კალენდრის ერთი დღე
კალენდრის ერთი დღე
30 დეკემბერს (12 იანვარს) იხსენიება წმინდა მოწამე ფილეტერი. ერთხელ ნიკომიდიაში მყოფ დიოკლეტიანეს შეატყობინეს ერთი ქრისტიანის შესახებ. მეფემ მაშინვე მის მოსაყვანად კაცი გაგზავნა. ქრისტიანი, სახელად ფილეტერი, მაღალი და მშვენიერი აღმოჩნდა. მოეწონა მეფეს - ვინ ხარო, - ჰკითხა. "მე აქ, ნიკომიდიაში, დავიბადე და გავიზარდე. ვარ შვილი ეპარქისა, ქრისტიანი და ქრისტიანებს შორის ვცხოვრობ", - უთხრა წმინდანმა. მეფემ ალერსით სცადა მისი გულის მონადირება, იმავდროულად, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს დაუწყო გმობა. "დაე, დაეხშოს ბაგენი მას, რომელიც ჩემი უფლის გმობას ბედავს, გინდ მეფე იყოს ის, თუნდაც სხვა ვინმე". წმინდანის ამ სიტყვებზე მიწა იძრა და იქუხა. იქ მყოფთ შეეშინდათ, მერე წმინდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, თუმცა მან ილოცა და ღუმელი გაცივდა. მეფემ ამ სასწაულის გავლენით და იმის გამოც, რომ ფილეტერი მშვენიერი იყო, დიდებული წარმოშობისა, იგი გაათავისუფლა.

მაქსიმიანეს მეფობისას ფილეტერი კვლავ წარუდგინეს მას. კვლავ აღიარა ფილეტერმა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. გაჯოხეს. ჯალათები ისე გულმოდგინედ ურტყამდნენ, რომ დაღლილობისგან მიწაზე ცვიოდნენ, ხოლო ფილეტერი უვნებლად იდგა. ჩამოკიდეს ფეხებით, გარანდეს და მხეცებს მიუგდეს. ისინი მიდიოდნენ და ფილარეტის ფეხქვეშ გორავდნენ. საკერპოში თაყვანისცემისთვის წაათრიეს. ილოცა თუ არა, კერპები ძირს დაცვივდა. მეფემ მისი მახვილით მოკვდინება ბრძანა, მაგრამ ჯალათს მოქნეული ხელი შეახმა.

ტუსაღი სიგრიანის მხარეში გადაასახლეს. გზაში წმინდანის ლოცვით უამრავი სასწაული აღესრულა, ეშმაკები განიდევნა, სნეულები განიკურნა, კერპები დაემხო, ქრისტეს სჯულზე მოექცა ის ექვსი ჯარისკაცი და მათი მეთაური, რომელთაც ის სიგრიანში მიჰყავდათ. იქ წმინდა ფილეტერს უთხრეს, მახლობლად ცხოვრობს კაცი, სახელად ებიოტი, რომელმაც ბევრი ტანჯვა დაითმინა ქრისტესთვის, უვნებელი დარჩა და უდიდეს სასწაულებს იქმსო. წმინდა ფილეტერი ჯარისკაცებთან ერთად ებიოტთან წავიდა. ამ დროს უფლის ანგელოზმა ნეტარ ებიოტს უთხრა: გამოდი კელიიდან და ფილეტერს შეხვედიო. დიდად გაიხარეს ერთმანეთის ხილვით უფლის აღმსარებლებმა. წმინდა ფილარეტი ესტუმრა ნეტარ ებიოტს. შვიდი დღის მერე წმინდა ფილეტერი გარდაიცვალა და ებიოტმა თავის სახლთან დაკრძალა. თერთმეტი დღის მერე გარდაიცვალნენ ის ექვსი ჯარისკაცი და მათი მეთაური. ისინი წმინდა მოწამე ფილეტერის სიახლოვეს დაკრძალეს. წმინდა ფილეტერი 311 წელს აღესრულა.

