"მომავლის გზა" მომავლის საიმედოდ
"მომავლის გზა" მომავლის საიმედოდ
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ერთ-ერთ ქადაგებაში მოწყალების შესახებ ბრძანებს: ვის არ გამოუცდია ის ტკბილი, აღუწერელი შინაგანი კმაყოფილება , რომელსაც ჩვენი გული იმ შემთხვევაში გრძნობს, თუ ღმრთის შეწევნით, მოყვასი მწუხარებიდან დავიხსენით და გავახარეთ, რადგან მოწყალება საერთოდ ადამიანური ბუნებისთვისაა დამახასიათებელი. სახარება გვასწავლის: იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქუენი ზეციერი მოწყალე არს. ღმერთი თვითონ არის მოწყალება და სიყვარული, ამიტომ თუ გსურს, რომ ჭეშმარიტი ღმრთიური მოწყალება გქონდეს, შენი ბუნება უნდა გაასწორო, გულიდან სიძულვილი, მრისხანება, შური განიშორო და ისეთი სიყვარული შეიძინო, რომ თავად შენი ბუნება გაიძულებდეს ადამიანის შეწყალებასა და შებრალებას.

***
მართლაცდა, ღვთისგან მიმადლებული უდიდესი ნიჭი სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ მოყვასისა თუ სხვა კეთილი საქმისთვის მოწყალების სათნოება აღსასრულოს. ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად მოწყალების გაღებისას მავანი ფიქრობს, თუ რა შეიძლება მიიღოს სამაგიერო ან კიდევ სარგებელი. როცა ამგვარ აზრს დასაწყისშივე დაუშვებს, მოწყალების გაღება უკვე ანგარებას ემსგავსება. მადლიანად გაკეთებული ღვთისთვის სათნო საქმე ნაყოფს ყოველთვის გამოიღებს და უფალი ასწილად დაეხმარება და კიდევ მეტს მისცემს. ერთ მშვენიერ დღეს მევახშის მსგავსი ადამიანი შეიძლება იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც თავად მოწყალების მოლოდინში მყოფი ადამიანია. უფალი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ჩვენი საქმეებისამებს მოგვაგებს.

ჩვენს ყოფაში შესაძლოა გასაკვირიც იყოს, როცა სრულიად უცნობი ადამიანები გაჭირვებულებს დახმარების ხელს უწვდიან და წუთისოფელში არსებობისათვის ეხიდებიან. როცა გავიგე, რომ დედაქალაქში არსებობს სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათა ფონდი, ქველმოქმედთა სახლი "მომავლის გზა", გადავწყვიტე, ახლოს გამეცნო ფონდის დამფუძნებელი, დავით კინწურაშვილი. შემდეგ კი საუბრიც ვთხოვე.

