ტრანსსექსუალი და ჰერმაფროდიტი - ახალგაზრდობის ახალი იდეალები
ტრანსსექსუალი და ჰერმაფროდიტი - ახალგაზრდობის ახალი იდეალები
"დრომ დაკარგა მოთმინება", - ამბობს მარინ პრედა თავის ერთ-ერთ რომანში.
"დრო მოსწყდა თავის საყრდენს", - ამბობს შექსპირი ტრაგედიაში "ჰამლეტი".

და მართლაც, დრო სულ უფრო სწრაფად მიჰქრის, თვალსა და ხელს შუა გვეცლება. შესაბამისად, ადამიანიც იმ ახალი იდეოლოგიების პრესინგის გამო, რომელსაც ახალი რევოლუცია დაუსახავს მიზნად, თითქოს ცდილობს თავის გარსს მოსწყდეს. ისტორიას არ ახსოვს სხვა ისეთი ეპოქა, რომელიც ასე აკნინებს და ანადგურებს ადამიანის პიროვნულ თვისებებს; ასე ლოიალურად ექცევა ადამიანს და ამავე დროს ასე ასახიჩრებს მას; ასე რადიკალურად ცდილობს ადამიანის ბუნების შეცვლას და ასე გააფთრებით ებრძვის ადამიანის ჭეშმარიტ შინაარსს: ჩვენ უკვე გაგვაფრთხილეს, რომ კარდინალურად უნდა შევიცვალოთ; და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

ღმერთი იმისათვის მოვიდა დედამიწაზე, რომ თავისი გარდასახვით გვაჩვენოს, ვინ ვართ, დაგვეხმაროს შევიმეცნოთ ჭეშმარიტება და სამუდამო სასუფეველი დავიმკვიდროთ. ქრისტეს გარეშე ვერ შევიტყობდით, ვინ ვართ, საიდან მოვედით, რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი და არსი, საითკენ მივემართებით. ქრისტეს გარეშე ჩვენ ჩვენთვისვე ამოუცნობ არსებად დავრჩებოდით, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ქრისტეს მიერ ნაკურთხ საიდუმლოს წარმოვადგენთ.

ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედაც ასეთი განსაზღვრება გვეხამუშება. ჩვენ, ახლანდელმა საზოგადოებამ ზურგი ვაქციეთ ქრისტეს და იდენტურობაგამოცლილები ქაოსური სინამდვილით შეპყრობილნი აღმოვჩნდით. აღარ ვიცით, ვინ ვართ, რა გვინდა, რისკენ ვისწრაფვით. აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის, ჩრდილოეთისა თუ სამხრეთის გონის ქარტეხილებით ატაცებულნი, მშობლიური ნიადაგიდან ამოგლეჯილნი, საკუთარ ფესვებს მოწყვეტილნი და წყვდიადში მოქცეულნი, აქეთ-იქით ღობესა და ყორეს ვეხეთქებით.

დღეს პიროვნების იდენტურობის კრიზისი თავის აპოგეას უახლოვდება. მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო იდენტურობის სიმძიმის ცენტრის - იესო ქრისტეს შეგრძნების დაკარგვამ. ქრისტემ თავისი საქმიანობა გალილეის კანაში ქალისა და მამაკაცის ქორწინების საიდუმლოების აღსრულებით დაიწყო, ქორწინებით, რომელიც ინარჩუნებს და განამტკიცებს ქალისა და მამაკაცის იდენტურობას. ჩვენ კი უკვე მათ საწყისს ბიოლოგიურ დეფინიციაშივე ვანგრევთ, ქალისა და მამაკაცის ფუნქციებსა თუ როლებს თავდაყირა ვატრიალებთ. თუმცა ქმრისა და ცოლის როლები შინაარსობრივად უკვე დიდი ხანია სრულიად სახეცვლილია.

