცხადა მტრედის სახით. ამ ხილვებს შეესწრო საკნის მცველი პეტრე, რომელმაც იწამა ქრისტე და ორივე წარდგენილ იქნა ახალი მმართველის წინაშე, რომლის ბრძანებითაც ანანია გახურებულ ტაფაზე დააწვინეს, მერე სხეული გაურანდეს და იარებზე მარილი დააყარეს, პეტრე კი ნაკვერჩხალზე დააწვინეს; მერე ორივე გავარვარებულ აბანოში შეაგდეს. სამი დღის მერე ორივე უვნებელი იხილეს. ამ სასწაულმა შვიდი წარმართი მეომარი ქრისტეს მხედარი გახადა, რისთვისაც ისინი გაამათრახეს და ცხრავე ცეცხლში ჩაყარეს, მაგრამ მათ სულიწმინდა მტრედის სახით გამოეცხადათ და უვნებელნი დარჩნენ. ანანია ნადირთ მიუგდეს, ხოლო მათ პირი არ დააკრეს. ბოლოს ყველა ზღვაში ჩაახრჩვეს. წმინდა მოწამეთა სხეულები ზღვის ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. პატივით დაკრძალეს. ისინი მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. წმინდა მოწამეები წარმოშობით ფინიკიელნი იყვნენ.

ამავე დღეს ხსენებაა ჩვენი ეკლესიის წმინდა მამის, თეოდორე სტუდიის იღუმენის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებისა 845 წელს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.01.2020
"ბევრ ახალ წლებ დაინახ! ღმერთმა კაი ყისმათ მოგცეს!" (ანუ ბევრ ახალ წლებს დაესწარი და ღმერთმა კარგი ბედი მოგცესო) - ასე ულოცავენ
06.01.2020
უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს.
31.12.2019
აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ?
21.12.2019
აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში განაცხადა,
13.12.2019
ერის მამა და სულიერი მოძღვარი წმინდა ილია მართალი ბრძანებდა: "დავიწყება ისტორიისა მომასწავებელია
17.11.2019
პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს, -ასე მიმართა მრევლს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) სამების საკათედრო ტაძარში.
10.11.2019
8 ნოემბერს, პრემია "საგურამოს" დაჯილდოვების ცერემონიაზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) ერგო.
25.10.2019
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა და პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა.
12.10.2019
საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება.
01.10.2019
-წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დამკვიდრდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ემბაზი
ემბაზი ეწოდება ჭურჭელს, რომელშიც ბავშვს ნათლავენ. იგი ძველი ქართული სიტყვაა და სანათლავს ნიშნავს.