- ფონდი "მომავლის გზა" 2006 წელს დავაარსეთ. მანამდე ახალგაზრდული კავშირი გვქონდა და ახალგაზრდების განვითარებას ვემსახურებოდით. დროთა განმავლობაში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უფრო გაუარესდა და გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ფონდი ქველმოქმედთა სახლი "მომავლის გზა". ფონდის დამფუძნებლები არიან ასევე ცნობილი ადამიანები, ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე, მამუკა ლომაშვილი, მარინა იზორია. ყველა ცნობადი სახე გაერთიანდა. საპატრიარქოს მხრიდან ჩვენს ფონდში არის დეკანოზი გურამ გურამიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება გვქონდა სოციალურ საკითხებში და გაჭირვებულ ადამიანებთანაც გვქონდა ურთიერთობა, ფონდის დაარსების შემდეგ პირველად დავინახე ასეთი უკიდურესი მდგომარეობა. ისეთი ოჯახები ვიხილეთ, რომლებსაც კვირობით პურიც კი არ ჰქონდათ ნაჭამი. მათ მიმართ არავინ იჩენდა მზრუნველობას. მეზობლებსაც, სამწუხაროდ, მობეზრებული ჰქონდათ ყოველთვის მიეწოდებინათ დახმარება. რომ იტყვიან, სიკვდილის წინაშე მდგარი ადამიანები აღმოვაჩინეთ. აღმოვაჩინეთ ისეთი მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც უჭმელობის გამო ორი შვილი გარდაეცვალა. მივაკვლიეთ ისეთ ოჯახს, რომელიც ტყეში გადაგდებულ ავტობუსში ცხოვრობდა. ახლახან მოვიდა ფეხმძიმე ქალბატონი, რომელიც ორ ტყუპს ელოდება. ამ ქალბატონმა ხატზე დაიფიცა, რომ ერთი კვირა საერთოდ არაფერი უჭამია და ამ ექვსი თვის განმავლობაში გინეკოლოგის კონსულტაცია არ გაუვლია. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით ამ ქალბატონს. აღმოვაჩინეთ კონტეინერში მცხოვრები ადამიანები. ჩვენს მიერ აღრიცხვაზე აღვანილი ოჯახების უმრავლესობა გაჭირვებაში აღმოჩნდა იმის გამო, რომ ყველაფერი გაყიდეს, რაც გააჩნდათ და თავიანთი ოჯახის წევრების მკურნალობას მოახმარეს. მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ რაც ჰქონდათ, ყველაფერი სოციალური მდგომარეობის გამო დაკარგეს. ჩვენს ფონდს ყველაზე უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახები ჰყავს აღრიცხული, საკვები პროდუქტებით ყოველთვიურად 800-ზე მეტ ოჯახს ვეხმარებოდით. სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ დახმარებები მთლიანად ქუჩაში დარჩენილ ცხინვალის ომის დროს დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა. შემდეგ უკვე დაიწყო კრიზისი მთელ მსოფლიოში, ჩვენი შემომწირველები, დამფინანსებელი ორგანიზაციები ზოგი დაიხურა, ზოგი გაკოტრდა. შემცირდა ქველმოქმედების გაწევა და 800 ოჯახიდან დავედით 250 ოჯახზე. ჩვენს ფონდს ერთ დღეს არ შეუჩერებია საქმიანობა. ჩვენს კარებთან მომდგარი ნებისმიერი ადამიანი იმედის და დახმარების გარეშე არ მიდის. ჩვენი ფონდი დახმარებას უწევს ასევე 150 მრავალშვილიან ოჯახს. მათგან ზოგი საპატრიარქოს თავშესაფარში ცხოვრობს, ზოგი - სად და ზოგი - სად. აქედან უკიდურესად გაჭირვებულია 115 მრავალშვილიანი ოჯახი. ჩვენთან მშობლები მოვიდნენ და გვთხოვდნენ მათი შვილების ბავშვთა სახლში ჩაბარებას, რათა ისინი სიკვდილისგან გადაერჩინათ... აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლი ჩამოგვეყალიბებინა, ეს ბავშვები მშობლებისთვის არ ჩამოგვეცილებინა. მათ მივეცით საშუალება, ყოფილიყვნენ ნორმალურ, ოჯახურ გარემოში. დღეს უკვე 25 ბავშვს და მათ მშობლებს ვპატრონობთ. მოდიან ჩვენს ფონდში და თავიანთ შვილებთან ერთად იკვებებიან.

- რა საშუალებას აძლევს ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლი თქვენთან მოსულებს?

- ჩამოვაყალიბეთ ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც ბავშვები თავს გრძნობენ როგორც საკუთარ ოჯახებში. ყველა ჩვენს თანამშრომელთან აქვთ ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა. შეუძლიათ იმდენჯერ მიირთვან საკვები, რამდენჯერაც თავად სურთ. შეზღუდვა არაფერზე არ აქვთ. ძალიან დიდი აქცენტი გვაქვს სწავლა-განათლებაზე გადატანილი. ყველანაირად ვუდგავართ გვერდით.

ამავე დროს არ გვავიწყდება მოხუცები, რომლებსაც აქამდე ვეხმარებოდით. ბერძნული სამედიცინო კლინიკის "ჰიპოკრატეს" თანამშრომლები ყოველთვე მოდიან და გამოკვლევებს უტარებენ ჩვენს მოხუცებს. უფასო მედიკამენტებითაც ვეხმარებით. პირველი ჯგუფის უსინათლოებსაც ყოველგვარ დახმარებას ვუწევთ. გვყავს ასევე ისეთი ადამიანები აღრიცხული, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში, ლოგინად არიან ჩავარდნილნი. ჩვენ არ გვაქვს იმის ბაზა, რომ მომვლელი ავუყვანოთ, მაგრამ არ ვაკლებთ ყურადღებას და კვების პრობლემა მოხსნილი აქვთ.

