წმინდანის სხეული საოცარ სურნელს გამოსცემდა, რომლითაც მონაზვნები რამდენიმე დღე ტკბებოდნენ
წმინდანის სხეული საოცარ სურნელს გამოსცემდა, რომლითაც მონაზვნები რამდენიმე დღე ტკბებოდნენ
წმინდა ირინე
(გაგრძელება)
წმინდა ირინეს კელიაში ედგა ვიწრო, სქელი ფიცრის საწოლი , რომელზეც ნამჯის ლეიბი ეგო. საწოლის თავზე დიდი ხის ჯვარი ეკიდა, პატარა მაგიდის მაღლა კი ღვთისმშობლის ხატი. ოთახის კუთხეში იდგა ძველი ლამპარი და თიხის დოქი. ირინე მონასტრის ტიპიკონის მცირე წვრილმანსაც კი არ არღვევდა. ტრაპეზზე სხვის თეფშსაც არ შეხედავდა. უმცირეს ცოდვასაც კი ინანიებდა, ყოველ საღამოს იღუმენიას დაჩოქილი აბარებდა აღსარებას.

ირინემ ღირსი ანას დახმარებით ისწავლა, როგორ დაეცვა თავი ბოროტის თავდასხმებისგან და მას როგორ შებრძოლებოდა. შემდეგ ირინე მონასტრის წინამძღვრად გამოირჩიეს. დედებმა ძალიან გაიხარეს, ხოლო მოხუცი ღირსი ანა ამაყობდა ღირსეული მემკვიდრით. თვითონ ირინე არ თვიდა თავს ღირსად ასეთი პატივისა.

აღდგომის მესამე დღეს შედგა მშვენიერი ცერემონიალი. სანამ დაიწყებოდა, ტაძარში შევიდა ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც ძალიან გამხდარი ყმაწვილი ქალი ახლდა. ორივე შავად იყო შემოსილი და სახეზე შავი პირბადე ეფარათ. როდესაც ქალბატონმა პირბადე აიწია, რათა ხატებს მთხვეოდა, ტაძარში მყოფებმა იცნეს დედოფალი თეოდორა. ირინე დარწმუნებული პასუხობდა სულიერ მოძღვარს კითხვებზე, თუ რატომ გადაწყვიტა მონასტერში მოსვლა. პირობა დადო, რომ სიცოცხლის ბოლომდე პატივს მიაგებდა სათნოებას, უმანკოებას, უპოვარებას და მორჩილებას. შემდეგ სახარებიდან აიღო მაკრატელი და მიაწოდა მოძღვარს, რომ მისი ლამაზი თმა შეეჭრა. ეს იყო ის, რაც აკავშირებდა ამ ქვეყანასთან. შემოსეს უხეში ბეწვის ანაფორით. ირინე დაემსგავსა უდაბნოში მოღვაწე მკაცრ ასკეტს. ის, რითაც შემოსეს, გაუხდელად ეცვა, რადგან მეორე არ ჰქონდა. იცვლიდა მხოლოდ ყოველ აღდგომის დღესასწაულზე. ძველს გამვლელ მათხოვარს ჩუქნიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოსელი მთელი წლის გაურეცხავი იყო, სისუფთავისგან ბრწყინავდა და საოცარ სურნელებას გამოსცემდა. წმინდა ირინეს სიკვდილის შემდეგ მისი სამოსის ნაკუწებს ავადმყოფებს აძლევდნენ განსაკურნებლად. წმინდა ირინე რამდენადაც მაღლდებოდა სათნოებაში, იმდენად თავმდაბალი ხდებოდა. კითხულობდა წიგნებს წმინდანთა ცხოვრების შესახებ. ასე წაიკითხა არსენი დიდის ცხოვრება. წმინდა არსენი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა ავტოკრატორ თეოდოსიოს დროს. წმინდა არსენიც დიდი მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ცისკენ ხელებაღპყრობილი ლოცულობდა. წმინდა ირინესაც გაუჩნდა სურვილი ამგვარი ლოცვისა. ირინე სულიერ დედასთან, იღუმენიასთან შეუთანხმებლად არაფერს აკეთებდა, რათა ბოროტს მისთვის არ ეჯობნა. გულმხურვალედ შესთხოვა იღუმენიას, მიეცა ამ რთული საქმის კეთების უფლება. თავიდან შეშინდა ღირსი ანა - ვაითუ ირინეს სუსტმა სხეულმა ვერ გაუძლოს ამგვარ გამოცდას და ავად გახდესო. შეახსენა, რომ წელიწადიც არ იყო გასული მისი გამოჯანმრთელებიდან... ახალგაზრდა მონაზონს თავიდან ფიზიკურადაც და სულიერადაც გაუჭირდა, მაგრამ თანდათან გაძლიერდა და 24 საათი შეეძლო ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.

