კალენდრის ერთი დღე
კალენდრის ერთი დღე
9(22) იანვარი
* 9(22) იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს წმინდა პეტრე სებასტიელს. იგი ძმა გახლდათ ბასილი დიდისა, ოჯახის მეათე, უმცროსი ვაჟი. წმინდა პეტრეს გაზრდაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა უფროსმა დამ, წმინდა მაკრინემ, რომელმაც მას სიყრმიდანვე შეაყვარა ღვთის სიტყვა და საფუძვლიანი განათლებაც მისცა. მაკრინეს წყალობით ყმაწვილმა ისეთ სათნოებათა სიმაღლეს მიაღწია, რომ მისი ძმის, წმინდა გრიგოლ ნოსელის თქმით: "სათნოებათა ქმნით არ ჩამოუვარდებოდა ბასილი დიდს". როცა პეტრეს ასაკი დაუდგა, წმინდა ბასილი დიდმა იგი მღვდლად აკურთხა. შემდგომში ის სებასტიის მღვდელმთავრად დაადგინეს. ამ ხარისხით მონაწილეობდა II მსოფლიო კრებაზე, სადაც მაკედონი ამხილეს. წმინდა პეტრე IV ს-ის დასაწყისში გარდაიცვალა.

* წმინდა წინასწარმეტყველ სამეს ხსენებაც ამ დღესაა. წმინდა სამე სილოამში დაიბადა მეფე სოლომონის მეფობისას. სოლომონის მემკვიდრის, რობოამის მეფობისას ებრაელთა სამეფო ორ ნაწილად გაიყო. რობოამის ერთგული ისრაელის ორი ტომი დარჩა, დანარჩენმა ათმა კი მეფედ იერობოამი აღიარა. რობოამმა მათზე გალაშქრება გადაწყვიტა. ამ დროს ღვთის კაცს უფლის მიერ ხილვა მიეცა:

- უთხარი რობოამს, ძესა სოლომონისა, მეფეს იუდეველთა, მთელ სახლს იუდასა და ბენიამინისა და ყველას. ამას ამბობს უფალი: "არ წახვიდეთ და არ დაიწყოთ ომი თქვენს ძმებთან, ისრაელის ძეებთან; დაბრუნდით ყველანი თქვენს სახლებში, რამეთუ ეს ყველაფერი ჩემგან იყო".

მეფემ და ხალხმა დაუჯერეს უფლის ბრძანებას.

რობოამი მეფობის მეხუთე წელს განუდგა უფალს. ღვთის სასჯელად მათ ეგვიპტის მეფე სუსაკიმი დაესხათ. ფარაონის მრავალრიცხოვანმა ჯარებმა აიღეს იუდეის ციხეები და იერუსალიმს მიუახლოვდნენ. წინასწარმეტყველმა სამემ რობოამსა და იუდეველ მთავრებს უთხრა: ამას ამბობს უფალი: თქვენ დამიტევეთ მე და ამის გამო დაგიტევებთ (ჩაგაგდებთ) სუსაკიმის ხელში".

მეფემ და იუდეის ხალხმა აღიარეს დანაშაული: "მართალ არს უფალი!" ამის მერე სამეს ღვთისაგან ახალი გამოცხადება მიეცა. უფალმა უთხრა: "ისინი დამდაბლდნენ, არ ამოვხოცავ და მალე გავათავისუფლებ და არ დაატყდება იერუსალიმს სუსაკიმის ხელით ჩემი სასჯელი, თუმცა ისინი მისი მსახურნი იქნებიან, რათა იცოდნენ, როგორ უნდა მემსახურონ მე და მიწიერ სამეფოებს".

წინასწარმეტყველის სიტყვა ასრულდა. სუსაკიმმა დაარბია იერუსალიმი და ეგვიპტეში გაბრუნდა. ღვთის რისხვას გადარჩენილმა რობოამმა კიდევ 12 წელი იმეფა.

