გზა ნათლისკენ, გზა უფლისკენ
გზა ნათლისკენ, გზა უფლისკენ
1942 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დასრულდა სიცოცხლე ერთი ქართველი პატიმრისა. ამით თითქოს არაფერი შეცვლილა, მსოფლიო ომის შემზარავი მაშტაბების პირობებში ეს მხოლოდ "კიდევ ერთი" იყო. თითქოს არაფერი შეცვლილა არც პატარა საქართველოსთვის. არაფერი შეცვლილა არც იმით, რომ ეს პატიმარი მოწამებრივად აღესრულა და არც იმით, რომ პატიმარი გრიგოლ ფერაძე იყო... სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორიაში ეს სულაც არ იყო უჩვეულო რამ. ასე იყო მუდამ. ასე იყო ქართველთა ისტორიაშიც. ასეთი ჯვარი ერგოთ არჩილ მეფესა თუ ქეთევან დედოფალს, ლუარსაბ მეფესა თუ თევდორე მღვდელს... ამ მხრივ ვერაფერი შეცვალა XX საუკუნემ. მხოლოდ რკინის მარწუხები და მახვილები ჩაანაცვლა გაზის კამერით...

7 დეკემბერს დამოუკიდებელ საერო გიმნაზია "შავნაბადას" X მეორე კლასის მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგ ნინო მიმინოშვილთან ერთად თბილი და მოკრძალებული საღამო მიუძღვნეს მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ხსოვნას. მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსეია მისი ხსენების დღეს აღნიშნავს. საღამოზე მოსწავლეებმა გაიხსენეს არქიმანდრიტ გრიგოლის ცხოვრების გზა, წაიკითხეს მისი პირადი წერილები, მოგონებები, გულწრფელად ისაუბრეს თავიანთ ემოციებზე და დამოკიდებულებაზე მამა გრიგოლის მიმართ.

გვესაუბრება დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადას" ისტორიის პედაგოგი ნინო მიმინოშვილი.

- როდის დაინტერესდით გრიგოლ ფერაძის ცხოვრებით?

- პირველად გრიგოლ ფერაძის შესახებ ჩემი მეგობრის უფროსი დის მეგობარი სტუდენტებისგან შევიტყვე, იმ დროს სკოლის მოსწავლე გახლდით და როგორც ჩანს, ქართველი სასულიერო პირის ცხოვრების ისტორიამ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გონებაში ჩამებეჭდა მისი სახელი და გვარი - გრიგოლ ფერაძე. გავიდა წლები, ჩავაბარე უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, გაგიკვირდებათ და არც სტუდენტობის დროს მსმენია რაიმე ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ. მოგეხსენებათ, გრიგოლ ფერაძის სახელს კარგა ხანს ედო ტაბუ ჩვენს ქვეყანაში. მოგვიანებით 2003 წელს საისტორიო ჟურნალმა "არტანუჯმა" ერთი ნომერი მთლიანად მიუძღვნა გრიგოლ ფერაძეს. მასში მოყვანილი იყო როგორც ცნობები გრიგოლ ფერაძის შესახებ, ასევე თავად არქიმანდრიტის წერილებიც. შემთხვევით ჩამივარდა ჟურნალი ხელთ და სწორედ ამ დროს ამომიტივტივდა გონებაში ბავშვობაში მოსმენილი ამბავი ქართველ სასულიერო პირზე. დავინტერესდი, მოვიძიე კიდევ დამატებითი მასალები, აღმოვაჩინე, რომ თურმე 1995 წლის 19 სექტემბერს სვეტიცხოველში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. იმდენად დავინტერესდი ამ ადამიანის ცხოვრებით, რომ მოგვიანებით მოსწავლეებს დავავალე მოეგროვებინათ ცნობები მღვდელმოწამე გრიგოლის შესახებ და 2006 წელს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი გრიგოლ ფერაძის შესახებ. გიმნაზიის მოსწავლეებისთვის გავმართეთ კიდეც ამ ფილმის პრეზენტაცია. 2011 წელია და მე, როგორც ისტორიის პედაგოგს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, როგორც რიგით მართლმადიდებელს, ისევ არ მასვენებს სურვილი ჩემს მოსწავლეებს ახლოს გავაცნო და შევაყვარო გრიგოლ ფერაძე, დავეხმარო მათ გააცნობიერონ მისი მოწამებრივი აღსასრულის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გიმნაზია "შავნაბადას" X კლასის მოსწავლეებთან ერთად ერთი მოკრძალებული საღამო მიმეძღვნა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი.

- მოსწავლეები ახსენეთ. როგორია მათი ინტერესი წმინდა გრიგოლის მიმართ?

