მაპატიე, უფალო, ჩემი ცოდვები და ბავშვობიდან წმინდა გამხადე
მაპატიე, უფალო, ჩემი ცოდვები და ბავშვობიდან წმინდა გამხადე
გინდა იყო მეგობარი ქრისტესი? ათი წლის ბიჭი მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელთან გაგზავნეს აღსარების სათქმელად. ბავშვი მანამდე არ იყო ნამყოფი აღსარებაზე და არ იცოდა, რა ეთქვა. დედამ უკარნახა და მანაც კეთილსინდისიერად ყველაფერი გაიმეორა. მეუფემ მოუსმინა და ჰკითხა:

- მითხარი, შენ თვითონვე გრძნობ თავს დამნაშავედ თუ იმას იმეორებ, რასაც მშობლები გსაყვედურობენ?

- დედამ მითხრა, რომ მე უნდა ვაღიარო ესა და ეს ცოდვა და კიდევ სხვა, ვინაიდან ის ამის გამო ბრაზობს, მე კი ამით ვარღვევ ოჯახის სიმშვიდეს.

- შენ აქ იმისთვის არ მოსულხარ, მომიყვე, რაზე ბრაზობენ შენი მშობლები. მითხარი: ქრისტეზე თუ იცი რაიმე?

- დიახ.

- სახარება წაგიკითხავს?

- დედამ და ბებიამ მიამბეს. რაღაც წამიკითხავს, ეკლესიაში გამიგონია...

- მოგწონს იგი, როგორც კაცი?

- დიახ.

- მასთან მეგობრობას მოისურვებდი?

- დიახ.

- იცი, რას ნიშნავს იყო მეგობარი?

- დიახ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობარი იყო.

- არა. ეს საკმარისი არ არის. მეგობარი ის კაცია, რომელიც უერთგულებს თავის მეგობარს ყველგან და ყოველთვის, ცდილობს, მას იმედი არ გაუცრუოს, არ მოატყუოს, მასთან დარჩება, თუნდაც სხვებმა ზურგი აქციონ. მეგობარი მეგობარს სიკვდილამდე უერთგულებს. აბა, წარმოიდგინე: ვთქვათ, სკოლაში ხარ, ქრისტე პატარა ბიჭია და მას მთელი კლასი წინ აღუდგა, შენ რას გააკეთებდი? გეყოფოდა სიმამაცე და ერთგულება, მის გვერდით დამდგარიყავი და გეთქვა: თუ მისი ცემა გინდათ, მეც მცემეთ, რადგან მის გვერდით ვარ? თუ შენ მზად ხარ, ასეთი მეგობარი იყო, მაშინ შეგიძლია თქვა: დიახ, მე ქრისტეს მეგობარი ვარ - და საკუთარ თავს შეკითხვები უნდა დაუსვა აღსარებისას. იკითხე სახარება! მისგან შეგიძლია გაიგო, როგორ იცხოვრო, რომ მერე საკუთარ თავზე გული არ გაგიტყდეს, იცხოვრო ისე, რომ გიხაროდეს, თუ რა კაცი გახდი ამ მეგობრობის გულისთვის. მიხვდი, რაც გითხარი?

- დიახ.

- მზად ხარ ამისთვის?

- დიახ.

პატარა მლოცველები. გვიყვება დიაკვანი ანდრია კურაევი:

ამას წინათ ციმბირის ქალაქ ნოიაბრსკში ავად გახდა ეკლესიური კაცი. პირველ დღეს მისი ხუთი წლის ვაჟი თავს დასტრიალებდა მამას... მეორე დილით ავადმყოფი რომ ვეღარ ადგა, მაქსიმემ ჰკითხა, - ისევ ავად ხარო? "უკეთ ვარ," - უპასუხა მამამ. ბიჭი გაიქცა და თან დაიძახა: "მაშინ მე გავიქცევი და კიდევ ვილოცებ!"

