რწმენის შეუცნობელი სამყარო
რწმენის შეუცნობელი სამყარო
ტალეირანის პასუხი. XVIII საუკუნის ბოლოს ერთმა ფრანგმა მეცნიერმა ქრისტიანობის ნაცვლად ახალი რელიგიის დაარსება ჩაიფიქრა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ არავინ გაჰყვებოდა. მან თავისი მარცხის შესახებ ცნობილ პოლიტიკოსს, ტალეირანს შესჩივლა. მან უპასუხა: "ახალი რელიგიის გავრცელება ადვილი არ არის, თუმცა შემიძლია გირჩიოთ, თუ როგორ მიაღწიოთ მიზანს, თან ძალიან ადვილად. წადით სოფელში, განკურნეთ სნეულები, აღადგინეთ მკვდრები, შემდეგ კი თავი ჯვარცმისთვის მიეცით, მიწას მიგაბარებენ, მესამე დღეს კი მკვდრეთით აღდექით. თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ, აუცილებლად მიაღწევთ მიზანს!"

წმინდა ილია წინასწარმეტყველმა გამოკვება. მღვდელმთავარმა ათანასემ (სახაროვი, +1962) ციხესა და გადასახლებაში 28 წელზე მეტი გაატარა. იყო დრო, როცა შიმშილით სიკვდილი ელოდა, განსაკუთრებით ომის შემდგომ წლებში. მან გულმოდგინედ დაიწყო ლოცვა წმინდა ილია წინასწარმეტყველის მიმართ - ყოველდღიურად მტკიცე რწმენით კითხულობდა წმინდა ილიას ტროპარს, და აი, მოულოდნელად იწყო ამანათების მიღება სხვადასხვა ადგილიდან. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მოსდიოდა. თუ პირველ ორ წელსა და ოთხ თვეში 72 ამანათი მიიღო, ბოლო, 1954 წელს 100 ამანათი გამოუგზავნეს. ამის შესახებ მან მიტროპოლიტ კირილეს და მთავარეპისკოპოს თეოდორესაც უამბო. მათაც იწყეს წმინდა ილიასადმი ლოცვა და არაფერი აკლდათ. ერთხელაც იმდენი ამანათი მიიღეს, რომ სხვა პატიმრებმა, რომელთაც ისინი საკვებს უნაწილებდნენ, მათი კარზე წააწერეს: "საკვების საწყობი".

გაცოცხლებული ხე. წმინდა დანიელ წინასწარმეტყველი ანუგეშებდა ებრაელ ერს ბაბილონის ტყვეობაში და საკვირველი სიზუსტით იწინასწარმეტყველა იესო ქრისტეს შობის დრო. სამარყანდის ახლოს უდიდესი სიწმინდე ინახება. XIV საუკუნეში თემურ ლენგმა აქ წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის ხელი გადმოასვენა, რათა ქალაქი მიწისძვრისგან დაეცვა. ყველაზე გავრცელებული ვერსია მოგვითრობს, რომ მცირე აზიაში შვიდწლიანი ლაშქრობისას თემურმა ქალაქ სუზის აღება ვერ შეძლო. გაიკითხა და შეიტყო, რომ ქალაქს წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის წმინდა ნაწილები იცავდა. თემურმა შეუთვალა ალყაში მოქცეულ სუზელებს, თუ სამარყანდის დასაცავად წმინდა დანიელის მარჯვენა ხელს მომცემთ, არც ერთს თმის ბეწვი არ ჩამოვარდებაო.

წინასწარმეტყველის აკლდამა წმინდა ადგილია სამი კონფესიის წარმომადგენლებისა: ქრისტიანთა, მუსლიმანთა და იუდეველთა.

აკლდამასთან მდგარ გამხმარ ფსტის ხეს მოჭრას უპირებდნენ. 1996 წელს, შემოდგომაზე, აკლდამა მოილოცა რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ და ხეს ნაკურთხი წყალი ასხურა. გაზაფხულზე ხე უეცრად აყვავდა. ამ მოვლენამ განამტიცა რწმენაში ხალხი. უწმინდესი ალექსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ხე კვლავ გახმა.

