სწავლებისა და აღზრდის პროცესი მთლიანად მართლმადიდებლურ მოძღვრებასა და ტრადიციაზეა დაფუძნებული
სწავლებისა და აღზრდის პროცესი მთლიანად მართლმადიდებლურ მოძღვრებასა და ტრადიციაზეა დაფუძნებული
დამეთანხმებით, რომ მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის ოჯახური გარემოს შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლას, სადაც მოზარდი თითქმის მთელ დღეს ატარებს, ბავშვებს, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობისას კარგ და ცუდ ჩვევებს ითვისებენ და, რა თქმა უნდა, პედაგოგებს.

დღეს საქართველოში იშვიათია სკოლა, სადაც ბავშვები მართლმადიდებლური სარწმუნოების სულისკვეთებით, იმ ტრადიციით იზრდებიან, ჩვენმა წინაპრებმა რომ შემოგვინახეს... ერთ-ერთი ბედნიერი გამონაკლისი თბილისში, ბაგებში მდებარეობს. წმინდა გიორგის სახელობის არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა თითქმის ათი წელია არსებობს. ნახევრად პანსიონის ტიპის სასწავლებელში სწავლებისა და აღზრდის პროცესი მთლიანად მართლმადიდებლურ მოძღვრებასა და ტრადიციაზეა დაფუძნებული.

სკოლას ორი დირექტორი ჰყავს - ბატონი გრიგოლ ბულია და ბატონი იოსებ ხუციშვილი. ისინი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევიან - ბატონი გრიგოლი მართლმადიდებლობის საფუძვლებს ასწავლის, ბატონი იოსები - ქართულ ლიტერატურას. ყველაფერი კი მათი მეგობრობის წყალობით დაიწყო...

გრიგოლ ბულია:


- მე და იოსები ბავშვობიდან ვმეგობრობთ... ადრე სხვადასხვა საერო სკოლაში ვმუშაობდით, მერე კი კერძო სკოლის დაარსება გადავწყვიტეთ. პირველ რიგში ჩვენი სულიერი მოძღვრებისგან - მამა გიორგისა (გამრეკელი) და მამა ზაქარიასგან (ძინძიბაძე) ავიღეთ კურთხევა, შემდეგ კი - მისი უწმინდესობისგან. ამას მოჰყვა პრაქტიკული საქმიანობა და 1996 წელს პირველი ნაკადი მივიღეთ. რვა ბავშვით დავიწყეთ სასწავლო წელი. ლიტერატურის ინსტიტუტის ერთ-ერთ ოთახში ვიყავით შეკედლებულები. მეორე წელს მეექვსე გიმნაზიამ გვიმასპინძლა, მერე ბარნოვის ქუჩაზე, 62-ე ბაგა-ბაღის შენობაში განვაგრძეთ მუშაობა, სამი წელი ბოტანიკურ ბაღში დავყავით, 2002 წლიდან კი მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის შენობაში გადავედით.

თავდაპირველად პედაგოგები ძირითადად ჩვენს მეგობრებს შორის შევარჩიეთ, შემდეგ კონკურსის წესით დავიწყეთ მათი მიღება. დღეს ჩვენთან 80-მდე პედაგოგი მუშაობს. მოსწავლე კი ოთხასზე მეტი გვყავს. პირველი გამოშვება მომავალ წელს გვექნება.

აღზრდა ჩვენთან მართლმადიდებლური სწავლების პრინციპებს ეფუძნება. პედაგოგების უდიდესი ნაწილი ეკლესიურად ცხოვრობს... მიგვაჩნია, რომ ჩვენი ერთობა ჩვენი საქმის გამარჯვების ერთ-ერთი საწინდარია.

- რა მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის სკოლების არსებობას ჩვენს დროში?

