საქართველოს წმინდანად შერაცხული მეფე-დედოფალნი
საქართველოს წმინდანად შერაცხული მეფე-დედოფალნი
"ხალხთა მართვა ყველაზე ძნელი საქმეა", - ამბობს წმინდა იოანე კრონშტადტელი. მართვის სისტემა ყოველთვის გულისხმობს პიროვნებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს განკარგულება, იკისროს პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი. ასეთი საქმენი ღვთით ბოძებული ძალისა და ნიჭის გარეშე არ ხდება. მეფობის საფუძველი ღვთივკურთხეულობაა: "სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია", - ბრძანებს წმინდა ისიდორე პელუსიელი.

"ჩვენი მიზანია, დღეს საქართველოს წმინდანად შერაცხულ მეფე-დედოფლებზე მოგითხროთ. ქვემო ჭალის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები ისტორიულ, ქრონოლოგიურ, საღვთისმეტყველო მასალებზე დაყრდნობით, გაგვაცნობენ იმ მეფე-დედოფალთა ცხოვრებას, რომლებიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხულნი. მოსწავლეები ქართველი მონარქების მოღვაწეობას განიხილავენ სიწმინდის ასპექტში.

დეკანოზმა ზაქარია მაჩიტაძემ ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანა: "რაც უფრო მეტი წმინდანის ცხოვრებას გავეცნობით, მით მეტი შუამდგომელი გვეყოლება ორსავე სოფლის გამგებელი უფლის წინაშე".

ასე დაიწყო შეხვედრა კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში (დირექტორი ბ. ქენქაძე) ხელოვნების ისტორიის პედაგოგმა, სამთავისის საკათედრო ტაძრის მედავითნემ, ირმა (ელისაბედ) ზაქარიაშვილმა. ქალბატონი ირმა (ელისაბედი) თავისი თავდაუზოგავი მოღვაწეობით მოსწავლეებში აღვივებს სიკეთის თესლს და თავისი საქმიანობით მადლს თესავს... გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- როგორ გაჩნდა იდეა, წმინდა მეფე-დედოფლებზე გაკვეთილის ჩატარების შესახებ?

- ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში, ხელოვნების ისტორიის გაკვეთილებზე მოსწავლეები სწავლობენ იკონოგრაფიულ ახსნა-განმარტებას, სახე-სიმბოლიკას. მათ არაერთი ქართველი წმინდანის, მათ შორის მეფე-დედოფლის ცხოვრება იციან. გადავწყვიტეთ, განგვევრცო თემა და ფართო საზოგადოებისათვის გაგვეცნო უწმინდესი საკითხები. ბავშვებმა გულდასმით შეისწავლეს წმინდა მონარქთა სახელზე შექმნილი ტროპარ-კონდაკები (ძირითადი, სავედრებელი ლოცვები). ისაუბრეს მოწამეობაზე, მსხვერპლშეწირვაზე... განმარტეს სიტყვები: "მარტვილი", "მარტიროლოგია".

თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი წერს: "საქართველოს მთელი 2000-წლოვანი ისტორია ერთი გაბმული მარტიროლოგიაა, ტანჯვაა და მოწამეობაა ქრისტესთვის, ანუ ჭეშმარიტებისთვის და ვიტყვით იმასაც, რომ "ქართლის ცხოვრების" სისხლიანი ქრონიკები და მარტიროლოგია ჯერ არ დასრულებულა".

გაკვეთილი ერთფეროვანი და პროზაული რომ არ გამოსულიყო, ბავშვებმა წინასწარ მოიძიეს და დაისწავლეს ქართველ პოეტთა ის სტრიქონები, სადაც ხოტბა აქვთ შესხმული ჩვენს მეფე-დედოფლებს.

შთამბეჭდავია, როდესაც საგალობლებისა და პატრიოტული ჰანგების ფონზე ისმენ: შ. ნიშნიანიძის, მ. მაჭავარიანის, მ. ლებანიძის, ა. კალანდაძის, მ. ფოცხიშვილის, ჯ. ჩარკვიანის, თ. მღვდლიაშვილისა და ა. აბულაშვილის სტრიქონებს...