* ღირსი ევსტატი. წმინდანი ტარასიის მხარეში დაიბადა და ღვთისმოშიშმა მშობლებმა შესაფერისად აღზარდეს. 20 წლისამ ღვთისმსახურება განიზრახა და ოლიმპოს მთაზე ავგაროზის მონასტერში გაიქცა, სადაც მისი ორი ბიძა ცხოვრობდა - გრიგოლი და ბასილი. მათ ის მონაზვნად აღკვეცეს. დიდ ღვაწლს შეუდგა წმინდა ევსტატე. ფიჩვისა და ცხვრის ტყავის გარდა არაფერი ებადა. არც კელია ჰქონდა და არც დასაძინებელი ადგილი. მამები მასზე ამბობდნენ, რომ ბერად შედგომიდან 75 წლის მანძილზე არასოდეს დაწოლილა და არც მარცხენა გვერდზე დაუძინია. როცა ბიძები გარდაეცვალნენ, ძმების თხოვნით, სავანის ხელმძღვანელობა მან იდო თავს. მაგრამ როცა სამეფო სკიპტრა ლევ ისავრიელმა იგდო, წმინდანი მის რისხვას გაექცა და თავი მთებს შეაფარა. როცა ისავრიელი მოკლეს, წმინდა ევსტატი დაუბრუნდა სხვა ძმებთან ერთად წმინდა სავანეს და ძველებურად განაგრძო მოსაგრეობა. ლოცვა არ სცილდებოდა მის ბაგეს. ლიტურგიის დროსაც კი, "უფალო, შემიწყალეო", იმეორებდა.

როცა აღსასრულის ჟამი დაუდგა, მოუხმო ძმებს და უთხრა: "ჩემი აღსასრულის დრო დადგა, ამიტომაც გევედრებით ყველას, შვილნო ჩემნო საყვარელნო, დაიმარხეთ გარდამოცემა, რომელიც მიგიღიათ, იცოდეთ, რომ ცხოვრებისეული სიკეთე სწრაფწარმავალია, დროებითია, მაშინ როცა მომავალი ცხოვრების სიკეთე საუკუნოა. ეცადეთ, თქვენც მოხვდეთ ცხონებულთა შორის", - თქვა ეს, ყველას ჯვარი გადასახა, აღაპყრო ხელები ზეცად და წარმოთქვა: "ხელთა შენთა შევავედრებ ჩემს სულს, უფალო" და ამ სიტყვების თქმის მერე წარვიდა უფლის მიმართ.

* ამავე დღეს მოიხსენიებს წმინდა ეკლესია წმინდა მოწამე პოლიევქტოს. იგი რომის იმპერატორების - დეკიუსისა და ვალერიანეს დროს დაიბადა ქალაქ მელიტინში, სამხედრო პირი გახლდათ. მას ჰყავდა ერთგული მეგობარი ნეარქე. ერთმანეთი ღვიძლი ძმებივით უყვარდათ. ნეარქე ქრისტიანი იყო, მტკიცე რწმენისა და ერთგულად აღმსარებელი ღვთის სჯულისა, პოლიევქტო კი წარმართი, თუმცა ძალზე სათნო ადამიანი იყო, ქრისტიანული ცხოვრების წესით მცხოვრები და მრავალ სათნოებათა აღმსრულებელი. ერთიღა აკლდა - ღვთის ეკლესიას შეერთებოდა. ნეარქეც ბევრს ცდილობდა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მის მოსაქცევად, უკითხავდა საღვთო წერილს, უქადაგებდა ერთ ღმერთზე და ამავე დროს უჩვენებდა კერპთაყვანისმცემლობის ამაოებასა და საზიზღრობას. მალე ქალაქის მოედნებზე წაიკითხეს უღმერთო მეფეების ბრძანებები, რომლებიც ყველას კერპების თაყვანისცემას მოუწოდებდა. ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, წამება ელოდა. ნეარქე, როგორც ერთგული მონა თავისი უფლისა, მზად იყო სიკვდილისთვის. ამავე დროს წუხდა მეგობარზე, რომელიც დაინახავდა რა ქრისტიანების ტანჯვას, მეფის შიშით ურწმუნო დარჩებოდა. ეს კი საუკუნოდ დააშორებდა მათ. პოლიევქტო ხედავდა მეგობრის ნაღველს, თუმცა მიზეზი არ იცოდა. ბოლოს ჰკითხა მეგობარს მწუხარების მიზეზი, ხომ არაფრით გაწყენინე და არ მპატიობო. ნეარქე ატირდა, ამოიოხრა და უთხრა: "ვფიქრობ, ჩვენს სიყვარულსა და მეგობრობასაც დასასრული მოუწევს, ამას ვფიქრობ და ვწუხვარ მთელი გულითო. პოლიევქტო დაღონდა: "რას ამბობ, ჩემო მეგობარო, ეს ხომ შეუძლებელია, როცა თვით სიკვდილსაც კი არ შეუძლია ჩვენი მეგობრობის დარღვევაო". ალერსიანად ჩაიკრა მეგობარი გულში და სთხოვა: "ნეარქე, ამიხსენი, რას ნიშნავს ჩვენი განშორება? შენი დუმილი ალბათ მომკლავსო". ნეარქემ უთხრა: "საყვარელო პოლიევქტო! ჩვენ განგვაშორებს სამეფო ბრძანება, რომელსაც ყველგან კითხულობენ, რამეთუ მე ქრისტიანი ვარ, შენ კი წარმართი. როცა საწამებლად წამოგიყვანენ, უარს იტყვი და დამტოვებ".