ამავე დღეს იხსენიება ღირსი ზოტიკე ობოლთგამომზრდელი. ღირსი ზოტიკე ცნობილი და სახელგანთქმული გვარიდან იყო. სიყმაწვილიდანვე ამქვეყნიური და სულიერი სიბრძნე შეიძინა, რამაც შემდგომში წმინდა მეფეს კონსტანტინე დიდს დააახლოვა. როცა ამ ღვთისმოსავმა ხელმწიფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ზოტიკეც ამ ქალაქში გადასახლდა. აქ ის მაგისტრის ხარისხშიც აიყვანეს. მაგრამ მალევე უარყო ერისკაცული პატივი და მღვდლად ეკურთხა. ღირსმა ზოტიკემ თავისი სახლი გლახაკთა, მწირთა და უსახლკაროთა თავშესაფრად გადააქცია და ჭეშმარიტი მამა იყო ობოლთა, ქვრივთა და უძლურთა.

იმ დროს ქალაქში კეთრი მძვინვარებდა. ამ სნეულების შესაჩერებლად, იმპერატორის ბრძანებით, ყველა კეთროვანს ზღვაში ყრიდნენ. გულმოწყალე ზოტიკეს შეებრალა სნეულნი და მეფეს სთხოვა: რაც შეიძლება ბევრი ოქრო მომეცი, შენი საჭურჭლისთვის უძვირფასესი მარგალიტები მსურს ვიყიდოო. მეფემ ოქრო მისცა, მან კი ამ ფულით ის კეთროვნები გამოისყიდა, რომლებიც ზღვაში უნდა ჩაეყარათ და კონსტანტინოპოლის მოპირდაპირე მხარეს, ბოსფორის სანაპიროზე, ერთ მთაზე კეთროვანთა საავადმყოფო ააშენა, მეფის მიცემული ფული ამ საქმეს დაახარჯა.

ამასობაში კნსტანტინე დიდი მოკვდა და ტახტზე მისი ძე კონსტანტი ავიდა, რომელიც არიოზელი გახდა და მართლმადიდებლებს დევნიდა. წმინდა ზოტიკესაც მოუწია მისგან ვნების დათმენა. ბოროტმა ადამიანებმა მას უთხრეს, - მეფე კონსტანტინემ მას უამრავი ოქრო მისცა ძვირფასი ქვების შესაძენადო. მეფემ ღირს ზოტიკეს მარგალიტები მოსთხოვა. ღირსმა ზოტიკემ უპასუხა: მეფევ, გემი მოამზადე და ისეთ სიმდიდრეს გაჩვენებ, აქამდე რომ არ გინახავსო. ზოტიკემ მეფე საავადმყოფოში წაიყვანა, აჩვენა კეთროვანნი და სნეულნი: - აი, მეფეო, მშვენიერი და ბრწყინვალე მარგალიტები, რომელიც დიდი ფასით და გაჭირვებით, შენი ცხონებისთვის შევაგროვეო.

განრისხებული მეფის ბრძანებით ღირსი ზოტიკე ორ ჯორს გამოაბეს და შარაგზაზე ათრიეს. ასე ტანჯვით ჩააბარა სული უფალს. იმ ადგილას, სადაც ის გარდაიცვალა, კამკამა, ტკბილმა წყარომ ამოხეთქა, რომლის წყალიც მრავალ სნეულს კურნავდა.