ოჯახური ცხოვრების წესისა და ტრადიციების რყევას ინდივიდუალიზმის კულტი, სექსუალური თავისუფლება, ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზაცია და პროპაგანდა მოჰყვა. ყოველივე ამის შემდეგ ტრანსსექსუალიზმი გახდა ბოლო "მიღწევა", რომელსაც პრეტენზია აქვს იწოდებოდეს ადამიანის მიერ ადამიანისათვის ან გენდერული იდენტურობისათვის განხორციელებულ რევოლუციურ სიმპტომად. რევოლუცია - ასე უწოდებენ ამ მონაპოვარს ის ადამიანები, რომლებიც არსის სახეცვლილების იდეოლოგებად მიიჩნევიან.

ახალი სახელმწიფო იდეოლოგია
ინდონეზიაში ტრანსსექსუალებს უფლება აქვთ მოსახლეობის აღწერისას, რომელიც წელს ჩატარდება, თავისი სქესი საკუთარი სურვილის მიხედვით დაასახელონ; დიდ ბრიტანეთში 2004 წელს მიიღეს კანონი "სქესის აღიარების შესახებ", რითაც სახელმწიფომ ფაქტობრივად გენდერული იდეოლოგიის ძირითადი პოსტულატი აღიარა. ამ კანონის მიხედვით განსხვავება ქალისა და მამაკაცის სქესს შორის სხვა არაფერია, თუ არა სოციალური კონსტრუქცია, რომელიც პატრიარქალური კანონების საფუძველზე ნორმატივებად ჩამოყალიბდა და ცივილიზაციის თვალსაზრისით ტირანულია. ამ პრინციპის თანახმად, გენდერი არ არის გაიგივებული ბიოლოგიურ სქესთან და ის თითოეული ადამიანის ქვეცნობიერი არჩევანია. ამიტომაც არსებობს არა ერთი, არამედ ექვსი და შესაძლოა მეტი გენდერიც.

სწორედ ამ იდეოლოგიითაა გაჟღენთილი ბრიტანული კანონმდებლობა, რომლის წყალობითაც ტრანსსექსუალები ე.წ. აღიარების უფლებით სარგებლობენ. მათ შეუძლიათ საკუთარი სურვილის შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი შეიტანონ დაბადების მოწმობაში ცვლილება, თუ მათ ქირურგიული ჩარევა არ განუხორციელებიათ და სქესი არ შეუცვლიათ. ამ ცვლილების განსახორციელებლად საკმარისია შესაბამის ორგანოებში სქესობრივ იდენტურობაში დაბნეულობის დამადასტურებელი დასკვნა მიიტანონ, ორი წლის მანძილზე არჩეული გენდერის შესაბამის პარტნიორთან თანაცხოვრება დაასაბუთონ და დადონ ფიცი, რომ მზად არიან დარჩენილი სიცოცხლე ამ როლში გაატარონ.

მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან იმავე დიდ ბრიტანეთში სასკოლო ფორმიდან ამოიღეს ქვედაბოლო, რადგანაც მისი გამოყენება იმ გოგონებს, ვინც თავიანთ თავს ბიჭუნებად შეიგრძნობენ ან სურთ იყვნენ ბიჭები, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

2005 წელს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გერმანიის კანონმდებლობა უხეშად იჭრება მოქალაქის პირად ცხოვრებაში და ლახავს მის უფლებას გამოხატოს ის გენდერული იდენტურობა, რომელსაც პიროვნება თავისი შეხედულების მიხედვით ირჩევს. ავსტრიაში "ბავშვთა მოვლის ასოციაცია Fun&Care" ბავშვებთან ატარებს "აღმზრდელობით მუშაობას გენდერული შეფასების მგრძნობელობის ასამაღლებლად". მეცადინეობის დაწყებისას ბიჭებს აძლევენ კოსმეტიკითა და კაბებით სავსე კალათებს, ხოლო გოგონებს უხეში ძალის გამოვლენას, ჩხუბსა და ყვირილს აჩვევენ.

ამასთან, ჰომოსექსუალებისა და ტრანსსექსუალი აქტივისტების ძირითადი მოთხოვნაა სექსუალური ასაკის 12 წლამდე გაახალგაზრდავება და ამ დრომდე ბავშვისათვის სქესის გამოუცხადებლობა, რათა მან თავად, მშობლების ჩარევის გარეშე შეძლოს აირჩიოს საკუთარი სქესი.