მხოლოდ ერთი წიგნი. სიკვდილის პირას მყოფმა უოლტერ სკოტმა (1771-1832) სთხოვა თავის სიძეს, ლოქჰარდს, - შვილო, წიგნი მომიტანეო.

მწერალს შინ დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა და დაბნეულმა სიძემ ჰკითხა: - რომელი წიგნიო.

მომაკვდავმა უთხრა, - მხოლოდ ერთი წიგნია, შვილო, და ის მომიტანეო.

მიუხვდა სურვილს ლოქჰარდი და მომაკვდავს ბიბლია მიართვა.

უდიდესი აღმოჩენა. ერთი ახალგაზრდა კაცი მივიდა ცნობილ შოტლანდიელ ქირურგთან, ანესთეზიოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელთან, დოქტორ ჯეიმს სიმფსონთან. ყმაწვილს სურდა მისი შექება. ქირურგმა უპასუხა: "უდიდესი რამ, რაც კი აღმომიჩენია, პირველი ისაა, რომ თავი ცოდვილად შევიგრძენი და მეორე - იესო ქრისტე ჩემს მაცხოვრად შევიცანი..."

რატომ დაეხეტებიან ადამიანები. ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი მაიკლ ფარადეი მაგიდასთან იჯდა და ბიბლიას თავზე ხელებშემოჭდობილი კითხულობდა. ამ დროს მასთან მეგობარი შევიდა და შეშინებულმა ჰკითხა: - რა გჭირს, ცუდად ხომ არ ხარო.

ფარადეიმ უპასუხა: "არა! განცვიფრებული ვარ, რატომ არჩევენ ადამიანები მრავალმნიშვნელოვანი საკითხების გასარკვევად იხეტიალონ შეუცნობელში, მაშინ როცა ღმერთმა ასეთი საკვირველი წიგნი გვიბოძა".

ელცინი მონასტერში. 1995 წლის ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ფსკოვის მღვიმევის მონასტერს ბორის ელცინი ეწვია. დაათვალიერა ძველისძველი მღვიმეები და სახელმწიფოს მეთაურმა გაოცებულმა იკითხა, რატომ არ იგრძნობა განხრწნის სუნი, მით უმეტეს, რომ აქ კუბოები ნიშებში დგას და შეგიძლია ხელითაც კი შეეხოო. პრეზიდენტს აუხსნეს, - ეს ღვთის სასწაულიაო. ელცინი წარამარა იმეორებდა შეკითხვებს, მამები კი პასუხობდნენ, - ასე ინება უფალმაო. მღვიმიდან გამოსვლისას ელცინმა არქიმანდრიტს ყურში უჩურჩულა: "გამიმხილეთ საიდუმლო - რას უსვამთ?" არქიმანდრიტმა კითხვა შეუბრუნა, - შენს გარემოცვაში ვინმეს თუ ასდის ცუდი სუნიო. არაო. "ნუთუ ფიქრობთ, რომ ვინმე შეიძლება ყარდეს ღვთის სასუფევლის გარემოცვაში?" - მიიღო პასუხად.

სულიერი მამა.
1999 წლის 17 სექტემბერს ვაშინგტონში გარდაიცვალა რუსი მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ვასილი (როძიანკო). მეუფე მთელი სიცოცხლე, 85 წელი მოწმობდა იესო ქრისტეზე გულმოდგინედ და დაუცხრომლად: ციხეშიც და ციხის გარეთაც, ემიგრაციაშიც და სამშობლოშიც, ადამიანებთან პირადი შეხვედრისას, ტელევიზიით, რადიოთი. ტანადაც ბუმბერაზი იყო და სულითაც.

მის გასაოცარ ცხოვრებაში ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, რომელსაც მხოლოდ სასწაულს თუ დაარქმევდით. 1995 წელს მეუფე ვასილი კოსტრომის გუბერნიის ერთ მიყრუებულ სამრევლოში მიიწვიეს. მეუფე დაუზარელი კაცი იყო და სიხარულით ასრულებდა ნებისმიერ თხოვნას, თუ ის სახარების მცნებებს არ ეწინააღმდეგებოდა. 85 წლის მოხუცი ზაფხულის ცხელ დღეს კოსტრომის ტყეებში ჩაკარგული სოფლის გზას დაადგა მოსკოველი მეგობრების თანხლებით.