მიუხედავად იმისა, რომ ირინე წმინდად ცხოვრობდა, ბოროტი არ ანებებდა თავს, ხშირად ახსენებდა, რა კარგი ცხოვრება ჰქონდა ერში, მაგრამ ბოროტი ვერაფერს სჯობნიდა, რადგან შეიარაღებული იყო რწმენით და თავმდაბლობით. ხშირად ახსენდებოდა მოხუცი მამა, რომელიც სიბერეში მარტო დარჩა და გულის სიღრმეში გრძნობდა ტკბილ ჩურჩულს უფლისას, რომ მისი სიყვარული იყო დედაზე აღმატებული. ამ დროს ბოროტი შორდებოდა, მაგრამ ერთ საღამოს, ლოცვისას, ირინეს გამბედავი მტერი წარმოუდგა მახინჯ არაბად და საშინელი ხმით დაემუქრა. თითქოს ჯოჯოხეთიდან ამოდიოდა ეს ხმა. ირინეს არ შეშინებია, პირიქით, დარწმუნდა, რა უძლურ მტერთან ჰქონდა საქმე და ჯვარი გადასახა. გეგონებოდა, ბოროტი ვიღაცის უხილავმა ხელმა გაშოლტაო, ხმაურით გაუჩინარდა. მეორე დღეს ირინე უფრო გაძლიერებულად გრძნობდა თავს. უფალი, რომელმაც დაუშვა მისი ასეთი გამოცდა, დარწმუნდა მის მოთმინებაში, გამბედაობაში, რწმენაში და დააგვირგვინა მისი გამარჯვება - ამიერიდან მტერი ვეღარ შეაწუხებდა.

ირინეს არაერთი მწუხარება დაატყდა თავს. ჯერ მოხუცი მამა გარდაეცვალა, მერე მამიდა სოფია, რომელიც მონასტერში მოღვაწეობდა, უკურნებელი სენით დაავადდა მისი უსაყვარლესი მეგობარი თეკლა, რომელიც საწოლს მიჯაჭვული დიდხანს იტანჯა.

პატრიარქმა ირინე ხრისოვალანდის მონასტრის იღუმენად აკურთხა. ირინე თვლიდა, რომ არ იყო ღირსი ამ პატივისა. ყველა საკითხს სერიოზულად უდგებოდა, ამიტომ სიმძიმედ მიაჩნდა მისი სურვილის გარეშე მიღებული პასუხისმგებლობაც. მონაზვნებმა კარგად იცოდნენ მისი თავმდაბლობა და ამშვიდებდნენ, რომ ყველანაირად დაეხმარებოდნენ.

- ნუ წუხხარ, დედაო, ჩვენ ყოველთვის შენი მორჩილი ვიქნებით, ეს ხომ შეგიმსუბუქებს ტვირთს.