გაუგებრობის პოლიტიკა
გასაკვირი აღარაა, როდესაც გენდერული იდეოლოგია ბავშვთა აღზრდის უფაქიზეს სფეროში იჭრება. ამის დასტურია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში 16 წლის ესპანელმა ბიჭუნამ სასამართლოს წესით მიიღო სქესის შეცვლის უფლება და ამან მოდური გახადა ეს ტენდენცია. ოპერაციის საფუძველი კი მხოლოდ მოზარდის განცხადება გახდა, "რომლის მიხედვითაც იგი საკუთარ თავს ბიჭის ბადეში გამომწყვდეულ გოგონად გრძნობდა". გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა 16 წლის მოზარდის კიმ პეტერსის სქესის შეცვლის ოპერაცია.

დასავლურ სამყაროში ტრანსსექსუალიზმისა და ჰერმაფროდიტიზმის მოდამ უმეტესწილად მოზარდებისა და ბავშვების გონება დაიპყრო. ამ თვალსაზრისით თვალსაჩინოა მოზარდი კიმ პეტერსის მაგალითი. მასმედიის წყალობით ის ნამდვილ ვარსკვლავად გადაიქცა, ხოლო მისი ცხოვრების სტილი და აფიშირებული ჰერმაფროდიტიზმი დასავლელი თინეიჯერებისათვის მისაბაძი მაგალითი გახდა. ჰერმაფროდიტიზმის სენის გავრცელების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ესპანეთში ლესბოსელთა და ჰომოსექსუალისტთა ასოციაციის მიერ საზოგადოებრივი აზრის "ფორმირების" მიზნით მოწყობილი გამოფენა, სადაც ცნობილი თოჯინა ბარბი ტრანსსექსუალად არის წარმოდგენილი. მას მომხიბვლელი, უმანკო სახე და მამაკაცის სასქესო ორგანოები აქვს.

და განა ასეთი "გაუგებრობის" პრელუდია არ არის ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული მოდა, როდესაც ბიჭები გოგონებივით გამოიყურებიან, ხოლო გოგონები კაცებს ბაძავენ? სწორედ აქედან იწყებს ტრანსსექსუალიზმის შხამიანი სარეველა გავრცელებას.

ეს აბდაუბდა ყველას, ყველაფერს და სასქესო ორგანოების იდენტურობასაც კი თავდაყირა აყენებს. მიზანი კი ერთი აქვს: როგორმე ჩაგვაფიქროს, გაგვააზრებინოს და ლუციფერის ხელდასმით უკვე "თანამედროვე" ხედვა ჩამოგვიყალიბოს. ეს ფილოსოფია დღევანდელი სახელმწიფოების ოფიციალურ იდეოლოგიად და გაუგებრობის პოლიტიკის პრომოუშენად იქცა.

ჩვენ ნეოწარმართულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს ის ეპოქაა, რომელიც თავის დროზე ჯერ წარღვნით, ხოლო შემდეგ სოდომ-გომორის ცეცხლით წაილეკა. ამ ეპოქის ნიშანი ჰერმაფროდიტიზმია, ხოლო თაყვანისცემის ობიექტი - რქოსანი პირუტყვი!

ნეოწარმართული სახელმწიფო
გაუგებრობის პოლიტიკის არაჩვეულებრივი მაგალითია შეერთებული შტატები. აქ მიღების სტადიაშია კანონი სამსახურში აყვანისას ყველა ჯურის ტრანსსექსუალის, ტრანსვესტიტის და სხვა გენდერული იდენტურობის უმცირესობების დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტის მესამე ნაწილის მე-6 პუნქტის მიხედვით, იდენტურობა განისაზღვრება "გარეგნული იერ-სახით, სტილით და სხვა ისეთი მახასიათებლებით, რომლებიც ასოცირებულია პიროვნების თვითშეგრძნებებთან, მიუხედავად იმისა თანხვედრაშია თუ არა იგი ინდივიდის დაბადების დროს დაფიქსირებულ სქესთან". აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ ყველა ორგანიზაცია, სადაც 15 და მეტი თანამშრომელია, ვალდებული იქნება სამსახურში აყვანისას არ გაუწიოს დისკრიმინაცია ასეთ უმცირესობებს.

