ბეთლემის ვარსკვლავი
ბეთლემის ვარსკვლავი
მოგვები, აღმოსავლელი ბრძენი ვარსკვლავთმრიცხველები, იხილეს რა უჩვეულო ვარსკვლავი, ახალშობილი დიდებული მეფის მოსაძებნად იერუსალიმში გაემგზავრნენ. უკვე მთელ აღმოსავლეთში გავრცელებული იყო რწმენა იმისა, რომ უახლოეს მომავალში სწორედ იუდეაში უნდა დაბადებულიყო მაცხოვარი სოფლისა. იუდეველთა მეფის მოსვლის ამ დაძაბულ მოლოდინზე მოწმობენ ისტორიკოსები კორნელიუს ტაციტუსი ("ისტორია"), სვეტონიუს ტრანკვილიუსი ("ვესპასიანეს ცხოვრება") და იოსებ ფლავიუსი ("იუდეის ომები"). ვერგილიუსმა ქრისტეს შობამდე ორმოცი წლით ადრე თავის პოემაში "ბუკოლიკები" ამგვარი რამ დაწერა: "მოდის ახალი დრო, მოხდება მოვლენა, რომლისკენაც დიდი ხანია ისწრაფვის ისტორია - კოსმოსური, მსოფლიო მასშტაბის, რომელიც დროს ახლიდან აითვლის". ვერგილიუსის ეს წინასწარმეტყველება გამოსახულია მოსკოვის კრემლის ხარების ტაძრის კარიბჭის კედელზე.

პირველი საუკუნეების ქრისტიანი მწერლები (ეგნატე ღმერთშემოსილი, ორიგენე და ევსები) ფიქრობდნენ, რომ მოგვებს მიუძღოდათ განსაკუთრებული, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შექმნილი ვარსკვლავი. წმინდა იოანე ოქროპირი (IV) და ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი (XI) თვლიდნენ, რომ ეს ღვთაებრივი გონიერი ძალა გამოეცხადათ ვარსკვლავის სახით. "როცა ვარსკვლავს გაიგებ, ნუ იფიქრებ, რომ იგი ერთ-ერთია ჩვენ მიერ დანახული. არა, ეს იყო ღვთაებრივი და ანგელოზებრივი ძალა, რომელიც ვარსკვლავის სახით გამოეცხადა. რადგანაც მოგვნი ვარსკვლავთმრიცხველობას მისდევდნენ, უფალმა ისინი მათთვის ნაცნობი ნიშნით მიიყვანა თავისთან, მსგავსად პეტრე მეთევზისა, რომელიც თევზის სიმრავლით განცვიფრებული გაჰყვა ქრისტეს. ის, რომ ვარსკვლავი ანგელოზებრივი ძალა იყო, იქიდანაც ჩანს, რომ დღისით კაშკაშებდა, მიდიოდა, როცა მოგვები მიდიოდნენ, ბრწყინავდა, როცა ისინი არ მიდიოდნენ; განსაკუთრებით კი იმით, რომ იგი ჩრდილოეთიდან, სპარსეთიდან მოდიოდა სამხრეთისკენ, სადაც იერუსალიმია. მაგრამ ვარსკვლავები არასოდეს მოძრაობენ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ".
ბეჭდვა
1კ1