მართლაც, ამ წმინდა სულებმა სიცოცხლის ბოლომდე შეინახეს სიტყვა. ნეტარი ირინე კი მძიმე წუთებში თავშესაფარს ლოცვებში პოულობდა. იგი ღირსეულად მიაბიჯებდა ნეტარი ანას ნაკვალევზე. დიდ ყურადღებას უთმობდა აღსარებას. სურდა, რომ მონაზვნები სულერად სრულად გათავისუფლებულიყვნენ. უფალს სთხოვდა, მიენიჭებინა უნარი, შეძლებოდა, გაეგო, რას მალავდნენ მონაზვნები გულში და რას არ ამბობდნენ აღსარებაში. უფალმა შეისმინა მისი თხოვნა. ერთ დილით ეკლესიაში რომ შევიდა ირინე, დაინახა მანათობელი ფრთებგაშლილი ანგელოზი, რაც ნიშნავდა, რომ იმ წუთის ჩამოფრენილი იყო ციდან უფლის ნების სათქმელად.

- გიხაროდენ, უფლის მონავ, - უთხრა მელოდიური ხმით, - უფალმა გამომგზავნა, რომ მოგეხმარო სულების გადარჩენაში. შენი თხოვნის თანახმად, ვიყო სულ შენს გვერდით და გითხრა, რა საიდუმლოს მალავენ კაცთა გულები. ღირსმა ირინემ პატივის ნიშნად დაიჩოქა და უფალს მადლობა შესწირა. მას შემდეგ ანგელოზს ირინე არ მიუტოვებია და ღირსი ირინესთვის არ არსებობდა დამალული საიდუმლო, მაგრამ ისე ტაქტიანად უდგებოდა ამ საკითხს, რომ ადამიანებს თავმოყვარეობა არ შელახვოდათ. ამ უნართან ერთად მიეცა წინასწარმეტყველების ნიჭიც. ამის გამო მას წმინდანად მიიჩნევდნენ. მის შესახებ მონასტრის გარეთაც შეიტყვეს. ბევრი წარჩინებული ოჯახის ქალიშვილებმა მიატოვეს ხმაურიანი ცხოვრება და უფლის გზას დაადგნენ. ირინეს შემონაზვნებისას 30 მონაზონი იყო მონასტერში, როდესაც გარდაიცვალა, 100-ზე მეტი დატოვა.

რამდენადაც უფალი მადლით აჯილდოებდა ირინეს, იმდენად გააფთრებული ესხმოდა თავს ბოროტი. როდესაც ღირსი დედა ლოცულობდა, სატანა ისე ხმაურობდა, გეგონებოდა, ქვეყნიერება იქცევაო. ზოგჯერ წინ გადაუდგებოდა - ირინე, ქვა და რკინა ხარ? როდემდე უნდა მტანჯო შენი ლოცვებითო. მაგრამ ირინე ყურადღებას არ აქცევდა. ერთ ღამეს, ხელებაპყრობით ლოცვისასა, ეშმაკმა მანდილზე კანდელიდან ცეცხლი წაუკიდა. ირინეს ალი მთელ ტანზე მოედო, დაეწვა სამოსი, კანი. ის კი გაუნძრევლად ლოცულობდა. მისმა ღამისმთეველმა მოწაფემ იგრძნო დამწვრის სუნი. გაიქცა ირინეს კელიისკენ. დაინახა, როგორ ლოცულობდა ალში გახვეული და ცეცხლი ჩააქრო. ღირსმა ირინემ ტკბილად უსაყვედურა: - რომ იცოდე, რამხელა ზიანი მომაყენე და რამხელა უმწიკვლოება მომაკელი. ჩემს გვერდით იდგა ღვთიური ანგელოზი და იმქვეყნიური ყვავილებით გვირგვინს მიწნავდა. თავზე რომ უნდა დაედგა, სწორედ მაშინ მოხვედი. ის კი წავიდა.

მონაზონი ატირდა. ირინემ დაიწყო დამწვარი სამოსლის შემოცლა... წმინდანის სხეული საოცარ სურნელს გამოსცემდა, რომლითაც მონაზვნები რადენიმე დღე ტკბებოდნენ.

