მძიმე ჯვარი არის უფლის მადლი
მძიმე ჯვარი არის უფლის მადლი
ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: "გახსოვდეს! მე არ დაგივიწყებ... მე შენ ხელისგულზე მყავხარ ამოტვიფრული... მე გიწოდე სახელი შენი... შენ ჩემი ხარ... შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის... მე შენ მიყვარხარ". დედამაც კი შეიძლება დაივიწყოს შვილი (რაც ძნელად წარმოსადგენია), მაგრამ უფალს ყოველთვის ვახსოვართ, ჯერ კიდევ დაბადებამდე გვიცნობს, ყოველი ჩვენი ნაბიჯი დათვლილი აქვს. ადამიანისადმი უფლის უსაზღვრო სიყვარული და მოწყალება მჟღავნდება ყოველივეში, ავადმყოფობასა და ტანჯვაშიც კი. წმინდა მამათა მიხედვით, თუკი უფალს ვერწმუნებით და ვუერთგულებთ, დადგება დრო, როცა ჩვენც დავინახავთ კავშირს გადატანილ მწუხარებასა და მიღწეულ მიზანს შორის. მაშინ მადლიერნი ვიქნებით უფლისა, ვაკურთხებთ ყველა მტკივნეულ გამოცდას და ცხადი გახდება პავლე მოციქულის სიტყვები: "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩვენდა მომართ" (რომ. 8,18).

მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც სწორედ ადამიანთა სიყვარული და თანადგომა სჭირდება ყველაზე მეტად და რომელიც, თავისი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საოცრად მხნედაა. უხარია და მადლობს უფალს იმ განსაკუთრებული ნუგეშისცემისთვის, რომლითაც მისი ყველა მწუხარებაა გაჟღენთილი და დამთბარი.

გიორგი (გოჩა) კობახიძე პირველი ჯგუფის ინვალიდია. დაიბადა 1960 წლის 21 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად შემაშფოთებელი ყოფილა, რომ მშობლებს სამი დღისა მოუნათლავთ (ჯერ კიდევ ახალშობილს გაუკეთდა ოპერაცია ხერხემალზე, რის გამოც სამუდამოდ (ფიზიკურად) დაინვალიდდა). 1977 წელს დაამთავრა სკოლა და ორი უმაღლესი სასწავლებელი (დაუსწრებლად). 1978-81 წლებში სწავლობდა მოსკოვის ლინგვისტურ უნივერსიტეტში ინგლისური ენის განყოფილებაზე, მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში თარჯიმან-რედაქტორად და მონათესავე სპეციალობით. იმ პერიოდში გახლდათ ავტორი და თანაავტორი არაერთი სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნაშრომისა, მათ შორის: შიდსზე, ჯი-პროტეინებზე, ინტერლინგვისტიკაში და ა.შ. ბატონმა გიორგიმ და მისმა კოლეგებმა, პირველებმა საქართველოში, ჩამოაყალიბეს "აფხაზეთის პრობლემატიკის გადაჭრის პროგრამა". "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამა", რომლის მიხედვითაც საქართველო ჯერ კიდევ 2000 წლისთვის უნდა გამხდარიყო "დიდი ოცეულის" წევრი.

90-იანი წლების დასაწყისში, შეძლებისდაგვარად, ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში - მწვანეთა მოძრაობის წევრი გახდა. შემდეგ სოციალურ სფეროში მუშაობდა. 1991 წლიდან, დე ფაქტო, დღემდე არის ღვთისშვილთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

სურდა, საქართველოში დაარსებულიყო ევროპული ყაიდის სარეაბილიტაციო ცენტრი ინვალიდებისთვის, რომელთაც შეეძლებოდათ რაღაცის კეთება (კომპიუტერთან მუშაობა, ხატვა, ქარგვა, საეკლესიო ნივთების დამზადება და სხვა). ჯერ კიდევ 80-იან წლებში შექმნა პროექტი, რომელსაც, სამწუხაროდ, დღის სინათლე არ ღირსებია. 1993 წლიდან დევნილობაშია. ამჟამად მარტყოფში ცხოვრობს. მიუხედავად ყველაფრისა, ბატონი გიორგი კვლავ აგრძელებს საზოგადოებრივ საქმიანობას. მაგრამ, გაუმართავი კომპიუტერის გამო, სამწუხაროდ, სრულად ვერ ასრულებს ჩანაფიქრს.

მისი სულიერი ცხოვრება სავსეა ღვთიური თანადგომით, ზეციური სინათლის სხივით, იმედით, რწმენით, რომ უფალს შეუძლია ყველაზე მძიმე და უიმედო მდგომარეობა ადამიანის სასარგებლოდ და თავის სადიდებლად გარდაქმნას.

- ჩემი მდგომარეობა დამეხმარა, ახლოს ვყოფილიყავი ღმერთთან. ძველ ქართულში ინვალიდს "ღვთის შვილი" ერქვა.Yყოველგვარი გასაჭირის დროს ლამის ფიზიკურად შევიგრძნობ უფლის ჩემს გვერდით ყოფნას, მის ნუგეშს, რჩევა-დარიგებას, გაკიცხვასაც.

ხშირად მეკითხებიან, - როგორ ინარჩუნებ ოპტიმიზმსო. მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი მდგომარეობა რაღაცით განსხვავებულია. ადამიანის ცხოვრების ამოსავალი სულიერებაა. ჩვენი ორგულობის, განდგომის, დაცემის სათავე ის არის, რომ ჯერ კიდევ არ მიგვიღია ჩვენში ღვთის სული. როდესაც ადამიანი ღვთაებრივ მუხტს გრძნობს, იგი უფლის ხელიდან იღებს ცხოვრების ძალას. ამ დროს მას შეუძლია გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ პრობლემებს.