მაშინვე ყველაფერს მიხვდა პოლიევქტო, გაახსენდა რამდენიმე დღისწინადელი ხილვა და უპასუხა მეგობარს: "ნუ გეშინია, ჩემო საყვარელო მეგობარო! ჩვენ არ გავშორდებით ერთმანეთს! რამეთუ ძილში ვიხილე ქრისტე, რომელსაც შენ ემსახურები. მომიახლოვდა, გამხადა ძველი სამოსი და ჩამაცვა ახალი, მშვენიერი, უძვირფასესი, ოქროსღილებიანი, და ფრთოსანი რაშიც მომცა". გაუხარდა ნეარქეს ამის მოსმენა, აუხსნა ნანახის აზრი: "მოგიწევს დაუტევო წარმართული ურწმუნოება და შეიმოსო ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა; ფრთოსანი რაში კი იმას ნიშნავს, რომ მალე ახვალ ზეცაში". ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ნეარქემ დაუმატა: "შენ უკვე შეიცანი ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი!" პოლიევქტომ უპასუხა: "განა როდის არ ვიცნობდი მას? განა არ ამენთებოდა გული, როცა მასზე მიყვებოდი? განა არ აღმაფრთოვანებდა მისი სიტყვები, როცა სახარებას მიკითხავდი? ყოველთვის მასზე ვფიქრობდი და იმაზე, თუ როგორ გავმხდარიყავი ქრისტე უფლის მონა. მაშ, რაღას ყოყმანობ, ნეარქე? საქმით დავამტკიცოთ ქრისტეს ერთგულება".

ნეარქე დაატკბო მისმა სიტყვებმა, თუმცა შეეშინდა, ვაითუ ჩემს მეგობარს დაენანოს ქონების, ცოლ-შვილის, თავისი სიცოცხლის დატევებაო... რაზეც მეგობარმა მიუგო: "გგონია, არ ვიცი, რას ნიშნავს დიდება, პატივი და ნეტარება, რომელიც ქრისტემ განგვიმზადა ზეცაში? ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში შენზე წინ წავედი, რადგან, როგორც უკვე გითხარი, ხილვის დროს სამეფო ქლამიდი მომეცა. ერთ რამეს გკითხავ: შესაძლებელია, ქრისტიანული საიდუმლო არ გქონდეს მიღებული და ქრისტესთან მიხვიდე, მისი მეომარი გახდე?" "ეჭვი არ შეგეპაროს, ჩემო მეგობარო. უფალს შეუძლია ქვებიდანაც კი აღადგინოს შვილნი აბრაამისა, რამეთუ თავისი გულმოწყალების კარებს ის არავის უხურავს, ვინც მისკენ მიილტვის. თავის ვენახში სამუშაოდ ბოლო ჟამს მისულს იმავეს უხდის, რამდენსაც იმას, ვინც მთელი დღე იმუშავა. მან, ჯვარზე გაკრულმა, არ უარყო თანაჯვარცმული ავაზაკი და მცირე ხნის რწმენის აღიარებით იმდენი საზღაური უბოძა, რისთვისაც სხვებმა ბევრი შრომა ჩადესო".

პოლიევქტომ მხნედ განაცხადა: "დიდება იყოს ქრისტესი, ჭეშმარიტი ღმერთისა! ამ ჟამიდან დავუტევებ ამსოფლიურ ამაოებას და აღვიარებ თავს ქრისტეს მონად, რომელსაც ვემსახურები ისე, როგორც მიბრძანეს. ახლა კი წავალ და წავიკითხავ ხელმწიფის ბრძანების, ქრისტიანების და ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს წინააღმდეგ გამოცემულს".