ამ კანონპროექტის ჭეშმარიტი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში, მათ შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვების სასწავლო დაწესებულებაში, არ შეიზღუდოს ტრანსსექსუალი მასწავლებლების სამსახურში მიღება. კანონსაწინააღმდეგო იქნება აგრეთვე მათი იმ კლასებში არშეშვება, რომელთა მოსწავლეები ან მშობლები უარს იტყვიან ასეთ მასწავლებლებთან ურთიერთობაზე. უფრო მეტიც, კანონის მიხედვით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების კონფიდენციალობას (მათი დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით) იცავს, ინფორმაცია პედაგოგ-ტრანსსექსუალის ნამდვილი ბუნების შესახებ არ შეიძლება მიეწოდოს მოსწავლეთა მშობლებს.

საინტერესო შემთხვევა მოხდა კალიფორნიაში, ქალაქ ფოქსბოროში, სადაც 2008 წელს მოსწავლეებმა და მშობლებმა შემთხვევით შეიტყვეს, რომ მათი შვილების მუსიკის მასწავლებელმა სქესი შეიცვალა და მამაკაცი გახდა, მშობლებმა კი ინფორმაციის უქონლობის გამო ვერ მოასწრეს შვილების სხვა პედაგოგთან გადაყვანა. სკოლაში ბავშვებს მოსთხოვეს, პედაგოგს "ქალბატონოს" ნაცვლად "ბატონოთი" მიმართონ.

ასეთივე შემთხვევა მოხდა ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ბატავიაში, სადაც 2006 წელს ლიცეუმის მოსწავლეებს არ მიეცათ საშუალება უარი ეთქვათ იმ მასწავლებელთან მეცადინეობაზე, რომელმაც სქესი გადაიკეთა და ქალბატონი გახდა. ბავშვებს მხოლოდ 30 დღე ჰქონდათ იმისათვის, რომ შესჩვეოდნენ "ახალ" მასწავლებელთან ურთიერთობას.

ზემონახსენები კანონი იურიდიულად წაახალისებს ამვარ ქმედებებს, რადგან კრძალავს ყოველგვარ საპროტესტო გამოხმაურებას და უგულებელყოფს მისი შედეგების გაცილებით უფრო შორს მიმავალ უარყოფით პერსპექტივებს. ასეთი ცვლილებების მიზანია სკოლის დახმარებით გამოიწვიოს საზოგადოების ღრმა ანთროპოლოგიური მუტაცია, მოახდინოს მოზარდის იდენტურობის რესტრუქტურიზაცია, რადგან პედაგოგი-ტრანსსექსუალი მოსწავლეში თავისთავად იწვევს გაუგებრობას და ის იწყებს საკუთარი იდენტურობის ახლებურად გააზრებისათვის სერიოზულ ფიქრსა და განსჯას.

მასმედიისა და სკოლების მიერ სამსჯელოდ გამოტანილი მაგალითები ძირეულად ანგრევს ადამიანურ ბუნებას, უკარგავს მას რეალური იდენტიფიცირების უნარს, ამიტომაც სულაც არ არის შემთხვევითი ის დემონური იკონოგრაფია, რომელმაც სრულიად დაიპყრო ვირტუალური სივრცე. ხოლო "ანგელოზისსახიანი" ბარბის მაგალითი, რომელსაც მამაკაცის სასქესო ორგანო აქვს და რომლითაც ესპანელი ჰომოსექსუალისტები მომავალი თაობის აღზრდას ცდილობენ, სხვა არაფერია, თუარა მათი იდეალი და თავისი არსით ეშმაკის ნაირსახეობა.

ეკლესია - ადამიანის ჭეშმარიტი არსის, ადამიანის იდეალის საუნჯე
ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს იდეალების გარეშე, რადგანაც ის მუდამ ცდილობს, თვალსაწიერში ვიღაც ჰყავდეს და მართლაც ნებსით თუ უნებლიეთ დროთა მანძილზე ის თავის იდეალს ემსგავსება. ადამიანის ეს თავისებურება მაშინაც მოქმედებს, როდესაც იდეალი ყალბია, კერპია და არა იმის ხატება, ვისი მსგავსიც თვით ადამიანია.