ერთ ამბავსაც მოგითხრობთ, რომლის მოწმეც მე ვიყავი. შარშან, ივნისში ტამბოვში მიმიწვიეს რამდენიმე ლექციის წასაკითხად.

ძნელი არ არის მატარებლის წარმოდგენა, რომელიც მოსკოვიდან გადის ზაფხულის დასაწყისში. ვაგონები სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც მშობლებს სოფელში ბებიასთან მიჰყავდათ. ჩემს კუპეში ტიპური მოსკოვური ოჯახი იჯდა. მშობლებს სოფელში ბიჭები მიჰყავდათ. უფროსი ათი წლის იყო, უმცროსი - დაახლოებით ექვსის. ბუნებრივია, მათ დამინახეს, რომ ღვთისმსახური ვარ და მათი დედა მიყვებოდა, რომ მათაც "რაღაცის" სწამთ, რომ მამა მშენებელია და ეკლესიაში მილებიც კი ჩაუწყვია. ბავშვებსაც ეტყობათ, რომ ღვთის გარეშე არ იზრდებიან. "უმცროსმა საშენკამ "მამაო ჩვენოც" კი იცის, - თავს იქებდა დედა და შვილს უთხრა, - აბა გვაჩვენე, როგორ იცი "მამაო ჩვენო"!" ბავშვებს არ უყვართ უფროსების წინაშე დეკლამირება, საშამ კი დიდი სიამოვნებით წაიკითხა ლოცვა.

საძინებლად დაწვნენ. დილით, თავიანთ სადგურამდე ერთი საათით ადრე მშობლებმა ბავშვები გააღვიძეს. ექვს საათს ათი წუთი აკლდა. სადგურამდე რამდენიმე კილომეტრი იყო დარჩენილი, უეცრად მატარებელი გაჩერდა. ერთი საათი დგას, ორიც. შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენს წინ მიმავალი მატარებლის ცისტერნა აფეთქდა. ბავშვები ნერვიულობენ, მშობლებიც შფოთავენ: მათ კოლმეურნეობიდან მანქანა უნდა დახვედროდათ.

უეცრად დედა განერვიულებული ეუბნება: "აბა, საშენკა, ადექი და ილოცე". საშენკა წამოდგა და ამბობს: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა..." რაღაც სიტყვები გამოტოვა, აურია... და როცა თქვა: ამინ, - მატარებელი დაიძრა. შეჩერდა სადგურში, სადაც პატარა მლოცველი უნდა ჩამოსულიყო და გზა მაშინვე გააგრძელა. ჩემი ლოცვები უფალმა არ შეიწირა.

წერილი ღმერთს. ყველაზე ცნობილ ბერძენ წმინდანს, მღვდელმთავარ ნექტარიოს ეგინელს ერში ანასტასი ერქვა. ის ძალზე ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა, მაგრამ მშობლები ცდილობდნენ ყველაფრისთვის მადლობა გადაეხადათ უფლისთვის და ამას ასწავლიდნენ შვილებსაც. კვირა დღეს მთელი ოჯახი ეკლესიაში ლიტურგიაზე მიდიოდა. პატარა ანასტასის ძალზე მოსწონდა ქადაგებები, ზოგჯერ შინ დაბრუნებული აძვრებოდა სკამზე და იმეორებდა მღვდლის ნაქადაგარს. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი გულმოდგინედ ლოცულობდა. შვიდი წლისამ კი წებოთი რვეული შეკრა და დედას უთხრა, რომ მასში ღვთის სიტყვას ჩაწერდა.