KARIBCHEმას შემდეგ ეშმაკი აღარ მიჰკარებია, მაგრამ ვერც წყნარდებოდა. ერთხელ მონასტერს ეწვია კესარიის წარჩინებული ოჯახის ლამაზი ქალიშვილი თეოფანია. ირინე დიდი სიხარულით შეხვდა თანამემამულეს. ობოლი თეოფანია მდიდარმა ნათესავებმა გაზარდეს და მდიდარ საქმროზეც დანიშნეს. ქალწულს არ შეეძლო შეგუებოდა დანიშნულის ხასიათს და კონსტანტინოპოლში გაიპარა, რათა თავი შეაფარებინა ხრისოვალანდის მონასტრისთვის. ღირსი ირინეს გვერდით სიმშვიდე მოიპოვა. ბოროტმა სასიძოს გული ცეცხლით აანთო, ის გაშმაგებული ეძებდა საცოლეს. ჯადოქარს ბევრ ფულს შეჰპირდა, თუ დანიშნულს აპოვნინებდა.

ჯადოქარი შეუდგა საქმიანობას. ერთ დღესაც თეოფანიას სიგიჟის ნიშნები დაეწყო. ღრიალებდა დანიშნულის სახელს, იმუქრებოდა, ჭაში დავიხრჩობ თავს, თუ მის საძებრად არ გამიშვებთო. შეწუხებულმა ირინემ მონაზვნებს სთხოვა, ერთი კვირა ემარხულათ და ყოველდღე 1000 მეტანია გაეკეთებინათ, რათა გოგონას დახმარებოდნენ. უფალს შველას მხურვალე ლოცვით და თვალცრემლიანი ევედრებოდა. მოციქულებად იყენებდა ღვთისმშობელს და წმინდანებს - ბასილი დიდს და დიდმოწამე ანასტასიას. მესამე დღეს ბასილი დიდის ხატთან ლოცვის დროს უცებ გამოეცხადა წმინდანი და ტკბილად უთხრა:

- ირინე, მეც შენსავით ვწუხვარ ადამიანების უპატივცემულო საქციელებზე. როგორც კი გათენდება, წაიყვანე გატანჯული გოგონა ვლახერნონის მონასტერში (სადაც, მისი თქმით, უნდა მობძანებულიყო უფალი იესო ქრისტეს დედა, მხოლოდ მას შეეძლო მისი განკურნება).

ირინემ გაიხსენა, რამხელა ძალა და მადლი ჰქონდა პანაგია ვლახერნიტისას, რამდენი კურნება და სასწაული ჰქონდა მოხდენილი. გათენებისთანავე ავადმყოფი და ორი მონაზონი წაიყვანა ვლახერნონში. სამი მუხლმოყრილი მონაზონი ლოცულობდა სასწაულმოქმედი ხატის წინ. ავადმყოფი კი სვეტზე ჯაჭვებით იყო მიბმული. შუაღამეც მოვიდა. გადაღლილი ირინე მიეყრდნო ხატის მარმარილოს სადგამს და ჩაეძინა. მაშინვე ჰქონდა ხილვა, როგორ შედიოდნენ მონასტერში სასუფევლის ანგელოზები, ისეთი ცერემონიალი იყო, როგორიც იმპერატორის მიღებისას. ცოტა ხანში შევიდა ერთი რაზმი თეთრად შემოსილი, ოქროსოლარებიანი ახალგაზრდებისა. საკმევლებს აკმევდნენ და ყრიდნენ ფერად, სურნელოვან ყვავილებს.

- ვისთვის მზადდება ეს ლიტანია? - ჰკითხა ირინემ ერთ-ერთ დიაკვანს.

- უფლის დედა მობრძანდება, მოემზადე თაყვანის საცემად.

მობრძანდა პანტანასა ანგელოზებისა და წმინდანების თანხლებით. ღვთისმშობელმა ყველა ავადმყოფს მიაქცია ყურადღება და ბოლოს მივიდა ირინეს მოწაფესთან. დაეცა მის წინაშე მუხლებზე ირინე. მოესმა, ცის დედოფალმა როგორ მოიხმო ბასილი დიდი, ჰკითხა, რას ითხოვდა. გადასცა წმინდანმა ირინეს სათხოვარი. მერე მოიხმო დიდმოწამე ანასტასია.