იოსებ ხუციშვილი:

- ძალიან დიდი. დღეს ბავშვებს ისეთ გარემოში უხდებათ ცხოვრება, რომ გაუჭირდებათ, დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ჩვენ ვეხმარებით და ყველაფერს ვაკეთებთ მათ პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის. დღეს ბავშვებს სითბო, სიყვარული და ყურადღება აკლიათ და მიგვაჩნია, რომ ოჯახთან ერთად უწინარეს ყოვლისა სწორედ ეს უნდა მივცეთ, ამასთან ერთად კი მივცეთ გეზი სწორი ცხოვრებისა, ეკლესიისკენ გავუკვალოთ გზა. ჩვენს სამლოცველოში ყოველ ხუთშაბათს იკითხება წმინდა გიორგის დაუჯდომელი და თვეში ორჯერ ტარდება წმინდა გიორგის პარაკლისი.

წელიწადში ორჯერ სასწავლო პროცესი ორი კვირით ქალაქგარეთ მიმდინარეობს: ზამთრობით - გუდაურში (სათხილამურო სპორტში ყოველდღიური ვარჯიშის პარალელურად დღეგამოშვებით ტარდება გაკვეთილები), ხოლო ზაფხულობით (1 ივნისიდან 14 ივნისამდე) - ახალდაბის ეკოლოგიურ ბანაკში (გაკვეთილები აქაც დღეგამოშვებით ტარდება, დანარჩენი დრო კი ეთმობა ექსკურსიებს, ლაშქრობებს, სპორტულ, კულტურულ და ეკოლოგიურ ღონისძიებებს). სკოლას ემსახურებიან გამოცდილი პედიატრი და ფსიქოლოგი. სასწავლო დისციპლინების თვალსაზრისით კი ჩვენი პროგრამა სავსებით პასუხობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებს.

რაც შეეხება რელიგიას, ვცდილობთ, ოქროს შუალედი დავიკავოთ და ბავშვებს ის გასაგებად და ზომიერად მივაწოდოთ. მოსწავლეები ყოველ დილა-საღამოს, სწავლის დაწყების წინ და დასასრულს, სადილობამდე და სადილის შემდეგ ამბობენ ლოცვას. თვეში ერთხელ დაგვყავს ტაძარში, სადაც წირვას ესწრებიან და წმინდა ზიარებას იღებენ.

გრიგოლ ბულია:

- არდადეგები დიდ საეკლესიო დღესასწაულებს ემთხვევა. შობას ერთად ვხვდებით, სკოლაში ვზეიმობთ, აღდგომას ვისვენებთ, თუმცა დასვენების დღეებიც რელიგიურ დატვირთვას ატარებს. გარდა ამისა, ვისვენებთ ერთდღიან საუფლო დღესასწაულებზეც.

გასულ წელს დიდი სიხარული გვქონდა - 9 დეკემბერს სკოლაში მისი უწმინდესობა გვეწვია. პატრიარქი გაეცნო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ძალიან მოეწონა აქაურობა და შეგვპირდა, რომ მომავალშიც გვესტუმრება.

- ბატონო გრიგოლ, თქვენ მართლმადიდებლობის საფუძვლებს ასწავლით. როგორ ახერხებთ ამ საგნის მიწოდებას ბავშვისთვის გასაგებ ენაზე?

- მართლაც რთულია. ამ დისციპლინის სწავლების სრულყოფილი პროგრამა, ფაქტობრივად, არ არსებობს, ამიტომ ვითვალისწინებთ სხვადასხვა პედაგოგებისა თუ მოძღვრების რჩევებს. იმედი გვაქვს, სკოლაში მამა კახაბერის მოსვლით ამ საგნის სწავლება სხვა საფეხურზე გადაინაცვლებს. მომავალში, გვსურს, საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტსა და სასულიერო აკადემიასთან თანამშრომლობით შევქმნათ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნასა და საგნის სწავლების სპეციფიკაზე იმუშავებს.

მართლმადიდებლობის საფუძვლების სწავლების მიზანი ის უნდა იყოს, რომ ბავშვი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ეკლესიას და მართლმადიდებლობა მისთვის ცხოვრების წესად იქცეს. მერე უკვე ეკლესია თვითონ ასწავლის ყველაფერს.
ბეჭდვა
1კ1