ანასტასი ნიჭიერი ბიჭი იყო, მაგრამ სწავლა რომ გაეგრძელებინა, მშობლიური მხარიდან უნდა წასულიყო. სიღარიბის გამო მშობლებს მისი კონსტანტინოპოლში გაგზავნა მოუხდათ, რათა იქ ემუშავა და ესწავლა. კურთხევა აიღო, ზურგზე ჩანთა მოიგდო და სელივრიის პორტისკენ გაეშურა. კონსტანტინოპოლში ორთქლმავალი მიდიოდა. ანასტასიმ კაპიტანს სთხოვა, ფული არ მაქვს და გთხოვთ წამიყვანოთო. მან უარი უთხრა. ანასტასი დამწუხრებული უცქერდა პატარა ორთქლმავალს და ღმერთს შეწევნას სთხოვდა. გემზე ძრავები ჩართეს, მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა. კაპიტანმა სიჩქარის მომატება ბრძანა, მაგრამ გემი ძველებურად ადგილზე იდგა. ანაზდად კაპიტანმა თვალი მოჰკრა დამწუხრებულ ანასტასის და უნებურად მიმართა: "ამოდი!" ბიჭი ისარივით აიჭრა ხომალდზე და გემი ზღვაში გავიდა. ყრმის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და განუწყვეტლივ ადიდებდა და მადლობდა ღმერთს.

ორთქლმავალი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ანასტასი ქალაქში არავის იცნობდა, სამუშაოს ძებნა დაიწყო და თამბაქოს ქარხანაში იშოვა ადგილი (იმ დროს 8-12 წლის ბავშვებსაც რთავდნენ მუშაობის ნებას). პატარა ბევრს მუშაობდა, მაგრამ ძალზე ცოტას უხდიდნენ. ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდა, გადაწყვიტა, ღმერთისთვის წერილი მიეწერა და თავისი გაჭირვება მოეყოლა. "შევთხოვ წინსაფარს, ტანსაცმელსა და ფეხსცმელს, მე ხომ არაფერი მაქვს და მცივა", - ფიქრობდა ანასტასი. აიღო ქაღალდის ფურცელი და დაწერა: "ჩემო ქრისტე, არც წინსაფარი მაქვს, არც ფეხსაცმელი. გთხოვ გამომიგზავნო. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ". შემდეგ წერილი ჩადო, დაბეჭდა, კონვერტს დააწერა: "უფალ იესო ქრისტეს, ზეცაში". ამ წერილით წავიდა ფოსტაში. გზად მეზობელმა ვაჭარმა ჰკითხა, - საით მიდიხარო.

ბიჭმა არ იცოდა, რა ეთქვა, ხელში წერილს ატრიალებდა.

- მომეცი შენი წერილი, მე გავგზავნი.

ანასტასიმ დაუფიქრებლად გადასცა წერილი. ვაჭარმა წერილი ჯიბეში ჩაიდო და გზა გააგრძელა. საფოსტო ყუთში წერილის ჩაგდებისას ყურადღება მიაქცია მისამართს, ჩაფიქრდა და წერილი გახსნა. წაიკითხა. შეეცოდა ბიჭი. მეორე დღეს ანასტასიმ ფოსტით წერილი მიიღო, რომელშიც ფული იდო.

ნუ გეშინია, უფალო, მე შენთან ვარ. ბავშვები სწერენ ღმერთს:

შენ რა, ჰაერზე უხილავი ხარ? - დიანა

შემიძლია, რამეში დაგეხმარო? - სვეტა

ისე როგორ ვიცხოვრო, რომ ამ ქვეყანაზე ყველა ბედნიერი იყოს? - ლიზა

შენამდე როგორ მოვირბინო? - იურა

რატომ არის, რომ როცა ვინმეს უწყრები, გუნება უფუჭდება, ხოლო როცა ჰპატიობ, უხარია? - ალა

რომელ ენაზე საუბრობენ სულები? - რაია

გევედრები, ცხოვრება გააადვილე, - პავლე

უფალო, გეთაყვა, ისე გააკეთე, რომ სიკვდილის შემდეგ მთელი ჩვენი ოჯახი ერთად ვიყოთ. დედისთვის უჩვენოდ სამოთხეც ჯოჯოხეთი იქნება, - საშა

ძვირფასო ღმერთო, გთხოვ, ისე გააკეთე, რომ ბებიათი დაწყებული, სპილოებით დამთავრებული, ყველანი ბედნიერები იყვნენ, გამაძღარნი და ჩაცმულნი, - ტონია

არ მინდა დიდების სამყაროში ცხოვრება, იქ ყველაფერი უსამართლობაა, - ანდრია

მაპატიე, უფალო, ჩემი ცოდვები და ბავშვობიდან წმინდა გამხადე, - ალექსანდრე

შენ ხომ თითოეულ ადამიანში ხარ, უთხარი მას, თუ როგორ მომწონს. თვითონ ამის თქმის მრცხვენია, - კოლი.

