ქართული კულტურის ცენტრი არის ადგილი, სადაც ქართველები ერთმანეთს სიტყვით თუ საქმით ვეხმარებით
ქართული კულტურის ცენტრი არის ადგილი, სადაც ქართველები ერთმანეთს სიტყვით თუ საქმით ვეხმარებით
რამდენიმე წელია, რაც ათენში ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრი "კავკასია" არსებობს. დაარსების დღიდან ცენტრი ქართულ საქმეს ემსახურება და ჩვენებურებს ქართველობას უნარჩუნებს. ცენტრში არსებული სტუდიებისა და კაბინეტების მუშაობა ემსახურება ნამდვილი ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებას. ქართულ, ბერძნულ და მსოფლიო ისტორიასთან დაკავშირებით ლექციებს კითხულობს ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე.

ამავე ცენტრში მოქმედებს რამდენიმე სტუდია - წმინდა ნინოს სახელობის ქართული ფოლკლორის, საეკლესიო, კლასიკური და საესტრადო მუსიკის სტუდია, ასევე სამეჯლისო ცეკვების სტუდია "დიოსკურია". ქართული დაწყებითი სკოლა-სტუდია "ანი და ბანი" ქართველ ბავშვებს ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის გაძლიერებულ სწავლებას სთავაზობს. აქტიურად მუშაობს ასევე კომპიუტერისა და უცხო ენების (ბერძნულის, ინგლისურის) შემსწავლელი კურსები. ცენტრშივეა დაფუძნებული ქართული სამედიცინო კონსულტაციის კაბინეტი, სადაც აქტიურად მუშაობს სამი ექიმი. მათ შორის თერაპევტი ირინა მათურელი.

- ეს უდიდესი დახმარებაა ქართველი ემიგრანტებისთვის. მათ საშუალება აქვთ, უფასოდ მიიღონ სამედიცინო კონსულტაციები, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია. მე სამედიცინო კონსულტაციის კაბინეტში ვმუშაობ, - მიამბობს ირინა მათურელი, - თუკი პაციენტს ესაჭიროება სტაციონარული გამოკვლევა, ვგზავნით საავადმყოფოებში. როცა ნებისმიერი ქართველი შემოდის ჩვენთან, უკვე ვხვდები, რა უჭირს. უმეტესობა დეპრესიას განიცდის. ცენტრის ხელმძღვანელის დახმარებით, ვცდილობთ, ემიგრანტ ქართველებს ყველანაირად დავეხმაროთ. მედიკამენტებს უფასოდ გვაწვდიან ფარმაცევტული კომპანიები. ქართულ ცენტრში ქართულ ფოლკლორს ეუფლებიან არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც. ძალიან გამიხარდა, როცა ჩვენთან ფანდურით ხელში დავინახე პატარა ბერძენი გოგონა.

ქართული კულტურის ცენტრი არის ადგილი, სადაც ქართველები ერთმანეთს სიტყვით თუ საქმით ვეხმარებით. როცა საქართველოში ომი მიმდინარეობდა, აქაური ქართველები ამ მოვლენებს ძალიან განვიცდიდით. მუდამ იმაზე ვფიქრობდით, რითი გვენუგეშებინა თანამემამულენი და როგორ დავხმარებოდით მათ. დევნილი მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა შევაგროვეთ და გამოვაგზავნეთ. ამაში უდიდესი დახმარება გაგვიწია ათენის ქართული კულტურის ცენტრმა, საკონსულომ.

იმდენად წააგავს აქაურობა საქართველოს, რომ ზოგჯერ მგონია, სამშობლოში ვარ. მსგავსებაა რელიგიური თვალსაზრისით, ასევე ხალხის ხასიათით. ქართული კულტურის ცენტრის დახმარებით მოვინახულეთ ისტორიული ადგილები, ვიყავით ასევე წმინდა ლუკას მონასტერში, ტიმოს კუნძულზე, სადაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ეკლესიაა. აქაური ბერძნებისგან ვიცი, რომ თუკი განსაკუთრებულად შეევედრები ღვთისმშობელს და ტიმოს კუნძულს მოინახულებ, ყველა სურვილი შეგისრულდება. წელიწადში ერთხელ, ტაძრის დღესასწაულზე, უამრავი მორწმუნე დღესასწაულზე იკრიბება და მადლობას სწირავს დედა ღვთისმშობელს. აქაურები როცა გაიგებენ, ქართველები ვართ, თანაც მართლმადიდებლები, ძალიან უხარიათ.