- გასულ წელს გიმნაზიის ამავე კლასთან გავაკეთე სპექტაკლი ნიურნბერგის პროცესზე, სადაც გაკვრით იყო ნახსენები გრიგოლ ფერაძე, მისი აღსასრული საკონცენტრაციო ბანაკში და სწორედ მაშინ დაინტერესდნენ ბავშვები ამ საკითხით. მთხოვდნენ, უფრო დაწვრილებით მომეთხრო მათთვის, თუ რა გარემოებაში დაიღუპა არქიმანდრიტი გრიგოლი. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ღონისძიების ჩატარების იდეაც მაშინ გაჩნდა. მოგეხსენებათ, არსებობს ორი ვერსია გრიგოლ ფერაძის დაღუპვის გარემოებასთან დაკავშირებით. პირველის მიხედვით, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გერმანელი ოფიცერი მოუკლავთ. ბანაკის ადმინისტრაციას მკვლელი ვერ უპოვია, ყველა ტუსაღი დიდიან-პატარიანად მთავარ მოედანზე გამოურეკავს, საშინელ ყინვაში გაუშიშვლებია და უთქვამს, ასე იდგებით ყინულზე, ვიდრე მკვლელი არ გამოჩნდებაო. მაშინ პატიმრების მწკრივს გრიგოლი გამოეყო და დანაშაული თავის თავზე აიღო. იგი ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, შემდეგ ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

მეორე, უფრო გავრცელებული ვერსიის თანახმად, იგი გაზის საკანში დაიღუპა - ნებაყოფლობით შევიდა მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად. ამის თაობაზე მიტროპოლიტ დიონისეს ბანაკიდან დაბრუნებულმა ყოფილმა პატიმარმა აუწყა, რომელმაც მიტროპოლიტს მამა გრიგოლის ჯვარიც გადასცა. რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს სიმართლე, ორივე შემთხვევაში გრიგოლ ფერაძის აღსასრული იყო გააზრებული თავგანწირვა მოყვასისთვის.

გრიგოლ ფერაძე 1931 წელს პარიზში ამბობდა: "ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელშიც ყოველგვარი განძი ხურდავდება, რომელშიც ერს დაეკარგა ყოველგვარი იდეალები და მიწას ჩასცქერის, როდესაც ყოველგვარი უზნეობა და უპატიოსნება სიწმინდის შარავანდედით იმოსება და თვით ბრძოლაც კი არსებობისთვის ადამიანში ადამიანობას კარგავს და სპობს"... ვფიქრობ, ეს სიტყვები გარკვეულწილად დღევანდელობასაც ესადაგება. ასეთ დროში ძნელია მიმართო ადამიანურ სიკეთეს და თავი გაწირო მოყვასისათვის, მაგრამ გრიგოლ ფერაძე იმითაა გამორჩეული, რომ მისი ცხოვრება იყო გზა ნათლისკენ, გზა უფლისკენ. ჩვენც სწორედ ამ სახელწოდებით გავმართეთ დღევანდელი საღამოც.

მოსწავლე ანა სოხაძე:

- ნინო მასწავლებელთან ერთად წავედით სამების საპატრიარქო ტაძარში იმ მიზნით, რომ გამოგვეკითხა მრევლი და გაგვეგო, რა იციან გრიგოლ ფერაძის შესახებ. ვაპირებდით დიაგრამების დაწერას, გამოკითხული ადამიანების პასუხების მიხედვით ერთგვარი სტატისტიკის დადგენასაც. ჩავთვალეთ, რომ სამებაში მისული მრევლი უფრო ინფორმირებული იქნებოდა ამ წმინდანის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. გამოკითხული 30 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცოდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ. ნინო მასწავლებლის დამსახურებაა, რომ მე და ჩემმა კლასელებმა დღეს უკვე ბევრი რამ ვიცით ამ წმინდანის შესახებ. პირადად ჩემთვის აღმოჩენა იყო იმის გაგება, რომ უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადამრჩენელი, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, გრიგოლ ფერაძეც ყოფილა. იყო დრო, როცა ქართველი მენშევიკების მიერ გატანილ განძს გერმანელი ოკუპანტები უნდა დაპატრონებოდნენ. სანამ განძს გაიტანდნენ, ექსპერტს დაავალეს, განესაზღვრა მისი მატერიალური ღირებულება. ექსპერტის დასკვნა ცალსახა იყო: "განძს არავითარი მატერიალური ღირებულება არ გააჩნია, მას მარტო ისტორიული მნიშვნელობა აქვს ქართველი ერისათვის". საკმარისი იყო გერმანელებს განძეულობიდან თუნდაც ერთ-ერთი ყუთი გაეხსნათ, რომ აღნიშნული დასკვნის ავტორს სიკვდილი არ ასცდებოდა. ეს ექსპერტი მამა გრიგოლი იყო.

მოსწავლე თეკლა იჭირაული:

- ჩვენ ვიმუშავეთ წმინდა გრიგოლის პირად წერილებზე. ხელთ გვაქვს მისი რამდენიმე პირადი მიმოწერა. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კორნელი კეკელიძისადმი მიწერილმა მისმა წერილმა, სადაც მამა გრიგოლი ამბობს: "...საშინლად ვიტანჯები. არაფრის ხალისი არ მაქვს... თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ... რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში?" თურმე როგორ აწუხებდა სამშობლოდან სიშორე...
ბეჭდვა
1კ1