30 დეკემბერს არის ხსენება ღირსი თეოდორა კესარიელისა. ღირსი თეოდორა წმინდა ანას სავანეში მოღვაწეობდა. იგი ლევ ისავრიელისა და მისი ვაჟის კონსტანინე კოპრონომოსის დროს ცხოვრობდა. მამა - თეოდორე პატრიკიოსი იყო. დედამისს თეოდორას ეძახდნენ. ის მრავალი წელი შვილიერებას შესთხოვდა ღვთისმშობელსა და მის ყოვლადწმინდა დედას. როცა ქალიშვილი წამოიზარდა, ვითარცა პირველნაყოფი, დედამ მონასტერში წაიყვანა უფლის სამსახურად. ახალგაზრდა მონაზონმა უდიდესი განსაცდელი დაითმინა. ხატმებროლმა იმპერატორმა მისი ერთ-ერთი ქვეშევრდომისთვის მითხოვება გადაწყვიტა. ქალიშვილი ძალით წაიყვანეს კონსტანტინოპოლში. ყველაფერი მზად იყო ქორწილისთვის, მაგრამ უფალმა დაიფარა თავისი მორჩილი. დედაქალაქს თავს სკვითები დაესხნენ. სიძე მათთან ომში მოკლეს. საყოველთაო არეულობით ისარგებლა თეოდორამ, ნაჩუქარ ძვირფასეულობასა და ოქრო-ვერცხლს წამოავლო ხელი, ჩაჯდა ხომალდში და თავის სავანეში დაბრუნდა. ღირსმა თეოდორამ თავისი მოღვაწეობით ისე გატანჯა საკუთარი სხეული, რომ კანის ქვეშ ძვლები მოუჩანდა - ორ-სამ დღეში ერთხელ ერთ ნაჭერ პურს ჭამდა ხოლმე, საწოლზე წვეტიანი ქვები ელაგა - მკაცრ მარხვას ხშირი ღამისთევები დაურთო. არც ეს ეჩვენა საკმარისად და მძიმე ჯაჭვები დაიდო სხეულზე. მრავალწლიანი დაუცხრომელი ღვაწლის მერე სული თვისი ჩააბარა უფალს.

ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლელი ბერძენი იყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ აღიღო ჯვარი და ქრისტეს შეუდგა. ეს მოხდა მეფე რომანოზის და ღირსი ბასილი ახლის დროს. ღირსი ბასილი თეოდორას სახლში ცხოვრობდა და მის სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობდა. როცა ღირსი თეოდორა გარდაიცვლა და უფლის ანგელოზებმა ზეცაში აიყვანეს, წმინდა ბასილი დიდად დაეხმარა მას საზვერეების გავლაში.

ღირს ბასილის ჰყავდა სულიერი შვილი გრიგოლი, რომელმაც შესთხოვა ღირს მამას, ეთქვა, სად დასახლდა თეოდორას სული. ერთხელ, ძილში გრიგოლს წმინდა ანგელოზმა უთხრა, ღირსი ბასილი გეძახის, რათა თეოდორა განახოსო. უეცრად გრიგოლი სამოთხეში აღმოჩნდა. იქ მან ღირსი ბასილი და თეოდორა იხილა. გრიგოლმა ჰკითხა, როგორ დაითმინე სიკვდილის საშინელი ჟამი და როგორ გაექეცი ეშმაკის შემოტევასო. მან კი მოუთხრო, თუ როგორ გაიარა ანგელოზთა თანამგზავრობით და ღირსი ბასილის დახმარებით ეშმაკთა ოცი საზვერე სხვადასხვა ცოდვათა მიხედვით. როცა ღირსმა თეოდორამ თხრობა დაასრულა, გრიგოლს გამოეღვიძა. შემდგომში ღირსმა ბასილმა დაუდასრტურა მას ნანახის ნამდვილობა. ადიდებდა და მადლობდა იგი ღმერთს, რომელმაც ღირსყო ღირსი თეოდორა ზეციურ სავანეში დავანებისა.