***
ემიგრანტობა არც ტრაგედიაა და არც სირცხვილი. უცხოეთში ყოფნით უდიდესი გამოცდილება შევიძინე, - ამბომბს ირინა, - უკეთესად ვისწავლე დროის ფასი. როცა ადამიანი ემიგრანტობას გამოცდის, საკუთარ ქვეყანას მეტად დააფასებს. თუკი გაქვს ცოდნა, გამოცდილება, საქმისადმი პასუხისმგებელი და შრომისმოყვარე ხარ, ყველაფერი გიფასდება. თავიდან, ვიდრე სპეციალობით დავიწყებდი მუშაობას, ერთ-ერთ ოჯახში საკმაოდ მძიმე ავადმყოფ ქალბატონს ვუვლიდი. როცა გაიგეს, ექიმი ვიყავი, გაკვირვებულები მეკითხებოდნენ, სამშობლოში სამსახური რატომ ვერ იშოვეო. დროთა განმავლობაში აქაურების ნდობა დავიმსახურე, რთული და ხანგრძლივი შრომით საკუთარი ადგილიც ნელ-ნელა დავიმკვიდრე.

საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარი მართლაც დიდ სულიერ თუ ფიზიკურ დახმარებას გვიწევს. აქ მოღვაწეობენ არქიმანდრიტები აბიბოსი და თეიმურაზი. ეს ქართული ტაძარი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ქართველთა უმეტესობა დიდ ნუგეშს იღებს. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ერთი კვირა დღე აქვთ დასვენებისთვის და ცდილობენ, ტაძარში, უფალთან ყოფნით გალიონ.

ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე:
- ქართული კულტურის ცენტრი რამდენიმე წელია, დაარსდა, მანამდე 11 წელი არსებობდა ათენის ქართული ინსტიტუტი. ინსტიტუტი არის სუფთა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც მხოლოდ აკადემიურ საქმიანობას ეწევა. ცენტრი 2000 წელს დავაარსეთ. წლების განმავლობაში ვმფარველობდით ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "დიოსკურიას". ჩვენი მიზანია, გარდა სიმღერისა და ცეკვისა, მოზარდებს პირველ რიგში სამშობლოს სიყვარული ვასწავლოთ. აქაურ ანსამბლებში ვერ გავზრდით მოცეკვავეებს, ჩვენ მხოლოდ აღმზრდელობითი პოზიციიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ზოგიერთი ისეთი ბავშვი მოდის, მხოლოდ ტელევიზიით რომ იცნობს საქართველოს. მოდიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც ელემენტარული ცოდნის მიღების საშუალება არ ჰქონდათ. ამიტომ მათ უნდა გავაცნოთ საქართველო.

შევხვედრივარ ბერ პაისის ათონის მთაზე, გამჭვირვალე სახე ჰქონდა. იმდენად უბრალოდ იქცეოდა და მოკრძალებული იყო, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რამდენად დიდი უნდა იყო ადამიანი. საიდან არ ჩამოდიოდა ხალხი მის სანახავად. ძალიან მაინტერესებდა, რა არის ბერობა. 1979-1980 წლებში, ათონზე, ივერთა მონასტერში მთელი ღამე ბერებთან ერთად ლიტურგიაზე გავათენე. მათთან ერთად ფიზიკურად ვმუშაობდი. ბიბლიოთეკაშიც მიშვებდნენ. ივერონში მამებთან მივედი, როგორც ქართველი. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე ათონზე მოღვაწე მამებმა. ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენს უწმინდესს. მისი სახით საქართველოს ჰყავს უდიდესი სულიერი წინამძღვარი. ღმერთმა მისი ლოცვა-კურთხევა არ მოაკლოს ჩვენს სამშობლოს.
ბეჭდვა
1კ1