გაკვეთილი სვეტიცხოვლის ეზოში
გაკვეთილი სვეტიცხოვლის ეზოში
იმ დღეს, 4 ოქტომბერს, 128-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები ერთს ნატრობდნენ - წვიმა არ წამოსულიყო. მათ ხომ მცხეთაში უნდა ჩაეტარებინათ ღია გაკვეთილი. ნატვრა შეუსრულდათ. ღრუბელი მალე გადაიყარა და მზემ სწორედ მაშინ გამოანათა, როცა ისინი სვეტიცხოვლის ეზოში შევიდნენ. იმ დილითაც ხვლიკისფერი იყო ტაძარი... ღია გაკვეთილი "დიდოსტატის მარჯვენას" ეხებოდა. ვინ იცის, მერამდენედ შესცქეროდნენ არქიტექტურის ამ დიად ქმნილებას მოსწავლეები, მაგრამ იმ წუთებში ისინი მაინც სხვა თვალით აფასებდნენ სვეტიცხოვლის ყოველ ჩუქურთმასა და წახნაგს. მათ თან ახლდათ გაკვეთილის სულისჩამდგმელი, ქართული ენის მასწავლებელი, მზია კიწმარიშვილი, რამდენიმე მშობელი და ერთი საპატიო სტუმარი, ქართული ენა-ლიტერატურის უბადლო მცოდნე ბატონი თამაზ კვაჭანტირაძე. იგი კარგა ხანია პარლამენტში განათლების სფეროს კურირებს. როგორც კი გაიგო, რომ მეთორმეტეკლასელებს მისი სტუმრობის დიდი სურვილი ჰქონდათ, მაშინვე გადადო პარლამენტში წასვლა და მცხეთაში ბავშვებთან ერთად სიამოვნებით წამოვიდა.

ტაძრის ეზოში მამა დავით ჯიშკარიანი შემოგვეგებება. იგი აღფრთოვანებული იყო ღია გაკვეთილის სვეტიცხოვლის ეზოში ჩატარებით, მასწავლებელს და მოსწავლეებს კი სთხოვა - ხშირად მოდით აქ, ამ ეზოში გაკვეთილის ჩატარებას რა სჯობს? მეც დაგესწრებით და სხვებიც სიამოვნებით მოგისმენენო... ცოტა ხანში ღია გაკვეთილის აღსანიშნავად ზარები აგუგუნდა. ყველას, იქ მყოფთ, ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, თითქოს ძველ საქართველოში გადავსახლდით და რომანის გმირების გვერდით ვცხოვრობდით... მამა დავითმა ყველა დაგვლოცა და გაკვეთილიც დაიწყო.…

ჩვენ თვალწინ გაცოცხლდნენ მეფე გიორგი - უშიში, ვითაცა უხორცო, დიდოსტატი არსაკიძე, რომელმაც ქვებს სული შთაბერა და დიდებული ტაძარი ერსა და ბერს გადაულოცა, ქრისტიანობის დიდი ქომაგი მელქისედეკ კათალიკოსი, პირმშვენიერ შორენა და კიდევ მრავალი პერსონაჟი, ისტორიული თუ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი.

სასიტყვეთის მთავარი მეგზური ყურადღებით უსმენდა მოსწავლეებს. იგი კმაყოფილი დარჩა ღია გაკვეთილით. ბატონი თამაზი არასოდეს გამოირჩეოდა პირში მაქებრობით. თუ რამე არ მოსწონებია, პირში უთქვამს ან მავანთა წყენას მორიდებია და შენიშვნა არ გაუხმაურებია, მოწონებულზე კი ქება არ დაუშურებია. გაკვეთილის მსვლელობისას ბევრი ადამიანი მოგროვდა მოსწავლეების ირგვლივ. ისინი ინტერესით უსმენდნენ მოსწავლეებს, რომლებმაც ლამაზ სპექტაკლს დაამსგავსეს გაკვეთილი. მათ ტაშით დააჯილდოეს ბავშვები, ბოლოს ბატონი თამაზის ჯერიც დადგა:
KARIBCHE- ლიტერატურა ემოციის გარეშე არაფერია. ძალა ამ გაკვეთილისა თქვენი, მოსწავლეებისა და მასწავლებლის ერთობა გახლავთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ ადამიანი არ დაიხარჯა, თუ მას არ უყვარს თავისი საქმე, არაფერი გამოვა. მე დღეს დავინახე, რომ თქვენს მასწავლებელს უსაზღვროდ უყვარს ის საქმე, რასაც ემსახურება. მან შეძლო, თქვენთვისაც ასე შეეყვარებინა ლიტერატურა. ეს არავის ეგონოს პატარა საქმე. ქართველი მოზარდი, რომელმაც ასე კარგად იცის ლიტერატურა და თავისი ქვეყნის ისტორია, ის აუცილებლად ღირსეული მამულიშვილი დადგება. მადლობელი ვარ მზია მასწავლებლის, რომელიც ძალიან კარგი ანალიტიკოსია, მან ღრმად ჩაგახედათ იმ სამყაროში, რასაც კონსტანტინე გამსახურდიას სამყარო ჰქვია, - ბრძანა თამაზ კვაჭანტირაძემ. მან ერთი საინტერესო ეპიზოდიც გაიხსენა თავისი ახალგაზრდობიდან:

- მე, ზვიადი და მერაბ კოსტავა ვმეგობრობდით. საერთო წრე გვქონდა მაშინდელ ბიჭებს, რომლებსაც ლიტერატურა გვიყვარდა, ჩვენი ქვეყნის სატკივარი გვტკიოდა და გვაწუხებდა. ჩვენთან იყვნენ გურამ დოჩანაშვილიც, ვოვა სიხარულიძეც და კიდევ ბევრი, ნამდვილად ღირსეული პიროვნება. ჩვენ ხშირად ვიკრიბებოდით კოლხურ კოშკში. ქალბატონი მირანდა, ზვიადის დედა, მაშინვე სუფრას გაგვიშლიდა, ყველას ძალიან თბილად გვეპყრობოდა. კონსტანტინეს სუფრასთან დიდხანს ყოფნა არ უყვარდა. იგი ცოტა ხნით გამოვიდოდა ჩვენთან, დაგვლოცავდა, გაგვეხუმრებოდა და მერე ისევ თავის საქმეს მიუბრუნდებოდა. განსაკუთრებით გურამ დოჩანაშვილი ჰყავდა ამოჩემებული. დაინახავდა თუ არა აწოწილ გურამს, თავისებურად მოიკითხავდა: მოხვედი, შიმშილავ? როგორ მიდის შენი საქმეებიო?…

შიმშილას კი იმიტომ ეძახდა, რომ ძალიან გამხდარი იყო. იმ ჩვენი წრიდან ბევრი გახდა საზოგადო მოღვაწე. პატარაობიდანვე ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარდა ენა, მამული, სარწმუნოება და იმედი მაქვს, თქვენც ამ სამების სიყვარული სამომავლოდ ბევრ საქვეყნო საქმეს გაგაკეთებინებთ.

მცხეთიდან წამოსულები დიდპატარიანად ვგრძნობდით, რომ საქართველოს დედატაძრის მადლი მოგვყვებოდა.

მარინა ბაბუნაშვილი
ბეჭდვა
1კ1