გაკვეთილი ტრადიციულად ჩატარდა სკოლის ტექნიკურ კაბინეტში, რომელიც განსაკუთრებულად მოაწყვეს მოსწავლეებმა. გაამშვენეს წმინდა მეფე-დედოფალთა ხატებით, კედლის გაზეთით, რომელიც წმინდა დედოფალ შუშანიკს მიუძღვნეს მეათეკლასელებმა.

განსაკუთრებულად ამ დღისთვის სამთავისის საკათედრო ტაძრიდან, დეკანოზ იოანეს (კალატოზიშვილი) ლოცვა-კურთხევით, მეთერთმეტეკლასელებმა მოაბრძანეს წმინდა მოციქულთასწორთა მირიანისა და ნანას ხატი.

XI კლასის ნიჭიერმა მოსწავლემ, ნათია ხელაშვილმა ინტერნეტიდან პროექტორზე განათავსა წმინდა მონარქთა იკონოგრაფიული გამოსახულებები.

ბავშვებმა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ისაუბრეს: წმინდა მირიანისა და ნანას, მირდატის, ვახტანგის (გორგასალი), შუშანიკის, არჩილის, აშოტის (კურაპალატი), დავით IV-ის (აღმაშენებელი), დემეტრე-დამიანეს, თამარის, დემეტრე მეორის (თავდადებული), ლუარსაბის, ქეთევან წამებულის ცხოვრებასა და მოწამეობრივ აღსასრულზე.

- როგორ გამოისახებიან ხატებზე წმინდა მეფე-დედოფლები?

- მართლმადიდებლურ ხატებზე წმინდანად შერაცხული მეფე-დედოფლები გამოისახებიან ფერადოვანი სამეფო სამოსით, გვირგვინებითა და შარავანდით.

წამებულ მეფე-დედოფლებს ხელთ უპყრიათ მეწამული ჯვრები და მათ სამოსშიც მეწამული ფერი დომინირებს.

აღმაშენებელ მეფე-დედოფლებს გამოსახავენ მაკეტით. ნიშნად იმისა, რომ ისინი სიცოცხლეში ეკლესია-მონასტრებს აშენებდნენ (დავით აღმაშენებელი გელათის მაკეტით ხელში). ხშირად ამგვარ ხატებზე ვხედავთ ე.წ. სეგმენტს, ე.ი. უფლის მაკურთხეველ მარჯვენას.

ოპიზის ცნობილ რელიეფზე წმინდა აშოტ კურაპალატს ხელთ უპყრია ოპიზის ტაძარი, რომელსაც აღსაყდრებული მაცხოვარი აკურთხებს.

ჰიმნოგრაფი, პოეტური ნიჭით დაჯილდოებული მონარქები გამოისახებიან ეტრატებით, გრაგნილებით. მაგალითად, წმინდა მეფე დემეტრე-დამიანე "შენ ხარ ვენახის მთქმელი".

შთამბეჭდავია მეფე-დედოფალთა ვედრების კომპოზიციები. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი ვედრებით - მისი სახე ხომ ოთხმა ტაძარმა შემოგვინახა: ბეთანია, ბერთუბანი, ვარძია, ყინწვისი. ქართველი მეფეები ხელაპყრობილნი შესთხოვენ შემოქმედს საქართველოს ძლიერებას.
წმინდანად შერაცხულ მონარქთა ხატებს ძირითადად შეხვდებით ეკლესია-მონასტრებსა და სამღვდელმთავრო რეზიდენციებში. მათ სახელზე შენდება ტაძრები, იკითხება დაუჯდომლები, აღევლინება პარაკლისები.

 

KARIBCHE

 

- ღონისძიებებსა და საჩვენებელ გაკვეთილებზე სხვა სკოლის მოსწავლეები თუ ჩაგირთავთ?

- ძალიან ხშირად ქსელში ვრთავთ ჩვენი მეზობელი სოფლის, სამთავისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.Aამჯერად ჩვენს გაკვეთილზე მონაწილეობა მიიღო X კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ იოსებ თამაზაშვილმა, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასალზე. მხატვრულად წაიკითხა შოთა ნიშნიანიძის ლექსი: "ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა".