- თქვენ უნდა გამოიკვლიოთ კესარიაში ამ გოგონას ბედი. თქვენ ორს გეძლევათ მისი განკურნების მადლი, - თქვა ქალწულმა და წავიდა ცაში.

- დაბრუნდი შენს მონასტერში და იქ განიკურნება გოგონა, - მოესმა ღირს ირინეს უხილავი ბაგიდან ბრძანება.

დიდი რწმენითა და იმედით დაბრუნდნენ მონასტერში. მონაზვნები ელოდნენ. ირინე მოუყვა მათ, რაც იხილა და ყველას სთხოვა, ცისკენ აპყრობილი ხელებით ერთად ეთქვათ: "დიდება უფალს". იმ დროს ყველამ დაინახა ცაში დიდმოწამე ანასტასია და ბასილი დიდი, რომლებმაც თქვეს: - ირინე, გაშალე ხელები და მიიღე ეს ამანათი, - და გაუჩინარდნენ. ღირსი ირინეს ხელებში აღმოჩნდა უცნაური ამანათი. ნახეს, რომ შიგ შეხვეული იყო აუარება ბნელეთის მოციქულის ნივთები, ბეწვები, ნემსები, ლურსმები, ქაღალდები დემონების სახელებით და ორი პატარა ქანდაკება, ერთი იყო ცოდვილი ახალგაზრდა დანიშნულისა, ხოლო მეორე - ტანჯული გოგონასი.

უფალს და დედა ღვთისმშობელს მადლობა შესწირეს. თეოფანია გამოჯანმრთელდა და მადლობა შესწირა ღვთისმშობელს და უფალს.

ერთ ღამეს ერთ-ერთი მონაზონი გამოვიდა კელიიდან და გაოცებული გაშეშდა, როცა დაინახა, წმინდანი ეზოში დედამიწიდან ერთ მეტრზე აწეული ლოცულობდა. მის წინ ორი მაღალი ალვის ხე თავმოხრილი იდგა, თითქოს წმინდანს თაყვანს სცემდნენ. მონაზონს შეეშინდა. სვეტს ამოფარებული თვალს ადევნებდა წმინდანს. აინტერესებდა, რა მოხდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ წმინდანმა დაასრულა ლოცვა, ჯვარი გადასახა ალვის ხეებს და ისინი გასწორდნენ. შემდეგ შევიდა თავის კელიაში. მეორე და მესამე ღამესაც იგივე განმეორდა. მესამე ღამეს მონაზონი ჩუმად მიუახლოვდა თავდახრილ ალვის ხეს და თეთრი ხელსახოცი შეაბა. მეორე დღეს მთელი მონასტერი გაოცდა, ალვის ხის წვერზე ხელსახოცი რომ დაინახეს. მაშინ მონაზონი ნანახს მოუყვა მათ. ღირს ირინეს არ მოეწონა, რომ საიდუმლო, რომელსაც წლები ინახავდა, გამჟღავნდა, მონაზონს მკაცრად უსაყვედურა და მძიმე ეპიტიმია დაადო: სანამ ცოცხალი იქნებოდა, არ უნდა გაემხილა სხვებისთვის წმინდა ირინეს მიერ მოხდენილი სასწაულის შესახებ.

ირინემ ღრმა სიბერემდე მიაღწია, მაგრამ აქაც მოხდა სასწაული. ბასილი დიდის ხსენების დღე თენდებოდა, წმინდანი ლოცვაში ათენებდა ღამეს. უცებ უცნაური ხმა მოესმა: - შენთან მოვა და მიიღე მეზღვაური, რომელიც მოგიტანს ხილს, იხმიე, რომ გაიხაროს შენმა სულმა. ირინემ წირვის შემდეგ მოიხმო მეკარე და უთხრა: - გააღე ჭიშკარი და სასტუმროში სტუმარი შეიყვანე, მეც მოვალ. წმინდანმა მეზღვაურს ჰკითხა, ვინ ხარ და რისთვის მოსულხარო.