30 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ანისია ქალწულმოწამისა და მისი მარტვილობის ამბავს. უწმინდურ იმპერატორ მაქსიმიანეს დროს თესალონიკში ცხოვრობდა ყრმა ანისია თავის ქრისტიან მშობლებთან ერთად. მშობლებმა მას უძვირფასეს საგანძურად ღვთის შიში და კრძალვა გადასცეს. გოგონა ყოველგვარ სიბრძნეში განისწავლა. ულამაზესი სულის პატრონი სხეულითაც უმშვენიერესი იყო. იშვიათად გადიოდა სახლიდან, ფარავდა კაცთაგან თავის სილამაზეს და შეწევნას უფალს სთხოვდა. მშობლების გარდაცვალების მერე მემკვიდრეობით დარჩა დიდძალი ოქრო-ვერცხლი, დიდი მამული, ურიცხვი მონა და მხევალი, დიდი ფარა - ყველანაირი ამქვეყნიური სიკეთე. მაგრამ კეთილგონიერი ქალწულისათვის ეს სიმდიდრე არაფერს ნიშნავდა. იგი მაცხოვარს შესთხოვდა: - უფალო იესო ქრისტე! ნათელო ჩემო! წყაროო ყველაფრისაო!.. სახიერო უფალო, ქენ ისე, რომ შევუერთდე ბერძენ ქალწულთა დასს და ანთებული ლამპრით შეგეგებო.

ამგვარი ლოცვის მერე ანისიამ ადგილმამულები გაყიდა, მონები გაათავისუფლა, გლახაკებს, გაჭირვებულებს, პატიმრებს დაურიგა. საკუთარი ხელით უვლიდა დასნეულებულ პატიმრებს. "არ ვინუგეშებ სიმდიდრის სიტკბოებით, რომელიც საშინელი სამსჯავროს დღეს წვეთ წყალსაც ვერ გაუტოლდებაო", - ამბობდა იგი. როგორც კი მშობლებისგან დატოვებული უკანასკნელი მონეტა დახარჯა, წმინდა ანისია ამის მერე საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. მარხვითა და ლოცვით მართლაც რომ ანგელოზებს მიემსგავსა. უმთავრეს ღვაწლში განვლიდა დღეებს, ღამე კი მცირე ხანს თუ მიიძინებდა, მთელ დროს ფსალმუნთგალობაში ატარებდა, თავის ზეციურ სასიძოს ცხონებას შესთხოვდა.

ამ დროს მაქსიმიანე უსასტიკესად დევნიდა ქრისტიანებს, სისხლის მდინარეები მიედინებოდა იმპერიის ქუჩებში. სასამართლოები საჭირო აღარ არის მათ დასასჯელად, - ამბობდა მაქსიმიანე, - რამეთუ სასამართლოს ამ ოქმებს შემდგომში წაიკითხავენ და ამათ, ვითარცა მოწამეებს, განადიდებენო. ამიტომაც მისი ბრძანებით ყველას შეეძლო ქრისტიანის მოკვლა, სადაც კი გადაეყრებოდა.

წმინდა ანასია ქრისტესთვის მოწამეობის სურვილით იწვოდა. ერთხელ სულიწმინდით აღძრული უფლის ტაძრისკენ გაეშურა. კასანტრიოტის კარებთან მისულს ხალხში ხმაური შემოესმა - თურმე მზის დღესასწაულს ზეიმობდნენ. ერთმა მეფის მეომარმა წმინდა ქალწულს შეჩერება უბრძანა. გოგონამ ჯვარი გამოისახა და გზა გააგრძელა. მეომარი წამოეწია და ქალწული ხელებში მოიქცია - სად მიდიხარო. ანისიამ უთხრა: "მე ქრისტეს მხევალი ვარ და ეკლესიაში მივდივარო". "არ გაგიშვებ, ვიდრე ჩვენს ღმერთებს თაყვანს არ სცემო", - უბრძანა კადნიერად მეომარმა, სცადა, მისთვის თავსაფარი მოეხადა და სახე გაეშიშვლებინა. წმინდა ანისიამ შეაფურთხა და უთხრა: "დაე, შეგკრას შენ, ეშმაკო, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ".

მეომარმა ვეღარ დაითმინა ქრისტეს სახელის ხსენება და მახვილი გვერდში გაუყარა. წმინდა ქალწულის სული გაფრინდა სასურველ უფალთან. მორწმუნეებმა მისი წმინდა სხეული კასანტრიოტის კარის ახლოს დაკრძალეს. შემდგომში მის საფლავზე სამლოცველო სახლი აშენდა.
ბეჭდვა
1კ1