ჩვენს გაკვეთილზე მონაწილეობა მიიღეს ჩვენივე სკოლის უმცროსკლასელებმაც: თორნიკე და ნიკოლოზ ჭელიძეებმა, რომელთაც მორის ფოცხიშვილის ულამაზესი ლექსი "თამარი" წაიკითხეს.

- ფირზე თუ აღბეჭდეთ ღონისძიება, სკოლას აქვს ვიდეოაპარატი?

- დიახ, ტრადიციულად ჩვენი საჩვენებელი გაკვეთილი ფირზე აღვბეჭდეთ. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, ამჟამად ოპერატორები გიორგი ხუციშვილი და გიორგი თავშავაძე ყოველთვის უანგაროდ ემსახურებიან სკოლას. პროფესიონალურ დონეზე მუშაობენ და ამონტაჟებენ ვიდეომასალას. თქვენი ჟურნალის საშუალებით უკიდეგანო მადლობას ვუხდი ამ კეთილშობილ ადამიანებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლის დირექტორის თანხმობით, XI კლასის მოსწავლეები (კლასის დამრიგებელი მ. ოდიშვილი) ორი დღით გაემგზავრნენ კახეთში, სადაც მოილოცეს და შეისწავლეს არაერთი ტაძარ-მონასტერი და ციხე: უჯარმისა და ბახტრიონის ციხესიმაგრე, იყალთოს აკადემია და ღირსი ზენონ იყალთოელის საფლავი, ალავერდის, გრემისა და ნეკრესის დიდებული სამონასტრო კომპლექსები, ბახტრიონის ტაძარი, თელავის (ერეკლე მეორის სასახლე) მუზეუმი, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა.

ვიმედოვნებ, უფლის შეწევნითა და სკოლის დირექტორის თანადგომით, ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში მრავალი საინტერესო, შემეცნებითი გაკვეთილი და ღონისძიება ჩატარდება, რითაც ამაღლდება მომავალი თაობის სულიერი და ინტელექტალური დონე.

დასასრულ, დამსწრე საზოგადოებას და მოსწავლეებს ასე მოვუწოდე:

დღეს თუ რაიმე გვაქვს საამაყო, ეს ჩვენი ღირსეული და წამებული წინაპრებია. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ვცხოვრობთ ურიცხვ მოწამეთა ქვეყანაში. მოვალენი ვართ გულდასმით შევისწავლოთ საქართველოს ისტორია, მსხვერპლად შეწირულ მეფე-დედოფალთა ცხოვრება...

ნუ გვგონია, რომ ეს ადამიანები განსხვავებულნი იყვნენ. მათაც ჩვენსავით სტკიოდათ, მათაც ისეთივე ნერვები ჰქონდათ, როგორი ნერვებიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მათ არასოდეს ავიწყდებოდათ: "უფალი და სამშობლო, არსი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა!.."

ღვთისა და სამშობლოს სიყვარულმა მიიყვანა სასუფეველში ჩვენი დიდებული მეფე-დედოფალნი, რომელთა დიდების შარავანდები ბრწყინავს საქართველოს ცაზე.

"...მშურს, მეხარბება ჩემი წინაპრის,
სანთლებს ანთებს თუ ციხის ჟინჟილებს,
ხარს მიდენის თუ ცხენს მიაფრენს,
ტაძარს აგებს თუ მტერს მიჰყიჟინებს..."


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა მეფე-დედოფლებს ასე ევედრება: "ღვთისა და მამულისათვის დამაშვრალნო, მეფენო და დედოფალნო ჩვენნო, შემწეობა თქვენი დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. მტერი ლამობს შერყვნას რწმენა, დაფლითოს და დაანაწევროს ჩვენი მამული, ჩვენი ენა. თქვენი ლოცვით დაიცავით და დაიფარეთ სულიერი და ეროვნული საგანძური ჩვენი და აღადგინეთ საზღვარნი საქართველოსანი. ერთ ძალად შეგვკრიბეთ და შესთხოვეთ უფალს ერთსულოვნება ჩვენი, რათა ვიყოთ ერთი სამწყსო და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი..." ამინ.