- ჩემო ქალბატონო, მე ერთი უბრალო მეზღვაური ვარ კუნძულ პატმოსიდან. კონსტანტინოპოლში მოვცურავდი ჩემი გემით. როგორც კი გავცდი სანაპიროს, დავინახე ნაპირზე ერთი მღვდელი, რომელიც ხელებით გვანიშნებდა, გავჩერებულიყავით. აღარ შეგვეძლო გაჩერება, რადგან კლდეების ახლოს ვიყავით და შეიძლებოდა შევჯახებოდით. მან კი ბრძანა, გემი გაჩერებულიყო. ქარი ჩადგა და გემი გაიყინა. დავინახე, ბერი როგორ მოაბიჯებდა ზღვის ტალღებზე. მოგვიახლოვდა, გადმომცა სამი ვაშლი და მითხრა: - კონსტანტინოპოლში პატრიარქს გადაეცი და უთხარი: - უფალი გიგზავნის სამოთხიდან მისი მონის იოანეს ხელით-თქო. შემდეგ ამოიღო კიდევ სამი ვაშლი და მითხრა: - ამას კი ირინეს გადასცემ, ხრისოვალანდის იღუმენიას. უთხარი, იხმიოს სამოთხის ნაყოფი თავისი სუფთა სულისათვის. ამის თქმაზე თავისი წმინდა ხელით დაგვლოცა. გემი დაიძრა, ის კი გაუჩინარდა.

პატრიარქს გადავეცი ნობათი, ახლა კი თქვენთან მოვედი. სიხარულით ატირდა წმინდანი. მადლობა შესწირა უფალს და მის მოციქულს იოანე მახარებელს.

დიდი მარხვა რომ მოახლოვდა, პირველი ვაშლი 40 ნაჭრად დაჭრა და ყოველდღე თითო ნაჭერს ჭამდა. მის გარდა წყალსაც კი არ სვამდა. ისეთ სურნელს გამოსცემდა მისი პირი, რომ მონაზვნებს უკვირდათ. დიდ ხუთშაბათს, საუფლო წირვის შემდეგ, ზიარება მიიღო ღირსმა ირინემ. მეორე ვაშლი გაუნაწილა მონაზვნებს და გაუმხილა მათ, რაც ხდებოდა. ყველამ ერთსულოვნად ადიდა უფალი. მესამე ვაშლი შეინახა თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებისთვის. ყოველდღე დახედავდა ხოლმე ღვთიურ საჩუქარს, დაყნოსავდა და მისი სული ივსებოდა ღვთიური მადლით.

დიდ პარასკევს წმინდა ირინეს ანგელოზმა ამცნო, რომ მოახლოვდა მისი აღსასრული და დაიწყო სულიერი მომზადება. სიცოცხლესთან განშორება მწარეა. წმინდა ირინე ყოველდღეEასწავლიდა მორჩილ მემკვიდრეებს. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე იმარხულა, ყოველდღე ზიარებას იღებდა და მხოლოდ სამოთხის ვაშლს იხმევდა.

როდესაც დადგა განშორების დღე, დილით უკანასკნელად დაესწრო წირვას, თქვა მრწამსი, შენდობა ითხოვა მონაზვნებისგან, რომლებიც თავს ძლივს იკავებდნენ ტირილისგან. დაიჩოქა და ილოცა, უფალს შეავედრა მონასტერი და მონაზვნები. ლოცვის ბოლოს თქვა: ამინ! მონაზვნებმა დაიჩურჩულეს: ამინ, - და წმინდა ირინე ჩუმად მიიცვალა. პირზე ტკბილი ღიმილი შერჩენოდა. ათასობით ადამიანმა მიაშურა გამოსამშვიდობებლად. მონასტერი უფლის დიდი მადლით აივსო. უამრავმა ავადმყოფმა დაიბრუნა წმინდა ირინეს მადლით ჯანმრთელობა.

წმინდა ირინეს ხსენების დღეს ეკლესია 28 ივლისს აღნიშნავს. შეგვეწიოს წმინდა ირინეს მადლი.
ბეჭდვა
1კ1