ავარიას წააწყდნენ - მოტოციკლი სატვირთო მანქანას შევარდნოდა ბორბლებში. შუა გზაზე ხნიერი კაცი იწვა. სატვირთო მანქანის მძღოლი და მეორე მოტოციკლისტი გაქვავებულნი ედგნენ თავთან.

მეუფე და მისი თანამგზავრნი მაშინვე მივიდნენ მათთან.

ხნიერი მკვდარი იყო. ახალგაზრდას, მის ვაჟს, ჩაფხუტი ჩაებღუჯა და ტიროდა.

- მე მღვდელი ვარ, - უთხრა მეუფემ და მხარზე მოეხვია, - თუ მამათქვენი მორწმუნე იყო, ახლა მას განსაკუთრებული ლოცვა უნდა წავუკითხოთ.

- დიახ, მოიქეცით ისე, როგორც საჭიროა. მამა მორწმუნე იყო, მართლმადიდებელი, - უპასუხა ვაჟმა, - არასოდეს დადიოდა ეკლესიაში, თუმცა ამბობდა, რომ სულიერი მოძღვარი ჰყავდა.

მეუფეს მანქანიდან სამღვდელო შესამოსელი მოუტანეს. მეუფე პანაშვიდისთვის ემზადებოდა. თავი ვერ შეიკავა და ყმაწვილს ჰკითხა:

- საოცარია: ეს რანაირად ხდებოდა, ეკლესიაში არ დადიოდა, მოძღვარი კი ჰყავდა?

- ის ყოველდღიურად უსმენდა ლონდონიდან მამა ვლადიმირ როძიანკოს რელიგიურ გადაცემებს. მამა მას თვლიდა თავის მოძღვრად, თუმცა სიცოცხლეში ერთხელაც არ უნახავს.

მეუფე მუხლებზე დაემხო თავისი გარდაცვლილი სულიერი შვილის წინაშე, რომელსაც უფლის განგებულებით პირველად შეხვდა. შეხვდა, რათა გაეცილებინა საუკუნო სიცოცხლისკენ.

P.S. ოც წელზე მეტხანს ეპისკოპოს ვასილის ბი-ბი-სიდან რუსეთისთვის მართლმადიდებლური გადაცემები მიჰყავდა. ოღონდ მაშინ ჯერ კიდევ მონაზონი იყო და მას მამა ვლადიმერი ერქვა.

წმინდა სილუანის რჩევა. 1905 წელი მამა სილუანმა რუსეთში გაატარა და ხშირად სტუმრობდა მონასტრებს. ერთ-ერთი მოგზაურობისას კუპეში ერთი ვაჭრის წინ იჯდა. ვაჭარმა ვერცხლის პორტსიგარი გახსნა და მოძღვარს სიგარეტი შესთავაზა. მამა სილუანმა მადლობა გადაუხადა, თუმც სიგარეტზე უარი უთხრა. "მამაო, იმიტომ ხომ არ მეუბნებით უარს, რომ სიგარეტის მოწევას ცოდვად თვლით? - ჰკითხა ვაჭარმა და დაუმატა, - მაგრამ მოწევა ხშირად გეხმარება კაცს შემოქმედებით ცხოვრებაში. კარგი იქნება, მუშაობისას მოიხსნა დაძაბულობა და რამდენიმე წუთით დაისვენო. მოწევისას უფრო ადვილია საქმიანი ან მეგობრული საუბარი და ცხოვრებაც ადვილდება"... ძალიან ცდილობდა, მამა სილუანი მოწევაზე დაეყოლიებინა. მამა სილუანმა მკვეთრად უთხრა: "ბატონო, ვიდრე სიგარეტს გააბოლებთ, ილოცეთ, "მამაო ჩვენო" თქვით". ვაჭარმა მიუგო: "რაღაც არ გამოდის მოწევის წინ ლოცვა". ღირსმა სილუანმა მიუგო: "ამგვარად, ყოველი საქმე რომლის წინაც აუმღვრევლად ვერ ვლოცულობთ, სჯობს არ გავაკეთოთ".