უფალო, გმადლობ ყველაფრისთვის, რაც ადრე გაგიკეთებია. მაგრამ მე ახლა დამეხმარე. მამაჩემი არაფრის გამო ციხეში ჩასვეს და უკვე რვა თვეა, ზის. მე რომ შემეძლოს, ალბათ გავათავისუფლებდი. ძალიან გთხოვ, დამეხმარო. ეს ყველაზე დიდი სათხოვარია. მერე აღარასოდეს შეგაწუხებ, თუნდაც ვკვდებოდე, - ირა

უფალო, მინდა უმტკივნეულოდ მოვკვდე, - ტანია

ძვირფასო ღმერთო, უკანვე წამიყვანე, აქ ძალზე მოსაწყენია, - ვასია

როცა მოვკვდები, არც სამოთხეში მინდა და არც ჯოჯოხეთში, შენთან მინდა, - ვერა

მოდი, მანამდე შევხვდეთ ერთმანეთს, ვიდრე მოვკვდები, - იურა

მინდა, რომ შენ დედამიწაზე ცხოვრობდე, - ანტონი

მე შენ პატივს გცემ ადამიანისადმი რწმენის გამო, - იგორი.

ნუ გეშინია, უფალო, მე შენთან ვარ! - ანდრია

ბაგითა ყრმისათა. ჩემი ვაჟი ღმერთს იღებს როგორც აბსოლუტურად რეალურ პიროვნებას. ისე, როგორც, მაგალითად, ბებიას. ასევე იღებს ანგელოზებს და ღვთისმშობელს. ერთხელ ლოცვანით ხელში წავასწარი - მან კითხვა ჯერ არ იცის. ოთახში ხატების წინ იდგა, უცქერდა და ამბობდა: "ღვთისმშობელო, შენ კარგი ხარ".

ჩემი შვილიშვილები ჭამის წინ ზოგჯერ თავისი სიტყვებით ლოცულობენ. ერთხელ ერთ-ერთმა მათგანმა ჯვარი გამოისახა და თქვა: "უფალო, მაკურთხე მე, რომ შევჭამო". ამ დროს მეორე შვილიშვილიც მოვიდა, შეხედა ხატს და სრიოზულად დაუმატა: "მეც ასევე".

მახსენდება სულისშემძვრელი შემთხვევა. მაშა მაშინ მეოთხე წელიწადში იყო. სადილად წვნიანი დავუსხი. მან ჩვეულებისამებრ წარმოთქვა: "უფალო, აკურთხე საჭმელი", - აიღო კოვზი და... ვაი! სუპი ცხელი აღმოჩნდა. შეუბერე-მეთქი, - ვეუბნები. ის კი სერიოზულობით ამბობს: "უფალო, აკურთხე, რომ ცხელი არ იყოს!"

ბიჭი პირველ აღსარებაზე მივიდა მოძღვართან. მერე დედამ ჰკითხა: "რა გითხრა მღვდელმა?" "დედაშენი თუ გიყვარსო". "შენ რა უთხარი?" "არა-მეთქი", - უპასუხა პატიოსნად შვილმა. დედა დაიბნა, ეს სახეზე აღებეჭდა. შვილმა კი განუმარტა: "მე ხომ შენ ხშირად არ გიჯერებ".

უნებურად მახსენდება სახარების სიტყვები: "უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხე" (იოანე 14,15).
ბეჭდვა
1კ1