ვან გოგი წერდა: "რა უბედურიც არ უნდა ვიყო და რაც უნდა ხშირად ვიგრძნო, რომ ეს ასეა, სადღაც ჩემში მუდამ ცოცხლობს ჩუმი, ფაქიზი ჰარმონია, მშვიდი მუსიკა". ეს მუსიკა არის სწორედ ღვთიური ნიშანი, შთაგონება, რომ შენ ადამიანი ხარ და არ უნდა დანებდე სირთულეებს. უნდა დაისახო მიზანი და იარო ამ გზით. როდესაც ყოველგვარი მიწიერი მწუხარება გაივლის, ჩვენ გველის უსასრულო სიხარული და ზეციური ნეტარება, რომელიც უფალმა თავის ერთგულებს განუმზადა.

- ხომ არის წუთები, როდესაც მწუხარება, სასოწარკვეთილება, პირქუში აზრები გვთრგუნავს. ცხოვრებისეული ჯვარი გვემძიმება, ვსაყვედურობთ უფალს. უსამართლო განჩინებად მიგვაჩნია ჩვენი ხვედრი. თქვენ თუ გქონიათ ასეთი წუთები?

- არ დაგიმალავთ და მქონდა, მაგრამ ეს იყო უფრო ადრეულ ასაკში, როდესაც გაცნობიერებული არ მქონდა ჩემი მდგომარეობა და მისი საფუძველი. ვერ ვწვდებოდი იმ ტანჯვის მნიშვნელობას, ჩემს არსებობას რომ ქუფრავდა. გაუგებარი იყო ჩემთვის ადამიანურ ხვედრში უსამართლობისა და უთანაბრობის მიზეზი. მაგრამ მერე და მერე, ისევ უფლის წყალობით, მივხვდი, რომ მძიმე ჯვარი არის უფლის მადლი და, გარკვეულწილად, ტესტი ჩემი ცხოვრებისუნარიანობისა - რამდენად მივიღებ ამ ჯვარს საყვედურისა და წუწუნის გარეშე. მადლიერი ვარ უფლისა, რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ყველაფერში ღვთის ხელი ურევია. მთავარია იპოვო ცხოვრების აზრი, შეიცნო ამქვეყნად მოსვლის მისია. ერთი წმინდა მამა წერს: "ცხოვრება რომ გვიყვარდეს, ნუ დავიწყებთ მასში იმის ძიებას, რისი მოცემა შეუძლია მას, არამედ ვეძიოთ ის, რისი მიცემაც შეგვიძლია ჩვენ მისთვის. გსურს შეიყვარო ცხოვრება - განიხილე, რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია შენ სხვისთვის. ნუთუ შენი ცხოვრების გზაზე არავინ აღმოჩნდა, ვისაც შენი სიყვარული სჭირდებოდა, ვისი ნუგეშისცემაც შეგეძლო, გამხნევება, უფალთან მიყვანა?.. ეცადე, ყოველდღიურად ადამიანური ტანჯვის ვეებერთელა მთას თუნდაც მცირეოდენი წუხილი მოაკლო და ადამიანური სიხარულის პატარა ბორცვს რაიმე შემატო". მე კარგად მესმის ჩემსავით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისა და ვცდილობ, მათ დავეხმარო, თუნდაც საკუთარი მაგალითით: ავადმყოფობის უდრტვინველად გადატანით.

- მართლაც, თქვენი ცხოვრება ბევრისთვის არის ნუგეში და თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა გაჭირვებას. Mმახსენდება პატერიკი. ერთ-ერთ წმინდანს სთხოვეს სნეულის განკურნება. მან ილოცა და უფალმა გაუმჟღავნა, რომ ეს სნეულება ამ ადამიანის სულისა და სხვათა საცხოვნებლად იყო დაშვებული. ასე რომ, თქვენ ბევრ ადამიანს ეხმარებით პირადი მაგალითით...

- ერთი წმინდა მამა წერს: "უფალს სურს, რომ წყვდიადის მიუხედავად, მოუწყინებლად ვისწრაფოდეთ სინათლისაკენ და საკუთარი მაგალითით სიმართლისა და სიკეთის კაშკაშა კოცონად ვგიზგიზებდეთ".

მწამს, უფალი არ დამტოვებს და ღვთის სათნო საქმეს გამაკეთებინებს. ვგულისხმობ პროექტს, რომელიც ინვალიდებისთვის გარკვეული პირობების შექმნას, მათ თვითრეალიზაციას ითვალისწინებს. თუ მეღირსა ამის გაკეთება, ეს იქნება ჩემი მოკრძალებული მადლობა უფლისადმი.

- როდესაც ადამიანი განსაცდელსა და მწუხარებას გადალახავს, ხშირად დიდი სულიერი ძალითა და ენერგიით ივსება. თქვენ რაში ხარჯავთ ამ ძალას?

- საკუთარი თავის დამშვიდებაში, მოთმინებისა და შინაგანი რწმენის გაღვივებაში. ლოცვისკენაც მომიწოდებს ეს ენერგია. ლოცვა სუნთქვასავით ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემი არსებობა, საუბარი, სევდა, სიხარული, ბუნებრივი ყოფა - ლოცვაა, გულის, გონების ღმერთისკენ აღპყრობა.

ჩემს მდგომარეობაში მყოფს მეტი საშუალება აქვს საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს, მხოლოდ უფალში ეძიოს და პოვოს ნუგეში, დავითისებრ იღაღადოს: "გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენა ჩემი. და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირყიო" (ფს. 61,6).
ბეჭდვა
1კ1