ბევრმა ვერ გაუძლო ამ ხალხის გაჭირვების ყურებას. მართლაც რომ უანგაროდ, მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობენ და აბსოლუტურად აქვთ გათავისებული სხვისი გაჭირვება. როცა ვეძებთ დამფინანსებელ ორგანიზაციას, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგებით. ჩვენთვის ბევრს მათხოვარიც უწოდებია, მაგრამ ყველაფერს ვიტანთ. თუ გინდა გააკეთო ქველმოქმედება, ყველა დაბრკოლება უნდა დაგაიტანო და გადალახო.

***
ჩემი ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილა. ამიტომ გათავისებული მაქვს სხვისი, გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა. როცა სკოლა დავამთავრე, მაშინ ჩემს სოფელში, აბაშაში წმინდა გიორგის უძველეს ეკლესიაში შევედი და უფალს შევთხოვე, უფალო, თუ ჩემს ოჯახს გამოიყვან არსებული გაჭირვებიდან, მთელ ჩემს ცხოვრებას ქველმოქმედებას მივუძღვნი-მეთქი.

იცით, რამდენი მშობელი გადავარჩინეთ თვითმკვლელობას? ბოლო წუთას, რომ იტვიან, სულზე მივუსწარით დედებს, რადგან შვილები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჰყავდათ. როცა დედას შვილი შიმშილის გამო უკვდება, ეს საშინელებაა. დღეს ასეთი მშობლები თავიანთ შვილებთან ერთად ჩვენთან არიან. ამ ბავშვებიდან იმდენი სითბო და სიყვარული მოდის, რომ ბევრ ოჯახში გაზრდილ ბავშვს არ ექნება.

- ეკლესიასთან თუ აქვთ სიახლოვე "მომავლის გზის" წევრებს?

- მამა გურამ გურამიშვილმა, რომელიც გახლავთ ჩვენი ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ძალიან დიდი ძალა და იმედი მოგვცა. მუდამ ჩვენს გვერდით არის, ცდილობს ყველანაირად გაგვიწიოს დახმარება. მეუფე საბა (გიგიბერია) ჩვენს პროექტებში სისტემატურად მონაწილეობს. სააღდგომო აქციებში მეუფე ყოველთვის გვეხმარება. მამა გურამი, როგორც ჩვენ დავდივართ კარდაკარ, ორგანიზაციებში, კერძოOპირებთან, ისე დადის ხოლმე ბავშვების და ამ გაჭირვებული ოჯახებისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი გახადა მამა გურამმა ქველმოქმედი. ისეთი გულქვა ადამიანები დაგვიდგნენ გვერდით, რომ დღემდე გვიკვირს.

სამლოცველო კუთხეც გვაქვს და ჩვენი ბავშვები სადილის წინ ყოველთვის ლოცვას ამბობენ. ცდილობენ იცხოვრონ ისე, როგორც ნამდვილ მართლმადიდებელს შეეფერება. ვცდილობთ ამ ბავშვებიდან გამოვზარდოთ ჯანსაღი თაობა და აქედანვე ჩავუნერგოთ ქველმოქმედების სურვილი. რაც არ უნდა უჭირდეს, მასზე უარეს გაჭირვებულს აუცილებლად უნდა დაეხმაროს. ვეხმარებით ლეიკემიით და ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს. ერთმანეთთან დავამეგობრეთ ეს ბავშვები.

ვიდრე საქართველოში საჭირო იქნება ქველმოქმედების გაწევა და ადამიანების დახმარება, შევეცდებით, მანამდე დავეხმაროთ შეჭირვებულებს. ღმერთმა ქნას, რომ აღარ იყოს ამის აუცილებლობა. პირველები ჩვენ მივიხურავთ კარს და შევწყვეტთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ ადამიანს გაუწოდოთ დახმარების ხელი, ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობა გავითავისოთ და ნებისმიერ ადამიანს დავუდგეთ გვერდით. ჩვენთან მოსული ადამიანი უნუგეშოდ და იმედის გარეშე არ მიდის. მთავარი მიზანია, მომავალი თაობის მომავალი ნათელი იყოს. იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს ჩვენთან არიან, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გადასარევი მომავალი ექნებათ... რადგან ჩვენს ფონდს ჰქვია "მომავლის გზა", ჩვენ ვალდებულნი ვართ, ბოლომდე ვემსახუროთ ჩვენს მომავალს.
ბეჭდვა
1კ1