ბიბლია თუ ევოლუციის თეორია. ეპისკოპოსი ვასილი (როძიანკო) მოგვითხრობს: "ჩემმა მეგობარმა ნიკოლოზ ზერნოვმა ლონდონში კენსინგტონის საბუნებისმეტყველო მუზეუმის დასათვალიერებლად დამპატიჟა. მაშინ ყველაფერი მაინტერესებდა და სიამოვნებით დავთანხმდი მიწვევას. მაგრამ რაც იქ ვიხილე, თვალთ დამიბნელდა. დარვინის უზარმაზარი ქანდაკება აშკარად მუზეუმზე დიდი იყო. ცხადია, ეს გახლდათ ევოლუციის სამეცნიერო მუზეუმი. ექსპონატები იმდენად სერიოზულად, იმდენად გონივრულად იყო დალაგებული, ისეთი ღრმა იდეით, რომ მე დავიბენი. ადრე ყველაფერი ცხადი გახლდათ - ევოლუციის თეორია სამეცნიერო ფანტასტიკა იყო და ჭეშმარიტი მხოლოდ ბიბლია გახლდათ! მაგრამ აქ ყველაფერი თავზე დამემხო: ნუთუ ეს ყველაფერი სიმართლეა? დინოზავრების ჩონჩხები მთელ დარბაზში - რეალობა იყო, სახეობათა განვითარება აშკარად ჩანდა... "ღმერთო, ეს რა არის? როგორ შემიძლია დავშორდე ჩემთვის ძვირფას ღვთის სამყაროს, რომლის სიყვარულიც ჩემი განსვენებული მოძღვრებისგან მიმიღია? ეს ყველაფერი როგორც ავხსნა?"

დავბრუნდი კოლეჯში ჩაფიქრებული... დავჯექი ბიბლიოთეკაში. ვკითხულობდი და ვკითხულობდი... ფიქრები ქარიშხალივით მარყევდა, მათ სასოწარკვეთილი ლოცვა აჩერებდა... რა? როგორ? რა ვუყოთ ყველაფერ ამას?

უეცრად, როცა უკვე საშიშროება დამიდგა, საერთოდ არ დამეკარგა ეს ღვთის სამყარო, გამიელვა: "არაფერსაც არ კარგავ, ეს სამყარო არსებობს, მაგრამ არა აქ; აქ ცოდვით დაცემის შედეგია, შენთვის ძვირფასი სამყარო კი იქაა".

ამ ყველაფერს უნდა მიხვდე. უნდა ისწავლო..."

სიცოცხლის არსი. არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) წერს: "სიცოცხლის აზრი ისაა, რომ ჩვენი გული და გონება ღმერთში ცხოვრობდეს, ღმერთი გახდეს ჩვენი ცხოვრება, იგი მხოლოდ ამას ეძიებს. იმისთვის ვართ შექმნილნი, რათა ვიცოცხლოთ მისი ცხოვრებით, ამასთან, მთელი მისი უსაზღვროებით"...

ამ სიტყვამ შეიძლება დაგვაფრთხოს, როცა ვხედავთ საკუთარ საცოდავ მდგომარეობას, მაგრამ ასეა და ეს რწმენა არ უნდა დიაკარგოს. ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა - დაამდაბლო და შეამცირო ღვთის განგებულება ადამიანში. ყოველი ჩვენი ტანჯვა, თუნდაც არაწორი, იცის ღმერთმა. იცის და თანაგვიგრძნობს. აუცილებელია მასთან "პირადი" ურთიერთობა დავამყაროთ, თითქმის "ადამიანური"...

იმედი მაქვს, რომ ჩემი გესმის. გესმის, რომ ამით ვიგებთ შინაგან ინტიმურ კავშირს ღმერთთან. რამეთუ ღმერთთან ცხოვრებისთვის არის მოწოდებული მთლიანად ადამიანი, ანუ არა მხოლოდ მისი უმაღლესი შესაძლებლობა ჭვრეტისა - სული, არამედ გრძნობადი - "სული მშვინვიერი" და თვით სხეულიც..."
ბეჭდვა
1კ1