P.S. ქალბატონი ირმას დათესილი მადლი არ იკარგება და იმაზე დიდი საზღაური რა უნდა იყოს, როდესაც ასე ნათლად ხედავ და იმკი გაწეული შრომის ნაყოფს... რაც ასე უხვად ვლინდება ირმა მასწავლებლის მიერ აღზრდილი მოსწავლეების სულიერებაში, განათლებაში, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულში, საუკეთესო ადამიანურ თვისებებში... ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა თავისი მადლიერება ირმა მასწავლებლის მიმართ ამ წერილით გამოხატა:

"ჩვენო ძვირფასო ირმა, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. არ ვიცით, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ისეთი გაკვეთილის ჩატარებისათვის, როგორიც გუშინ იყო. მადლობა სინდისის გამოღვიძებისთვის, მე ხომ მკვლელი დედა მქვია. ისე ძალიან შეეხეთ ჩემს გულსა და სულს. გაქვავებული გული გამილღვეთ. ცრემლებში დავიხრჩე და ვეღარ დავიძინე. შუბლის ჯვარს შეეხეთ ჩემსას (და არა მარტო ჩემსას, ვინც თქვენს ლექციას ვუსმენდით). ეს გაკვეთილი ჩემი ხელით დახოცილი შვილების გამოძახილი იყო. იმ პაწაწების ტკივილი ვიგრძენი. ჩემი ცოდვების სიმწარე. როგორი დაბრმავებული და დაყრუებული ვიყავი, მეძახდნენ და არ მესმოდა. სტკიოდათ და ეწვოდათ ყველაფერი. მე კი გაქვავებული ვიწექი იმ სასიკვდილო სარეცელზე,

მაპატიეთ, ირმა, ჩემი აღსარება. ძალიან მიჭირს. სიკვდილის კი არ მეშინია, ცოდვების მეშინია. ნეტავი თქვენნაირი დამოძღვრა ყველას შეეძლოს. ვგრძნობდი, როგორ კრთოდით, მიუხედავად იმისა, თქვენ ეგ ტკივილი არ განგიცდიათ. ღმერთმა დაგიფაროთ. ძალიან კარგი დედა იქნებით...

მაპატიეთ ჩემი წერილი. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამ ლექციებისა და დამოძღვრისათვის".

მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა! განსაკუთრებით ჩვენს დროში, მასწავლებელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ისინი მოვალენი არიან, მონახონ გზა, ახალ თაობამდე ღვთისა და მამულის შესახებ ცოდნა მიიტანონ. დაე, მათ დათესონ მარცვალი. თუ ვერ მოესწრებიან მის აღმოცენებას, არა უჭირს! უკვალოდ არაფერი იკარგება - დრო მოვა და თესლი აღორძინდება.

ისინი ყოველთვის კეთილად, კრძალვით, სიყვარულით უნდა ეპყრობოდნენ ახალგაზრდებს. შეეცადონ, მათ ღვთისმოსაობა ჩაუნერგონ. თუ მასწავლებელი შეიყვარებს შეგირდს, შეგირდიც შეიყვარებს მას და მაშინ მასწავლებლისთვის ადვილი იქნება თავისი საქმის გაკეთება...

საქებარნი არიან მრავალშვილიანი მშობლები, მაგრამ უმეტეს ქებას იმსახურებენ ჭეშმარიტი პედაგოგები, რომლებიც ხელახლა შობენ მრავალ შვილს და კიდევ უფრო "მრავალშვილიანი" დედები და მამები ხდებიან. ისინი საზოგადოებას "ხელახლა შობილ" ადამიანებს უძღვნიან და ამით აუკეთესებენ მას".

ირმა ზაქარიაშვილის მოღვაწეობაც სკოლაში ემსახურება მიზანს, რომ მოსწავლეებს უყვარდეთ, სწამდეთ, სჯეროდეთ, ზრუნავდნენ, ფიქრობდნენ, საწავლობდნენ და აშენებდნენ!
ბეჭდვა
1კ1