ამის მერე პოლიევქტო გავიდა ქალაქის მოედანზე, საჯაროდ წაიკითხა მეფის ბრძანება, დააფურთხა მას და ნაკუწებად აქცია. ამ დროს თვალი მოჰკრა, რომ ბომონიდან კერპები გამოასვენეს და ხალხი თაყვანს სცემდა მათ. თვითონაც მივიდა თითქოს თაყვანსაცემად, სათითაოდ ძირს გადმოყარა კერპები და დაამსხვრია. წარმართთა თორმეტი ღმერთი გააცამტვერა. სწორედ ამ დროს მოვიდა პოლიევქტოს სიმამრი, რომელსაც ქრისტიანთა წამება ჰქონდა დავალებული. ძალზე შეწუხდა: "ვაიმე! რამეთუ უეცრად დაიღუპა ჩემი შვილი, ამისთვის მას არც ღმერთები და არც კაცნი არ შეიწყალებენ. ნაბრძანები მაქვს, მაშინვე მოვკლა ყველა ქრისტიანი, მაგრამ შენდამი შემწყნარებელი ვიქნები, რომ ცოლ-შვილს გამოემშვიდობო". "განა შემიძლია შევწუხდე ცოლ-შვილზე, როცა უარვყავი მიწიერი და ზეციურს ვეძებ? თუ შენი ქალიშვილი გამომყვება, ნეტარი იქნება, თუ არადა დაიღუპება თქვენს ღმერთთან ერთად", - უპასუხა წმინდანმა და მართლაც არ უსმინა ცოლის ცრემლებს და ვედრებას, "გონს მოსულიყო". სხვებმაც სცადეს მისი გადარწმუნება, ზოგმა - მუქარით, ზოგმა - ალერსით. მაგრამ უდრეკი იყო წმინდა პოლიევქტო - მხნედ წავიდა სიკვდილის შესახვედრად, მას ამაში გააძლიერებდა ერთი ნათლით მოსილი ახალგაზრდა, რომელსაც პოლიევქტოს გარდა, ვერავინ ხედავდა. ბრბოში მან თვალი მოჰკრა ნეარქეს და შესძახა: "ნახვამდის, ჩემო საყვარელო მეგობარო, და გახსოვდეს ჩვენი ერთმანეთთან შემკვრელი სიყვარული". ამის მერე ქედი თვისი მიუშვირა მახვილს და საკუთარ სისხლში ნათელღებული წარვიდა უფლისა მიმართ. ეს მოხდა 295 წელს. იგი პირველმოწამე იყო მელიტინში, მისმა სიკვდილმა და დაღვრილმა სისხლმა განამრავლა ქრისტე ღმერთის მეომრები ამ ქალაქში.

* წმინდა ფილიპე მოსკოვის მიტროპოლიტი. 13 წლის იყო წმინდა ფილიპე, როცა ეკლესიაში მოისმინა სახარების სიტყვები: "არავის შეუძლია ორი უფლის მონებაო". ამან ისე იმოქმედა მასზე, რომ დაუტევა სოფელი, სამეფო კარი, სადაც მსახურად იყო დადგენილი და სოლოვეცკის მონასტერში წავიდა. მრავალი წლის მერე ამ მონასტრის წინამძღვრადაც იქნა დადგენილი. მისი სიწმინდის შესახებ შეიტყო მეფე იოანე მრისხანემ და იგი მოსკოვის მიტროპოლიტად დაადგინა. თუმცა წმინდა ფილიპე არ დადუმებულა იმ უმსგავსობაზე, რაც მაშინ ხდებოდა და მეფეს სთხოვდა, მოეთოკა თავისი ხალხის სისასტიკე. ამაზე იოანე განრისხდა და ტანჯვითა და გადასახლებით დაემუქრა. გამოჩნდნენ ქრისტეს მოღალატენი, სასულიერო პირნი, რომელთაც დრო იხელთეს და ცილი დასწამეს წმინდა ფილიპეს. იოანესაც მეტი რა უნდოდა, მიზეზი მიეცა და მიტროპოლიტი ტვერის ერთ-ერთ მონასტერში გადაასახლეს. ერთხელ მეფე ტვერს მიუახლოვდა, გაახსენდა წმინდა ფილიპე და მასთან თავისი მრჩეველი გაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი მოთავე გახლდათ მიტროპოლიტის დევნისა. მან კი ბალიშით გაგუდა წმინდა ფილიპე. ეს მოხდა 1569 წლის დეკემბერში. მალე მეფე მიხვდა თავის დანაშაულს, ფილიპეს მტრები დასაჯა, ზოგსაც ღვთის სასჯელი ეწია. შვიდი წლის მერე, როცა სოლოვეცკელმა მამებმა წმინდა ფილიპეს გადასვენების ნებართვა მიიღეს მეფე თეოდორესგან (იოანე მრისხანეს ვაჟი) და წმინდანის საფლავი გახსნეს, მისი ნეშტი უხრწნელი აღმოაჩინეს, სამოსელსაც კი არაფერი დასტყობოდა. მეფე ალექსის დროს კი მიტროპოლიტმა ნიკონმა 1652 წელს წმინდა ფილიპეს უხრწნელი სხეული სოლოვეცკის მონასტრიდან დიდი პატივით გადაასვენა მოსკოვში, მიძინების სახელობის ტაძარში.
ბეჭდვა
1კ1