დღეს კაცობრიობას ანთროპოლოგიური კრიზისი უტევს, ეს ყველაზე დიდი ცოდვაა, რომელიც ადამის შემდეგ ჩვენს სინამდვილემდე ყოფილა. ტრანსსექსუალიზმი ამ კრიზისის თვალსაჩინოებაა. კრიზისის ნიშანი კი ადამიანის გაფანტული და ბუნდოვანი იდენტურობაა. ადამიანი თავის სახეს კარგავს, ის მრუდე სარკეში დანახული ცივილიზაციის ბინდში იძირება, საკუთარ თავს ეძებს და ამ სიბრმავეში ცდილობს საკუთარი თავის საიდუმლო ამოიცნოს, როგორც მთვარეულს, ისე აინტერესებს, ვინ არის იგი. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის ძიება ასეთ ადამიანს სულ უფრო აშორებს მისი საკუთარი ფესვებიდან.

თანამედროვე სამყარო, ისევე როგორც ანტიკური, მუტაციის ნიშნით არის გამორჩეული: ანტიკური სამყაროსათვის ადამიანი იყო ან ღმერთი, ან ცხოველი და არა ადამიანსა და ღმერთს შორის ან ადამიანსა და ცხოველს შორის რაღაც შუალედური. ამიტომ ანტიკურობამ საბოლოოდ მაინც ვერ განსაზღვრა, რა არის ადამიანი. ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსი ჭოჭმანობს და ბოლომდე ვერ აღიარებს, რომ ადამიანი ორფეხა არსებაა, რომელიც არ არის ბუმბულით ან ბეწვით დაფარული, დაბოლოს, უჭირს აღიაროს, რომ ადამიანი მოკვდავია.

თანამედროვე ადამიანი აღიარებს, რომ არავინ და არაფერი არ არსებობს გარდა ადამიანისა. ამ მდგომარეობაში ის ცდილობს, ერთი მხრივ, იქცეს ზეადამიანად და ამ სწრაფვაში ის სასაცილო მდგომარეობამდე მიდის, რადგან მას იმის შესაძლებლობაც კი დაეკარგა, გაიაზროს, რა არის ადამიანი. მას აღარ შეუძლია თქვას, რომ ადამიანის ცხოვრების აზრი იესო ქრისტეა! ჩვენ უკვე 2000 წელია ვიცით, რა არის ადამიანი, რადგან ადამიანის იდეალი განკაცებული ღმერთია, რომელმაც სრულად მიიღო ყველაფერი ადამიანური გარდა ცოდვისა. ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენმა მაცხოვარმა ადამიანისგან მიიღო, ადამიანურია, რადგან იესო ქრისტე ძე არის ღვთისა და მან დაგვიბრუნა ჩვენ ნამდვილი სახე: "მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს" (ლუკ. 3:17).

ღმერთის ძის განკაცებასთან ერთად ჩვენ ავმაღლდით საკუთარ თვალში: ვიხილეთ ჩვენი ფესვები და შევიმეცნეთ ჩვენზე გადმოსული მადლი მისი ჯვარცმისა და აღდგომისა. ჩვენი იდენტურობა, როგორც მამებისა და შვილებისა, ქალებისა და მამაკაცებისა, უწყვეტად ძლიერდება და მტკიცდება მის სისხლსა და ხორცთან ზიარებაში. ხოლო ჩვენი სრულყოფილება მაშინ იქნება, როდესაც ჩვენში ქრისტეს მადლით და ქრისტესთან ერთად ძე ღვთისა გამოვლინდება.

ამიტომ თუ ჩვენ ეკლესიის შვილები ვართ, მისი სხეულის ნაწილი უნდა გავხდეთ, მისი შთამომავლები და ის უნდა ვიყოთ, რაც ღმერთმა მოგვცა - მამაკაცები და ქალები, ქმრები და ცოლები, მამები და შვილები, - რათა ღვთაებრივი სულის მადლით ჭეშმარიტ ღვთის შვილობამდე გავიზარდოთ.
ქართულად მოამზადა
მაკა თაქთაქიშვილმა
ბეჭდვა
1კ1